ორშაბათი, 29.04.2024, 21:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ედგარ ალან პო – Edgar Allan Poe.
20:31
ედგარ ალან პო – Edgar Allan Poe.

თენგიზ ვერულავა – "ედგარ პო”.


სხეულის ტყვე სული..


სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე. მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე ინება დავანება.
დედამიწა _ პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი, მეუფება სამყაროსი, ირგვლივ უსასრულოდ მბრუნი შვიდი სფერო.

სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს, მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, მიწასთან.


დედამიწა _ სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე, სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.


მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მისი მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა, დამძიმდა. გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული.


ჯავშნიან ძვლებს მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა, დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკედლილი სატუსაღო, შავი კვადრატი, ოთხკუთხა, მოსაზღვრული ჩარჩო.


დამწყვდეული სული ებღაუჭება ჩონჩხის კედლებს, იხუთება. არსებობის სივიწროვეს არსადაა გასასვლელი. მოტმასნილა ირგვლივ ზღუდე, ჩაკეტილა ოთხგნივ კარი.


აიწევა სული ზევით, სურს გაექცეს, დააღწიოს შემოჭერილ საპყრობილეს, მაგრამ დრო და სივრცე სისხლმოწყურებული ვამპირივით ნთქავს, ნაწლავებით მოინელებს და უფორმოდ განფენილს სახიერ ფორმად აქცევს.


დრო თავად სატურნია, მზის სიშორით ცივი და ბნელი, ჯოჯოხეთური მელანქოლიის მრუმე სფერო, ყოველთა უბედურების საწყისი და სულთა მესაფლავე.
მოვა, უცილოდ მოაკითხავს სიკვდილის ლანდი, მჭლე ხორცს შემოაცლის და სული გაეყრება ჩონჩხის გალიას, მიწიერი სამყაროს წარმავალ სადგომს.
ყრია მიწაზე ათასწლოვანი მუმიის ძვლები, მატლების ულუფა. სხვა რაღა დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ.
სული?!
დედამიწას თავდახსნილი სული ისევ დაფარფატებს უბოლოო სივრცის თვალშეუდგამ ჰორიზონტზე. მხოლოდ იგია მარადიული, Theos Agnostos.


მგრძნობიარე სასახლე.

შემოდგომის უსახური, ნაცრისფერი დღე იდგა. მყრალი, დამყაყებული ტბა გადაშლილიყო ხრიოკ მიწაზე. მქრქალი წიწამური ეხვია უძრაო ზედაპირს. გამოფუტუროებულ, ბეხრეკ ხეებს ორიოდე შტოღა შერჩენოდათ.


უკაცურ მიდამოზე გამოყრუებული მეუდაბნოესავით წამომართულიყო ჩაშავებულკედლებიანი სახლი, რომლიდანაც უთვალო უპეებივით იმზირებოდნენ გამოცარიელებული სარკმლები.


სახლი _ წარმავალი სხეული, სულის ჩონჩხი, ფსიქიური ტვინის ვიზიონერული ქალასარქველი, ადამიანის შემზარავი სევდით მოცული თავი.
სახლი _ სულის ადგილზე და დროზე მიმჯაჭველი ხაჯალური, ადგილი და დრო, სადაც იგი ჩერდება წუთისოფელი.


უდაბური სასახლე, როგორც ეშმათა საბატონე, სადაც ჩამუქებული ხავსი გამეჩხერებული წვერებივით მოსდებია გაცრეცილ კედელს და რკინის ჟანგმოკიდებული, მძიმე კარები სიმწრით მოკუმული პირივით კიდია.
ჰორიზონტზე განფენილი სამყარო _ ამაოების ჟამიანი სადგომი მოკვდავთა, უგვანოთა დროებითი საცხოვრისი.


სული – წუთისოფლის გარდამავალ საცხოვრისთან დედამიწის მიზიდვის ძალით მიჯაჭვული. თითქოს რაღაც ზებუნებრივი გავლენა აქვს სახლს, სადაც წლობით ცხოვრობს და საიდანაც ერთხელაც არ გამოუდგამს ფეხი.
შეუცნობელი საიდუმლო.


მელოგინე ოფელია.


მშობიარობამდე ათი დღით ადრე ელიზი მცირე თეატრის გაყინულ სცენაზე იდგა და ოფელიას თამაშობდა.


ღიღილოებითა და მარიამსაკმელათი დაებწნა გრძელი თმები. პერანგისამარა ღიღინებდა შეშლილის მონოლოგს. თავბრუ დაეხვია მუცელქმნილს, ისევ იგრძნო ნაყოფის მოძრაობა და შეეშინდა, აქვე, ამ ნახევრადჩამობნელებულ სცენაზე, მაყურებლების თვალწინ არ ემშობიარა.


შიმშილისაგან სული რომ არ გასძვრომოდა, ერთხელ კიდევ სცადა ხიფათიან ბედთან თამაში, დღესაც გამოვიდა სცენაზე. მთელს თავის გაწამებულ ყოფაში არაფერი ეგულებოდა მუცლადმონებივრე პირმშოზე უფრო სანუგეშო.
დაღლილობისაგან ცივ იატაკზე დაეშვა, მუხლები მოიყარა და დარბაზის წინ გადაშლილ წყვდიადს მიაშტერდა.

ოღონდაც მოქმედების ბოლომდე გაეძლო, ისე, რომ მუცელი არ მოსწყვეტოდა და მერე თუნდაც მომკვდარიყო.


,,კუბოს-მდებარე მიჰქონდათ, პირბადე გადახდილი… ქვეით, ქვეით, სამარეში ჩაიხმეთ. თავის დღეში აღარ მოვა! წავიდა ის შორსა, გზას ძნელს, არასწორსა”. _ თითქოს ჩურჩულებდა იგი ჭკუაგადამცდარის იდუმალ სიტყვებს.


მამა.


უცხო სიშორიდან დაბერავს ქარი. დაბერტყავს ხეებიდან გაყვითლებულ, მჭლე ფოთლებს და მიახეტებს სადღაც.


იგიც ხომ შემთხვევით შემოეხეტა ამ აბლანდულ სამყაროში. თეატრიც ვერაფერს შველის, საკმარისი ნიჭი არ გააჩნია. გარდაისახოს? რად? თუნდაც ქარით ჩამოყრილ ფოთლად. დაიჭმუჭნება და მტვრად გადაეგება ახორკლილ მიწას.


წავიდეს? გადაიკარგოს თუნდაც მოუსავლეთში, საიდანაც უკან არასოდეს მოეხედება?
ელიზი? სიცოცხლე მოუშხამა ავადმყოფური ეჭვიანობით. ელიზი ჯერ ახალგაზრდაა და თაყვანისმცემლებს რა გამოლევს. ელიზი რა შუაშია. ყველაფერი თავის გაბოროტებულ ყოფას დააბრალოს.


რა უყოს პატარა ედგარს და ჰენრის? გაუჭირდებათ უმამობა. თორემ ახლა რამეთი შველის? რამდენი ხანია არც მოფერებია, თითქოს არც ყოფილიყოს თავისი სისხლი და ხორცი.


დაბრუნდეს?


რაღა აზრი აქვს შინ დაბრუნებას. ირგვლივ ყველაფერი ყრუა და ზიზღით გადმოხურული. გაძაღლებული სიძულვილის გარდა არაფერი ასულდგმულებს.


ბახუსით უზომოდ გამობრუჟული ძლივს მიბარბაცდა ქუჩის ბოლომდე, საიდანაც უკაცრიელი ტრამალი იწყებოდა. რწევით გაუყვა წვიმით ატალახებულ გზას და წინ გადაშლილ უცხო სივრცეს შეერია. წერტილად ჩაიკარგა გაბუნდოვნებულ სიცარიელეში.
მას შემდეგ, ცამ ჩაყლაპაო თუ მიწამ, არავის უნახავს მამა.

მოხეტიალენი.


მრუმე შეეპარა დღის ნათელს, ჩამობნელდა. დეკემბრის უმთვარო ღამეს ძლივს მიიკვლევდნენ თოვლჭყაპიან გზაზე. უკაცრიელ ტყე-ღრეებში სულის მოსასვენებელს ვერაფერს დალანდავდი თვალსაწიერზე.


მალე უდაბნოსავით მოტიტვლებული ველები გამოიკვეთა. სუსხიანი ქარი მოწიოდა სიშორეებიდან.


მახლობელ ქალაქამდე უნდა მიეღწიათ, სადაც ერთ, ძველისძველ, ფიცრულ სახლში წარმოდგენა იყო დაგეგმილი.


ელიზი უკანა ეტლში იჯდა, როზალი მკერდზე მიეხუტებინა და ატირებულს ძუძუს აწოვებდა. ჰენრის გვერდით მოესვა პატარა ედგარი და გათოშილ ხელებს უორთქლავდა.


აუტანელი გახდა უშორეს გზებზე ხეტიალი, ლუკმა-პურისათვის ერთი ქალაქიდან მეორეში წოწიალი.
შეჰყურებდა ობლად დარჩენილ შვილებს და ავიწყდებოდა თავისი უბედობაც და მძიმე სენიც, რომელიც აგერ უკვე მერამდენე თვეა სიცოცხლეს უსწრაფებდა.


აღარ თავდებოდა თოვლჭყაპი. ცივი სითეთრე ტალახად ედებოდა დედამიწის უპატრონოდ შთენილ, ჭუჭყიან ზედაპირს.

ურჩხული.


ქალაქის ღარიბულ უბანში ქირით აეღოთ ბინა.
ღამის წყვდიადს წარღვნასავით არყევდა მეხთა ტეხა. გადაუღებლივ წვიმდა.
ედგარს ხმაურზე გამოეღვიძა. საბნის ქვეშიდან წამოჰყო თავი.

თავდაპირველად შიში იგრძნო მისთვის გაუგებარი ქმედების შემყურემ.
ვიღაც უცნობი, გრძელი, ბალნიანი ხელებით შემოხვეოდა მძინარე დედას და ძუძუებიდან შეუსვენებლივ წოვდა თბილ რძეს.


ზიზღით აღივსო უცხოს მიმართ. სიძულვილისაგან მთელი სხეულით თრთოდა. თავზარდაცემულმა ვერაფრით მოიშორა მიუხვედრელი სანახაობით გამოწვეული ფანტაზმები. ატირებას არაფერი აკლდა.


უცნობი წამოდგა საწოლიდან. ხეშეშა ბალანს დაეფარა მთელი ტანი.
საგონებელში ჩავარდა, ასეთი რამ არასოდეს უნახია. სპილოსებრი ხორთუმივით ეკიდა უშველებელი რაღაც, რომლის შესახებ ჯერაც ბევრი არაფერი იცოდა. გაიხსენა, თუ როგორ დასცინოდა უფროსი ძმა, ჰენრი მისი ზომის სიმცირეს.


ხორთუმი მრგვალი და წითელი პირით თავდებოდა ბოლოს, ხოლო მის ძირში ბიზონივით ბანჯგვლები ჩანდა. ამ ბანჯგვლებიდან ველური ტახის დარად ცერად ჩამოშვეროდა ზღაპრული სიდიდის ორი მოზიმზიმე ეშვი.


ახლა ზემოდან გადააწვა უცხო კაცი ელიზს. აღმართა ხორთუმი და შეაგდო ქალის ვეებად დაღებულ მღვიმეს.

ფართედ გადაიხსნა შენგრეული ხახა და ისეთი ძლიერი და სასოების წამრთმევი ხმა გაისმა, რომ შიშისაგან საბანი ბოლომდე გადაიფარა. მაინც ვერ გაექცა გლეჯვისა და მტვრევის აღტყინებულ ხმებს. თავდასაღწევად ყურები დაიცო.


ისევ სძლია მალვით ჭვრეტის წადილმა. თავი გამოყო ჩაფუთნული საბნიდან და განაგრძო ცქერა.


ურცხვი ხატი.


ედგარმა გასაღები გამოაძრო კარის საკეტს, ცალი თვალი მოხუჭა და საძინებელ ოთახში შეიჭვრიტა.
უჩვეულო ხმაური მოისმოდა შიგნიდან.


ისევ წარმოუდგა თვალწინ საბნის ქვეშიდან დანახული შემზარავი სურათი. მალვით იჭვრიტებოდა ჩაფუთნული საბნიდან და მისთვის გაუგებარ ქმედებას მთლად დაეტყვევებინა.


ვიღაცის უხეშმა სახებამ უმოწყალოდ წაართვა დედის ტკბილი ძუძუ. მას კი მხოლოდ მისი ეგონა.
უთავბოლოდ გაიწელა გაუგებარი რიტუალი სანთლის შუქზე. აღტყინებული სანახაობის ტყვედ იქცა. იძულებული გახდა მოშორებოდა კარის ღრიჭოში ჭვრეტას.


ასეთია შიშს დაფუძნებული ყოველგვარი გრძნობის პარადოქსული კანონი.

ტბის ცქერა.


უკანა კარებით გამოვიდა სახლიდან. ერთიანად დათრგუნვილი ჩანდა. თრიაქნასვამივით მიბარბაცებდა შავი ხის იატაკზე და ყოველი ფეხის გადადგმაზე ფანტასმაგორიული ნაალაფევი საჭურვლის წკარუნი ჩაესმოდა.
ჩაშავებულ-ჩაჟალტამებულ, წყნარად მოლივლივე ტბის პიტალო ნაპირს მიადგა და, რომ გადაიხედა, უფრო აემღვრა გული.


ჩუმი ტბის წიაღიდან ამოდიოდა მავნე, შეუცნობელი, ბუნდი, წებოვანი, თითქმის თვალთუჩინარი ტყვიისფერი ოხშივარით.
ნუ, ამას ნუ უყურებ!


სარკმელი გამოაღო და ქარიშხალი შემოიჭრა დარბაზში. სუსხი ქარის კვეთებამ კინაღამ წააქცია. გაფოთებული ღრუბლები ირეოდნენ წყვდიად ცაზე.


ანაზდად სისხლისფერი ელვა გაკრთა და შურდულივით ეძგერა ქალწულივით შეურყვნელ ცას. შუაზე გაიხლიჩა ჩამობნელებული სფერო. თითქოს გაიპო სამყაროს ჭიშკარი.

ოხშივარი ავარდა გარღვეულ სივრცის იქით. სასიამო სუნი დადგა დახშულ ჰაერში. წაგრძელებული ღრუბლები მოიწევდნენ ელვით ნაკვეთი ცის ღრმულისაკენ.

სიზმარი.


ელიზმა დაწნულ კალათაში ჩასვა მძინარე ედგარი და სცენის მიღმა, კულისებში დატოვა.
ელიზი შეშლილ ოფელიას თამაშობდა სცენაზე.


,,დედაჩემს სახე როგორ უცინის და მამაჩემი კი ამ ორი საათის წინათ მოკვდა”, ისევ ჩაესმა ედგარს ჰამლეტის სიტყვები ოფელიასადმი და ძილში ისევ ამოუტივტივდა სადა კედლებიანი, სწორკუთხა მღვიმე.
გონდაკარგულივით დაბორიალობს მიწისქვეშა გვირაბის გაუვალ სიღრმეებში. არსადაა გასასვლელი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1229 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები