ორშაბათი, 29.04.2024, 21:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » დესტრუქციულობა, როგორც ავადმყოფი ინდივიდისა და ავადმყოფი საზოგადოების ნიშანი.
13:35
დესტრუქციულობა, როგორც ავადმყოფი ინდივიდისა და ავადმყოფი საზოგადოების ნიშანი.

    მეტამორფოზი - Metamorphosis. მხატვარი ალექს ბერდიშევი.


დესტრუქციულობა, როგორც ავადმყოფი ინდივიდისა და ავადმყოფი საზოგადოების ნიშანი

ძველბერძნული ფილოსოფიიდან მოყოლებული ითვლებოდა, რომ ადამიანს აქვს ისეთი რამ, რაც მის არსებას შეადგენს. ამ "რაღაცას" ყოველთვის "ადამიანის ბუნებას" უწოდებდნენ. განსხვავება ეხებოდა იმას, თუ რა იყო ის "რაღაც", რაც ადამიანს წარმოადგენდა.

ასე წარმოიშვა შეხედულებები: ადამიანი არის გონიერი არსება, საზოგადოებრივი ცხოველი, იარაღის შემქმნელი არსება და ა.შ. მოგვიანებით ეს შეხედულებები ეჭვის ქვეშ დადგა. ახალი მიდგომა ადამიანის ბუნების, მისი წარმოშობის ისტორიის სიღრმისეულმა კვლევამ განაპირობა.

მან გვიჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანი ისე ძლიერ განსხვავდება პირველყოფილი ადამიანისაგან, რომ ჰიპოთეზა "ადამიანის ბუნების" მარადიულობის შესახებ, შორს არის რეალობისაგან. ადამიანთა წეს-ჩვეულებების შესწავლამ ბევრი ანთროპოლოგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ადამიანი იბადება, როგორც სუფთა ფურცელი, რომელზეც კულტურა ტოვებს თავის ხელწერას.

მოსაზრება ადამიანის ბუნების უცვლელობის შესახებ უარყოფილ იქნა ასევე იმიტომაც, რომ ამ პოზიციას ბოროტად იყენებდნენ და მის საფუძველზე ადამიანის არაკეთილსინდისიერ საქციელს ამართლებდნენ.


არისტოტელედან დაწყებული, ვიდრე XVII საუკუნემდე, ბევრი მოაზროვნე ამართლებდა მონობას (გამონაკლისები იყვნენ სტოელები, რენესანსის ეპოქის ჰუმანისტები, ერაზმი, თომას მორი და ვივესი და სხვ.); იმ მოძღვრებებმა, რომლებმაც სიხარბე, სიძუნწე, მეტოქეობისაკენ სწრაფვა და ეგოიზმი ადამიანის თანშობილ თვისებებად მიიჩნიეს, სცადეს დაესაბუთებინათ ისეთი საზოგადოებრივ – ეკონომიკური ფორმაციის აუცილებლობა, როგორიც კაპიტალიზმია.დღესდღეობითაც მავანი ცდილობს "ადამიანის ბუნებით" ახსნას და გაამართლოს საშინელი ქმედებები – სიხარბე, თაღლითობა, სიცრუე, ძალადობა, მკვლელობაც კი.


ჩარლზ დარვინმა (1899 – 1882 წწ.) აჩვენა, რომ ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისაგან განსხვავდება არა მხოლოდ სხეულის სპეციფიკური აგებულებით, არამედ ფსიქიკის განსაკუთრებულობით.


მან თავისი ძირითადი შეხედულებები ჩამოაყალიბა წიგნში "ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა". მასში ნათქვამია: "ადამიანის ქმედება განპირობებულია მისი მაღალგანვითარებული ინტელექტით, ის მცირედ არის დაკავშირებული რეფლექსებზე და ინსტინქტებზე და გამოირჩევა დიდი მოქნილობით; ადამიანს, როგორც მაღალგანვითარებულ არსებას, აქვს ისეთი რთული ემოციები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მიბაძვის ინსტინქტი, ყურადღება, მეხსიერება, ფანტაზია, ადამიანს ახასიათებს სიტუაციის გააზრება და ლოგიკური აზროვნების დახმარებით მას შეუძლია უკეთ გამოიყენოს გარემომცველი პირობები.

ადამიანი გამუდმებით გამოიყენებს ურიცხვ შრომის იარაღს და აწარმოებს მას. ადამიანს აქვს თვითცნობიერება. ის აცნობიერებს თავის წარსულს, მომავალს, სიცოცხლეს, სიკვდილს და ა.შ. ადამიანი აბსტრაქტულად აზროვნებს და ავითარებს სიმბოლურ აზროვნებას. მთავარი და რთული რეზულტატი ამ მოღვაწეობისა გახდა ენისა და მეტყველების ფორმირება.

ნაწილი ადამიანებისა ფლობს მშვენიერების გრძნობას. ადამიანების გარკვეულ ნაწილს კი განვითარებული აქვს რელიგიური გრძნობა, რომელიც გულისხმობს ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის განცდასა და მოთხოვნილებას, ზნეობრივი სრულყოფის მოღწევის მცდელობას, მოყვასისადმი სიყვარულს და ა.შ. ნორმალურ ადამიანს აქვს ყოველთვის ზნეობრივი გრძნობა ან თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მასში "სინდისი ლაპარაკობს".

ადამიანი კულტურული და საზოგადოებრივი არსებაა. მან განავრცო კულტურული და საზოგადოებრივი სისტემები, რომლებიც თავისი მრავალფეროვნებით უნიკალურია. ბევრ ამ თვისებას, რომელიც ადამიანს ახასიათებს, ჩვენ წმინდა ადამიანურ თვისებად ვთვლით. ადამიანს აქვს გონება, მაგრამ ამავე დროს სუსტი და არასაიმედო ინსტინქტი.

ის უთვისტომო და გადაგდებულია ამ სამყაროში. ადამიანი იძულებულია იცხოვროს შემთხვევის წყალობით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვოს ეს სამყარო.ის ცხოვრობს მუდმივ გაორებაში."


ერიხ ფრომის (1900 –1980 წწ.) მრავალრიცხოვან თხზულებათა შორის, მეტად საინტერესოა "ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია" და "ადამიანის სული".აღნიშნულ გამოკვლევებში, იგი იკვლევს პრობლემის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ანთროპოლოგიურ ასპექტებს.ერიხ ფრომს ადამიანში არსებული გამანადგურებელი ინსტინქტი – ბოროტება ინდივიდში, სოციუმში, ისტორიაში – ფილოსოფიურად აქვს გააზრებული.თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრად უფრო ადრე, ბოროტების განმარტება უძველეს ქრისტიანულ, ფილოსოფიურ ტრადიციებშია მოცემული.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა ადამიანს, ძირითადად, მსგავსი ანთროპოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებები ახასიათებს. ნებისმიერმა ექიმმა იცის, რომ ყველა ინდივიდი, მიუხედავად რასისა და კანის ფერისა, შეიძლება განიკურნოს ერთი და იმავე მეთოდით. მაგრამ აქვთ კი ადამიანებს ერთი და იგივე ადამიანური ბუნება? არსებობს კი ასეთი ცნება – "ადამიანური ბუნება"? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ე. ფრომი პასუხობს თავის ნაშრომში "ადამიანის სული".

თუკი ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი ფსიქიკური და სულიერი საფუძვლით, როგორ შევძლებდით საერთოდ გვესაუბრა კაცობრიობაზე, მით უფრო, ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაზე; როგორ გავუგებდით "უცხოს", თუ ის ჩვენგან პრინციპულად განსხვავებული იქნებოდა; ვერ ჩავწვდებოდით სხვადასხვა ხალხის ხელოვნებას, მითებს, ლიტერატურას, მათ კულტურას საერთოდ. ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანებს გვაქვს ერთი და იგივე "ადამიანური ბუნება".

ადამიანურობისა და ჰუმანიზმის ყველა კონცეფცია ეფუძნება ადამიანური ბუნების იდეას, რომელიც არსებითია ადამიანებისათვის. ეს არის ამოსავალი დებულება, როგორც ბუდიზმის, ასევე იუდაიზმისა და ქრისტიანული ტრადიციებისათვის. პირველად ამ მოძღვრებებში განისაზღვრა ადამიანი ექსისტენციალური და ანთროპოლოგიური ცნებებით.

ყველა ადამიანში ერთი და იგივე ფსიქიკური კანონი მოქმედებს, რამდენადაც "ადამიანური სიტუაცია" ერთი და იგივეა ყველა ჩვენგანისათვის. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც არსებობას ეხება, მაგრამ ვიტანჯებით, რამდენადაც ასეთ კითხვებზე პასუხი მცდარია. ჩვენ შევძლებთ გავექცეთ ამ ტანჯვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავცემთ სწორ პასუხს აღნიშნულ კითხვებს, თუ გადავლახავთ მარტოობის ილუზიას, დავძლევთ სიხარბეს და ვისწრაფვით ფუნდამენტური ჭეშმარიტების შესახვედრად, რაც მართავს ჩვენს ცხოვრებას – ამტკიცებენ ბუდისტები.


იუდაურ – ქრისტიანული ტრადიცია ადამიანს სხვაგვარად განსაზღვრავდა, რამდენადაც ეფუძნებოდა ღმერთის, როგორც უმაღლესი შემოქმედისა და მმართველის აღიარებას.მამაკაცი და დედაკაცი – წინაპარია მთელი ადამიანთა მოდგმისა და ეს წინაპრები, როგორც ყველა მომავალი თაობა, შექმნილია "მსგავსად და ხატად ღვთისად".

ყოველი მათგანისათვის დამახასიათებელია ერთი და იგივე ძირითადი თვისება, რაც ადამიანებად აქცევს მათ და აძლევთ შესაძლებლობას შეიცნონ და უყვარდეთ ერთმანეთი. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და, ამდენად, თავადვე აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.


თავისი მოღვაწეობის მეორე პერიოდში ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა ახალი თეორია, რომელშიც დესტრუქციულობის არსების გაგებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული.მან გამოავლინა, რომ "ცხოვრებას მართავს არა ორი ეგოისტური ინსტინქტი – შიმშილი და სექსუალობა, არამედ ორი ლტოლვა – სიყვარული და დესტრუქციულობა და რომ ორივე მათგანი ფიზიოლოგიურ არსებობას ემსახურება".

ამ ორ კატეგორიას, ზ.ფროიდმა, შესაბამისად, "სიცოცხლის ინსტინქტი" და "სიკვდილის ინსტინქტი" უწოდა. დესტრუქციულობისა და სიყვარულისათვის ასეთი სერიოზული მნიშვნელობის მინიჭებით, ორივე მათგანი აღიარებული იყო, როგორც ადამიანის ორი ფუნდამენტური ლტოლვა. ისინი ადამიანის სიცოცხლით დაინტერესების საფუძველს, სიხარულისა და აღტაცების საშუალებებს წარმოადგენენ.

ეს ორი ლტოლვა მხოლოდ ფიქრისა და სიზმრების საგანი არ არის.მათგან წარმოიშობა ხელოვნება, რელიგია, მითები, ლიტერატურა და თეატრი – მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნად ცხოვრება, რაც ღირსეულს ხდის ჩვენს ცხოვრებას.ადამიანს არ შეუძლია არსებობა, როგორც უბრალო საგანს.


ეს ლტოლვები და ვნებები მნიშვნელოვანი და სერიოზულია ადამიანისათვის. ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ იმიტომ, რომ ვერ შეძლეს დაეკმაყოფილებინათ თავისი სასიყვარულო ვნებები, ძალაუფლების ჟინი და შურისძიების მანია.ვნებები აღელვებენ ადამიანს, აღანთებენ და მის ცხოვრებას სრულფასოვანს ხდიან.როგორც ერთმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და განმანათლებლმა აღნიშნა: "წაართვი ადამიანს სურვილები და ლტოლვები – ადამიანი წყვეტს ადამიანად ყოფნას".

ლტოლვებსა და მისწრაფებებს ადამიანი შეუმჩნეველი არსებობიდან გმირობამდე აჰყავს. მას სურს თავისი თავის შემოქმედი იყოს, სურს თავისი არასრულყოფილი ცხოვრება სრულყოფილი, აზრიანი და მიზანსწრაფული გახადოს, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს თავისი პიროვნების სრულყოფასა და მთლიანობას.

ადამიანის პიროვნების შეცვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იგი ცხოვრების გააზრების ახალ საშუალებებს მიმართავს.
აგრესია, ისე როგორც ქცევის სხვა ფორმები, შეძენილია და განისაზღვრება ადამიანის სწრაფვით, მიაღწიოს მაქსიმალურ უპირატესობას. აგრესია, ეს არის მოქმედება, რომელიც იწვევს სხვა ორგანიზმების გაღიზიანებას და დაზარალებას. ადამიანის, ასევე ცხოველის, თავდაცვითი აგრესიის მექანიზმი, განპირობებულია ცხოვრებისეული სიტუაციებით.მან უნდა დაიფაროს, გადაარჩინოს ცოცხალი არსების მთავარი სასიცოცხლი ინტერესები იმ საშიშროებისაგან, რაც მას ყოველ წუთს ემუქრება.

ადამიანური აგრესია იმ დონეზე რომ პოულობდეს გამოხატულებას, როგორც ცხოველთა აგრესია, მაშინ ადამიანთა საზოგადოება უფრო მშვიდობისმოყვარე იქნებოდა.სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. კაცობრიობის ისტორია სავსეა გაუგონარი სისასტიკისა და დესტრუქციულობის მაგალითებით.


როგორ ავხსნათ ეს ჰიპერაგრესიულობა? როგორი წარმოშობისაა იგი, ისეთივეა როგორიც ცხოველთა აგრესია, თუ ადამიანში არის სპეციფიკური დესტრუქციული პოტენციალი?
ცხოველები განსაკუთრებულად გამოხატულ დესტრუქციულობას ავლენენ მაშინ, როცა ირღვევა წონასწორობა გარემომცველ სამყაროსთან, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ადამიანის ფსიქოლოგია გაცილებით დესტრუქციული აღმოჩნდა.

იგი თავად ქმნის ცხოვრების პირობებს, რომელიც აგრესიულობით არის განპირობებული.ეს გამონაკლისის სახით არ ხდება და თითქმის ცხოვრების ნორმაა. უფრო მეტიც, არსებობს ფაქტები, როდესაც სისასტიკე ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ზოგჯერ ხალხის გააფრთებულ, აღტკინებულ მასას სისხლის დაღვრის სურვილი ეუფლება ხოლმე. ინდივიდები ან ჯგუფები მოუთმენლად ელიან სიტუაციას, როცა შესაძლებლობა მიეცემათ "დაიცალონ" თავისი დესტრუქციული ენერგიისაგან და თუ ასეთი დრო არ დადგა, ისინი თავად ხელოვნურად ქმნიან ამის პირობებს.ცხოველები არასდროს კლავენ "ისე უბრალოდ".

სურვილი – დაანგრიო მხოლოდ ნგრევისათვის, სრულიად სხვა რამაა. მხოლოდ ადამიანი იღებს სიამოვნებას ცოცხალი არსებების უაზრო და უმიზეზო განადგურებით.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, თვითშენახვით განპირობებული საშიშროებიდან დამოუკიდებლად, დესტრუქციულია და მისი ქმედება არ არის დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, როგორც ეს ცხოველებში ხდება.


როგორც მგელი უყურებს ცხვარს, ისე მიყურებს მე სხვა ადამიანი.განსხვავება იმაშია, რომ მგელს, გარკვეული აზრით, "უყვარს" ცხვარი, ამიტომ უყურებს მას ასე და ამდენად გამართლებაც შეიძლება მოეძებნოს; მაგრამ მე ეს ადამიანი მგელზე უფრო უარესად მიყურებს, რადგან მას მე არ ვუყვარვარ და უმიზეზოდ, ტყუილუბრალოდ სურს მომისწრაფოს სიცოცხლე, გამანადგუროს და ქარს გაატანოს ჩემი ფერფლი. რატომ სურს ეს ადამიანს? ამით ის იკმაყოფილებს იმ საწყისს, რომელსაც მტაცებლობის ინსტინქტი ჰქვია.


ყოველი ინდივიდი იძულებულია გადალახოს სამყაროში საკუთარი შემოსაზღვრული არსებობის შიში, დასძლიოს თავისი უსუსურობა და მოძებნოს სამყაროსთან კავშირის ახალი ფორმები, სადაც უსაფრთხოდ და მშვიდად შესძლებს ცხოვრებას.ამ ფსიქიკურ მოთხოვნილებებს ე. ფრომი "ექსისტენციალურ მოთხოვნილებებს" უწოდებს.

ისინი ყველა ადამიანს ახასიათებს და მათი დაკმაყოფილება სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვისაა აუცილებელი.ამ მოთხოვნილებების მასშტაბები დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე საზოგადოებაში.

ექსისტენციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოყენებული სხვადასხვა საშუალებები აისახებიან ისეთ მისწრაფებებში, როგორიცაა სიყვარული, სინაზე, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, სიძულვილი, სადიზმი, მაზოხიზმი, დესტრუქციულობა და ნარცისიზმი. ავტორი მათ ადამიანის ხასიათის საძირკველმდებარე მისწრაფებებს უწოდებს, რამდენადაც ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ და წარმოაჩენენ ადამიანის ხასიათს (პიროვნებას).
ადამიანმა რომ იცხოვროს, სიამოვნება უნდა მიიღოს თავისი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, ხოლო ინსტინქტი მას იძულებულს ხდის ამ მიმართულებით იმოქმედოს. მაგრამ მისი მოქმედება მხოლოდ ინსტინქტებით რომ განისაზღვრებოდეს, მაშინ მას არ ექნებოდა განსაკუთრებული ცხოვრებისეული პრობლემები.

საკმარისი საკვების მიღების ან მოპოვების შემთხვევაში, ის ყოველთვის "კმაყოფილი" იქნებოდა.
სხვადასხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც არ აბედნიერებს ადამიანს და არ აძლევს მას ღირსეული არსებობის გარანტიას. თუ ჩვენ ყურადღებით გადავხედავთ მასობრივ და ინდივიდუალურ მოქმედებებს, ნათელი გახდება, რომ სექსუალური გრძნობები და შიმშილი მათ შორის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

ადამიანის მოტივაციის ღერძს რაციონალურ და ირაციონალურ დონეზე წარმოშობილი მისწრაფებები წარმოადგენს, რაც სიყვარულის, სინაზის, სოლიდარობის, თავისუფლების, სინდისის, პატიოსნების შენარჩუნების მოთხოვნილებებს მოიცავს. ადამიანი მმართველობის წყურვილს, ნგრევის, ვინმეზე ბატონობის სურვილებსაც ფლობს.

მას ახასიათებს ისეთი სისუსტეები, როგორიცაა: ნარცისიზმი, სიხარბე, სიძუნწე, სიძულვილი, პატივმოყვარეობა და სხვა; ეს მისწრაფებები ხდება მისი მღელვარებისა და შინაგანი განგაშის მიზეზი.
შემთხვევითი არაა, რომ ენაში არსებობს გამოთქმა: "შურისძიების წყურვილი". განა საჭიროა ავხსნათ, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ის, როგორც ცალკეულ პიროვნებებში, ისე ჯგუფებს შორის? ცნობილია, რომ სისხლისმიერი შურისგება არსებობს თითქმის მთელ დედამიწაზე. იგი გამონაკლისის სახით, ძალიან მშვიდობისმოყვარე ხალხებს შორისაც გვხვდება, მაგალითად, გრენლანდიელებში, რომლებმაც არ იციან, რა არის ომი, მაგრამ სისხლისმიერი შურისგების ტრადიცია აქვთ.


დასჯის ყველა სახე, დაწყებული ყველაზე პრიმიტიულით და დამთავრებული ყველაზე სრულყოფილით, შურისძიების გამოხატულებაა. კლასიკური ფორმით იგი მისაგებლის კანონს ესადაგება: "კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ". გარკვეულწილად, შეუძლებელია, არ გაიზიარო შეხედულება, რომ სისხლისმიერი შურისძიება და სადამსჯელო კანონები საზოგადოების სტაბილურობაში განსაზღვრულ როლს ასრულებენ.


ცივილიზებულ საზოგადოებაში ბოროტებას ადამიანმა ბოროტებით არ უნდა უპასუხოს, რადგან ბოროტება ბოროტების წილ კვლავაც ახალ ბოროტებას შობს და ასე უსასრულოდ.სიკეთის თესლი ვეღარ იხარებს. კაენმა ვერ აიტანა, რომ ძმისგან განსხვავებით ის უარყვეს.

ამ, მისი აზრით, უსამართლობამ ისეთი შური აღუძრა, რომ აბელის მკვლელობის გარდა, სამაგიეროს გადახდის სხვა საშუალება ვერ იპოვა.ის თავად იყო "უმაღლესი მოსამართლე" და "განაჩენის გამოტანისას" სხვა ავტორიტეტები მას არ დასჭირვებია.შურისძიების აქტის განხორციელებით მან ღმერთად იგრძნო თავი.შურისძიების წყურვილი, როგორც პიროვნების სიღრმისეული გრძნობა, დამახასიათებელია ყველა ადამიანისათვის.

შურისძიების გამოვლენის ფორმები სხვადასხვა კულტურებში ხასიათითა და ინტენსივობით არსებითად განსხვავდება.ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით და მიზეზით.ერთ-ერთია დამოკიდებულება საკუთრებისადმი, სიმდიდრისა და სიღარიბისადმი.

პირობითად, ერთ მხარეზე შეიძლება დავაჯგუფოთ ის ადამიანები, რომელთაც სრულიად არ ახასიათებთ შურისძიების გრძნობა, ვინც თავის სულიერი განვითარებით ადამიანობის იდეალს მიუახლოვდა. მეორე მხარეს დაიკავებენ მომხვეჭელი ბუნების ადამიანები, მაღალი რანგის ნარცისები, რომლებშიც საკუთარი პერსონის ინტერესების მცირეოდენი შევიწროება-შეზღუდვაც კი ქარიშხლისმაგვარ შურისძიების გრძნობას იწვევს.


დესტრუქციულობის გამოვლენის სპონტანურ, წარმავალ ხასიათს ბევრი ასპექტი აქვს.მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია სადიზმის რაობის ორი გავრცელებული გაგება.პირველმა გამოხატულება ჰპოვა ალგოლაგნიაში (ტკივილის სურვილი).

ამ თვალსაზრისის ავტორია შრენკ-ნოტცინგი.იგი ალგოლაგნიას ყოფს ორ: აქტიურ (სადიზმი) და პასიურ (მაზოხიზმი) ტიპად.ამ კლასიფიკაციის მიხედვით, სადიზმის არსება მდგომარეობს ტკივილის მიყენების სურვილში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სექსუალური მოტივები.


ზემოქმულიდან განსხვავებით, ზ.ფროიდი სადიზმში, უპირველეს ყოვლისა, სექსუალურ ფენომენს ხედავს.ამ შეხედულების თანახმად, იმ სადისტურ სურვილებსაც კი, რომლებიც გარეგნულად სექსთან დაკავშირებული არ არიან, მაინც აქვთ სექსუალური მოტივაცია, თუმცა არაცნობიერ დონეზე. ხანდახან სადისტს სურვილი აქვს პარტნიორს ძლიერი ტკივილი მიაყენოს, ხოლო ხანდახან მცირედი ტკივილის მიყენებაც კი კმაყოფილებას ანიჭებს.
სექსუალური ლტოლვა, ზ. ფროიდის თანახმად, მაშინაც კი, როცა ის მიმდინარეობს სიყვარულის თანხლებით, ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლის ორმხრივი სიხარულისა და თვითკმაყოფილების დასტურია.

ამისაგან განსხვავებით, სექსუალურ მოქმედებას, რომელსაც ახასიათებს ადამიანის სწრაფვა ტკივილი მიაყენოს მეორე ადამიანს, აიძულოს იტანჯოს და დაამციროს პარტნიორი – გადაგვარება და გაუკუღმართებაა. და არა იმიტომ, რომ ის სიცოცხლის იმპულსის ნაცვლად სიცოცხლის განადგურების, მოსპობის იმპულსს ატარებს. ადამიანი, რომელიც შეპყრობილია მბრძანებლობის, ძალაუფლების ნებით, ტანჯავს და ამცირებს სხვებს – სადისტია.


სადისტური იმპულსების ძალა გამოხატულებას პოულობს არა მხოლოდ სექსუალურობაში, არამედ სხვა არასექსუალურ ლტოლვებშიც.ძლაუფლების წყურვილი, სიხარბე და ნარცისიზმი, ყველა ეს მისწრაფება გარკვეული ფორმით გამოვლინდება სექსუალურ ქმედებებში.

არ არსებობს სფერო, რომელშიც იმაზე უკეთ გამოჩნდეს ადამიანის ხასიათი, როგორც სქესობრივ აქტში.ადამიანის სიყვარული, მისი სინაზე, სადიზმი ან მაზოხიზმი, სიძუნწე, ნარცისიზმი, ერთი სიტყვით, მისი ხასიათის ნებისმიერი თვისება, გამოხატულებას პოულობს სექსუალურ ქმედებებში. არასექსუალური სადისტური ქმედებები ვლინდება დაუცველი, უსუსური არსებების იძულებით დამორჩილებასა და ფიზიკური ტანჯვის მიყენებაში.მაგალითად, სამხედრო ტყვეები, მონები, ბავშვები, ავადმყოფები (განსაკუთრებით გონებასუსტები), პატიმრები, ყვავილები, ძაღლები – ყოველივე ეს შეიძლება სადისტური მოპყრობის საგანი გახდეს.ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული არასექსუალური სადიზმის გამოვლენაა ბავშვებისადმი სასტიკი დამოკიდებულება.


ზოგიერთი ინტენსიური ფორმით სადიზმი გამოვლენას იწყებს ბავშვობის ასაკში, როცა ბავშვი ჯერ კიდევ სუსტი და დაუცველია, მაგრამ ის უკვე ავლენს თავის ნებას, ეწინააღმდეგება უფროსებს და სურს ყველა იქცეოდეს მისი სურვილის შესაბამისად, მოითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას.


სულიერი სისასტიკე, ფსიქიკური სადიზმი, მეორე ადამიანის დამცირების სურვილი და წყენინება უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ფიზიკური სადიზმი. სადიზმის აღნიშნული სახე, გარკვეულწილად, რისკის ფაქტორის შემცველია, რადგან ეს სრულებით არ არის ის, რაც ფიზიკური ძალადობა. ეს "მხოლოდ" სიტყვებია. მეორეს მხრივ, ასეთი გზით გამოწვეული სულიერი ტკივილი შეიძლება ფიზიკურ ტანჯვაზე ძლიერი იყოს, რადგან გაუაზრებელი ლაპარაკი იგივეა, რაც დაუფიქრებლად გასროლა.

ამის მაგალითები მრავლად იცის ჩვენმა ცხოვრებამ და მათ ჩამოთვლას არ შევუდგებით.ერთს დავამატებთ მხოლოდ, თალმუდში წერია – "დამცირება მოწმის თანხლებით მკვლელობის ტოლფასია". სადიზმის გულისგულს შეადგენს სწრაფვა გამოავლინოს აბსოლუტური ბატონობა დაუცველ არსებებზე, აღიჭურვოს აბსოლუტური ძალაუფლებით, მიაყენოს მავანს ტკივილი, დაამციროს სხვები. ის, ვინც რაღაც ფორმით ფლობს ცოცხალ არსებას, მას თავის საკუთრებად, ქონებად თვლის, ხოლო თვითონ მისი ბატონი ხდება. ზოგჯერ სუსტზე ძალადობა შეიძლება მიმართული იყოს სუსტი არსების სასარგებლოდ.

ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება "კეთილ" სადიზმზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, სადიზმი – ბოროტთვისებიანია. ცოცხალი არსების აბსოლუტური ფლობა ანადგურებს მის პიროვნებას, არ აძლევს მას ნორმალური განვითარების საშუალებას. ალბერტ კამიუს "კალიგულა" უკიდურესი სადიზმის მაგალითებს გვიჩვენებს, რომელიც ყოვლისშემძლეობისა და ყველაფრისნებადართულობის მისწრაფების გამოხატულებაა.

კალიგულა, რომელმაც, რაღაც გარემოებების წყალობით, განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა, სულ უფრო და უფრო ივსება ხელისუფლების წყურვილით.ის ცხოვრობს სენატორების ცოლებთან და სიამოვნებას განიცდის მათი ქმრების დამცირებით, რომლებიც იძულებული არიან კმაყოფილი გამომეტყველება შეინარჩუნონ…

რამდენიმე მათგანს კალიგულა კლავს კიდეც, მაგრამ მას ეს ძალაუფლებაც არ ჰყოფნის. ის უკმაყოფილოა, მას აბსოლუტური ბატონობა სურს.კამიუ კალიგულას ცხოვრებისეულ კრედოს მისივე სიტყვებით წარმოგვიჩენს – "მე მსურს მთვარე"!


მარტივად შეიძლება ითქვას, რომ კალიგულა სულელია, მაგრამ მისი უჭკუობა – ეს არის ცხოვრების ფორმა. იგი ემსახურება ყოვლის ფლობის ილუზიას, რომელიც ადამიანური არსებობის საზღვრებს სცილდება. ძალაუფლების გარეშე ის არარაობაა, საცოდავი, ძაბუნი მარტოსულია. რა თქმა, უნდა კალიგულა გამონაკლისი შემთხვევაა.


მხოლოდ ცოტას თუ ხვდება წილად შანსი მოიპოვოს ძალაუფლება, როცა მისი ყველას სჯერა გარშემო, რომ ეს ძალაუფლება უსაზღვროა.ისტორიამ იცის ასეთი შემთხვევები.წარმატებული ბედის შემთხვევაში ასეთი ადამიანები სამხედრო მეთაურები და მსხვილი სახელმწიფო მოღვაწენი ხდებიან, ხოლო ისინი, ვისაც ბედი არ წყალობთ, ჩვეულებრივ დამნაშავეებად ან შეშლილებად იწოდებიან.


"სადიზმი – ეს არის ერთ-ერთი შესაძლებელი პასუხი კითხვაზე, როგორ გავხდეთ ადამიანი, როცა რეალიზაციის სხვა საშუალებებს მოკლებულნი ვართ" – აღნიშნავს ე. ფრომი. მეორე არსების წინაშე აბსოლუტური ძალაუფლების შეგრძნება, საკუთარი ყოვლისშემძლეობის გრძნობა ამ არსებებთან ურთიერთობისას, ბადებს ნებისმიერი ექსისტენციალური დაბრკოლების გადალახვის ილუზიას. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, თუ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში არ გააჩნია აღმაფრენა.

სადიზმი ეს არის უძლურების გადაქცევა ყოვლისშემძლეობის ილუზიად.
სადისტს სურს ცხოვრების გამგებელი გახდეს და ამიტომაც მისთვის მთავარია მსხვერპლი "ცოცხალი" დარჩეს. სწორედ ეს განასხვავებს მას ნეკროფილ-დესტრუქციული ადამიანისაგან. სადისტებისაგან განსხვავებით, ნეკროფილები ისწრაფვიან გაანადგურონ თავისი მსხვერპლი, მოაშთონ თავად სიცოცხლე.

სადისტი არასდროს ღებულობს სიამოვნებას ძლიერთან ჩხუბის დროს, ერთადერთი, თუ დაჭრის მას, ვინაიდან მოცემული სიტუაცია მას მტერზე ბატონობის ილუზიას არ აღუძრავს. "სადისტური ხასიათისათვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი – "აღგზნებული ვნება" და ღირსეული აღტაცება – ძალაუფლება.

ის აღმერთებს ძლევამოსილებას და ემორჩილება მას. ამავე დროს ეზიზღება სუსტი, რომელსაც არ შეუძლია თავდაცვა".
სადისტურ ხასიათს ეშინია ყველაფერი იმისა, რაც არასაიმედოა და რაც არ შეიძლება წინასწარ განიჭვრიტოს, ე.ი.რაც მოულოდნელია. ასეთი მოვლენები მისგან არასტანდარტულ მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სიყვარულში ყოველთვის რისკი მოიაზრება, ამიტომ ის დამფრთხალი და შეშინებული გაურბის მას.

თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ სადისტს "უყვარდეს", ოღონდ "უყვარდეს" თავისი ბატონობის ქვეშ. სადისტური ხასიათი ყოველთვის დაკავშირებულია ქსენოფობიასა და ნეოფობიასთან. ქსენოფობია – ეს არის პათოლოგიური შიში ყველა უცნობის წინაშე, ხოლო ნეოფობია – შიში ყველაფერი ახლის მიმართ.სადისტს ყველაფერი ახალი აღუძრავს ინტერესს, მაგრამ ამავე დროს იწვევს შიშს, ეჭვს და უარყოფას, ვინაიდან ეს მისგან მოითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტილებას, ცოცხალ ადამიანურ რეაქციას, რასაც მოკლებულია სადისტი. კიდევ ერთი სერიოზული ელემენტი სადიზმის სინდრომში არის სიმხდალე.

ადამიანის სადისტად ქცევის ერთ-ერთი მიზეზია თავის შეგრძნება უსუსურ, ხელმოცარულ ადამიანად. ამ ნაკლის კომპენსირებას ის სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვებით აღწევს, გაშმაგებით ეხარბება სხვებზე ბატონობას, როცა კი ამის საშუალება ეძლევა.

ამდენად, როგორც სადისტს, ასევე მაზოხისტს სხვა ადამიანი ესაჭიროება, რომელიც, თუ შეიძლება ითქვას, "შეავსებს" მას. სადისტი თვითონვე "შეიმატებს" სხვა ადამიანს, მაზოხისტი კი – თავად შეერწყმება სხვას.სადისტური და მაზოხისტური მიდრეკილებები, ყველაზე თვალნათლად ბიუროკრატიულ სისტემაში წარმოჩინდება.

აქ ყოველი ადამიანი კონტროლს ახორციელებს საკუთარ ქვეშემრდომებზე, ხოლო თავად იმართება თავისი უფროსის მიერ. ბიუროკრატს სძულს, ეზიზღება თანამდებობრივად თავისზე ქვემოთ მდგომნი. ამავე დროს იგი აღფრთოვანებულია, ეთაყვანება და მონური შიშით შეჰყურებს თავისზე მაღლა მდგომთ, რადგან მათში საკუთარ იდეალს ხედავს განხორციელებული სახით.

საკმარისია, დააკვირდე ასეთი ბიუროკრატის სახის გამომეტყველებას, მოისმინო მისი ხმა, როდესაც ის, ვთქვათ, სულ რაღაც ორიოდე წუთის დაგვიანებისათვის მკაცრად კიცხავს და ამცირებს თავის ქვეშემრდომს, რომ მივხვდე, როგორ ტკებება იგი თავისი ძალაუფლებით, სხვებზე ბატონობით. სხვათა უღელქვეშ თვინიერად თავგაყოფილი, სხვათაგან ძალმომრეობისა და დამცირების თვინიერად ამტანი კაცი, ერთბაშად ულმობელი მტარვალისა და სადისტის როლში წარმოსდგება ხოლმე, როცა ვინმეს მასზე უძალოსა და დაბლა მდგომს მოიხელთებს.
ადამიანის ამ ფსიქოლოგიურ თავისებურებას ეხება თომას მანის მოთხრობა "ტობიას მინდერნიკელი".

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ვინმე ტობიას მინდერნიკელი იმ ზომამდე შეგუებული იყო საკუთარ უსუსურობასა და უძლურობას, რომ ყველასაგან, მათ შორის ბავშვებისაგანაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაუწევლად იტანდა შეურაცხყოფასა და დამცირებას.ერთხელ ქუჩაში მისი ყურადღება პატარა ძაღლმა მიიპყრო, კუდის გამალებული ქნევით რომ ელაქუცებოდა პატრონს, რომელსაც იგი გასაყიდად გამოეყვანა.

ტობიასმა ძაღლი შეიძინა, სახლში წაიყ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1557 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები