სამშაბათი, 30.04.2024, 00:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში.
11:50
ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში.


ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წელს დაიბადა პრაღაში. იგი გახლდათ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი (1905 წ.). მისი ქალიშვილობის გვარია კინსკი (გენერალ გრაფ კინსკის ქალიშვილი იყო, მამამისი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, 75 წლისა).


ბერტა კინსკი გუვერნანტკად მუშაობდა ზუტნერების კარზე, სადაც თავისი აღსაზრდელი, მასზე 10 წლით უმცროსი ბარონ ფონ ზუტნერი შეუყვარდა. ბოლოს მისი ცოლიც კი გახდა.


1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: "პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”.

ბერტა კინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. განცხადების ავტორი გახლდა ალფრედ ნობელი. ბერტას ალფრედ ნობელიც ეტროფდა უიმედოდ. მაგრამ ალფრედთან მუშაობის სამი კვირის შემდეგ ბერტას სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა.

მალე ბერტამ დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ალფრედთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ბერტას რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ალფრედმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, დაარსებულიყო მშვიდობის პრემია.


1866 წელს ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახი გერმანიის კურორტ ჰამბურგში ისვენებდა. მათ ოჯახს დაუმეგობრდა ავსტრიელი ბერტა ფონ ზუტნერი. აღფრთოვანებული ბერტა სულ უკან დაჰყვებოდა ეკატერინეს და მის ამალას. ქართველი თავადიც შეუყვარდა, რომელსაც ცოლი ჰყავდა. ეკატერინეს უსაყვედურია თავადისთვის. მაგრამ თავადს უთქვამს: რა ვქნა ბატონო არ მეშვებაო?


ზუტნერი თავის წიგნში – "ქართველებთან და საქართველოში” წერდა: "პრინცმა ნიკომ კარგა გვარიანი შიში გვაჭამა. – წერს – იგი დუელში გაიწვიეს. ერთ პარიზელ კოხტა ქალბატონს მეტისმეტად ვნებიანად გაარშიყებოდა, ამის გამო რაყიფი განრისხებულიყო; ჯერ სიტყვიერად შეუტევიათ ერთმანეთისათვის და შეურაცხყოფილი კავალერი მეორე დღეს სეკუნდანტის გამოგზავნით დამუქრებია. თავადის ქალმა შეიტყო ეს ამბავი.

მტირალი მიყვებოდა ამ შემთხვევას და მეც ავტირდი და ავცახცახდი მასთან ერთად. მოსალოდნელ უბედურებას ვერაფრით ავირიდებდით თავიდან. მაშინ დუელები ქვეყნის წესრიგის გარდაუვალი წესი და კანონი იყო. მიუღებელი იყო ეს წესი, მაგრამ ჯერჯერობით არავის მოსდიოდა თავში ჩვენს წრეში ამ უკუღმართების წინააღმდეგ გალაშქრება. მამაკაცები განწირულნი იყვნენ სიკვდილისათვის, ხოლო ქალებს ასეთ შემთხვევაში არაფერი დარჩენოდათ, გარდა შორიდან ცქერისა და ტირილისა. დუელი არ შემდგარა. მოწინააღმდეგეს უცებ მოუხდა იქიდან გამგზავრება. მახსოვს ავის მომასწავებელმა ღრუბელმა გადაიარა და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩემმა გულწრფელმა თანალმობამ კიდევ უფრო დამაახლოვა მათ ოჯახთან”.


ეკატერინე ძალიან ბევრს უყვებოდა ბერტას საქართველოზე, მის ისტორიაზე, ბუნებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაუწყვეტია ბერტას საქართველოში ჩამოსვლა.
"ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, – წერდა ბერტა თავის წიგნში, – საიდ

ანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა… ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა”.
ბერტამ და მისმა მეუღლემ, მწერალმა არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა, თითქმის ცხრა წელიწადს დაჰყვეს საქართველოში (1876-1885), აქედან ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, სადაც ცოლ-ქმარი სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაწარმოების ფრანგულად თარგმნაში.
არტურ გუნდაკარ ზუტნერი წერდა: "რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული.

რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად. მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენიერებას. გმირთა გამოკვეთის საშუალებები მოგვაგონებს ოთხი საუკუნით დაშორებულ ტასოს ხერხებს… სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, «ვეფხისტყაოსანი» იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას «როლანდზე» და საერთოდ ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში”.
ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ (1882 წ.) ავსტრიელი ცოლ-ქმარი ზუგდიდიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა მსურველთ და ასე ირჩენდნენ თავს (სოლომონ ცაიშვილი). ბერტაც და არტურიც საქართველოში ჩამოყალიბდნენ მნიშვნელოვან მწერლებად და პუბლიცისტებად. ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო, ომის მოწინააღმდეგე, პაციფისტი.


ომის საშინელებებს მიუძღვნა მან რომანი "ძირს იარაღი!” (1889 წ.), რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, 16 ენაზეა თარგმნილი და უამრავჯერ არის გამოცემული. ქართულად ამ რომანის ნაწყვეტი ჟურნალ "მოამბის” 1895 წლის მე 11 ნომერში დაიბეჭდა სათაურით "ომის მსხვერპლი” (მთარგმნელის ხელმოწერა _ ილო). გერმანულ ვიკიპედიაში ამ რომანის შესახებ ვკითხულობთ, რომ, ვიდრე რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია” გამოჩნდებოდა (1929 წ.), "ძირს იარაღი!” ომის წინააღმდეგ დაწერილ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლებოდა.


ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებაში 1892 წელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: შვეიცარიის ქალაქ ბერნში შედგა პაციფისტების საერთაშორისო კონგრესი, რომლის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი. მან მოუწოდა ევროპის მთავრობებს, გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ საარბიტრაჟო სასამართლო. ამ კონგრესს დაესწრო ალფრედ ნობელი.


ბერნის კონგრესის დამთავრების შემდეგ ალფრედ ნობელი რამდენიმე დღეს ციურიხში იყო. მარტოს რომ არ დაესვენა, თავის იახტაზე (ციურიხის ტბაზე) მიიწვია ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე. იახტა მთლიანად ალუმინისგან იყო დამზადებული. ბორტზე 20 კაცს შეეძლო ყოფნა. აქ ბერტამ და ალფრედმა განაგრძეს თავიანთი საუბრები. ნობელმა სწორედ ციურიხის ტბაზე გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა მშვიდობის საქმეში, რაც შემდგომ განახორციელა კიდეც.
XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის დამდეგს ბერტა ფონ ზუტნერი ყველაზე ცნობილი ქალი იყო მსოფლიოში, რომელთან შეხვედრას, საუბარს, ნაცნობობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელმწიფოთა მეთაურები (1904 წელს იგი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში მიიწვია სასაუბროდ).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1401 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები