ორშაბათი, 29.04.2024, 23:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ბარაბა და ჯანდაბა...
11:59
ბარაბა და ჯანდაბა...

ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:


ნოდარ ლადარია.


ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:

"ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ სახელის ტარების ღირსია, ჭეშმარიტებას ეძიებს". ეს წინადადება სამუდამოდ დამამახსოვრდა. პირველი წაკითხვიდან ორი დასკვნა გამოვიტანე. პირველი ის იყო, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, ეს დასკვნა ბევრს არაფერს მაძლევდა - საზრისის მთელი სიმძიმე ზმნაში უნდა ყოფილიყო: ეძიებს. ჰოდა, მეორე დასკვნაც გამოვიტანე: ჭეშმარიტება არასოდეს გეძლევა მუქთად.

იმ დროიდან ვფიქრობ, რომ საპირისპიროც მართალია: რაც მუქთად გეძლევა, არასოდესაა ჭეშმარიტება. არ მჯერა მუქთად და უშრომლად მიღებულისა...

ამ მცირე შესავლის შემდეგ უნდა გადავიდე პროფესორ ნინო როინიშვილის სტატიაზე, რომლითაც გაიხსნა 9 აპრილის WEEKEND: "დიდი ჰადრონული კოლაიდერი".

საქართველოში ამ მოწყობილობის შესახებ ბევრმა იცის. სამწუხაროდ, ის ჯობია, ცოტამ იცოდეს: ძირითადად, ჰგონიათ, რომ ადამიანი ამ მოწყობილობით "ღმერთს ეჯიბრება" და ცდილობს "ახალი სამყარო შექმნას". დავანებოთ თავი სისულელეებს და მოვიყვანოთ რამდენიმე მონაცემი 9 აპრილის სტატიიდან.

დავიწყოთ კონკრეტულით:

ზეგამტარი კაბელების ჯამური სიგრძე ათჯერ სჭარბობს მანძილს დედამიწიდან მზემდე; საინფორმაციო სისტემების გამტარუნარიანობა მეტია, ვიდრე ევროპის სატელეფონო ქსელისა; თხევადი ჰელიუმის რაოდენობა (96 ტონა) უტოლდება წლის განმავლობაში მსოფლიოში წარმოებულ რაოდენობას. ოთხი უმთავრესიდან თითოეული დეტექტორული დანადგარის მასშტაბი შეედრება შუასაუკუნეობრივი ციხედარბაზის ზომებს.

აქედან კი ზოგადი მონაცემი:

ცერნის ჰადრონული კოლაიდერი ყველაზე რთული ობიექტია, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია მთელი ისტორიის განმავლობაში.

და ეს რთული ობიექტი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ აღმოჩენილ იქნეს მეცნიერული ჭეშმარიტება - უფრო ზუსტად კი შემოწმდეს ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ერთ-ერთი უმთავრესი თეორია.

ახლა კი, ასე ვთქვათ, ადამიანური დეტალები: დიდი ჰადრონული კოლაიდერის შექმნაში სხვადასხვანაირი წვლილი შეიტანა ორასზე მეტმა სახელმწიფომ. მათ შორის საქართველომაც, რადგან ექსპერიმენტში მონაწილეობს (და მნიშვნელოვნადაც მონაწილეობს) ორმოცდაათამდე ქართველი სპეციალისტი.

ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი, ბევრთან ერთად მიმუშავია: ვლადიმერ როინიშვილი, თეიმურაზ ლომთაძე, ირაკლი მანჯავიძე, ედიშერ ცხადაძე, გივი სეხნიანიძე, ვახტანგ ქართველიშვილი... არა, ცერნის ექსპერიმენტში მათი მონაწილეობა მხოლოდ ერთი საბაბია მათი და იმ წლების გასახსენებლად.

არის ბევრად უფრო მძიმე საბაბიც.

იმ დროს მე კი ამ თავისებურ სამყაროში ცხოვრება 1980-იან წლებში მომიხდა - არა მარტო დასახელებულები, არამედ ფიზიკოსთა მთელი საზოგადოება, უფრო ზუსტად კი სუბკულტურა იყო ერთი დიდი "შარაშკა": ამ სიტყვით, რომელიც იცის ყველამ, ვისაც წაუკითხავს ალექსანდრე სოლჟენიცინის რომანი "პირველ გარსში", აღინიშნებოდა საბჭოთა რეპრესიული მანქანის ის განსაკუთრებით "რბილი" ნაწილი, სადაც "სასჯელს" იხდიდნენ და თან მუშაობას განაგრძობდნენ მეცნიერები. იყო ამგვარ საპყრობილეებში ერთგვარი ბოროტი თავისუფლება: ილაპარაკე, მაგრამ აკეთე - მაინც ვერსად წახვალ, ელიტარული პატიმრის იღბალი კი ძალიან მყიფეა, ისე შემოგემსხვრევა ხელში, ვერც კი შეამჩნევ.

რა თქმა უნდა, ასეთი "შარაშკები" სტალინთან ერთად არ გამქრალა ამა ქვეყნიდან. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, ასე ვთქვათ, "ლეგალური" მეცნიერებიც, განსაკუთრებით კი ფიზიკოსები, ერთგვარი თავისუფლებით სარგებლობდნენ და საბჭოთა ყოფის აბსურდი ნაკლებად დამთრგუნველი იყო მათთვის. ან იქნებ მეტადაც, რადგან დისტანცირებულნი უფრო მწვავედ ამჩნევდნენ გარემო სინამდვილის უსამართლობას...

საით მიმყავს საუბარი?

რამდენიმე დღის წინ ერთმა იმედდაკარგულმა მეგობარმა მითხრა: ამ ქვეყანაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან - ან მართლმადიდებლები არიან, ან კომუნისტები - და ორივე ნაწილი არსებითად პრორუსულია.

სამი სიტყვა უნდა განვმარტო...

1. "მართლმადიდებელი" - გასაგებია, რომ ამ სიტყვით ჩემს მეგობარს ერთ-ერთი ქრისტიანული კონფესიის წევრები არ უგულისხმია. ასე სულ უფრო ხშირად განისაზღვრებიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა რამ აკავშირებთ, თითქმის არაფერი. და მაინც, თითქოს რაღაც ძალა აერთიანებს, ადუღაბებს მათ - მაქმანის მანდილიან შუახნის ქალბატონს, რომელსაც ჩვენი ტელევიზიები ყოველ უძრავ და მოძრავ დღესასწაულზე ჭკუას ეკითხებიან, თანაც ამკობენ მოკლე ტიტრით "მრევლი" და მინისტრს თუ ვიცე-მერს, რომელთაც ყოველ წელს სამრეწველო მასშტაბებით ჩამოაქვთ თვითმფრინავით იერუსალიმის სააღდგომო ცეცხლი; გარეგნობაზე გარდარეულად მზრუნველ დედაკაცთა მამხილებელ თვალებანთებულ მღვდელ თეოდორე გაგნიძესა და გადატანილ პლასტიკურ ოპერაციათა შესახებ "ნანუკას შოუში" ლაღად მოსაუბრე ქრისტიან-დემოკრატ ინგა გრიგოლიას. ისინი არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ერთდროულად არსებობენ ერთიან უწყვეტ გარემოში და წარმატებით შეადგენენ ამ გარემოსათვის დამახასიათებელ ფაუნას.

რა ჯობია ამას? თურმე არსებობს კირი, რომელიც კრავს და ერთ მონოლითად აქცევს საზოგადოებას! - მაგრამ გამჭრიახი გონება ადვილად აღმოაჩენს ამგვარი დუღაბის დესტრუქციულ ბუნებას. თავის დროზე ეს მშვენივრად გამოიყენეს ჩინგის ყაენის შთამომავლებმა რუსების წინააღმდეგ: ეგრეთ წოდებული "მონღოლ-თათრული უღლის" დროს რუსი სამღვდელოება ხარკისაგან იყო გათავისუფლებული: მათ ხომ შეადუღაბეს ერი, ერთ მასად აქციეს და ერთიანად დაპყრობისათვის მოამზადეს.

აი, წავიკითხოთ ერთი ფრაგმენტი წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლიდან: "გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, - სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი - სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა". აჰა, დღევანდელობას რომ მივუსადაგოთ, რუსეთი ოსმალეთი გამოდის, აშშ კი სპარსეთი (შეიძლება პირიქითაც ვიფიქროთ, მაგრამ ასეთი განაწილება ცნობილი ისტორიული დაპირისპირებების კვალზე ავირჩიე). ჩვენ კი ის უნდა ვიფიქროთ, რის მაგალითად უნდა იქცეს და ვისთვის იმათი ცხოვრება, ვინც მანტრასავით იმეორებს დამღუპველ იდიოტიზმს — "არც რუსეთი, არც ამერიკა!" — და რაში უნდა განმტკიცდეს ეს ჯგრო?

2. "კომუნისტი" — რა თქმა უნდა, ამ ტერმინით ის რელიქტები არ აღინიშნებიან, სტალინის სურათებით ხელში წითელ ნაჭრებს რომ აფრიალებენ. არც ის ბიძები, რომლებიც უკვე ყბადაღებულ ოცდაჩვიდმეტმანეთიან ბილეთებსა და რუსის ნაშებს მისტირიან. ამათ დროის მდოვრე და გარდაუვალი მდინარება მოუღებს ბოლოს — მაშინაც კი, თუ დავუშვებთ და თვით "იდეამ" გაიმარჯვა...

ნაწილობრივ, ნახსენებ კატეგორიაში შედიან ახალგაზრდები, რომლებსაც მაისურს ჩე გევარას პორტრეტი უმშვენებს, საწოლთან კი ტროცკის გადიდებული და ჩარჩოში ჩასმული ფოტო უკიდიათ, მაგრამ ეს გარეგნული ვარაყი სულაც არ არის დიდი უბედურება — მუწუკებისა არ იყოს, ესეც ასაკობრივია. ბევრად უფრო საშიშია სხვა ტენდენცია... მივმართოთ ლიტერატურულ მაგალითს:

დოსტოევსკის რომანში "ეშმაკნი" აღწერილია გუბერნატორის მიერ მოწყობილი ზეიმი. გულუბრყვილო, უფრო მეტიც, მოსულელო გუბერნატორს, გვარად ლემბკეს მემარცხენე რადიკალები გააბრიყვებენ. მთელი ეს ისტორია საკმაოდ დამაჯერებლად და დეტალურად არის აღწერილი: ხელისუფლება, რომელიც არა თუ მხოლოდ ლმობიერად — ერთგვარი მამობრივი აღფრთოვანებით უყურებს ახალგაზრდა სოციალისტებს; მხცოვანი მწერალი, კულტურის მოღვაწე თუ ცნობადი სახე, რომელიც ასევე ბეჯითად "უძვრება" ახალგაზრდა თაობას, ყველა ფენის წარმომადგენელი და ინტელექტუალიზმის პრეტენზიით აღსავსე ეგზალტირებული დედაკაცები — მოკლედ, სრული კომპლექტია.

რადიკალები, ბოლოს და ბოლოს, აღწევენ წარმატებას და ზეიმი ჩაიშლება. ამ ჩაშლის კულმინაცია არის მოწვეული "ორატორი", რომელიც წარმოთქვამს გრძელ აბსურდულ სიტყვას. ეს სიტყვა შინაარსით შეიძლება შევადაროთ ნათელაშვილის ბრიფინგისა და საშუალო ქართველი ექსპერტის ტელეგამოსვლის კომბინაციას. ამ სიტყვიერ ნაკადში პერიოდულად ისმოდა რეფრენი: "მთელი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს არ დასულა რუსეთი ამგვარ სირცხვილამდე!". მანიაკის ამ განცხადებას ავადმყოფური აღტაცებით ხვდებოდა ბრბო — ადამიანებს საშინლად სიამოვნებდათ უსაგნო თვითგვემა...

სწორედ ამგვარი მანიაკალური დაჟინებით ესხმიან თავს ეს ეშმაკნი ყველაფერს, რაც კი ოდნავ მაინც შეიძლება განვიხილოთ ქართული სახელმწიფოს ხმად — უკრაინის არჩევნებზე გაგზავნილი დამკვირვებლები და კაჩინსკის ეროვნული გმირობაც კი არ ავიწყდებათ...

3. "პრორუსული" — ეს კი ყველაზე უფრო ძნელი ასახსნელია. იტყვი რამეს და მაშინვე დაგატყდება თავზე პოლიტკორექტული რისხვა: "ყველა რუსი ერთნაირი არ არის", "მტრის ხატი", "ჰეიტ სპიჩი (სიძულვილის ენა)" და ა. შ. მიდი და დაუწყე იმის ახსნა, რომ უნიფორმა ყველას რეალურად აერთიანებს, რომ მტერი დაუხატავიც კი მტერია და მის მიმართ სიძულვილი კი სრულიად ჯანმრთელი შეგრძნებაა... მესამე ჯერზე მაინც შემოგეპარება ვერაგი აზრი: რა ძალა მადგია, რისთვის ვალანძღვინო თავი ამათ, როცა გუბერნატორი ლემბკე იმით გართულა, რომ მესტიასა და ანაკლიას აერთიანებს? მაგას ვინ ჩივის, ბრწყინვალებასაც არიგებს ხანდახან...

ერთი სიტყვით, სწორედ ის ადამიანები მომანატრა "უიკენდის" წინა ნომერმა, რომელთა შორის ცხოვრება მრავალფეროვანი ჩანდა, რადგან არასოდეს ვიდექით მარტივი არჩევანის წინაშე. ცხოვრებამ აჩვენა, რომ მარტივი არჩევანი ყველაზე უფრო ძნელი ყოფილა — ნუთუ დღესაც ის უნდა ჰკითხო ქართველ ერს, ვისი გზით ურჩევნია სიარული, ქრისტესი თუ ბარაბასი? მე კი მეგონა, გავიზარდეთ. ეჰ!



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1227 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები