ორშაბათი, 29.04.2024, 21:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » პოდპოლკოვნიკ პუტინის ჩექმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
11:46
პოდპოლკოვნიკ პუტინის ჩექმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ოლეგ პანფილოვთან.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია.


- "პირველი კავკასიური" არის მცდელობა, რამე დავაკლოთ უზარმაზარ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას. თანაც რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოშიც არაერთგვანოვანი დამოკიდებულებაა "პირველი კავკასიურისა" და თქვენი მოღვაწეობის მიმართ. განსკუთრებული სპეციფიკა ახლავს ამ არხზე მუშაობას?

- მუშაობის არავითარი განსაკუთრებული სპეციფიკა არ არის, მაგრამ არის მიზანი, შეიქმნას რუსულენოვანი არხი, პირველ რიგში იმისთვის, რომ რაღაც დოზით წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ პროპაგანდას.

ეს წინააღმდეგობა ომს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანს - არამხოლოდ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობას ჰქონდეს ალტერნატიული ინფორმაცია; ის აღარ მიკვირს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მედიით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აგებს.

საქმე ისაა, სსრკ-დან გერმანიაში საცხოვრებლად გადასული რუსულენოვანი გერმანელები და დასავლეთ ევროპაში მომუშავე რულსულენოვანი ადამიანებიც კი რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან. ჩვენ კი აგვისტოს ომის დროს ვნახეთ, თუ რას წარმოადგენს რუსული პროპაგანდა.

თუ თქვენ "პირველი კავკასიურის" მიმართ რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებაზე საუბრობთ, ჩრდილოეთ კავკასიაში ამ არხისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

ეს მათთვის ინფორმაციის ერთადერთი ალტერნატიული წყაროა. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლებას, ბუნებრივია, ისინი კატეგორიულად უარყოფითად აფასებენ, რუსეთის მტერსაც კი მიწოდებენ და ფიქრობენ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი დაიწყო.

ეს სისულელეა. უბრალოდ, ჩვენ შევქმენით ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, ამით ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის არსებობს არჩევანი - თუ მას სურს მხოლოდ პროპაგანდის მოხმარება, ის ამას გააკეთებს და თუ ვინმეს ალტერნატიულის სურვილი აქვს, მას აქვს უფლება, გააჩნდეს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო.

ვიცი, რომ საქართველოში ამ არხის არსებობა სხვადასხვაგვარად აღიქვეს, მაგრამ მე დიდად არ მაინტერესებს ოპოზიციის აზრი, რადგან არხი წარმოადგენს საქართველოს და არა ხელისუფლებას, არხი იძლევა ინფორმაციას საქართველოს შესახებ და არა ხელისუფლების შესახებ.

ამ არხზე, ფაქტობრივად, არ არის პოლიტიკა და განსაკუთრებით - ქართული პოლიტიკა. ოპოზიციამ რომ ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებს ყურადღებით უყუროს, ნახავდა, რომ ისინი ისევე არიან წარმოდგენილნი ახლ ამბებში, როგორც ხელისუფლება.

- რას იტყვით სასამართლო პროცესზე, რომელიც საფრანგეთში ამ არხის ფრანგული სატელიტიდან მოხსნის გამო მიმდინარეობს?

- სხდომა მაისის მეორე ნახევარში გაიმართება. შანსებზე კი რა გითხრათ, რთული სათქმელია. ადვოკატებმა ამ საკითხის კომენტირებისგან თავის შეკავება გვთხოვეს, რადგან ეს არამხოლოდ სამართლებრივი, პოლიტიკური საკითხიცაა და რუსეთის ამ სკანდალთან პირდაპირი შეხება აქვს.

- ამ ბოლო ხანს საქართველო გააქტიურდა კავკასიური საკითხების მიმართ. როგორ მიიღეს ეს აქტიურობა ჩრდილოკავკასიელებმა?

- საქართველო სავსებით ნორმალური დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეს იმაზე, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში, მის უშუალო სამეზობლოში ხდება.

მით უფრო, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს არამხოლოდ ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან, არამედ ნათეასაურიც და კულტურულიც. ამიტომაც საქართველოს სრული უფლება აქვს, შეაფასოს ის, რაც იქ ხდება და მხარი დაუჭიროს ამ ხალხებს, როცა ისინი ღირსებაზე, სინდისზე და ისტორიულ მეხსიერებაზე ლაპარაკობენ.

თუ რუსეთი ამას წინააღმდეგობად აღიქვამს, ეს მისი პრობლემაა.

მაგალითად, რუსეთი ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიებზე იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეებისგან მუდმივად ქმნის მეხუთე კოლონებს. მე მგონი, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსულენოვან თემს მაინცადამაინც პირდაპირი კავშირები არ აქვს კრემლთან, რადგან უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში.

კრემლი პერიოდულად მანიპულირებს ამ მეხუთე კოლონებით ისე, როგორც ეს ყირგიზეთში მოხდა. ამის მერე, თითქოს, საჭირო ხდება მათი "დაცვა" და ა.შ. ამიტომ ის, რომ საქართველო მორალურ მხარდაჭერას უცხადებს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ნორმალურია.

- ე.წ. ბოევიკები სოჭის ოლიმპიადებზე ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან. საუბარია იმაზეც, რომ ოლიმპიური მშენებლობის პროცესში ბევრი დარღვევებია, ფული იკარგება, რომ "ბოევიკთა" ეს მუქარა იმისთვისაა, რომ ოლიმპიადის ჩაშლა საბოლოოდ ტერაქტებს დაბრალდეს...

მოკლედ, ბევრი ვერსიებია, მაგრამ, ჩვენთვის საგანგაშო ისაა, რომ რუსეთი აუცილებლად მოახერხებს ამ ტერაქტებში ქართული კვალის "აღმოჩენას".

- როგორც ადამიანი, რომელიც უკვე 17 წელია რუსულ პროპაგანდას სწავლობს, გეტყვით, რომ რუსულ ენაზე გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი გამიზნული დეზინფორმაციაა და განზრახ ვრცელდება.

ამიტომ, იმის გარკვევა, ვინაა ბოიევიკი და ვინ ტერორისტი - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შეუძლებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რუსულენოვან ინფორმაციას სიმართლედ აღიქვამს. ამის გაკეთება კი არ შეიძლება და განასაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა და შეცვალა სახელმწიფო პოლიტიკა საინფორმაციო საშუალებების მიმართ.

სწორედ უკანასკნელი 10 წელიწადია, გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა საინფორმაციო იარაღი და საინფორმაციო ომი. კრემლმა ტელევიზიები კონტროლქვეშ სწორედ ხალხის შეგნების მანიპულირებისთვის აიყვანა და ამას არამხოლოდ რუსეთში აკეთებს, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. სამწუხაროდ, ეს მათ დიდი წარმატებით გამოსდით.

- და ამას როგორ უნდა ებრძოლო?

- პირველ რიგში, ალტერნატიული საინფორმაციო წყაროს შექმნით. ამ შემთხვევაში ჩვენი არხი გამაღიზიანებელია არამხოლოდ თავისი არსებობით, არამედ, მიმაჩნია, რომ ეს არხი უნდა იყოს ის, რაც იყო რადიო "თავისუფლება" 40-იანი წლების ბოლოს, როცა მას ჯერ კიდევ "განთავისუფლება" ერქვა.

კრემლს აღიზიანებს ისიც, რომ ჩვენ არამხოლოდ საინფორმაციო შტამპებს ვარღვევთ, არ ვუწოდებთ ადამიანებს ბოევიკებს, ჩვენ მათ ვუწოდებთ ამბოხებულებს, ან პარტიზანებს, რაც სიმართლეა.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანები მოვიხსენიოთ რაღაც ტერმინებით, ვიდრე ამას სასამართლო არ დაადგენს.

ჩვენ არხზე ვამბობთ - "უკრაინაში" (როგორც საქართველოში, პოლონეთში...) და არა "უკრაინაზე" (რუსებს უკრაინა ქვეყნის გარეუბნად მიაჩნდათ), ვამბობთ - "ბელარუსი" და არა "ბელარუსია", საიდანაც ვიღებთ მადლობის წერილებს, რომ ვართ ერთადერთი რუსულენოვანი არხი, ვინც ამ ქვეყნის სახელს სწორად წარმოთქვამს...

- შეიძლება მხოლოდ პროპაგანდად განვიხილოთ მედვედევის განცხადება, სადაც ის არ გამორიცხავს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყირგიზეთის მოვლენების განვითარებას?

- რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდაა და საერთოდაც პროპაგანდაა ის, რაც ხდება აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი არ ელოდა, რომ იმ ომის სანაცვლოდ საერთაშორისო იზოლაციას მიიღებდა - მოსკოვში თითქმის არავინ ჩადის.

- ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი?

- ოფიციალური ვიზიტებით პრეზიდენტები არ ჩადიან...

- მაგრამ, ეს არც აქ ხდება...

- ოფიციალური ვიზიტები აქ უფრო ხშირადაა და თან ჩვენ, ამ თვალსაზრისით, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთს არ ვადარებთ. რუსეთი ეკონომიკურმა კრიზისმა სხვა ქვეყნებზე მეტად დააზარალა. ძალიან ნელა, მაგრამ რუსეთის შიგნით საზოგადოება უკვე აცნობიერებს, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

თუ, მაგალითად, ინტერნეტფორუმებზე ადრე ვერაფერს წაიკითხავდი იმის გარდა, თუ როგორ დაესხა თავს საქართველო მძინარე ცხინვალს და როგორ დახოცა ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლა ეს აღარაა.

ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრი იცვლება და იმასაც ნიშნავს, რომ რასაც პუტინი, მედვედევი და სხვა ჩინოვნიკები ამბობენ, დიდწილად საინფორმაციო ომის ნაწილია.

რუსეთს საბჭოთა პროპაგანდის ბევრი ტრადიცია აქვს გადმოღებული. მაგალითად, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მიღწევაა სარეკლამო რგოლი, სადაც სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს.

ოდნავი ფოტოშოპი და მონტაჟია საჭირო ამის მისაღწევად და ნახეთ, რამდენმა ადამიანმა დაიჯერა? დიდი სურვილი მაქვს ვიპოვო ადამიანი, ვინც ეს მოიგონა და გააკეთა, ხელი ჩამოვართვა და მერე სახეში ვთხლიშო... ეს დიდი ადამიანია.

- ყირგიზეთი, უკრაინა, ფერადი რევოლუციები. პოლონეთის თითქმის მთელი ელიტის ტრაგიკული დაღუპვა საეჭვო გარემოებებში - დადგა საქართველოს ჯერი?

- ვფიქრობ, რომ - არა. ცხადია, მაწუხებს რაც ყირგიზეთში მოხდა. მე ამ ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობ და მიყვარს - როდესაც ტაჯიკეთიდან გამოვიქეცი, მოკლე ხანს სწორედ ყირგიზეთში ვცხოვრობდი.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ტერმინი "ფერადი რევოლუციები" პროპაგანდის შექმნილია.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციის მოსახდენად რამდენიმე ფაქტორია საჭირო - სახელმწიფოებრიობის ისტორია, პოლიტიკური კულტურის ტრადიციები, ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის, საპარლამენტო პოლიტიკა, ქუჩის პოლიტიკა და რაც მთავარია - დისიდენტობის ისტორია.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს ფაქტორები იყო, რევოლუცია წარმატებული აღმოჩნდა და სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია.

- და ეს ფაქტორები უკრაინაშიც სუსტი აღმოჩნდა?

- სამწუხაროდ, უკრაინაში რამდენიმე ფაქტორი არ იყო, რადგან უკრაინა არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც რამდენიმე სახელმწიფო იყო და არ იყო ისეთი ერთიანობა, როგორც საქართველოში.

ამ ფაქტორების ნაკლებობაა ყირგიზეთშიც. რაც მთავარია, რევოლუცია უნდა შეფასდეს იმით, თუ შემდგომ როგორ მოიქცნენ რევოლუციონერები. საქართველომ ისეთიÕ კარდინალური რეფორმები გაატარა, რაც უკრაინამ ვერ შეძლო და რაც საერთოდ არ უფიქრიათ ყირგიზეთში.

- ერთი მსგავსება მაინც შეინიშნება - ყირგიზეთშიც და საქართელოშიც რევოლუციონერთა უმრავლესობა ოპოზიციაშია.

- ეს კანონზომიერი პროცესია.

- ბელორუსის პრეზიდენტი პერიოდულად უჯანყდება ხოლმე მოსკოვს, მერე ცხრება... აკაევის თავის ქვეყანაში მიღებით რა ნაბიჯი გადადგა ლუკაშენკომ?

- მან მოსკოვის წინააღმდეგ სავსებით ბუნებრივი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნის რეფორმირების იდეა არ აქვს, რაიმე სხვა ნაბიჯები უნდა ჰქონდეს მარაგში. ზოგი ომობს, ზოგი ეკონომიკურ ბლოკადას აწყობს, ლუკაშენკო კი პერიოდულად აშანტაჟებს მოსკოვს.

- ისე ჩანს, რუსები ყირგიზეთში თავისი მოქალაქეების დასაცავად შევლენ.

- ყოველ შემთხვევაში, კრემლი ამისთვის საფუძველს ამზადებს. საერთოდ არ მჯერა, რომ ყირგიზეთში ანტირუსული გამოსვლებია, რადგან ყირგიზეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა.

- პოლონელები სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების შედეგებს ელიან. საეჭვოა, ამ ტრაგედიაში რუსების პირდაპირი დანაშაული გამჟღავნდეს, ეს ამ ორ ქვეყანას მწვავე კონფრონტაციამდე მიიყვანს.

- პოლონეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, მაგრამ დასავლეთის ლიდერების ქცევას თუ დავაკვირდებით, მათ იციან, რომ რუსეთი მომხდარში დიდწილად დამნაშავეა.

ამიტომ, კრემლისთვის ნერვიულობის საბაბი რომ არ მიეცათ, ისინი დაკრძალვაზე სპეციალურად არ ჩავიდნენ. კრემლი რომ ნერვიულობს, ეს ჩანს.

მე ოდესღაც პოლონეთში ვსწავლობდი, ვმუშაობდი გაზეთ "ვიბორჩაში", ვკითხულობ პოლონურ ენაზე, მყავს ბევრი პოლონელი მეგობარი, რომელთანაც ყოველდღიური მიმოწერა მაქვს და ვგრძნობ, რომ პოლონური საზოგადოება მაინც იქით იხრება, რომ რუსეთს ამასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

მეჩვენება, რომ რუსეთი აშკარა მკვლელობაზე არ წავიდოდა, მაგრამ, ეს გამიზნული ბარდაგი იყო. უფრო უხეშად რომ ვთქვათ, სწორედ ამ ბორტისთვის შეიქმნა პირობები, რომ კატასტროფა მომხდარიყო, რადგან ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე იქ ჟურნალისტების თვითმფრინავი დაეშვა, ხოლო ერთი დღით ადრე ამავე აეროდრომზე პუტინის თვითმფრინავი დაჯდა მშვიდობიანად, რისთვისაც სპეციალურად შემოიტანეს დანადგარები.

თუმცა, მე გამომძიებელი არ ვარ.

- თქვენ ბრძანებთ, რომ კარგად იცნობთ პოლონელებს. როგორი იქნება მათი რეაქცია?

- ვფიქრობ, რომ პოლონელები ჯერ დადუმდებიან და მერე კი შურისძიებას დაიწყებენ. ამ შურისძიებაში საზიზღრობებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლონელები უფრო ყურადღებით დააკვირდებიან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რასაც პოლონეთი 90-იანი წლების დასაწყისში აკეთებდა. პოლონელები ბევრ უფლებადამცველს ამზადებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. მე ვიყავი პირველი გამოშვება ადამიანის უფლებადამცველთა საერთაშორისო ჯგუფისა.

- რუსეთის დემოკრატიზაციის ნიშნები ჩანს?

- რუსეთში ოპოზიცია თითქმის არ არის და რაც არის, ის დუმს. ელცინის დროს ოდნავ იყო, მაგრამ ახლა აღარაა სამოქალაქო საზოგადოება. პოდპოლკოვნიკ პუტინის ჩექმამ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების უკენასკნელი ყლორტები გადათელა.

- თქვენი აზრით, რა გზით უნდა აეწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არსებული მოცემულობით?

- უახლოეს წლებში რაიმე პოლიტიკური გაერთიანების შექმნა შეუძლებელია, ამისთვის მზად არ არის არამხოლოდ ახალი პოლიტელიტა მოსკოვში, არამედ საზოგადოებაც არაა მზად. პუტინის ეპოქაში საზოგადოება ნაციონალისტური გახდა. საკმარისია დილაობით "ეხო მოსკვის" უსმინოთ და გაიგებთ, რომ ეს რადიოსადგურიც კი ყოველ დილით მსჯელობს იმაზე, წაართვან ყირიმი უკრაინას თუ - არა, ან ვინმეს რამე წაართვან თუ - არა. ადამიანები არ ფიქრობენ საკუთარ სადარბაზოზე, ან იმაზე, თუ როგორი ცხოვრება აქვთ, არამედ დილიდან ფიქრობენ იმაზე, ვიღაცას რაღაც წაართვან, ბრძოლით მოიპოვონ და სხვა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ რაიმე ურთიერთობა ააგოს რუსეთთან - ესაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს კი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, რუსეთის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე და მეორე მხრივ, აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრის მომწიფებაზე.

ცხინვალის რეგიონი არაფრით არ გამოირჩევა, რადგან იქ სამჯერ ნაკლები ხალხი ცხოვრობს და არაფერი ხდება, ხოლო როცა აფხაზები მიხვდებიან რაში გაყვეს თავი, საქრთველოსთან მათი ურთიერთობები დაიწყება.

ახლა მინდა გითხრათ რუსული ცნობიერებისთვის, ალბათ, უსიამოვნო ფრაზა - აგვისტოს ომი არ იყო მხოლოდ ომი რუსეთსა და საქრთველოს შორის და არც ომი ქართველებსა და რუსებს შორის.

ეს დიდწილად იყო ომი ორ სხვადასხვა ცივილიზაციას, ორ სხვადასხვა კულტურას, ორ სხვადასხვა მსოფლმხედველობას შორის.

ამ აზრს ერთი პატარა დეტალი მიმყარებს. ოკუპაციის შემდეგ ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ბებო მიამბობდა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მას მურაბა მოპარეს. ბებომ თქვა, რატომ არ მითხრეს, რომ შიოდათ - დავაპურებდიო...

როც ეს მოსკოვში მოვყევი, სრულიად ნორმალურ რუსებს უკვირდათ და ვერაფრით გაიგეს, როგორ დააპურებდა მოხუცი თავდამსხმელ ოკუპანტს.

ეს სხვა კულტურაა, რადგან ბებოს და მთელ მის თაობას, რომელიც მართლმადიდებლები არიან, თავშიც არ მოუვათ ის, რომ ერთმორწმუნეთ შეუძლიათ შემოიჭრან და მათი შვილები დახოცონ.

- დიახ, რუსებისადმი სიძულვილი ხალხში არ არის...

- ესაა ის, რასაც გეუბნებოდით - სხვა ცივილიზაცია. რუსეთსა და საქართველოს შორის წინააღმდეგობის ისტორიაში არის კიდევ რამდენიმე დეტალი, რომლის მოხმობაც ვიცი ხოლმე რუსეთში - როცა გამოქვეყნდა აგვისტოს ომში საქართველოს არმიიდან დაღუპულთა სიები, იქ ორი რუსიც იყო - ნიკიტინი და სმირნოვი. როცა ამას რუსეთში ვყვებოდი, ბევრში შოკს იწვევდა.

უზარმაზარ პროპაგანდისტულ რუსულ მანქანასთან ბრძოლა შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი პროგრამა იყოს სრულიად აპოლიტიკური, იყოს ისტორიაზე, კულტურაზე, ხალხზე, რათა აღდგეს საქართველოს ხალხისადმი სიყვარული და დამიჯერეთ, უამრავი რაოდენობის წერილს ვიღებ, სადაც მწერენ, რომ არ იცოდნენ, რომ, მაგალითად, ნახევარი ხაშური ოსებითაა დასახლებული...

მქონდა გადაცემა სააკაშვილთან ერთად, სადაც არც ერთი სიტყვა არ იყო პოლიტიკაზე და სადაც ერთადერთხელ ახსენა პუტინი, ისიც სრულიად აპოლიტიკურ კონტექსტში. რუსეთში ეს პროგრამა ინტერნეტით ნახეს და გაოცებულები იყვნენ.

- ასევე არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც არასდროს არ გაუმართავს აქცია არც რუსეთის საელჩოსთან, არც შევეიცარიის წარმომადგენლობასთან რუსული ოკუპაციის, ან აფხაზეთსა და ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების შეწყვეტის მოთხოვნით.

სამაგიეროდ, ამ ჯგუფმა გამართა აქცია აშშ-ს საელჩოსთან, სადაც გუანტანამოს პატიმრების უკან გაყვანას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ეს საფრთხეს შეიცავდა ჩვენი ქვეყნისთვის...

- პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღმოჩნდება გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც კოლონიალიზმს და იმპერიალიზმს აფასებენ, როგორც საკუთარ კეთილდღეობას.

ეს ისევეა, როგორც ბელორუსში - იქ კარგად ეპყრობიან კომუნისტებს. საქართველოში კარგად ეპყრობიან რუსეთს იმის მიუხედავად, რაც 1801 წელს მოხდა. რაღაც ნაწილი ამგვარი ურთიერთობისგან, ცხადია, დივიდენდებს ეძებს.

ამის გამო დაფრინავენ მოსკოვში ნოღაიდელი და ბურჯანაძე და წუხელ კიდევ სამნი გაფრინდნენ. ისინი უბრალოდ არ დაფრინავენ... პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ისინი იქ არავის სჭირდება.

აქაც კარგავენ რეიტინგს და იქაც არავითარი ავტიორიტეტი არ აქვთ. ჩემი აზრით, ასეთი იქნება რადიკალური ოპოზიციის ძალზე სამწუხარო ბოლო.

სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველოში ძალზე ღირსეული ხალხია და აქ უნდა იყოს ნორმალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნებზე წარმოადგენს კონკრეტულ პროგრამას, მაგრამ ის ხალხი, ვინც მხოლოდ გაიძახის "მიშა წადი!", ოპოზიცია არ არის.

- კიდევ ერთი - უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს რუსეთის საზღვაო ძალების უკრაინაში 25 წლით დარჩენის ხელშეკრულებას. რას უქადის ეს რეგიონს?

- ეს არ არის ვადის გაგრძელება, ესაა განზრახვა. რუსული ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის წინა ხელშეკრულების ვადა 2017 წლამდეა და არავის აქვს უფლება, ამ ხელშეკრულებაში ეს თარიღი შეცვალოს.

მათ ხელი მოაწერეს მხოლოდ განზრახვას და ამაში არაფერია საშიში, რადგანაც ვფიქრობ, 4 წლის შემდეგ იანუკოვიჩს აღარავინ აირჩევს.

იანუკოვიჩი ლავირებს. უკრაინისთვის და, განსაკუთრებით, მისი დასავლეთ ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ პრეზიდენტს უკრაინაში ორენოვნება არ შემოეღო. იანუკოვიჩმა უკრაინული ძირითად სახელმწიფო ენად მაინც შეინარჩუნა.

მეორე საკითხი ევროკავშირთან ინტეგრაციაა. თუ საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, თანამედროვე არმია არსებობს, უკრაინაში ასე არაა. უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს ბევრ რამეში არ აკმაყოფილებს და უკრაინისთვის დასავლეთთან ინტეგრაციის ერთადერთი შესაძლებლობა ევროკავშირში გაერთიანებაა.

- ელით აგვისტოს, ან ბიშკეკს საქართველოში?

- არა. არსებობს რამდენიმე თავისებურება, რაც ყირგიზულ საზოგადოებას ქართულისგან განასხვავებს. ყირგიზეთში კატასტროფული სოციალური ვითარებაა და ბევრად უარესი, ვიდრე აქ.

მეორე - ყირგიზეთში დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა თაობამ და ეს კადრებშიც კარგად ჩანდა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სტუდენტობა მასობრივად არ მონაწილეობს.

და, რა? გგონიათ, რომ ნოღაიდელი და ხაინდრავა ირბენენ ქუჩაში ქვებით? ეს არ მოხდება. 1968 წლის პარიზიდან დაწყებული, ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ახლგაზრდობა თამაშობდა უდიდეს როლს პოლიტიკურ მოვლენებში. უკრაინაში, მაიდანზეც ასე იყო. საქართველოში სხვაგვარი ახალგაზრდობაა და გაცილებით ჭკვიანი. მათ ესმით, რას ნიშნავს რადიკალური ლოზუნგები.

მე ვასწავლი ილიას უნივერსიტეტში და როცა ხანდახან ვეკითხები, რომელი პოლიტიკოსია მათთვის ავტორიტეტი, მისახელებენ - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ზოგჯერ ალასანიასაც და მიზეზს რომ ვეკითხები, მპასუხობენ: იმიტომ, რომ ესაა ხალხი, ვინც რამდენიმე ენა იცის.

ამიტომაც მე უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს სტუდენტებს...

სოფლის მაცხოვრებლები ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ჩამოვლენ და ეს ყველა უკანასკნელი არჩევნების შედეგებმა აჩვენა. შემოქმედებითი ინტელიგენცია კი ქვებითა და ჯოხებით ქუჩაში არ გამოვა, ისინი, როგორც ყოველთვის, სამზარეულოებში მოიოხებენ გულს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1051 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები