ორშაბათი, 29.04.2024, 23:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » დრო გაჩერდა... "...არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას..."
01:17
დრო გაჩერდა... "...არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას..."

ნიკო გომელაურის ამ ქვეყნიდან წასვლა თავზარდამცემი იყო... თუმცა ეს სიტყვები არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც დღეს ათასობით ადამიანი განიცდის.

ამ დღეებში უამრავი ცრემლი დაიღვრება, იმ ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც ხელოვნებასთან, არაორდინარულ შემოქმედთან შეხვედრის უდიდეს ბედნიერებას გვაზიარებდა...

ისევ თავად ნიკოს მივცემთ სიტყვას: მასზე უკეთ მის შესახებ ვერავინ მოგვიყვება, თუნდაც - რამდენიმე სტროფითა და "გზის" ფურცლებზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ამოკრებილი ნაწყვეტებით შემოვიფარგლოთ...  

"არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
- როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..."

ნიკო გომელაური:
"- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება... მთავარი ისევ და ისევ, სიყვარულია. ეს გრძნობა ყველაფრის დასაბამი უნდა იყოს" (2010 წლის მარტი).

"ჩემი ლექსები დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა მცირეა, ვიცი, ეს ძღვენი.
მაგრამ თუ გინდა, ფრენის შეგრძნება,
მოდი, მომენდე, მოდი, მიგრძენი..."

"- ნიკო, ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხარ და ამაზე გუშინდელი დღეც მეტყველებს - "ბიბლუსში" ახალგაზრდების ტევა არ იყო.
- კარგია, თუ მოზარდები ბევრ წიგნს წაიკითხავენ, წიგნთან ურთიერთობის კულტურა ექნებათ.

ეს შეხვედრა ლამის, პოეზიის საღამოდ იქცა. ახალგაზრდებს ჩემი ბევრი გამოუქვეყნებელი ლექსიც გავაცანი, ისინი კი ინტერესით მისმენდნენ.


- ერთ-ერთმა მწერალმა ინტერვიუში თქვა, - არა მგონია, ჩემი მუზა დიდი პატიოსანი ვინმე იყოსო. შენი მუზა როგორია?
- (იცინის) არც შეიძლება, მუზა პატიოსანი იყოს. ჩემს მუზას როგორ დავახასიათებ? (პაუზის შემდეგ) თავხედია, ძალიან თავხედი.
- როდის მოდის ხოლმე?
- როცა თავად უნდა, მაშინ მოდის და თავხედი სწორედ ამიტომაა. ის ხშირად ცელქობს კიდეც, თავისუფალია. სიმართლე გითხრა, არ ვზივარ და არ ვუხმობ, მაგრამ დიდი ხნით მაინც არ მტოვებს.


- თავად რას კითხულობ?
- ბოლო დროს პუბლიცისტიკას და ბიოგრაფიულ ლიტერატურას ვკითხულობ. ქართველი პოეტებიდან გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი და ვაჟა-ფშაველა მიყვარს.


- პროზაიკოსებიდან ვის გამოარჩევ?


- ...უცხოელი ავტორებიდან პუშკინი, დოსტოევსკი, შექსპირი, დიუმა მომწონს. თავის დროზე, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ანტონ ჩეხოვის შემოქმედებამაც; კიდევ, სახარება მიყვარს ძალიან. ერთხელ ჩემს მეგობარ ბულგარელ გოგონას სახარება ვაჩუქე. ის ათეისტი იყო და ვიფიქრე, - ეგებ, მოექცეს-მეთქი. მის სახლში რომ მივედი, შევამჩნიე, ჩემი ნაჩუქარი წიგნი უდიერად ეგდო. მოვიპარე და უკან წამოვიღე" (2009 წლის დეკემბერი).


"- საკუთარ გემოვნებაზე არასდროს დავფიქრებულვარ. არა მგონია, რომ უგემოვნო ვიყო... არ მიყვარს ისე ჩაცმა, რომ ხალხისგან გამოვირჩეოდე და ყურადღების ცენტრში ვიყო. სასაცილოა, როცა უგემოვნო ადამიანები ხშირად საკუთარ გემოვნებას აქებენ.

ისიც არ მესმის, როცა ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დაობენო. არადა, ყველაზე ხშირად სწორედ გემოვნებაზე იწყება დავა.

 
- როგორ ფიქრობ, ადამიანის გემოვნება ან უგემოვნობა რაში ვლინდება?
- ყველაფერში, დაწყებული ჩაცმულობით, საახლობლო წრის შერჩევით დამთავრებული; თუნდაც ლაპარაკის მანერასა და ანეკდოტების მოყოლაში - ეს ყველაფერი გემოვნებაა.

მაგრამ არ ვიცი, ის როგორ უყალიბდება ადამიანს. გენეტიკურია თუ, ყველაფერი იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც იზრდება?!

- თუ გახსოვს, პირველად რომელმა წიგნმა ან მელოდიამ იმოქმედა შენზე ისე, რომ გემოვნება რადიკალურად შეგეცვალა?
- არ ვარ მიმბაძველი ადამიანი.

არავისთვის არაფერში მიმიბაძავს. ვფიქრობ, რომ გემოვნება თავისთავად ჩამომიყალიბდა... მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად დახვეწილია ის" (2008 წლის დეკემბერი).

"დაუქოქავი საათი,
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს, მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
ხათრი არა აქვს დროს..."

"- რას განიცდით, როდესაც მღერით "ტანგოს" ("მწვანე ტანგო" - კლიპი სიმღერაზე, რომელიც ნიკო გომელაურის ტექსტზე საგანგებოდ ნიკოსთვის, კომპოზიტორმა კოტე მალანიამ დაწერა. - რედ.)?


- "ტანგო" საერთოდ საოცარ ვნებას აღძრავს ადამიანში (იცინის)... კლიპში ბევრი ადამიანი მონაწილებს, მათი უმრავლესობა "თავისუფალი თეატრის" მსახიობია, პარტნიორობას კი ახალგაზრდა მსახიობი - ეკა აფშილავა მიწევს. სპეციალურად გავექეცით იმას, რომ ცნობილი სახეები გადაგვეღო, კლიპში არ გვინდოდა გაცვეთილი, ეგრეთ წოდებული "ფეისები".

თუმცა ის მსახიობები, რომლებიც ამ ვიდეორგოლში მონაწილეობენ, თეატრალური საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილები არიან.


- ბატონო ნიკო, როგორც აღნიშნეთ, "ტანგო" ვნებასთან ასოცირდება. ამბობენ, ვნება "წითელი ფერის" არისო. თქვენ კი "ტანგოს" მწვანე შეფერილობა მიეცით. რატომ?
- მე ვნება მწვანე ფერის მგონია, ეს არის და ეს (იცინის). მას "ტანგოს" გემო და ბანანის სურნელი აქვს. რა ვქნა, თუ ასეთია ნიკო გომელაურის ვნების კოქტეილი?.." (2009 წლის მარტი)

"მე რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა,
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი,
და ინატრებს, ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ, გაიხსენებს მამა,
პირველად რომ მნახა უკვე დიდი,
კარგია, რომ არ გამათამამა,
კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.
წავალ, მჯერა, მერე იტყვის ქალი,
შესაძლოა, დაიღვაროს ცრემლად,
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,
მთავარია, ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი, რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც.
თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
რას იტყვიან ძმები, წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას.
ჩემ გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემ გარეშე აჰყვებიან გრძნობას
იქ კი ვიცი, ვინც დამხვდება, იტყვის,
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას.
მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას -
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას..."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1101 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები