10:27 მარკ ტვენი – პირველი და ნაღდი. | |
ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის 21 აპრილს, წიგნების, ჩიბუხების, სიგარებისა და ასანთის კოლოფების გარემოცვაში გარდაიცვალა მარკ ტვენი, ადამიანი-ქვეყანა, იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე სახელოვანი მწერალი. ასეც მოხდა: კომეტასთან ერთად მოსული, მასთან ერთად დაბადებული, კომეტასვე გაჰყვა.
ფოლკნერი კი იაპონელ სტუდენტებს ამერიკულ ლიტერატურაზე ესაუბრება: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რომლებიც ტვენამდე ამერიკელებად მიიჩნეოდნენ, სინამდვილეში არ იყვნენ ამერიკელი მწერლები, ისინი ევროპულ სამწერლო ტრადიციას, ევროპულ კულტურას ეფუძნებოდნენ. და მხოლოდ მარკ ტვენთან და უოლტ უიტმენთან ერთად გაჩნდა ნამდვილი, თვითმყოფადი ამერიკული ლიტერატურა... უიტმენმა, მართალია, ტვენზე ადრე დაიწყო წერა, მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული, რომ ამერიკული ლიტერატურა არსებობდა. ტვენმა პირველმა გააცნობიერა ეს და ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მესაფუძვლედ იქცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მას ამერიკული ლიტერატურის მამას, თუმცა იგი არ ყოფილა პირველი ამერიკელი მწერალი."
და აი, მოვიდა მარკ ტვენი და ყველაფერი თავის ადგილას დადგა და წინამორბედებსაც დაუფასდათ ღვაწლი: პოსაც, თოროსაც, ემერსონსაც და მელვილსაც. მთელი ცხოვრება ანტიკურ, კლასიკურ რუსულ, ავსტრიულ და ბრიტანულ ლიტერატურას ვიჩემებდი, არადა, აღმოჩნდა, რომ ანტიკური ლიტერატურისთვის იშვიათად ვიცლი, დიდი რუსული ლიტერატურიდან დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, ბევრ რამეს, ბრიტანული ლიტერატურიდან, მხოლოდ კოლექციისთვის ვკითხულობ, ავსტრიულში კი წასაკითხი თითქმის ამოიწურა. რაღა დარჩა? ამერიკული ლიტერატურა, რომლის „მოწესრიგებითაც" მარკ ტვენი სიკვდილამდე იყო დაკავებული. როგორც ზემოთ გვითხრა ფოლკნერმა, იგი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მან ამერიკული ლიტერატურის გარდა ჩვენი ბავშვობაც შექმნა, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა „ტომ სოიერის თავგადასავლის" გარეშე. თუ არ ვცდები, არც ერთ ამერიკელ მწერალზე არ დაწერილა ამდენი წიგნი, ბიოგრაფიები, გამოკვლევები, მონოგრაფიები, მოგონებები, სამეცნიერო სტატიები. იგი თავადაც უწყობდა ხელს ლეგენდების შექმნას, ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც. მისი ფოტოებიც ამ მითოლოგიის ნაწილია, თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ქათქათა მოხუცი უზარმაზარი ულვაშებითა და გადაწკეპილი წარბებით. ერთი შეხედვით მკაცრი, ამაყი და თავდაჯერებული, მაგრამ, იმავდროულად, სევდიანი და გაბზარული. რამდენადაც ვიცი, წიგნი რუსულიდან იყო გადმოღებული და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ 6 წლის წინ, ეს ნაწარმოები ახლიდან გვეთარგმნინებინა ვინმესთვის. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა გამომცემლობა „არეტეს" დამფუძნებლები ახალ ავტორებს დავეძებდით და ახალი საგამომცემლო იდეებით დატვირთულები დავდიოდით. ტომ სოიერის თანამედროვე ქართული თარგმანი ერთ-ერთი ასეთი იყო. წიგნი მაშინ ასმათ ლეკიაშვილმა თარგმნა, თარგმნა ლაღად, ერთი სიტყვით, გადმოაქართულა. სწორედ ასმათ ლეკიაშვილის თარგმანმა შემაყვარა ერთი ეპიზოდი, რომელსაც ბავშვობაში რატომღაც ვერ ვამჩნევდი. ესაა საკვირაო ქადაგების სცენა, გახსოვთ, ალბათ, ტომი ჯერ ბუზის ჭერით ირთობს თავს, შემდეგ ხოჭოს ამოიყვანს კოლოფიდან, ბოლოს კი ეკლესიაში ძაღლიც შემოეხეტება და იწყება ერთი ამბავი, ისეთი, სემუელ ბეკეტსაც რომ შეშურდებოდა. | |
|