ორშაბათი, 29.04.2024, 22:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » მარტო დარჩენილი "ფერადი რევოლუცია".
11:56
მარტო დარჩენილი "ფერადი რევოლუცია".

კვირის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან - უკრაინა ნატოზე უარს ამბობს.


იანუკოვიჩი აცხადებს, რომ კვლავ ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ აღებული გეზის, თუმცა "ბლოკურ თამაშებს" აღარ აპირებს.

ამის დასადასტურებლად კი აუქმებს ნატოს თანამშრომლობის უწყებათშორის სამთავრობო ცენტრსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნულ ცენტრს.

"ხალხის ნების აღსრულების აქტი" ძალზე საინტერესო დროს - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ხორციელდება. დასავლეთი გაურკვეველ არჩევანზე იწყებს საუბარს, საქართველო კი ნატოსკენ სწრაფვაში მარტო რჩება.

2008 წლის 5 აპრილს გახსნილმა ბუქარესტის სამიტმა რამდენიმე კითხვას მაშინვე გასცა პასუხი - ამ დღემ დაადასტურა, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ფაქტობრივი ვეტოს უფლება აღმოაჩნდა; დაადასტურა ისიც, რომ ევროპა თავის არჩევანში ერთიანი არ არის. მაშინ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო.

ორი წლის წინანდელ გაზაფხულს ემთხვევა კოსოვოს აღიარებაც. ყველაფრის ლოგიკური შედეგი კი აგვისტოს ომი გახლდათ.

მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ნატომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ფორმით "თავის ატკიებაზე" უარი თქვა. მანამდე და მერეც ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, ეხმარებოდა თუ ხელს უშლიდა საქართველოს ამ გზაზე უკრაინასთან "წყვილში ყოფნა".

ის ფაქტი, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის მოსახლოების უმრავლესობა ნატოს არჩევანს არ იზიარებდა, ნამდვილად არ იყო ამ "წყვილის" ნატოში ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორი.

ამიტომ დღეს, როცა უკრაინული არჩევანის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი, ისევ აქტუალურია საუბრები ამ ფაქტის პლუს-მინუსზე. საგულისხმოა, რომ ქართველი ექსპერტები ამ დღეებში გაკეთებულ კომენტარებში "ზომიერად ოპტიმისტები" არიან.

მაგალითად სოსო ცინცაძე, თორნიკე შარაშენიძე, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევენ, რომ ამიერიდან საქართველო უფრო მეტად მოექცევა ყურადღების ცენტრში და, შესაძლოა, ნატოში ინტეგრაციის საკმაოდ მდორედ მიმდინარე პროცესისთვის ამ ფაქტმა კატალიზატორის როლიც კი შეასრულოს.

ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ნაკლებად ოპტიმისტია პროგნოზებში, თუმცა ისიც მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება დამატებით შემაფერხებელ ფაქტორად, შესაძლოა, არც იქცეს.

დაახლოებით ანალოგიური პოზიცია აქვს სოსო ცისკარიშვილს, რომელიც არ უარყოფს, რომ უკრაინის არჩევანმა, შესაძლოა, საქართველოსადმი ინტერესი გააძლიეროს კიდეც.

ირაკლი სესიაშვილი კი უფრო სკეპტიკურად უყურებს შექმნილ სიტუაციას და ფიქრობს, რომ სპეციალურად საქართველოსთვის ახალი ფორმატების შესამუშავებლად, შესაძლოა, ნატოს არც არგუმენტები ეყოს და არც სურვილი.

ამ დღეებში ამ თემაზე აშშ-ში გამართულ დებატებში ამერიკელი ექსპერტების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურად ისმოდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "შესაძლოა სულ მალე, როცა დასავლეთის ექსპერტები ბუქარესტის სამიტის შედეგებს კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს, აღმოაჩინონ, რომ დასავლეთმა ხელიდან მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა".

საქართველოდან ამ შანსისა და ჩასაბარებელი ტესტის შესახებ დასავლეთს ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიანიშნებდნენ. დღეს კი, ნატოსკენ სწრაფვაში მარტო დარჩენილი ქვეყანის ხელისუფლება არჩევანისადმი ერთგულებას ავღანეთში დამატებითი კონტიგენტის გაგზავნით ადასტურებს.

მიმდინარე კვირას, უკრაინული უარის შემდეგ, მართლაც სიმბოლური დატვირთვა მიეცა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ავღანეთში გამგზავრების ცერემონიალს.

750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაემგზავრა, ნატოს ეგიდით წარმოებული საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. ერთი ქართული ასეული ავღანეთში ნოემბრიდან იმყოფება და მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებს.

გარდა იმისა, რომ დღეიდან საქართველოს სამხედრო კონტიგენტი თავისი სიდიდით ნატოს ჯარებში რიგით მეოთხეა (აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და კანადის შემდეგ), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილი.

ჰელმანის პროვინცია პაკისტანის საზღვართან მდებარეობს და ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზონად ითვლება. მეტიც, თუ აქამდე ქართული ბატალიონი ძირითადად ტვირთების გაცილების ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას, ახლა 31-ე ბატალიონმა, აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან ერთად, სამხედრო ოპერაციებში უნდა მიიღოს მონაწილება, ცხადია - ამერიკული სარდლობის ქვეშ.

სამხედრო წვრთნის თვალსაზრისით ეს, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ქართული საჯარისო ნაწილის ასეთი რისკის წინაშე დაყენება პატარა ქვეყნის მხრიდან სერიოზული არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებლი.

ეს არგუმენტი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გადაწყვეტილების ურყევობაა. არგუმენტმა განსაკუთრებული ძალა, როგორც ვთქვით, უკრაინის "შებრუნების" შემდეგ შეიძინა.

ეს კარგად გამოჩნდა აშშ-ს რეაქციაში. თუ "სტრატეგიული პარტნიორის" სახელით საქართველოს პრეზიდენტთან ზარი ბოლო დროს ძირითადად ჯო ბაიდენისგან ისმოდა (ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთი წლის წინ - 2009 წლის მაისში გააკეთა), ქართული ბატალიონის ავღანეთში წასვლის დღეს, 6 აპრილს საუბარი საქართველოსა და აშშ-ს პირველ პირებს შორის შედგა.

როგორიც არ უნდა იყოს სააკაშვილი-ობამას საუბრის პროტოკოლური ანგარიში, თავად ამ საუბრის ფაქტი ნათელყოფს, რომ საქართველოს მარტოდ დარჩენამ, მისადმი ინტერესის ზრდას მართლაც შეუწყო ხელი.

აშშ-ში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროს წინასწარ არ არის დაგეგმილი აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველა შემთხვევაში ინტერესი საქართველოს პრეზიდენტისადმი დღეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე იანუკოვიჩის უარამდე იყო.

მით უმეტეს, რომ ამ დღეებში, იანუკოვიჩის უარის გარდა, დსთ-ს სივრცეში აშშ-მ, ზოგადად კი დასავლეთმა კიდევ ერთი - საგრძნობი მარცხი განიცადა. ყირგიზეთში "ბოლომდე გაურკვეველი" პოლიტიკური ორიენტაციის, თუმცა დასავლეთთან აშკარად "მოთამაშე" და რუსეთისთვის მიუღებელ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს ამბოხი მოუწყვეს და ისიც უკვე არა ხელისუფლებაში დარჩენის, არამედ - ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე იწყებს ზრუნვას.

საქართველო ფერად და სურნელოვან რევოლუციებგამოვლილთა შორისაც მარტო რჩება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1092 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები