ორშაბათი, 29.04.2024, 23:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » უეინ რუნი: “ხმა დიდიე დროგბას მივეცი”.
11:02
უეინ რუნი: “ხმა დიდიე დროგბას მივეცი”.

გუშინ, ინგლისურმა გაზეთებმა და საინფორმაციო საშუალებებმა დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები გაგვაცნეს, რომლის მიხედვითაც, ნისლიან ალბიონზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი დაასახელეს.



ამ ფაქტს გამოეხმაურა ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გორდონ ტეილორი: "მიმდინარე სეზონში, რუნი ახალ ამპლუაში ვიხილეთ და მან ფენომენალური შედეგი აჩვენა. როდესაც "მანჩესტერში” კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა, რუნი უფრო დამხმარე როლს ასრულებდა, მაგრამ ახლა იგი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და თავის საქმეში, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა”.

რუნი მიმდინარე სეზონში მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს. ტრავმის გამო, ბოლო პერიოდში ხშირად უქმობის მიუხედავად, 26 გატანილი გოლით, იგი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას მაინც ლიდერობს. სულ, სეზონში გამართულ 42 თამაშში 34 გოლი აქვს გატანილი, რას მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

აღიარების შემდეგ, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს ინტერვიუ პირველმა ოლდ ტრაფორდელთა კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა ბენ ჰიბსმა ჩამოართვა.

წარმატებული ფორვარდისა და რეპორტიორის დიალოგამდე კი მოგახსენებთ, რომ უძლიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბირმინგემის "ასტონ ვილას” შუახაზელი ჯეიმს მილნერი გახდა, 2009-10 წლების სეზონის საპრემიერლიგო ნაკრებს კი შემდეგი სახე აქვს: ჰარტი ("ბირმინგემი”), ივანოვიჩი ("ჩელსი”), დანი ("ასტონ ვილა”), ვერმალენი ("არსენალი”), ევრა ("მანჩესტერი”), ვალენსია ("მანჩესტერი”), ფაბრეგასი ("არსენალი”), ფლეტჩერი ("მანჩესტერი”), მილნერი ("ასტონ ვილა”), რუნი ("მანჩესტერი”), დროგბა ("ჩელსი”).

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ჯერ კიდევ დაუსრულებელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელათ?
- ძალიანაც კმაყოფილი ვარ.

სასიამოვნო და საამაყო გრძნობაა, როცა შენი კოლეგები, პროფესიონალები, უძლიერესად მიგიჩნევენ. ვფიქრობ, ეს აღიარება დავიმსახურე. ამ სეზონში ხომ წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი გოლი გამაქვს. გასული აგვისტოდან მოყოლებული, სერ ალექსმა "მანჩესტერის” შეტევის წინა, დამაგვირგვინებელ პოზიციაზე გამამწესა და მეც, მისი იმედი და მოლოდინი სრულად გავამართლე. 

ამაში კი, უაღრესად დიდი როლი ჩვენი გუნდის ნახევარმცველებს მიუძღვით. მათი მხარდაჭერის გარეშე, ამგვარ აღიარებას ვერასდროს მივაღწევდი. ერთსაც მოგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური გამიკითხვის შემდეგ, ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მაღიარეს, მას შემდეგ მოყოლებული, მთავარი პროფესიული პრიზის დაუფლებაზე ვოცნებობდი და აი, ეს საწადელიც ამიხდა.

- წლევანდელი სეზონი, თქვენს კარიერაში საუკეთესოდ მიგაჩნიათ?
- დიახ, ალბათ, ასეცაა.

ბევრი გოლი გავიტანე, გულშემატკივრები და ჟურნალისტები მაქებენ. რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო, არ მესმის. ცხადია, თანაგუნდელებთან ერთად, ყველაფერს ვერ მივაღწიე. ძალიან დამწყვიტა გული ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ. არადა, "ოლდ ტრაფორდზე” "ბაიერნთან” ყველაფერი რა მშვენივრად დაიწყო...

იმედია, "მანჩესტერი”, იმ მარცხის საკომპენსაციოდ, პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება. სეზონის ამაზე უკეთეს დასასრულს, ვერც კი ვინატრებ.

- ხასიათს ვერც ის ამბავი გიფუჭებთ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ტრავმა რომ მიიღეთ?
- ძალიან განვიცდი "ტოტენჰემთან” მომხდარს. ექიმები, ჯერჯერობით, დაზიანების სიმძიმეს ზუსტად ვერ მეუბნებიან და არც ის ვიცი, რამდენს გამოვტოვებ. დასტაქრების წინასწარი შეფასებით, 2-3 კვირის გამოტოვება მომიწევს – ამ შემთხვევაში, სეზონის დასკვნითი ნაწილი უჩემოდ ჩაივლის, რაც ფრიად გულსატკენია.

- თუ საიდუმლო არაა, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვაში, თავად თქვენ, ვის მიეცით ხმა?
- დასამალი არაფერი მაქვს. ძირითად ნომინაციაში მხარი ჩვენი უშუალო კონკურენტის, "ჩელსის” ფორვარდ დიდიე დროგბას დავუჭირე, ახალგაზრდა ფეხბურთელებში კი, არსენალელი სესკ ფაბრეგასი გამოვარჩიე.

გავოცდი, როცა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეთა ნომინაციაში რუნის გვარი ამოვიკითხე. ეს პრიზი ხომ 8 წლის წინ მომანიჭეს და ახლაც რომ ვეღიარებინე, ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი.

- ზემოთ, ქებით პარტნიორი ნახევარმცველები მოიხსენიეთ. რამდენად ემადლიერები თანაგუნდელ ფორვარდებს? მაგალითად, ანტონიო ვალენსია ავიღოთ - თქვენს წლის საუკეთესო ფეხბურთელად არჩევაში, მისი წვლილი არაა?
- რასაკვირველია, ასეა. შემტევი ამპლუის მოთამაშე, პარტნიორთა დახმარების გარეშე, ბევრს არაფერს წარმოადგენს. ანტონიოსგანაც საკმარისად მივიღე ზუსტი პასები. ისინი რომ არა, ამდენ გოლს ნაღდად ვერ გავიტანდი.

წინასასეზონოდ, ვალენსიას შეძენა სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. ეკვადორელი შემტევი ფიზიკურად ძლიერია, სწრაფად დარბის და ტექნიკური ასპექტითაც გამოირჩევა. მიმდინარე სეზონში, მან თავისი ინდივიდუალური ოსტატობის მეშვეობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა, ამასთან ხელსაყრელი სიტუაციებიც მრავლად შემიქმნა. 

ფლანგზე აჩქარებისა და შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმო მინდორზე ბურთის ჩაკიდებით, ანტონიომ არაერთხელ მომცა თავის გამოჩენის საშუალება.

თამაშის სტილით, ვალენსია ანდრეი კანჩელსკისს მაგონებს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იცავდა.

როცა კანჩელსკისი "ოლდ ტრაფორდზე” მივიდა, 6 წლისა გახლდით, მაგრამ მისი ასპარეზობა გონებაში მაინც ჩამებეჭდა. მის მსგავსად, ვალენსია გამოკვეთილი ვინგერია, ამგვარი ტიპის მოთამაშეები ძალიან მომწონს.

- ბევრი, სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად გთვლით. თავად ვის მიიჩნევთ უძლიერესად?
- ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელად გაღიარებს, მაგრამ ობიექტურობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ – ამჟამად საუკეთესო, ლეო მესია.

არგენტინელის ბურთთან ურთიერთობა მანცვიფრებს და აღტაცებაში მოვყავარ. მესი ზედიზედ მეორე ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ეჭვიც არ მეპარება, უძლიერესი რომაა.

- გუნდის ვეტერანები, გარი ნევილი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, აგერ, უკვე ლამის ორი ათეული წელია გუნდის ღირსებას იცავენ და დღესაც წარმატებით აგრძელებენ "იუნაიტედისთვის” დიდი სარგებლობის მოტანას. როგორ გგონიათ, 35 წლის უეინ რუნი, ისევ "მანჩესტერის” სამსახურში იქნება?
- ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ – "იუნაიტედში” იმ დრომდე დავრჩები, სადამდეც გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემეძლება.

"ოლდ ტრაფორდიდან” არსად წასვლა არ მსურს. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ არაერთ წარმატებულ სეზონს გავატარებ.

- ტრავმის გამო, მაყურებლის როლში ყოფნაც გიწევთ. რომელი ამპლუაა უფრო ადვილი, გულშემატკივრობა თუ თამაში?
- რა თქმა უნდა, თამაში. ვერ ვიტან უთამაშებლობას.

ძალიან ძნელია, როცა გუნდს ვერ ეხმარები. ასეთ დროს გაცილებით მეტს ვნერვიულობ, ვიდრე მინდორზე ყოფნისას.

- იმედია, გამოჯანმრთელებას მალე შეძლებთ და წინასამუნდიალოდ, სრულფასოვან მზადებას გაივლით თანანაკრებელებთან ერთად. საკლუბო დონეზე, ლამის, ყველა შესაძლო ტიტული მოიხვეჭეთ.

ალბათ, არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო, თუკი 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში ინგლისის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, თქვენ კი, მუნდიალის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთით” დაგაჯილდოვებენ...


- მოდით, წინასწარ ნურაფერს ვიტყვით. ფაქტი ერთია – ფაბიო კაპელოს მეთაურობით, ძალიან ბევრს და სერიოზულად ვმუშაობთ. იმედია, ამის შესაბამის შედეგს, სამხრეთ აფრიკაში მოვიმკით.

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა. 2007 და 2008 წლებში საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ იყო, გასულ წელს კი, რაიან გიგზი.

უეინ რუნი და სხვა გამარჯვებულები თავიანთ ჯილდოებს კვირას, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის რიგით 37-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მიიღებენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1136 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები