სამშაბათი, 30.04.2024, 01:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » "სადაც არის ინტეგრაცია, იქ ვართ ჩვენც".
01:21
"სადაც არის ინტეგრაცია, იქ ვართ ჩვენც".

ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ზოგიერთს ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული, ნაწილი კი მებრძოლად იბადება და მუდამ ძიებაშია.

პირველი და მეორე კატეგორია თვითონაც იტანჯება და სხვასაც უმძიმებს ყოფას, მებრძოლები კი საკუთარ თავსაც უადვილებენ ცხოვრებას და საზოგადოებასაც ეხმარებიან.

"საზოგადოება ჩვენს მსგავს ადამიანებს უნდა მივაჩვიოთ", - მეუბნება ჩემი სტუმარი, ახალგაზრდა უსინათლოთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი იაშვილი, რომელმაც, ალბათ, ბევრი რამ შეისწავლა და საკმაოდ მრავალი სიძნელე დაძლია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის ძალიან საჭირო, სასარგებლო და "ჩვეულებრივი" გახდებოდა.


- ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოში, ომამდე ორი დღით ადრე შევქმენით. მანამდე უსინათლოთა კავშირთან შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, სადაც უსინათლო და თვალხილული ადამიანები იკრიბებოდნენ. დამიკავშირდნენ მეც და მივედი.

სამწუხაროდ, კლუბი მალევე დაიშალა, მე კი უსინათლო ადამიანების დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციის იდეა ძალიან მომეწონა და ჩემს რამდენიმე უსინათლო და მცირედ მხედველ მეგობართან ერთად შევქმენი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია.

მისი მიზანია, უსინათლო, მცირედ მხედველი და მხედველი ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინდა, კომპიუტერულ ტექნიკასთანაც კი მოხდეს უსინათლოს ინტეგრაცია.

- ეს შესაძლებელია?
- უსინათლოებს ხმოვანი პროგრამით თვითონ ვასწავლი კომპიუტერთან მუშაობას. ძალიან კარგადაც ითვისებენ, უფრო კომუნიკაბელურებიც ხდებიან და უფრო თამამებიც, - აღარ ითრგუნებიან იმ განცდით, რომ მხედველ ადამიანთან შედარებით უუნაროები არიან.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ. მხედველობის პრობლემა დაბადებიდან დაგყვათ?
- დედას მძიმე მშობიარობა ჰქონია და 5 წლისას, მხედველობის პრობლემა შემნიშნეს. თუმცა, ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი და 16-17 წლამდე მხედველობაც ისეთი მქონდა, განსაკუთრებული პრობლემა არ შემქმნია.


როდესაც მხედველობა საგრძნობლად დამიქვეითდა, ხშირად მიწევდა რუსეთში გამგზავრება, დაახლოებით 7-8 ოპერაცია გამიკეთეს და თვალიც საბოლოოდ გამიფუჭეს. ბუნებრივია, სკოლაში ვეღარ ვივლიდი და ვინაიდან ძირითადად რუსეთში ვიყავით, განათლებაც იქ მივიღე.

თბილისში დაბრუნებული კარგა ხანს ვერაფერს ვაკეთებდი და ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ არც ისე, რომ ხელი ჩამექნია და არაფერზე მეფიქრა. განსაკუთრებულად მიყვარდა მუსიკა, თვითონ ვქმნიდი, მუდამ თან მდევდა და სწორედ მან მიხსნა: გამაძლიერა და მიზნისკენ გზა გამიხსნა. ვიყიდე სინთეზატორი, მართალია ძველი, მაგრამ ეგ არაფერი, იმედი მაქვს, მომავალში უკეთესს შევიძენ. მუსიკას კი ახლაც ვწერ.

- რა ჟანრის მუსიკას წერთ?
- ელექტრო-რომანტიკულს. თანამედროვე მუსიკაა, მაგრამ რადგან სინთეზატორი მაღალი დონის ვერაა, ბგერებსაც შესაბამისად, უხარისხოს ვიღებ. ჩემს მუსიკას არანჟირებას ვუკეთებ და ძირითადად, პოპკომპოზიციები გამოდის.

თავიდან, ვიდრე კომპიუტერს შევიძენდი, ეს კომპოზიციები კუსტარული მეთოდით გადამქონდა სინთეზატორიდან მუსიკალურ ცენტრში, კასეტებზე, შემდეგ კომპიუტერიც შევიძინე და ყველაფერი იქ გადამაქვს.

- კომპიუტერზე მუშაობა როგორ შეისწავლეთ?
- ჩემით. ვიშოვე უსინათლოებისთვის არსებული, ხმოვანი სისტემები, დავაყენე კომპიუტერში, შემდეგ ხან რომელ ღილაკს ვაჭერდი ხელს, ხან რომელს, მერე რაღაცას ვაფუჭებდი, თუმცა გზადაგზა ვასწორებდი კიდეც და ასე, ნელ-ნელა შევისწავლე კომპიუტერი.

საბოლოოდ, ისე ავითვისე, ვიფიქრე, სხვისთვისაც მესწავლებინა. დღესაც მყავს 54 წლის მოსწავლე - უსინათლო ადამიანი, რომელიც საკმაოდ კარგად ითვისებს კომპიუტერს. რამდენიმე ბავშვსაც ვასწავლი, თვითონ მიკავშირდებიან. მათ შორის, თვალხილულებიც არიან.

რატომღაც ბევრი თუნდაც უფასო კურსებზე სიარულს ჩემთან სიარულს ამჯობინებს.

- ალბათ, თქვენს ახსნილს უკეთ იგებენ... გიორგი, თქვენი მუსიკა სადმე ჟღერს? მუსიკოსებს მოასმენინეთ თუ მხოლოდ შინ, ოჯახის წევრები ისმენენ?
- ვასმენინებ მხოლოდ მეგობრებს, ექსკლუზივი კი დედას ეკუთვნის (იცინის). დედის შემდეგ ჩემი მეგობარი და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთი გილაური ისმენს, შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის წევრი თვალხილული გოგონა, რომელსაც დიაბეტი აქვს.

- ვიცი, რომ სხვებიც არიან დასაქმებულნი და საკუთარი თავის რეალიზაციას მშვენივრად ახერხებენ.
- მაგალითად, ქეთი, რომელიც კლუბში გავიცანი და დავმეგობრდით, ერთ დროს ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. მხედველობა 10 წლის ასაკში დაკარგა, მაგრამ იმ სკოლიდან არ წამოსულა.

გაკვეთილების მომზადებაში დედა ეხმარებოდა - ხმამაღლა უკითხავდა. ბოლოს უსინათლოთა შრიფტის შესასწავლად იძულებული გახდა ავლაბრის უსინათლოთა სკოლაში გადასულიყო.

შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა და სკოლის მსგავსად ისიც უმაღლესი ქულებით დაასრულა. ახლა უსინათლოთა სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, კერძოდაც ასწავლის - უსინათლო და თვალხილული ბავშვები მასთან ერთად სხედან ჯგუფში. 

იმის თქმა მინდა, რომ ქეთიც ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებს და ალბათ ბევრ თვალხილულ სპეციალისტსაც სჯობს. საოჯახო საქმესაც მშვენივრად აკეთებს და მასზე ვერავინ იტყვის, შეზღუდული უნარის მქონეაო. გვყავს დიაბეტიანი გოგონა, მაცაცო, რომელსაც ძალიან ცუდი მხედველობა აქვს, მაგრამ მასაჟისტის პროფესიას დაეუფლა, შესაბამისი სერთიფიკატიც აქვს და თავისუფლად, პროფესიულად აკეთებს მასაჟს.

ასე რომ, ქეთის, ჩემი და კიდევ მრავალი უსინათლოს უნარშეზღუდულობა მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ შინიდან მარტო, დაუხმარებლად ვერ გამოვდივართ. მით უმეტეს, დღეს ხმოვანი კომპიუტერიც არსებობს, მობილურიც, საყოფაცხოვრებო ნივთებიც - სიცხის, წნევის საზომი ხელსაწყოები, სამზარეულოს სასწორიც კი.

ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად ყველა უსინათლო აღვჭურვოთ ასეთი ხელსაწყოებით. 

- ეს ნივთები, ალბათ, ძნელად მოსაპოვებელიცაა და ძვირად ღირებულიც, არა?
- რა თქმა უნდა, ეს ნივთები ძვირი ღირს, თუმცა ვიცით, ვინც ამზადებს - ძირითადად, ჩინეთში მზადდება. ბელორუსია ხმოვან ტელეფონებს უშვებს. სპონსორები უნდა მოვიძიოთ, რომ ფინანსურად დაგვეხმარონ ან თვითონ შეგვიძინონ ეს ხელსაწყოები.

- ორგანიზაციაში ბევრნი ხართ?
- ჯერჯერობით 40-მდე ახალგაზრდა ვართ - უსინათლო, მცირედ მხედველი და თვალხილული. ამ უკანასკნელებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ გაწევრება, თუ რაღაც დაავადებების, ვთქვათ, დიაბეტის გამო შესაძლოა მომავალში შეექმნათ მხედველობის პრობლემა.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ ყველა ვერ გახდება ჩვენი ორგანიზაციის წევრი. 5 ახალგაზრდა დიაბეტის ცენტრიდან გვყავს. ამიტომ ამ ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა კობა ამირხანაშვილმა შემოგვთავაზა ფართობი ორგანიზაციის თავშეყრისთვის. მალე პრეზენტაციასაც მოვაწყობთ და იმ დღისთვის საინტერესო ჩანაფიქრები მაქვს. 

ორგანიზაციაში გვყავს მუსიკოსი ბიჭი, როკერი, ვისთვისაც გიტარის მედიატორი ვიშოვე. ეს მედიატორი, სხვათა შორის, მომღერალ იან გილანს ეკუთვნოდა. ჩვენი როკერი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავს, რადგან იცის, რომ პრეზენტაციაზე სწორედ მას გადავცემ მედიატორს.

კიდევ რაღაც ძალიან კარგი იდეა მაქვს, რასაც ჯერ ვერ გაგიმჟღავნებთ. ჩვენმა გოგონებმა პროექტების წერის ტრენინგებიც გაიარეს, დანარჩენები აწი გაივლიან, რამდენიმე პროექტზე უკვე ვმუშაობთ და სამომავლოდ საინტერესო გეგმები გვაქვს.

კომპიუტერითა და ინტერნეტით მთელ სამყაროს ვეკონტაქტებით და ამის წყალობით ვიცი, კარგ რამეებს გავაკეთებთ. 

გვინდოდა, საარჩევნო სამზადისშიც მიგვეღო მონაწილეობა და სარეკლამო ბუკლეტები დაგვემზადებინა, მაგრამ ამჯერად ეს პროექტი ვერ განვახორციელეთ. თუმცა ცესკოს აუცილებლად მივაწვდენთ ხმას, რომ ვარსებობთ და შემდეგ არჩევნებზე ჩვენი დასაქმებაც შეუძლიათ.

- ანუ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ მონაწილეობას ცდილობთ?
- აუცილებლად. მარტო უსინათლო კი არა, თვალხილული ადამიანიც დაკომპლექსებულია უსინათლოსთან ურთიერთობით. ამიტომ მოკლედ გეტყვით: სადაც არის ინტეგრაცია, იქ ვართ ჩვენც.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1118 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები