ორშაბათი, 29.04.2024, 23:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ლელა ჯიყაშვილი – უბრალოდ ვახუშტი.
23:44
ლელა ჯიყაშვილი – უბრალოდ ვახუშტი.

ვახუშტი კოტეტიშვილი – Vakhushti Kotetishvili (1935-2008)

`ჩემი ბინის ოთახები ვეღარ იტევს სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ სისქის რვეულებს, უბის წიგნაკებს, ბარათებსა თუ ფარატინა ფურცლებს. დატენილსა და დაბერილ საქაღალდეებს ყელში სჩრიათ აცაბაცა, ბატიფეხურით ნაწერი ლექსები, თქმულება-ლეგენდები, შელოცვები, ანდაზები თუ ნაკვესები… ეს ყველაფერი ყოველდღიურად იზრდება, მრავლდება, ხვავდება და ბოლო აღარ უჩანს, ლამის ქვეშ დაგვიტანოს მთელი ოჯახი.


გზავნიან ფოსტით, მოაქვთ პირადად, ხელიდან ხელში, ან ატანენ ვინმეს, ელიან პასუხს. მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, თვით ავტორნი თუ მათი მემკვიდრენი, გათვითცნობიერებული ჩამწერ-შემკრებნი თუ შემთხვევითი პირები, რომელთაც სადღაც, ოდესღაც, როგორღაც ვიღაცისგან სმენიათ, მოუკრავთ ყური,
ჩაუწერიათ და არ უნდათ, რომ დაიკარგოს…


იქნება რამეში გამოგადგეთო, – იტყვიან მორიდებით და გიტოვებენ ძველი სკივრებიდან ამოლაგებულ პაპებისა და მამა-ბიძების მიერ ჩაწერილ მასალებს, რომელთაგან ზოგჯერ მართლაც საოცარი სხივი გამოკრთება ხოლმე, ჩაუმქრალი სხივი ალალად ნათქვამი სიტყვის მადლისა.
წერილები… ზოგ კონვერტს აწერია ჩემი ბინის მისამართი, ზოგს უნივერსიტეტისა ან ტელევიზიისა,
ზოგსაც მთარგმნელთა კოლეგიისა თუ ასოციაციის, ხოლო ზოგიერთს კი პირდაპირ: თბილისი. ვახუშტი კოტეტიშვილს. ყოველგვარი მისამართის გარეშე. და მაინც მოდის, გზას მოიკვლევს, არ იკარგება…~

* * *
ნელ-ნელა მისი სახლი ზნეს იცვლის, მარტო სახლი კი არა, ადგილი, სადაც შეიძლებოდა მთელი
საქართველოდან მოსულიყვნენ, თავისი ეთქვათ და მასპინძლისა მოესმინათ. ამ შემთხვევაში არც იმას
ჰქონდა მნიშვნელობა, რომ აქ პროფესორი ცხოვრობდა, არც იმას

, რომ ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი დიდი დამფასებელი და მცოდნე…
მთავარი ის იყო, რომ აქ ვახუშტი დაგხვდებოდათ – მთელი საქართველოსთვის შინაური.
ხომ არსებობს გენეტიკური კოდი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის მთელ ცხოვრებას წარმართავს? მასშიც ძალიან ძლიერი იყო მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური კოდი, რომელიც ძირითად გამოხატულებას ეროვნულის, ფესვების სიყვარულში პოულობდა. საბედნიეროდ, მოასწრო და დაწერა მემუარული წიგნი წინაპრებსა და თავის ოჯახზე…

წაკითხვის შემდეგ მიხვდები, რომ ვახუშტი
იმ დიდ სამყაროს ეკუთვნოდა, რომელიც უმძიმეს წლებში იყო ქართული სულის გადარჩენის მტვირთველი და ღირსეულად აკეთებდა ამ საქმეს.
იქნებ ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ვახუშტის ზრდიდა დიდედა – არაჩვეულებრივი ქალბატონი ეკატერინე ბიძინაშვილი. ის იყო ქართული ხალხური სიტყვიერების ცოცხალი საგანძური. იცოდა უამრავი ლექსი, ანდაზა, ზღაპარი…

აღზრდის საქმეში რომ უზადო იყო, ამისი დასტური მისი ვაჟი, ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი, დიდი მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი და თავად ვახუშტი გახლდათ. ორივე მისი გაზრდილი იყო, ორივეს უამბობდა ძილის წინ ქართულ ზღაპრებსა და ლექსებს… ორივეს ყური მიეჩვია ქართულ სიტყვას, ორივეს გულმა ქართული ფესვიდან გაახარა ყლორტები.



მამა-შვილს საერთო სული ჰქონდა, რომელიც ჩარჩოს არასოდეს იგუებდა და ეროვნულს ვერასოდეს უგულებელყოფდა. `ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება საქართველოს მთასა თუ ბარში, კლდესა თუ ღრეში ხეტიალი იყო. ავიკიდებდი ზურგჩანთებს, კარვებს და მივდიოდი. ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო-მეთქი, – ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრ კუთხეში ვყოფილვარ. შევხვედრივარ არაჩვეულებრივ ხალხურ მთქმელებს, მელექსეებს, ვაგროვებდი ძველ ნივთებს – ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამას უბრალოდ, როგორც მოყვარული, ისე ვაკეთებდი.~


ირანისტი იყო, ორი დისერტაცია დაიცვა ირანისტიკაში, უზადოდ თარგმნა სპარსული პოეზია, მაგრამ მაინც… მთელი არსებით ვერ გადაერთო მხოლოდ ირანისტიკაში, უკვე პროფესორი იყო, გულმა რომ ფოლკლორისტიკაში გაუწია… გაუწია და გაჰყვა, თვითონაც ღიმილით ამბობდა, – კვიცი გვარზე ხტისო…
`საოცარია საქართველო, სულ ერთი მუჭაა, მაგრამ უაღრესად მრავალფეროვანი…

სვანეთში გგონია, დეკორაციას უყურებ, თან ახლავს რაღაც სიცივე და ამავე დროს, ამაღლებულია. ხევსურეთი პირქუშია, ხევი – შიშველი კლდეები, თუშეთში ყველაფერი თბილი და ტკბილია. იქ თუშური გარმონი სხვანაირად ჟღერს, ვიდრე ბარში. რამდენ ქართველს ვიცნობ, რომ არ იციან, ხევი საქართველოს კუთხე რომ არის. ხეობა ჰგონიათ. რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე. არ იცნობენ~.
იმერეთში იმერელი იყო, გურიაში – გურული, ქართლში – ქართლელი… ფშავში კოპალობაზე ავიდა. ცივა, ცივა, ძვალსა და რბილში ატანს სიცივე.


ფშაველებმა ნაბადი მოახურეს, ბოხოხი დაახურეს. წავიდა კაფიაობა. ჩაერთო ვახუშტიც. ამ დროს დაგვიანებული მლოცველები ამოვიდნენ რუსთავიდან. ერთი ვერ შეიცნეს და იკითხეს, ეს რომელი ფშაველიაო. ეგ თბილისელი დოცენტიაო… დოცენტი არა ისა, ვერა ვხედავთ, ფშაველი მწყემსიაო! მაშინ ძალიან ბედნიერი-იყო…
თელავში სუფრა გაუშალეს. კახური ლხინი დაიწყო. მორიდებით იჯდა ერთი კახელი, ეტყობა, ფიქრობდა, ქალაქელმა მეცნიერმა არაფერში დამძრახოსო… უყურა, უყურა და რომ მიხვდა, ვახუშტი კახელზე უფრო კახელი იყო კახელებთან, გახალისებულმა ხმა აიმაღლა: – ბატონო ვახოჯან, მე იმ
წლების დედა ვატირე, ჩვენ რომ ერთმანეთს არ ვიცნობდითო.


ყველაზე მეტად ახარებდა, ქართველი გლეხი თავისად რომ მიიღებდა… ამით თითქოს პირდაპირ საქართველოს გულის ფიცარზე ამბორს ახერხებდა. ამიტომაც არ სჭირდებოდა მისამართისა და გვარის დაზუსტება. მთელი საქართველოსთვის ერთადერთი იყო – მისკენ მიმავალს გზა არ გაუმრუდდებოდა.
როცა ვიხსენებ, პირველად ფოლკლორულ საღამოზე ვხედავ, მერე თავის სამუშაო მაგიდასთან… მერე მზეოსთან ერთად სამზარეულოში, ჭიქა ჩაიზე საუბრობს…

მერე ფანჯრიდან გადაყოფილი თავით ვხედავ, როგორი დაწაფებით აბო-ლებს აკრძალულ სიგარეტს და ტატოს აჩრდილს უყურებს თვალებში… სნეულება კარგა ხანია უმძიმებს დღეებს, ასაკიც მოდის და სამოცდაათს მიტანებული მაინც ახალგაზრდული იუმორით, თავისი გაბზარული ხმით: `როგორც უბრალო ქვიშის საათი, ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდებიო~, – შემოგვცინის.


მერე თვალს დავხუჭავ და ელვარე სითეთრეში წარმოვიდგენ, ოღონდ ახლა მართლა არარეალურს -მთამსვლელის სამოსში გამოწყობილს, ღიმილით რომ გაჰყურებს ხელისგულივით გადაშლილ საქართველოს…

მთამსვლელებთან ერთად თურმე არასოდეს ყოფილა, ლეილას – უფროს დას, მის გამზრდელს ეშინოდა და ვერ ანერვიულა… ისე კი, ცხადია, უნდოდა… ჰოდა, განგებამ ინება: `ერთხელ სტუდენტები მიმყავდა ჯუთიდან არხოტში. ისეთი ნისლი იყო, არაფერი ჩანდა. გზა აგვებნა. ვიბოდიალეთ და მწვერვალზე არ აღმოვჩნდით? ხალხი იქ კედებით ავიყვანე, ყოველგვარი ძალაყინების
გარეშე. მოვხსენით ალპინისტების მიერ დატოვებული წერილი: იქ ყოფილან დონის როსტოვის საზოგადოება `სპარტაკის~ წარმომადგენლები… დავტოვეთ ჩვენი მონაცემები, ის კი წამოვიღეთ~… …და მაინც აჩვენა – მწვერვალზეც აიყვანა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1316 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები