ორშაბათი, 29.04.2024, 22:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » კიტა აბაშიძე – Kita Abashidze.
20:49
კიტა აბაშიძე – Kita Abashidze.

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს (28 იანვარი) სოფ. ლესაში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

ადრეული წლები
კიტა აბაშიძის მშობლები გურიიდან იმერეთში გადასახლდნენ და შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში სახლდებიან, აბაშიძეების საგვარეულო მამულში, სადაც გაატარა კიტამ ბავშვობის წლები.

კიტას მამა, გიორგი აბაშიძე, იყო იმერეთში საკმაოდ ცნობილი თავადის, ივანე დავითის ძე აბაშიძის უმცროსი შვილი. გიორგი აბაშიძე ქართველ დიდგვაროვანთა წოდებას განეკუთვნებოდა და იგი, ისევე როგორც თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, გაღარიბებული იყო, ამიტომ მუხლჩაუხრელად შრომობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე რაჭაში.

გიორგი აბაშიძე 1874 წელს გარდაიცვალა, მაშინ კიტა 4 წლისა იყო. კიტას ჰყავდა ორი უმცროსი და: ეკატერინე და პოლინა. ოჯახის მთელი სიმძიმე კიტას დედას, 25 წლის სოფიო გურიელს დააწვა მხრებზე.

იგი ცდილობდა არაფერი მოეკლო ბავშვებისათვის. დედა-შვილის ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო და სინაზე იგრძნობოდა. ეს ურთიერთობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. კიტა დედას სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა ქუთაისიდან, თბილისიდან , ოდესიდან, პეტერბურგიდან, კონსტანტინეპოლიდან, პარიზიდან, რომიდან.

9 წლის კიტა თავის დას სწერდა: "ჩვენ რომ დედა გვყავს, კატო ჩემო, იმისი ღირსი ჩვენ არა ვართ.” დედის შვილისადმი ტრაგიკული სიყვარულის ნათელი მაგალითია სოფიოს აღსასრული: მას შემდეგ, რაც 1917 წელს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, სოფიომ, ზუსტად ერთი წლის თავზე, თავი მოიკლა

განათლება.

1879 წელს კიტა ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში შეიყვანეს. ოჯახის გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა 9 წლის ბიჭს. ამას ემატებოდა მუდმივი მატერიალური გაჭირვება. გიმნაზიაში სწავლის პირველივე წლებიდანვე კიტა აბაშიძე დიდ მიდრეკილებას იჩენდა ლიტერატურისადმი, ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, ლათინურ ენებს.

გამორჩეულად უყვარდა კითხვა. დები ხშირად საყვედურობდნენ: "დაგვენახე, დაგველაპარაკე, ამდენი კითხვა თვალებს გაგიფუჭებსო”. ამხანაგებში მუდამ დიდი ავტორიტეტით გამოირჩეოდარის გამოც მოწაფეთა ყველა წამოწყებისა და საქმიანობის მეთაურად იყო მიჩნეული.

სწორედ ამ დამოკიდებულების გამო გაირიცხა გინაზიიდან: პანსიონის ერთ-ერთი აღმზრდელთაგანი, ვინმე თხორჟევსკი ქართული ენისა და თეატრის დაცინვისათვის გიმნაზიის მოწაფეებმა სცემეს.

თაოსნობა კიტას დაბრალდა. კიტა საშინლად შეაწუხა ამ სასჯელმა, რადგან მას განათლების მიღების საშუალება ესპობოდა. დედის აქტიური ჩარევით და გავლენიანი ნათესავების წყალობით კიტა აღადგინეს გიმნაზიაში.


დედის მატერიალური დახმარებით კიტამ დაამთავრა გიმნაზია 1889 წელს და გაემგზავრა პარიზში ლიტერატურისა და ენების შესასწავლად. პარიზში კიტა ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დრომ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის ესთეტიკაზე, არამედ, მისი მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებაზეც.

კიტა ყოველნაირად ცდილობდა , რომ პარიზში ყოფნაით მაქსიმალური სარგებელი მიეღო. ის დედას სწერდა: «ის კი არ იფიქროთ, რომ ვერთობოდე რამეთი. მე ჩემს შრომას არ მივაკლებ, რომ ტყუილად არ ჩაიაროს ჩემმა აქ ყოფნამ და "კაცი ვიქნე” »

მართლაც, პარიზში მყოფი კიტა აბაშიძე არც ერთ წუთს არ კარგავდა: მუშაობდა მუზეუმებში, სწავლობდა ფრანგულ ენას და ლიტერატურას, უსმენდა ცნობილ მეცნიერებს სორბონასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში.

1890 წელს კიტა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. კიტა აბაშიძე სტუდენტობის წლებშივე გამოდის ლიტერატურულ სარბიელზე და იწყებს ფრანგული ლიტერატურის შესახებ წერილების გამოქვეყნებას „კვალსა" და „ივერიაში".

1895 წელს კიტა აბაშიძე პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს უნივერსიტეტს და საქართველოში ბრუნდება.
მოღვაწეობა საქართველოში

1895 წლიიდან მუშაობდა თბილისის კონტროლისო პალატაში, შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1896 წლიდან კიტა აბაშიძე "ივერიის” თანამშრომელი ხდება ილია ჭავჭავაძის მიწვევით.

1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს „მოამბის" ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი "ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან”, ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი (1900) – ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე.

კიტა აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზეც: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია "საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირისა’’, თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება "სინათლეს”. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: „ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთსა” და „დროებაში".

ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ოჯახში გაიცნო კიტამ თავისი მომავალი მეუღლე თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ ორბელიანი.

მათ ოთხი შვილი შეეძინათ. ამავე ოჯახის სიძე გახდა ივანე ჯავახიშვილიც (მან ცოლად შეირთო თეკლეს უმცროსი და – ანასტასია) და ამ დღიდან დაიწყო კიტა აბაშიძისა და ივანე ჯავახიშვილის გულითადი მეგობრობა.

1901 წლიდან იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს "საურთიერთო ნდობის ბანკის” თავმჯდომარე, შემდეგ კი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ზდანოვიჩის მოადგილე გახდა.

1905 წლის რევოლუციის დღეებში ჭიათურაში მომხდარ ყველა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლაში აქტიურად მონაწილეობდა კიტა აბაშიძეც. იგი ერთხანს დდაპატიმრს კიდეც, მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი გათავისუფლება პატიმრობიდან.

1909 წელს კიტა აბაშიძე მეორედ დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კიტა აბაშიძის გამოსვლა 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში შემდგარ თავადაზნაურთა შეკრებაზე, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიიის საკითხი დადგა.

კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით , დავით გამოვიდა. ქუთაისის გუბერნატორის მითითებით კიტა სასწრაფოდ დააპატიმრეს და შემდეგ კვლავ ნათესავების წყალობით გაათავისუფლეს .

1911-1912 წლებში ქუთაისში გამოდის კიტა აბაშიძის ცნობილი ნაშრომი "ეტიუდები XIX ს-ის ქართული ლიტერატურის შესახებ”, რომელიც 1898 წელს "მოამბის” ფურცლებზე დაწყებული შრომის დაგვირგვინებას წარმოადგენდა.

ეს იყო ძვირფასი შენაძენი ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნების ისტორიაში და განსაზღვრა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის, როგორც მეცნიერების, მთელი შემდგომი განვითარება.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიტა აბაშიძე ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის წევრად და ამიერკავკასიის განათლების კომისრად ინიშნება, მაგრამ ამ პოსტზე კიტა აბშიძე ძალზე მცირე ხანს მოღვაწეობდა. ის ლოგინად ჩავარდა ხერხემლის ტუბერკულოზის დიაგნოზით.

გარდაცვალებამდე დაწერა ანდერძი, რომლითაც თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნივერსიტეტს. იგი გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში.

პუბლიცისტიკა

კიტა აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა.

აბაშიძის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაზღვრული როლი ითამაშა თერგდალეულების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა იდეებმა. მის თვალსაზრისზე ხელოვნებისა და ლიტერატურის ზოგადთეორიული პრობლემებისა და ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის შესახებ გავლენა მოახდინეს იპოლიტ ტენმა, გეორგ ბრანდესმა, განსაკუთრებით კი – ფერდინანდ ბრიუნეტიერის ევოლუციურმა მეთოდმა, რომლის მიმდევრადაც იგი თვლიდა თავს.

ლიტერატურის ანალიზისას კიტა აბაშიძე იყენებდა ისტორიულ-შედარებით მეთოდს.

აბაშიძის ლიტერატურული-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართულ კრიტიკის აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ (საერთო სათაურით "ცხოვრება და ხელოვნება”) და ყოველწლიურმა კრიტიკულმა მიმოხილვებმა, რომელიც მან დაამკვიდრა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატუტის განვითარებაზე.

აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ” საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.

კიტა აბაშიძის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "დავით კლდიაშვილი”, "ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი”, "ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები”.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1168 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები