ორშაბათი, 29.04.2024, 23:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ზინედინ ზიდანი: "დაუშვებელია, ფეხბურთელები გლადიატორებს დავამსგავსოთ".
10:58
ზინედინ ზიდანი: "დაუშვებელია, ფეხბურთელები გლადიატორებს დავამსგავსოთ".

გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის პლანეტის ახლო წარსულის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ამჟამად მადრიდის "რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველია და მისი სამოთამაშეო აქტიურობა სადღეისოდ მხოლოდ "სამეფო კლუბის” ვეტერანთა გუნდში ბურთის გორებით გამოიხატება.



ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დღემდე ძალიან პოპულარულ ადამიანად რჩება ქომაგთა შორის და "ზიზუს” ყოველ ინტერვიუს ისინი უდიდესი ინტერესით ეცნობიან.



- მიმდინარე წელი სამუნდიალოა, ამიტომაც, გვსურს თუ არა, გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე საუბარს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. ნუ ვისაუბრებთ წითელ ბარათზე, გადამწყვეტი მატჩის დებიუტში თქვენს მიერ რეალიზებული პენალტი გაიხსენეთ...


- მეორე დღეს ყველა გაზეთი ერთხმად წერდა, ზიდანმა თერთმეტმეტრიანი ანტონინ პანენკას (გასული საუკუნის 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი, ევროპის 1976 წლის ჩემპიონი-რედ) სტილით დაარტყაო. მერწმუნეთ, ჯერ კიდევ საპენალტე გარბენის დასაწყისშიც კი არ ვიცოდი, საით გავაგზავნიდი ბურთს.

საერთოდ, უმჯობესია, ყოველთვის კარის კუთხეში დაარტყა, მე კი რატომღაც ბურთი პირდაპირ გავგზავნე. მის მიერ კარის ხაზის გადაკვეთას წამის მეათედი დასჭირდა, მე კი ეს დრო ლამის საუკუნედ მომეჩვენა.

- ბუფონს თქვენს მიერ თავით ძლიერად და ზუსტად დარტყმული რომ არ გაენეიტრალებინა, შესაძლოა, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაც არ ყოფილიყო...
- იმ დროისთვის ენერგია თითქმის სრულად გამოცლილი მქონდა. დარტყმაში ყველაფერი ჩავდე და როდესაც ბუფონმა ჩემი მცდელობა ჩაშალა, განწირული ხმით დავიხავლე. შემდეგ იყო რიბერის გარღვევა.

ამ 2 მომენტიდან ერთიც გოლით რომ დასრულებულიყო, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი გახდებოდა და არა იტალია. ორივე შემთხვევაში ბურთს ჯიჯი ბუფონი გადაეღობა, ასე რომ, სრული საფუძველი მაქვს, მასზე ნაწყენი ვიყო.

ეს ხუმრობით, ისე კი ჯიჯი ძალიან კარგი ბიჭია, რაც ფინალის დასრულების შემდეგაც დადასტურდა. მასთან რამდენიმეწამიანი კონტაქტი მქონდა და ბუფონი ყოველმხრივ შეეცადა ჩემი დარდი ნაწილობრივ მაინც გაექარვებინა.

- პენალტების სერიის დროს სად იმყოფებოდით?
- მინდვრიდან გაძევების გამო, სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლებაც კი არ მქონდა. გასახდელში მარტო ვიყავი და ძნელი წარმოსადგენი არაა, რა დღეში მექნებოდა ნერვები.

- კარიერის დასრულების შემდეგ გავლილი საფეხბურთო გზისთვის თვალი, ალბათ, მრავალჯერ გადაგივლიათ. უპირველესად რომელი მატჩი ამოტივტივდება ხოლმე თქვენს გონებაში?


- ჩემს მიერ ჩატარებულ შეხვედრათაგან ყველაზე სასიამოვნოდ 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა მახსენდება. იმ მატჩში ამსტერდამის "აიაქსს” 4:1 მოვუგეთ. 23 აპრილს "დელე ალპიზე” მართლაც რომ ყველაფერი გამომდიოდა. ერთი გოლის ავტორი თავად გავხდი, ორჯერ კი პარტნიორებს გავუკეთე საგოლე გადაცემა.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანი. საკუთარი თამაშით ბედნიერი გახლდით, მაგრამ ქაღალდზე ამოკითხულმა რიცხვებმა მაინც გამაოცა. 

ასპარეზობის მსვლელობისას ბურთს თითქმის 5 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდი და პრაქტიკულად ყველა ჩემი გადაცემა ადრესატამდე ზუსტად მივიდა. კარიერის მწვერვალი კი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. არ მგონია, ოდესმე ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც "სენ დენის” ფინალის 3:0 მოგების შემდეგ.

- ნაკრებსა თუ საკლუბო დონეზე მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდით. ბევრ აღიარებულ ოსტატთან ერთადაც მოგიწიათ მინდორზე გასვლა. მათგან ყველაზე მეტად რომელ დიდოსტატებს გამოჰყოფდით?
- როდესაც რონალდო ფორმის პიკში იყო, ვერავინ შეედრებოდა.

მისი თამაშით დღემდე გაოგნებული ვარ. ძალიან სამწუხაროა, ბრაზილიელი ჯადოქარი ტრავმებმა რომ გააწამეს. ამის გამო "კიჭა” სათანადო კონდიციას ხშირად ვერ აღწევდა ხოლმე. ამით მსოფლიო ფეხბურთმა იზარალა.

- მოდით, ის ადამიანიც გავიხსენოთ, რომელსაც ყველაზე მეტად უმადლით...
- "კანში” თამაშისას ჩემი დამრიგებელი მუსიე ჟირაუდი გახლდათ. მაშინ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ბევრს შეჰქონდა, მან კი მამაშვილურად გამამხნევა და სწორ გზაზე დამაყენა. მისი მხარდაჭერა რომ არა, არავინ იცის, საბოლოოდ რა დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა ზინედინ ზიდანი და საერთოდ, შედგებოდა კი ჩემი ნაყოფიერი კარიერა. სამწუხაროა, დღეს ჟირაუდი ცოცხალი რომ არაა. მის შემდეგაც ბევრმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი, მაგრამ ყველაზე მეტად დავალებული მაინც პირველი პედაგოგისგან ვარ.

- უმაღლეს დონეზე 15 წლის განმავლობაში გამოდიოდით. დღევანდელი და იმდროინდელი ფეხბურთი, როდესაც პირველ პროფესიულ ნაბიჯებს დგამდით, ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება?


- გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს უმთავრესი მოთამაშეთა ტექნიკური აღჭურვილობა გახლდათ და ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ყველაფრის ქვაკუთხედი იყო.

შედარებით ნაკლები ყურადღება ენიჭებოდა ტაქტიკას. იმდროინდელი მცველებიც ნაკლებად განსწავლულები იყვნენ, რაც წინახაზელებს თამაშს გვიიოლებდა. ბურთის დასამუშავებლადაც მეტი დრო გვრჩებოდა და მინდორზე ცარიელ სივრცეებსაც უფრო ადვილად ვპოულობდით. 

ვერ ვიტყვი, რომ მაშინდელი ფეხბურთელები ფიზიკურად ცუდად იყვნენ მომზადებულნი, თუმცა, დღევანდელ ათლეტებთან ახლოსაც ვერ მივლენ. თანაც, თანამედროვე მოთამაშეები უფრო სწრაფად დარბიან და აზროვნებენ. დღეს ბურთის მშვიდად მიღების და დამუშავების საშუალებას არავინ მოგცემს, ამიტომაც საუკეთესო გადაწყვეტილება წამის მეათედებშია მისაღები. ისე კი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სეზონის განმავლობაში ჩასატარებელ შეხვედრათა რაოდენობას შევამცირებდი.

შეუძლებელია, წლიდან წლამდე ამდენ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღება. თანდათან ფეხბურთელთა დატვირთვა იზრდება და დაუშვებელია, ჩვენი პროფესიის ადამიანები გლადიატორებს დავამსგავსოთ. 

რამდენიც გნებავთ იმდენი მოთამაშე ვიცი, რომელთაც 30 წლის ასაკში ღრმა მოხუცის ჯანმრთელობა აქვთ. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამოვლენა და ეს თემა საზოგადოების ფართო მსჯელობის საგნად უნდა ვაქციოთ.

შეიძლება ვინმე შემეკამათოს და მითხრას, პროფესიონალი ფეხბურთელები ასტრონომიულ ხელფასებს იღებენ და ჯანმრთელობის აღდგენასაც ფულის მეშვეობით მოახერხებენო. ამგვარი ცინიკური მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ.

- შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელებს აქტიური სამოთამაშეო კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება გიწევთ. ფეხბურთელობისას მაქსიმუმს მიაღწიეთ, არ გიჭირთ საკუთარი გზის არჩევა და მისი ღირსეულად გავლა?


- ყველაზე მეტად ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ვფიქრობ, კარიერა დროულად შევწყვიტე. როდესაც ახლა მატჩებს თვალყურს ვადევნებ, ვრწმუნდები, რომ ჩვეულ დონეზე თამაშს დიდხანს ვეღარ "გავქაჩავდი” და მაშინ ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება უკვე სხვებს მოუწევდათ და კარისკენაც მიმითითებდნენ. მოთამაშეობისას ყველა დასახულ მიზანს მივაღწიე და არ ღირდა საკუთარი ავტორიტეტის სასწორზე შეგდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1025 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები