ორშაბათი, 29.04.2024, 23:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » ელდარ შენგელაია.
01:00
ელდარ შენგელაია.

ელდარ შენგელაია – Eldar Shengelaia (1933)

ელდარ ნიკოლოზის ძე შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). 1957 – 1959 წლებში კინოსტუდია "მოსფილმი” – კინორეჟისორია. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი” – კინორეჟისორი. 1976 – 1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.


1990 – 1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი

(1992), 1992 – 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი


დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშირის (1967), სსრკ სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები.


1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის.

სარეჟისორო ნამუშევრები:

1957 — ლეგენდა ყინულის გულზე (”მოსფილმი” – დამდგმელი რეჟისორი);


1959 — თვლის ზღაპარი (”მოსფილმი” – დამდგმელი რეჟისორი)


1964 — თეთრი ქარავანი (დამდგმელი რეჟისორი თამაზ მელიავასთან ერთად)


1965 — მიქელა (ნოველა კინოალმანახზე "წარსულის ფურცლები”)
1968 —
არაჩვეულებრივი გამოფენა.
1974 — შერეკილები


1978 — სამანიშვილის დედინაცვალი.
1984 — ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი.
1993 — ექსპრეს-ინფორმაცია.
1996 — Dog Rose.



ელდარ შენგელაიას შერეკილებმა, ქრისტეფორემ და ერთაოზმა, არა მარტო გაარღვიეს საპყრობილის კარები, დროისა და სივრცის შემოსაზღვრულობიდან უსასრულობაში გავიდნენ, არამედ ჩვენც, მაყურებელიც, "აგვიყვანეს” ამაოებაზე მაღლა და იქიდან, უსაზღვროებიდან, დაგვანახვეს ჩვენივე ბუნების სილამაზე და განუმეორებლობა.

საპყრობილის მეტაფორა განუწყვეტლივ თავს იჩენს ელდარ შენგელაიას შემოქმედებაშ: მონობას ნიშნავს დახავსებული ადათ-წესების დაცვა მის ადრეულ ფილმში "მიქელა”; მონობაა აგული ერისთავის უუნარობა განთავისუფლდეს თავისი კლიენტების "შეკვეთებისგან”, გადალახოს, ასე ვთქვათ, "ნორმალური ცხოვრების ნორმები”; მონობას, საკუთარ თავში ჩაკეტვასა და უკიდურეს ეგოცენტრიზმს გულისხმობს პლატონ სამანიშვილის ამაო ზრუნვა საკუთარი სამყოფლის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოოდ, ამ სამყოფლის დავიწროებითა და შემოფარგვლით სრულდება. თავის ერთ ინტერვიუში ელდარ შენგელაია აღნიშნავდა: "ჩემი იდეალია, როცა ადამიანები მიდიან ზევით და წინ და ერთ ადგილს არ ტკეპნიან”. "შერეკილების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს არის პირველი საბჭოთა ფილმი, რომელშიც დისიდენტების სახეები შეიქმნა – იმ ადამიანებისა, რომელთაც აპატიმრებენ, საგიჟეთში ამწყვდევენ. ჩვენს კითხვაზე, სად მიფრინავენ შერეკილები, ელდარ შენგელაიამ ასე გვიპასუხა:

ელდარ შენგელაია – "შერეკილებიარც დასავლეთში მიფრინავდნენ, არც აღმოსავლეთში და არსად. ისინი, უბრალოდ, მოსწყდნენ იმ რეალობას, რომელშიც ვნახეთ ქვემოთ და ამაღლდნენ ამ რეალობაზე… "მოსწყდნენ იმ რეალობას, სადაც არ იყო თავისუფლება”.

"ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული” – უცნაურია, მაგრამ ამ ბანალურ, დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ჭეშმარიტებას, საბჭოთა კულტურის წარმომადგენლების უმრავლესობა როგორღაც თავს არიდებდა ხოლმე. თავისუფლების მათაც ეშინოდათ. შეიძლება ამიტომაც შეხვდა წინააღმდეგობები "შერეკილებს” ხელისუფლების მხრიდან. ზღაპრის ქვეტექსტი ადვილად გაშიფრეს და სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს:

ელდარ შენგელაია – "პრაქტიკულად სურათი ეკრანზე არ გამოუშვეს. იყო მაშინ გარკვეული გრიფები. ამ გრიფებს დაადებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სურათი გავიდოდა მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ კლუბებში და ა.შ. ეს ფილმი მერე გახდა უფრო მისაწვდომი მაყურებლისათვის. ისეთი პერიოდი იყო, რომ ვერ აკრძალავდი, მაგრამ მაინც ახერხებდნენ რაღაცას.”

ამ გრიფებმა ელდარ შენგელაიას ფილმებს დასავლეთისკენ გზა ჩაუკეტეს. მაშინ, როდესაც "არაჩვეულებრივი გამოფენის”, "შერეკილების” დიალოგები, რომელიც ამ სურათების სცენარის ავტორს რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, მთელმა საქართველომ ზეპირად იცოდა, დასავლეთის კინოფესტივალებზე სულ სხვა საბჭოთა ფილმებს უჩვენებდნენ. არადა, იგავის ესთეტიკა, რომელიც რეზო გაბრიაძემ და ელდარ შენგელაიამ ამ ფილმებში დაამკვიდრეს, ეს თავისებური "ეზოპეს ენა” მხოლოდ ცენზურისთვის უნდა ყოფილიყო გაუგებარი. თორემ ხალხი, სულერთია, რომელ ქვეყანაში, ამ დიალოგების არსს ადვილად ჩასწვდებოდა. შემთხვევით არ შეადარებენ ელდარ შენგელაიას ფილმებს მოგვიანებით, როცა ამ სურათების ნახვა დასავლეთშიც გახდა შესაძლებელი, ლუის ბუნუელის, ვიტორიო დე სიკას ყველა დროის შედევრებს.

მაშ ასე – ამბავი, რომელსაც ელდარ შენგელაია გვიამბობს, ყოველთვის ალეგორიული ხასიათისაა და როგორც ეს იგავს შეეფერება, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნებიც ახლავს. ამავე დროს, შენგელაიას ფილმებში ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნები არსადაა გაშიშვლებული. იმპროვიზაცია, მოულოდნელობა, თამაში ყველგან წამყვანია. ავტორი დასკვნებს თავად ჩვენ გვაკეთებინებს და მოქმედებაში არასდროს ერევა. მისი თქმით:

ელდარ შენგელაია – "ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თემას იღებ, რა გინდა განასახიერო და მერე ეძებ ფორმას… წინასწარ რომ თქვა, რომ იგავურ ვარიანტს გააკეთებ, ამის თქმა წინასწარ ძნელია. შეიძლება სულაც არ მოითხოვოს იმან, რაც მე მაწუხებს. თუმცა ჩემს ხასიათში, რაც მე უფრო მეხერხებოდა, ყოველთვის იყო გაზვიადებული ხერხები, რაც არის ზღაპართან ახლოს, რომელიც უფრო სახიერია, ჩემი აზრით.. პირადად მე ვარ მომხრე ბრეხტისა, რომელიც ამბობდა, რომ ხელოვნება არის თამაში.”

"ცისფერ მთებში” მიზეზი კატასტროფისა, რომელიც ქართულ-საბჭოთა დაწესებულებას ატყდება თავს, დაუინტერესებლობის, შემგუებლობის ზოგადი მექანიზმია, რომელიც კონკრეტული სახით არც ერთ გმირში არ ჩანს, რადგან ფილმის ავტორს უყვარს ადამიანი… არ ჩანს თვით ავტორიც, რომელიც ამ მექანიზმს ებრძვის. ეს მექანიზმი ისევ ჩვენშია და არა იმდენად სისტემაში. სწორედ ეს მექანიზმი ბორკავს ადამიანს და არ აძლევს მას განთავისუფლების საშუალებას.

ელდარ შენგელაია თითქოს განზრახ ირჩევს იმ ცხოვრებისეულ, ნაცნობ სიტუაციებს, რომელიც სასაცილოა თავისი დრომოჭმულობის ან თავისი გაცვეთილობის გამო. ეს სამწუხარო სიცილია, როცა კომიკური სცილდება თავის საზღვრებს და ღრმავდება, ახალი აზრით იტვირთება. კომიკური პირდაპირ უკავშირდება თავის ანტინომიას – დრამატულს, ზოგჯერ ტრაგიკულსაც კი. სასაცილოა და, თანაც, დრამატული, როცა სამყარო მოძრაობს, ამ ქვეყანაში კი არაფერი იცვლება, როცა მექანიკურად მეორდება ყველაფერი. სასაცილოა და, თანაც, დრამატული მოშლილი მექანიზმი, დახავსებული სისტემა, რომელიც ასეთი გაყინულობის გამო სრულიად არაბუნებრივი, არაადამიანური ხდება.

მაგრამ ადამიანი ხომ თავისუფლებისთვის დაიბადა! "შერეკილებისა” არ იყოს, ნეტარება ყოფილა საკუთარი სამყოფლის შეზღუდული სივრციდან გარეთ გასვლა, სხვისი სიყვარული. ელდარ შენგელაიას თითქოს ქადაგება არ უყვარს, მაგრამ თავის პოზიციას იგი მაინც ვერ ნიღბავს – ვერც ფილმებში, ვერც ცხოვრებაში.

ორი კვირის წინ ელდარ შენგელაიას ერთ მუდმივ ოპონენტს მისი ფილმებისთვის "მასხრობა” უწოდებია. შენგელაიას უთქვამს: "მეფის კარზე სიმართლეს მხოლოდ მასხარა ღაღადებსო”.

იგი ისევ "კარზეა” – პარლამენტში. აღარაა "მეფის კარზე” და კინოში აღარ "მასხრობს”… თორემ ცხოვრებაში ისევ ერთსა და იმავეს იმეორებს: "ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული”.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1219 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები