ორშაბათი, 29.04.2024, 23:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » სესილია თაყაიშვილი – Sesilia Takaishvili.
00:17
სესილია თაყაიშვილი – Sesilia Takaishvili.

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა – დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა – მარიამ თაყაიშვილი.


სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის” ერთერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა "ყვავილთა შორის”. ერთ-ერთი ყვავილის როლზე მან მიიწვია დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა სესილია.

სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.
1923-26 წლებში სესილია სწავლობდა თბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე”).


1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.


სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქრისტინე (დადიანის "ნინოშვილის გურია”), ოლღა (დუმბაძის და ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო”), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარიამ სტიუარტი”) და მრავალი სხვა.


დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, სადაც 1948 წლიდან მოღვაწეობდა. კინოში განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო” 1956), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი” 1956), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” 1962), ბორდოხანი (”დოდოსტატის მარჯვენა” 1969), მარადია (”ნატვრის ხე” 1976), ასინეთა (”დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი (”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” 1983) და მარვალი სხვა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.


ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას. ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაშიც ცხოვრობსო.”


1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი – დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს. სესილა სიამაყით ამბობდა: ,,მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო”. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.


სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა: ,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება.


რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”
სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

                   


მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?"


ამჯერად გთავაზობთ რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონებას დიდ მსახიობსა და ქალბატონზე, სესილია თაყაიშვილზე:
- ქალბატონი სესილია უდიდესი შემოქმედი და საოცარი პიროვნება გახლდათ, უაღრესად თავმდაბალი, გულისხმიერი, - გვიამბობს ბატონი ელდარი, - ქალბატონ სესილიას, ჩემი მშობლებისგან, ბავშვობიდანვე კარგად ვიცნობდი. ძალიან კონტაქტური ქალბატონი იყო, ყველას იცნობდა და ყველა იცნობდა.


შეიძლება ძალიან გიყვარდეს მსახიობი, მასთან მუშაობაც გინდოდეს, მაგრამ სცენარი არ გაძლევდეს ამის საშუალებას... "ცისფერ მთების" სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ცხადია, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.
- დეიდა სესილია, აი, სცენარი... მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და...


- ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია...
მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, როცა ვიღებდით, მძიმე ავადმყოფი იყო. თუ იტყოდა უარს, იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
- რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, - მომახალა.


ფარ-ხმალი არ დავყარე. როგორც იქნა, დავითანხმე... მეორე დღესვე დავურეკე:
- ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
- წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.


იმწამსვე გავვარდი... კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
- აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, - მეუბნება.
- დეიდა სესილია, აგერ არა ხარ? - შევაპარე (იცინის).
- არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ...
- ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
მეც მაქანავებსო, - შემომჩივლა.


ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
- კარგი, მაგრამ, იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა...


იუმორის თვალსაზრისით ერთი რამ მინდა გიამბოთ ქალბატონ სესილიასა და "ცისფერ მთებთან" დაკავშირებით: ფილმის პრემიერა გვაქვს კინოს სახლში. იმ პერიოდში ქ-ნ სესილიას უკვე დაქვეითებული ჰქონდა სმენა. ფილმი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა. ჩვენება დასრულდა. მართალია, ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა, გამოვედი, მილოცავენ, მელაპარაკებიან, შთაბეჭდილებებს მიზიარებენ, არადა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას ნახვა და მისი შეფასებაა.

როგორც იქნა, მივედი და:
- რა ქენი, შენ ეს, კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა, არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგაო, - მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და დავამშვიდე:
- ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, - იმ წუთში არ დამთანხმდა?!


მეორე დღეს მოვიყვანე აგრეთვე, ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე... შევედი სამიქშეროში ჩვენთან და ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენებაც დაიწყო და ეს ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის (გულიანად იცინის). როდესაც ჩვენება დასრულდა, მითხრეს, - ძალიან კარგი ფილმია, უდავოდ კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, კაცო, რას დაგვაყრუე ხალხიო.

ქალბატონმა სესილიამ კი - აი, ახლაა ნამდვილად კარგი, ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს ვკითხე, ბიძაჩემს, ისიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა დავაყრუე, მაგრამ, სამაგიეროდ, მთავარი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, რომ მითხრა, - ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.


როგორც გითხარით, ფილმის გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში ქალბატონი სესილია გარდაიცვალა. ცუდად იყო ძალიან, უკვე შინიდანაც აღარ გამოდიოდა. და მაინც, იცით, რა მიხარია? ამ ფილმის პრემიერა გვქონდა ფილარმონიის დიდ დარბაზში და, იმავდროულად (ფილმის დასრულებისთანავე), შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან. მინდა, როგორმე იქ მივიყვანო ქალბატონი სესილია. ვიცი, უარს იტყვის.

არა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ცუდადაა, სცენაზე გამოსვლები და ამდაგვარი რამეები, იმდენად თავმდაბალი იყო, არასდროს ჰყვარებია... ორსაათიანი თხოვნის, მუდარის (თუ რაც გინდათ, დავარქვათ) შემდეგ დავითანხმე, თანაც ერთი პირობით - იქ სიტყვას არ მათქმევინებო და ვერც დიდხანს გავჩერდებიო. იმწამსვე დავთანხმდი - როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება, ოღონდ ერთი წუთით დაგინახოთ მაყურებელმა-მეთქი.

თანაც აფიშები იყო გაკრული ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც პირველი ვინ ეწერებოდა, თუ არა ქალბატონი სესილია?
როგორც კი დასრულდა ფილმი, სცენაზე გამოვედი, გამოვიყვანე და წარვადგინე მასში მონაწილე მსახიობები. ქალბატონი სესილიასათვის, რომელიც ჯერ კულისებში იყო, შუა სცენაზე სკამი დავდგი. ყველაზე ბოლოს, ყოველგვარი ტიტულებისა და სამთავრობო წოდების გარეშე გამოვაცხადე - დღეს სტუმრად არის ჩვენი უსაყვარლესი მსახიობი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი-მეთქი... იცით, რა მოხდა? დაინგრა დარბაზი. სანამ გამოვიყვანდით და სკამზე დავსვამდით, მთელი დარბაზი ერთბაშად წამოდგა და მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად მხურვალე თხუთმეტწუთიანი ოვაცია გაუმართა.
უამრავი ყვავილი მოართვეს, უამრავზე უამრავი.
იცით, რაშია საქმე? ჩვენთან ყოველთვის იყო პოეტის კულტი, მწერლის კულტი, კულტი მსახიობისა, რომელიც არ შეიძლება დაიკარგოს. ეს ჩვენი სახეა. მახსოვს, ჩვენს დიდ ხელოვანებს, მწერლებს: გალაკტიონს, გრიშაშვილს და ყველა მათ, ვისაც მოვესწარით, კუდში დავსდევდით... ასე იყო სესილიაც - მისი დანახვა ყველას ახარებდა.

ეს საღამოც მსახიობისთვის დამსახურებული ზეიმი იყო. მას არასდროს აკლდა ეს, თეატრსა თუ კინოში, მაგრამ ეს იყო ბოლო აკორდი, დიდი აკორდი. გასაოცარი მადლიერება და სიყვარული გამოვლენილი დიდი ქალბატონის და, საერთოდ, ხელოვნებისადმი. როცა მანქანაში ჩავსვით, სულ ყვავილებში იყო ჩაფლული.
ერთ ეპიზოდსაც გიამბობთ... "ცისფერ მთებში" თამაშობს თემურ ჩირგაძე, სამწუხაროდ, დღეს ის ცოცხალი აღარ არის. თემიკო იყო ექიმი, მერე ჩვენ, ასე ვთქვათ, გავამსახიობეთ. ის მეგობრობდა ქალბატონ სესილიასთან.
პრესისათვის ცოტა უხერხულია, მაგრამ მართლა მოხდა და თავად თემიკომ მიამბო ის, რის გამოც ქალბატონ სესილიას რისხვა დაატყდა ტელეფონით.


თემიკო, მოგეხსენებათ, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. ჩვენ, ყველანი, ვსარგებლობდით ამით და ჩვენი ბავშვების ანალიზებით მივდიოდით ხოლმე მასთან... ერთხელაც, თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია, ისიც გასაგები იყო უკვე, რისთვისაც მიდიოდა, მაგრამ თემიკომ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: - მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების...

ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებააო... 
სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს თქვენთან..., ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო.
აი, ეს მოუყოლია სადღაც თემიკოს და ამან გააჯავრა ქალბატონი სესილია.


ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემიკო და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში (ოდნავ შექეიფიანებულებიც), ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ ქალბატონ სესილიას. დარეკეს ზარი... კარი სესილიამ გააღო და დაინახა დაჩოქილი თემიკო და ოჩო - ყვავილებით ხელში. დაინახა და - არ გაინძრეთ, იყავით ასეო, - იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?


ასე სწრაფად და ლამაზად დასრულდა ეს "კონფლიქტი".


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2468 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები