სამშაბათი, 30.04.2024, 00:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » კაცუშიკა ჰოკუსაი – Katsushika Hokusai.
11:28
კაცუშიკა ჰოკუსაი – Katsushika Hokusai.

თუ გსურს დახატო ჩიტი, უნდა იქცე ჩიტად

კაცუშიკა ჰოკუსაი


XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისის იაპონური გრავიურის ყველაზე ცნობილ ხელოვანს წარმოადგენს კაცუშიკა ჰოკუსაი (1760-1849).

კაცუშიკა ჰოკუსაიმ განვლო ხანგრძლივი, თითქმის ასწლოვანი სიცოცხლე. ერთბაშად არ მიუგნია საკუთარი თემისა და ხელწერისათვის. შემოქმედებითი ცხოვრების პირველი პერიოდი წარმოადგენდა წარსულის მხატვრული გამოცდილების გააზრებას და დაგროვების ხანას.

მან გაითავისა დროის ყველა მიმდინარეობები, საკუთარი ძალები გამოსცადა სხვადასხვა ჟანრში. მხოლოდ ორმოცდაათი წლისას დადგა შემოქმედებითი სიმწიფე, და ხელოვანმა აირჩია საკუთარი გზა, გაწყვიტა კავშირი მოძველებულ თემებთან და დაადგინა საკუთარი ახალი ხერხები.

ჰოკუსაის ცხოვრება არ იყო სწორხაზოვანი და მშვიდი. მას ჰქონდა რთული და დაუდგრომელი ხასიათი. არცერთ მის თანამედროვეს არ გამოუცვლია იმდენი საცხოვრებელი ადგილი და იმდენი სახელი, როგორც ჰოკუსაის.

და რადგანაც იაპონური ტრადიციით ყოველი ახალი სახელი ნიშნავდა სტილის გამოცვლას, გასაგები ხდება, თუ როგორ რთულად მიმდინარეობდა მხატვრის შემოქმედებითი ბედი. მთელი ცხოვრების მანძილზე 50-მდე ფსევდონიმი გამოიცვალა. საკმარისია ჩამოვთვალოთ სახელები, რომელთაც იგი საკუთარ ნამუსევრებს აწერდა ხელს: კაცუკავა სიუნრო, გამბატეი, გიობუცუ, სორი, სინსაი, კინტაისია, ტამეკაძუ, რაიტო, რაისინი, გაკიოძინი, მანძი-ო, მანძიროძინი, ძენ ჰოკუსაი იიცუ. ყოველ მათგანთან დაკავშირებულია ძიებებისა და აღმოჩენების ახალი ეტაპი. სახელი, რომლითაც იგი დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი, პირველად 36 წლის ასაკში (1796 წ.) გაჩნდა.

41 წლისას მხატვარმა თავის თავს უწოდა გაკეძინ ჰოკუსაი – "მხატვრობით შეშლილი ჰოკუსაი”. სახელთა ასეთი ცვლილებები მხოლოდ მხატვრის დაუდგრომელ ხასიათთან არ იყო დაკავშირებული. მას მუდმივად იზიდავდა ახალი იდეები, ცხოვრების შეცნობის და მათი ხელოვნებაში გამოსახვის ახალი მეთოდები.

კაცუშიკა ჰოკუსაი 1760 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა ედოს (ახლანდელი ტოკიო) ერთერთი რაიონის – ხონძის, კაცუშიკა ვარაგესუის კვარტალში, უბრალო მეწარმის ოჯახში. იგი იშვილა სარკეების ხელოსანმა ნაკაზიმა ისემ. მისი ბავშვობის სახელია – ტოკიტარო, ხშირად თავის თავს უწოდებდა გლეხი კაცუშიკადან. გონებამახვილმა, ხალისიანმა და სიცოცხლით სავსემ ადრიდანვე დაიწყო ცხოვრების გზაზე გასვლა.

ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. 13 წლისას ხეზე გრავიურების მჭრელ ოსტატთან ნაკაიამა ტეცუსონთან სწავლობდა ხელობას. მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია კაცუკავა სიუნსეს (1726-1792) სამხატვრო სკოლამ, სადაც 1778 წელს, 18 წლისას შევიდა და 1795 წლამდე დარჩა. კაცუკავა სიუნსე უკიიო-ე-ს მიმდინარეობის ცნობილი მხატვარი იყო.

უკიიო-ე-ს ჟანრი მე-17 საუკუნეში ჩაისახა. უკიიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე. თავდაპირველად ამ მიმდინარეობის გრავიურები შავ-თეთრი იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ ტუში.

ნახატები მონოქრომიულ (ერთ გამოსახულებიანი) ხასიათს ატარებდა, მარტივი კომპოზიციით. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს გრავიურების ფუნჯით შეფერადება. ეს გრავიურები ხელმისაწვდომი იყო და ხალხში ფართოდ ვრცელდებოდა, რადგან ძირითადად ხატავდნენ ქალაქის იმ მცხროვრებლებისთვის, რომელთაც ძვირიანი სურათების შესაძენად ფული არ ჰქონდათ. ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღებას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ ”სწრაფად დამზადებული’’.

უკიიოეს მიმდინარეობის ნახატები ძირითადად ცვალებადი სამყაროს ამსახველ სურათებს, იმ დროინდელ ყოველდღიურ ცხოვრებას და მის მობინადრეებს ასახავდა: ლამაზი ქალები, ცნობილი გეიშები და კურტიზანები, პოპულარული თეატრის კაბუკის მსახიობები… მიმდინარეობა იაპონური ფერწერის მთავარ სტილად იქცა. მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში (მე-17 ს-ის მეორე ნახევარი).

ჟანრი უკიიო ნიშნავს წარსულიდან მომავლისაკენ მარად მიმავალ სამყაროს ლამაზ გაელვებებს. სიტყვასიტყვითაც ასე ითარგმნება: უკიე ბუდიზმის ტრადიციებით ნიშნავს "სევდის სამყაროს”, მაგრამ იაპონელმა მხატვრებმა ამ ტერმინს მისცეს პოეტური მომხიბვლელობა – საგნების სევდიანი მომხიბვლელობა – და იაპონურიდან უკიიო-ე ითარგმნება როგორც "მცურავი სამყაროს სურათები”, ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება. ტრადიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) .

უკიიო-ე გახდა ძენის პრინციპის შესანიშნავი გამოხატულება – მარად ცვალებადობაში მუდმივი "აქ და ახლა”, წარმავლობის მარადიულობა, წარმავალ სამყაროში სილამაზის ფიქსირება. მხატვარმა საკუთარი სახელიც სამყაროს გამოსახვის ცვალებად ატრიბუტად აქცია, ფსევდონიმების გაუთავებელი ცვალებადობით.

ძენის ესთეტიკით ყოველი საგანი, სამყაროს ყოველი გამოვლინება ლამაზია თავისი განსაკუთრებულობით და განუმეორებლობით და "სევდის სამყაროში” შემოხეტებული სულის ამოცანაა შეიცნოს და გაიგოს ეს სილამაზე.

უკიიო-ე-ს ჟანრები:
ბიძინ-გა – უკიიო-ე-ს მთავარი ჟანრი, რომელზეც გამოსახული იყვნენ ლამაზმანები;
იაკუსია-ე – გრავიურები თეატრის პოპულარული მსახიობების გამოსახულებით;
სიუნგა – ეროტიული გრავიურები;
კატიო-გა – "ყვავილები და ჩიტები”;
ფუკეი-გა – პეიზაჟები;
მუსია-ე – გრავიურები სამურაების გამოსახულებით;

1779 წელს ჰოკუსაიმ გამოუშვა თეატრალური პორტრეტების სერია. 1780 წელს დაიწყო მუშაობა როგორც ილუსტრატორი და მთელი ცხოვრების განმავლობაში 500 წიგნზე მეტს გაუკეთა ილუსტრაცია. 1791 წელს ჰოკუსაის ცუტაი ძიუძაბუროს გამომცემლობამ დაუკვეთა გრავიურები.

1792 წელს კაცუკავა სიუნსეს გარდაცვალების შემდეგ კაცუკავას სკოლას ხელმძღვანელობდა მისი ერთერთი მოსწავლე სიუნსე (1762-1819).

გრავიურებზე მუშაობა განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა მის შემოქმედებაში. ჰოკუსაი დიდხანს მუშაობდა გრავიურის განსაკუთრებულ სახეზე – სურიმონო, ხატავდა მოსალოც ბარათებს – ბედნიერების და სიმდიდრის ფიგურებით, ყვავილებითა და ცხოველებით.

1793 და 1794 გარდამტეხი წლები გახდნენ ჰოკუსაის შემოქმედებაში. ჰოკუსაიმ უარყო მაშინდელი საზოგადოების გემოვნებისათვის მისაღები ტრადიციული სიუჟეტები და დაიწყო საკუთარი სტილის გამომუშავება, რომელშიც მან განუმეორებელ დონეს მიაღწია. ამ პერიოდში იგი ხატავდა ქალაქის ცხოვრების სცენებს, ხოლო ნახატებს სახუმარო ლექსებს და გონებამახვილურ აზრებს აწერდა.

მისალოცი ბარათების ხატვისას ჰოკუსაი აღწევდა კომპოზიციის, ფერების შეხამების და თანაფარდობის სიზუსტეს, უბრალო საგნების სილამაზის ლაკონურად გადმოცემას. მის მიერ ”სურიმონოს” ისეთი კოლოსალური წარმატება ხვდა, რომ ბევრ მხატვრებში მიმდევრები გაუჩნდა.

1795 წელს გამოვიდა მისი ილუსტრაციები "კეკა ედო მურასაკის” პოეზიის ანთოლოგიაზე. დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება მისი აღიარება. 1804 წელს ედოს ტაძრის ტერიტორიაზე მხატვარმა დახატა ბოდხიდხარმას გამოსახულება. 1804-1813 წლებში ილუსტრირება გაუკეთა კომედიური ჟანრის მოთხრობებს.

1812 წელს იგი დაუმეგობრდა მხატვარ ბოკუსენს (1775-1824) და იწყებს ილუსტრირებული ალბომის "ჰოკუსაი მანგას” (ჰოკუსაის ჩანახატები) სერიაზე მუშაობას, რომლის პირველი ტომი ("მანგა” – "ჩანახატების კრებული”) 1814 წელს დაასრულა და გამოსცა. მანგა ჩაფიქრებული იყო როგორც მხატვართათვის დამხმარე სახელმძღვანელო.

მრავალი წლის განმავლობაში მან გამოსცა მანგას 15 ტომი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სიუჟეტებს – პეიზაჟებს, სცენებს ქალაქის ცხოვრებიდან, ადამიანთა ფიზიონომიას სხვადასხვა გამომსახველობითი მონაცემებით, მებრძოლთა და მოცეკვავეთა ფიგურებს, ისტორიული ქრონიკების, მითებისა და ლეგენდების პერსონაჟებს.

XIX საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლები წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების აყვავების ხანას. ქვეყნის ყველა კუთხეში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად მან შექმნა იაპონიის პეიზაჟებზე მიძღვნილი სერიები, რომლებზეც გამოსახული იყო ჩანჩქერები, ხიდები, ფრინველები, ცხოველები, მოჩვენებები.

ამ სერიებს განეკუთვნება ”სხვადასხვა პროვინციების შესანიშნავი ხიდების ხედები” (1827-1830), "სხვადასხვა პროვინციების ჩანჩქერებზე მოგზაურობა (1827-1833), "ჩინეთის და იაპონიის პოეტები” (1830), "ფუძის მთის 36 ხედი" (1823-1829), "ფუძის ასი ხედი” (1834-1835).

ქვეყნის მოვლით ჰოკუსაიმ საზოგადოებას ახლებურად დაანახა იაპონიის სილამაზე, რომელსაც თითქოს ვერ ამჩნევდნენ სხვა მხატვრები, თუმცა გრავიურაზე პეიზაჟის ჟანრი არ იყო მისი აღმოჩენა. ცნობილია, რომ პეიზაჟურ სერიებს ქმნიდნენ ხიროშიგე, კუნისადა, კუნიესი და სხვა მხატვრები. სამშობლოს ბუნება გახდა მისი პეიზაჟების მთავარი გმირი, მისი შთაგონების მთავარი წყარო.

თავის პეიზაჟებში ჰოკუსაიმ უარყო ყურადღების ღირსი და უღირსი, ლამაზი და ულამაზო მოტივებად დაყოფა. ბუნებაში მას ყველაფერი მშვენიერებად მიაჩნდა – დიდებული მთის ქედიც და გაყვითლებულ ფოთოლზე ლოკოკინაც.

       ჩანჩქერი.


1834 წლის ბოლოს, მისი შედევრული სერიის "ფუგაკუ ხიაკკეის” ("ფუძის მთის 100 ხედი”) გამოსვლამდე, მხატვარმა დატოვა ედო და მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ედოს სამხრეთით, მიურას ნახევარკუნძულზე, ურაგას რაიონის მუშათა რაიონში. 1835 წელს გამოვიდა მისი გრავიურების სერია – "ასი პოეტის ასი ლექსი”-ს კრებულის ილუსტრაციები. ამ სერიისათვის მხატვარმა შექმნა 28 გრავიურა და 62 ესკიზი ტუშით.

1836 წელს მხატვარი დაბრუნდა ედოში, სადაც სიღარიბე მძვინვარებდა და იგი იძულებული იყო საკუთარი ნახატების გაყიდვით ერჩინა თავი. 1839 წელს მხატვრის სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად განადგურდა ყველა ჩანახატები და სამუშაო მასალები. ამის შემდეგ ჰოკუსაი ძალიან ცოტას ხატავდა და თითქმის არ გამოუშვია გრავიურები და წიგნის ილუსტრაციები. თუმცა, 1841 წელს დაასრულა "მინომატოსა და ტაირაგის ჯგუფის მეომრების ილუსტრირებული კატალოგი”.

მხატვარმა ოცდაათი ათასამდე ნახატი და ხუთასზე მეტი წიგნის ილუსტრაცია შექმნა. სიკვდილის წინ, 80 წლისამ თქვა: უფალმა 10 წელი კიდევ რომ მაჩუქოს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩემგან ჭეშმარიტი მხატვარი დადგესო.

ფუძის მთის 36 ხედი (დააწკაპუნე).


წითელი ფუძი (გვერდზე გადასვლისთვის დააწკაპუნე).

ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი.


       ლექსი XII. ეპისკოპოსი ჰენჯო (დააწკაპუნე).


ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი წარმოადგენს კლასიკური იაპონური ტანკების კრებულს, რომელიც შედგენილ იქნა 1235 წელს.

ლექსების ჩემეული თარგმანი
ლექსი I
იმპერატორი ტენჩი ტენო (628-681)

ჭილოფის უხეში ქუდი იფარავს გლეხებს,
წვიმიან შემოდგომით ბრინჯის ყანაში გასულთ.
მოსავლის საბინაო ქოხს შევაფარე თავი,
გავცქერი ყანებს, წვიმა სახურავს ატანს და ვფიქრობ:
ჩემი სახელოებიც გაილუმპა მწვეთი ნამით.

ჰოკუსაის სიტუაციური ლექსი:

მე იმპერატორი ვარ. მე წავედი იქ სადაც ჩემი გლეხები მუშაობდნენ. მოვძებნე თავშესაფარი, სადაც ბრინჯის მოსავალს ინახავენ. შემოდგომის წვიმა ატანს ჭილოფის უხეშ სახურავს, დამისველდა სამოსი. ბუნება ელოდა, რომ ესწავლებინა ჩემთვის ეს გაკვეთილი.

ჰოკუსაის კომენტარები:

იმპერატორის სურვილი იყო მოენახულებინა თავისი გლეხები რომ სიმბოლურად მიეღო მონაწილეობა მათ მძიმე ხვედრში. სველი სახელოები ნიშნავს, რომ იმპერატორმა თანაგრძნობის ცრემლები მოიწმინდა. ნახატზე გამოსახულია ბრინჯის ველები, გლეხები და მოსავლის შესანახი ქოხები. ძნელია თავი შეაფარო ქოხს.
ეს ერთ-ერთი სურათია, სადაც არ არის გამოსახული ჰოკუსაის მონათხრობი ამბავი, მაგრამ მოიცავს მას. აქ არ არის არც იმპერატორი, არც მისი სტუმრობის კვალი, არც წვიმა და არც ცრემლები.

შენიშვნა:
შესაძლოა ჰოკუსაიმ იცოდა ნამდვილი ისტორია. იმპერატორი ტენჩი ზრუნავდა თავის ხალხზე, მან შემოიღო პირველი სამოქალაქო კოდექსი. ჰოკუსაი გვიჩვენებს მდიდარ და მოსავლიან მხარეს, გლეხები შესანიშნავი სამოსით არიან მოსილნი, თითქოს მდიდრებად გვეჩვენება. სამოქალაქო კოდექსის შემოღება აწესრიგებს და აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას. ამიტომ იმპერატორის ყოფნა სურათზე სულაც არაა აუცილებელი, მისი არსებობა ნახატზე მის მიერ მიღებული სამოქალაქო კოდექსით გაუმჯობესებული ხალხის მდგომარეობაში აისახება.

ლექსი 2
იმპერატრისა ჯიტო (645-702)

თარგმანი ირმა რატიანისა

მიილია გაზაფხული, ფირუზით დაფერილი,
ზურმუხტისთვალება მობრწყინდა ზაფხული,
ამა ნო კაგუს მწვერვალზე გაფრენილი
ციური ანგელოზი, მზექალი ფრთასხმული,
მოსასხამს სპეტაკს აშრობს ასული…

ჰოკუსაის სიტუაციური ლექსი:

ზამთრის ტენინან ამინდში არასოდეს გაშრება ჩვენი სამოსი. ისინი ლპებიან და აქოთებულან. მაგრამ გაზაფხულის პირველ თბილ დღეს მას ვრეცხავთ მდინარეში, შემდეგ ვაფენთ მთის კალთებზე. ვაშრობთ სელს. ამ მზით დაფერილ „სულთა ციურ მთაზე", როგორც მას ჩვენი წინაპრები ეძახიან, იგრძნობა შმორის სუნი.

ჰოკუსაის კომენტარები:

სურათზე „სულთა ციური მთა" და უცნობი კაცის თეთრ უკანალი ქმნის ერთ ღერძს. უცნობის უკანალი წარმოადგენს ციური სულების წყაროს. მთა ღმერთთა სამყოფელია. ღმერთების გაკეთებულ საქმეს ცუდი სუნი არასოდეს არ სდის, ჩვეულებრივი ადამიანები კი ვერასოდეს გავექცევით სიბინძურეს. სურათზე, როგორც ჩანს, ეს ორი კაციც აბინძურებს ზღვას და ცუდ სუნსაც სტოვებს. სოფელში სელი შრება. ეს სუნიც აქოთებულია, მაგრამ გლეხებს არ აქვთ არანაირი სხვა არჩევანი.

ჰოკუსაი ისევ გვიჩვენებს კონტრასტს ღმერთთა იდეალურ სამყაროს, მაღალ პოეზიასა და ცხოვრების რეალურ ფაქტებს შორის.


წარჩინებული კაკინომოტო (VIII საუკუნის დასაწყისი)

თარგმანი ირმა რატიანისა

ო, რა გრძელია ქარვისფერი ხოხობის კუდი -
ლერწმის ტოტივით იდრიკება მაღლა ფრენისას,
მაგრამ, გარინდულს მიუსაფარ მარტოობაში,
მე მაკრთობს ფიქრი:
მასზედ გრძელი და უსასრულო არის ეს ღამე…

მძიმე ფიქრები მომდევენ უსაზღვრო მარტოობის ღამეს, ფარშავანგის გრძელ კუდს რომ მიაგავს და არაფრით განსხვავდება დაღლილი ქარისგან, რომელიც კვამლის კუდს მიაქანებს ჩემი ცეცხლისგან და არაფრით განსხვავდება თევზის საჭერად გადაგდებული მოუხერხებელი მეთევზის ბადისგან.


ლექსი 4
აკაპიტო იამაბე (VII-VIII საუკუნის მიჯნა)

თარგმანი ირმა რატიანისა

მძიმე ნაბიჯით მივუყვები ხრეშიან ბილიკს
ტაგოს ფიქრივით ჩამონისლულ სანაპიროზე,
ცოდვილი სულის სინანული, ფარფატებს ფიფქი
და, ვერცხლის თაღი, ცის ტატნობზე ელავს ყინული -
ამაყი ფუჯი, გარინდული თოვლთა ფანტომში…


ლექსი 5
სარუ მარუ (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

…მე გავიგონე ირმების ნაღვლიანი ბღავილი
შორს… იმ მაღალი მთის ფერდობიდან…
თავაწყვეტილი ქარი კი ღმუის…
ღმუის და შორით მიაქროლებს ნეკერჩხლის ფოთლებს,
შემოდგომის ამ სევდიან მოციქულებს…


ლექსი 6
იმპერატორის მრჩეველი იაკამოჩი (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა…
დგება ნათელი…


ლექსი 7
ნაკამარო აბე (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მოხეტიალის დაჟინებით შევცქერი ზეცას,
მოუსვენარი მაკრთობს ფიქრები…
კასუგას ზართა სანუკვარი ჩამესმის რეკვა
და მელანდება მოლანდებით განსაცვიფრებით,
მთვარის ნათელი, დაფენილი მიკასას მთაზე…



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1758 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები