ორშაბათი, 29.04.2024, 21:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » პიერლუიჯი კოლინა: "ძალიან მწყინს, მარადონას მინდორზე რომ ვერ შევხვდი"
01:01
პიერლუიჯი კოლინა: "ძალიან მწყინს, მარადონას მინდორზე რომ ვერ შევხვდი"

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად მიჩნეული პიერლუჯი კოლინა, ოფიციალურ შეხვედრებს 2006 წლიდან აღარ მსაჯობს, მაგრამ ფეხბურთს არ ჩამოშორებია. ის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ასოციაციას კონსულტაციას უფასოდ უწევს, გარდა ამისა, უეფას არბიტრთა კომიტეტის წევრიცაა.


50 წლის იტალიელი, ზოგჯერ საყვარელ საქმესაც უბრუნდება, როგორც ეს მიმდინარე წლის 25 იანვარს, ლისაბონში მოხდა - ზინედინ ზიდანისა და რონალდოს მეგობრების გუნდის "ბენფიკასთან" ჩატარებული საქველმოქმედო მატჩი იმსაჯა, რომლიდანაც შემოსული თანხა, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს გადაეცათ.



ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ მსაჯთან ინტერვიუ, გამოცემა Sportweek-მა გამოაქვეყნა.




- სამსაჯო კარიერა 2006 წელს დაასრულეთ. თუ არის ისეთი რამ, რაც ვერ გააკეთეთ და რის გამოც დღემდე გული გწყდებათ?
- სერია A-ს მატჩების განსჯა 1991 წელს დავიწყე, როდესაც დიეგო მარადონამ იტალია დატოვა. ძალიან საწყენია, რომ მას საფეხბურთო მოედანზე ვერ შევხვდი. ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში ის უდიდესი მოთამაშეა.

- მათგან, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა თქვენზე?
- კარიერის განმავლობაში არაერთ მატჩში მიმსაჯია, რომლებშიც უდიდესი გუნდები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. გულიტი, რაიკაარდი, რონალდინიო, ზიდანი... არაერთი სახელისა და გვარის გახსენება შეიძლება.



- ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან, ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- რა თქმა უნდა, ლეო მესი. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და შორს არაა ის დრო, როდესაც მარადონასაც კი აჯობებს. მესი მხოლოდ 22 წლისაა და უკვე მსოფლიოში საუკეთესოა. ალბათ, რთული წარმოსადგენი არაა, მომავალში რა იქნება.

- კარგი მსაჯი, რა აუცილებელ თვისებებს უნდა ფლობდეს?
- კარგი არბიტრი ყოველთვის ემზადება მატჩებისთვის და გუნდების თავისებურებებს სწავლობს. ეს ეხმარება გაიგოს, როგორ თამაშობს ესა თუ ის გუნდი. მაგალითად, ერთი, ბევრ გადაცემას აკეთებს ცენტრში, ხოლო მეორე, ცდილობს ბურთი მაშინვე წინ, ფორვარდებს გადააწოდოს.

თუ მსაჯმა ეს იცის, მისი შეცდომაში შეყვანა ძნელია, რადგან მუდმივად მოვლენების ცენტრშია. იგივე ეხება კონკრეტული ფეხბურთელების სათამაშო მანერის თავისებურებებს.



- მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად, რომელ ნაკრებს თვლით?
- ბრაზილიას, არგენტინას, ესპანეთს. განვლილ შესარჩევ ციკლში, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ინგლისმა. ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრები ნამდვილ გუნდად ჩამოაყალიბა.

ევრო-2008 წლის შესარჩევში განცდილი ფიასკოს შემდეგ, ინგლისელების თამაში მართლაც კარგი საყურებელი იყო. ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკაში მათ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ექნებათ.

- ინგლისელების წარმატების მიზეზად რას თვლით?
- ყოველივე იმის დამსახურებაა, რომ მათ სათავეში იტალიელი უდგათ. ჩვენი სკოლა მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ უძლიერესად რჩება.

- მუნდიალზე თქვენი თანამემამულეების შანსებზე რას იტყვით?
- პატრიოტი ვარ და ბუნებრივია, იტალიელებს ვგულშემატკივრობ. თუმცა ბოლო პერიოდში, "სკუადრა აძურას" თამაში კრიტიკას ხშირად იმსახურებს.

ისიც სათქმელია, რომ არავინ ელოდა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს თუ მოვიგებდით. მაშინ, ფავორიტებად გერმანელებს, ბრაზილიელებს და არგენტინელებს მიიჩნევდნენ, მაგრამ იტალიამ ყველას სურპრიზი შესთავაზა. შესაძლოა, ახლაც გავაოცოთ საფეხბურთო სამყარო.  

- რომელი ქვეყნის ჩემპიონატებს მიიჩნევთ წამყვანად?
- ესპანეთში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. იქ შეტევაში მეტ გადაცემას აკეთებენ და კარშიც გაცილებით ხშირად ურტყამენ. იგივეს თქმა შეიძლება ინგლისის შესახებაც. ობიექტურები თუ ვიქნებით, დღესდღეობით, სწორედ ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატია უძლიერესი.

- და იტალია?
- ბოლო წლებში, იტალიური ფეხბურთი, გარკვეულწილად, კრიზისში იმყოფებოდა. აპენინებზე ფეხბურთი უფრო სქემატურია და შემოქმედებისთვის სივრცე ნაკლებია.

მოთამაშეები გარკვეულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი და ყოველთვის არ აქვთ ისე გაბრწყინების საშუალება, როგორც ესპანეთსა და ინგლისში. მიუხედავად ამისა, იტალიური ფეხბურთი მუხლებიდან ადგომას იწყებს.

გაიხსენეთ "ინტერი"-"ბარსელონას" შეხვედრა. ჟოზე მაურინიოს გუნდი კონტრშეტევებზე თამაშობდა, მაგრამ საუცხოოდ გამოიყურებოდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სწორედ არჩეული ტაქტიკა იმპროვიზაციას სჯობნის.  

- ბოლო პერიოდში, ბევრს საუბრობენ საფეხბურთო წესების შეცვლაზე. კერძოდ, მატჩების დროს ვიდეოგამეორებების შემოღებაზე.


- მარტში, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ვოდეოგამეორებებს არ გამოიყენებენ. სამაგიეროდ, ახლა შემდეგი სახის ექსპერიმენტი შემოდის –არბიტრების ბრიგადას კიდევ ორი ასისტენტი დაემატა, რომლებიც კარების უკან იქნებიან და პასუხს მინდვრის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე, საჯარიმო მოედნებზე აგებენ. ცნობილია, რომ საჯარიმოში წესების დარღვევაზე გადაწყვეტილების მიღება, ყველაზე რთულია.


ევროპის ლიგის რამდენიმე შეხვედრაში ორი დამატებითი მსაჯი უკვე გამოიყენეს. ასეთი პრაქტიკა ჰამბურგში გასამართ ფინალშიც გაგრძელდება.

 

- ამ ექსპერიმენტზე, თქვენი ყოფილი კოლეგები რას ფიქრობენ?
- ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. მათი თქმით, მუშაობა უფრო უადვილდებათ.

- ცოტა ხნის წინ, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი თამაშგარე მდგომარეობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით, ასეთი ნაბიჯი ფეხბურთს უფრო საინტერესოს გახდის და მეტი გოლი გავა. როგორ ფიქრობთ, მსგავსი განცხადება რამდენად სერიოზულია?


- ბლატერის ეს განცხადება ნამდვილად არ წამიკითხავს და კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან თავდაპირველად, ეს საკითხი უნდა შევისწავლო. ისე, ეს ყოველივე უცნაურად გამოიყურება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1055 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები