ძლიერი წვიმების გამო ბებრისციხე ინგრევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა ანთაძემ აცნობა, რომელიც ამ წუთებში ადგილზე იმყოფება. როგორც ნიკა ანთაძემ აღნიშნა, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ციხის შიდა ნაწილის დიდი კედელი უკვე ჩამონგრეულია და კედლის დიდი მონაკვეთი ამჟამადაც ინგრევა.
"უმძიმესი ვითარებაა. გადაუღებელი წვიმების გამო მთლიანად დაიმეწყრა ციხის მიმდებარე ტერიტორია და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიშალა, მიწა მოწყდა და კედელი ჩაიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ. მისივე თქმით, პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან ბებრისციხე მდებარეობს მთის ქიმზე და მოწყვეტილი მიწის დამაგრება შეუძლებელია.
"ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ვინაიდან ამ ადგილას მეწყერი არასოდეს ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როდესაც გადაუღებელმა წვიმებმა ასეთი კატასტროფული შედეგი მოიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ. ბებრისციხესთან ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფებიან.
|