ორშაბათი, 29.04.2024, 21:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » თანამდევი სული აქა ამბავი...
15:07
თანამდევი სული აქა ამბავი...

აქა ამბავი...

ჯერ სამშობლოს და მერე ოჯახის უარყოფისა…

"მაინც შენი ძმა ილია ჭავჭავაძე...”

ილიას კერძო წერილიდან დისადმი

"ივერიის” რედატორობიდან წასვლის შემდეგაც, თუ "ივერიაში” დაბეჭდილი მასალა არ მოეწონებათ, სამდურავი ისევ ილიაზე აქვთ. ამჯერად მის თანამებრძოლებს და თანათაობელებს ვგულისხმობ, თორემ ფილიპეს ჯუფთის ხალხს ისედაც არაფერი მოსწონდა ამ გაზეთში. ილია, როცა გაზეთს ხელს აწერდა, მაშინაც ვეღარ იცლიდა წერილების წასაკითხად. ახლა ხომ აღარც ევალება, ამიტომ ისეთი სტატიებიც აღმოჩნდა "ივერიაში”, აკაკი და გოგებაშვილიც რომ გაანაწყენა. აკაკის სხვა მიზეზიც ჰქონდა. კიტა აბაშიძე და "ჩიორა”, იგივე ახნაზაროვი, ილიას თანამოაზრეებად ითვლებოდნენ, აკაკის კი მათთან ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა, ახნაზაროვისა და კიტას გამოც ილიაზე და "ივერიაზე” იყო განაწყენებული. კიდევ ერთ ინფორმაციას აღეშფოთებინა, ვოსტორგოვს რომ ეხებოდა. არ ვიცით, ილია რა შუაში იყო, მაგრამ აკაკის ერთი წერილი, მეტისმეტად გულნატკენი კაცის დაწერილია. მომაქვს ეს წერილი არა მხოლოდ იმის გამო, რომ "ივერიას” ეხება, არამედ იქიდან ერთ გასაოგნებელ ინფორმაციას ვიგებთ, - 1902 წლის დასაწყისში აკაკისთვის სახლი გადაუწვავთ.

პოეტი იაკობ გოგებაშვილს 1902 წელს წერს:
"ბატონო იაკობ!

მიკვირს და გამკვირვებია, რომ ის გაზეთი სადაც შენ მხურვალე მონაწილეობას იღებ, კიდევ მაინც ასე წინდაუხედავად წაიკუნტრუშებს ხოლმე! ... ჯერ იყო და ვოსტორგოვის ქებით გაგვაყრუა... ახლაა და ქებათ-ქებას უძღვნის ახლად ნაკურთხ კერპმთავრებს: "ამისთანა ნასწავლი და ამგვარად ნამსახურები არიანო!” მკითხველებს უმახარობლებს, თითქო საბედნიერო რასმე. მერე რა დროს? მაშინ, როდესაც ქართული ეკლესია განსაცდელშია ჩავარდნილი და მასთან ერთად ენისა და ეროვნების გაქრობას გვიქადაგიან... აი, ამას ჰქვიან სწორედ პოლიტიკური მახინჯობა და "გოჩიაური” მეთაურობა! მაშინ როდესაც უფლება არა გვაქვს, ისკარიოტელს გამცემელი დაუძახო, იმას მაინც რა გრჯის, რომ იმავე ქვეყნის მტერს მოციქულებთა შორის იხსენიებ?! მაგრამ ჩვენი არამკითხე მეთაურები, განა გაარჩევენ სად რა სთქვან და როდის? მტრები ცეცხლს გვიკიდებენ და ჩვენ, რომ გავაქროთ, წყლის მაგივრად ნავთს კი ვასხამთ!.. მართლა ცეცხლის წაკიდებაზე მომაგონდა, ამ დღეებში ღამის სამ საათზე წამიკიდეს ცეცხლი, თავიდან დაწყებული, რაც რამე კი ნამშრალობა მქონდა, სულ გადამიბუგეს; სახლი კი სოფელმა გადამირჩინა. კიდევ კარგი დაზღვეული არ ყოფილა, თორემ ვინ იცის, უცნაურ რამესაც ამიტეხდნენ და სამართალშიც მიმცემდნენ... გამომძიებელი გადმოვიდა და გლეხკაცებში და მომსახურეებში დაიწყო დამნაშავის ძებნა. მაგრამ ტყუილად, ისინი მე არას მერჩოდნენ. იმათ თვალშიაც რომ ჩავუვარდე, ხელსაც არ ამოისვამენ - გამომძიებელსაც ასე ვუთხარი და თავი დავანებებიე, ეს მტრობით კი არ არის ნაქნარი, მოყვრობით მეთქი: ორმოცდაათი წლის იუბილეის ჩირაღდანი გამიკეთეს და ეს უფრო შეგნებულების საქმე იქნება, თვარა დაბალი ხალხი რას მიხვდებოდა მეთქი? ბევრი იცინა, თუმცა ჩემზე კი უფრო სწუხდა. მე კი ყურიც არ გამიბერტყია! დაიწვას ყოლიფერი, მაინც დასაწვავია!... ნეტავ სახლიც არ გადაერჩინათ, ერთ ჭირს გადავრჩებოდი: ტყუილად კი არ არის ნათქვამი: "ვერიდებოდი ჭინჭარსაო, ამომივიდა წინ კარსაო!” ეს ერთი ხანია, ერთი რუსი, ჩემი შვილის ნაცნობი, ჩამიდგა სახლში და ვეღარ მოვიშორე. "მომწონს აქაურობაო!” მე კი აღარ მკითხავს!... ამის ლოლიაობას ვუნდები და ვეღარა გამიკეთებია რა!... ასე უნაყოფოდ ჩემს დღეში არა ვყოფილვარ, არ დავრჩენილვარ სოფელში, ოციოდე იგავ-არაკი დამრჩა კრილოვის იგავ-არაკებიდან და ისიც ვეღარ გავათავე... ტყუილა კი არ არის ნათქვამი: "თვით არ იყო ძმარიო და ჩაერია წყალიო", მე რაღა ხელის შეშლა მეჭირვებოდა.
შენი ღრმა პატივისმცემელი აკაკი.

გაურკვეველ ხელზე ნუ დამემდურები.

როცა გუნებაზე არა ვარ, ვეღარას ვახერხებ ხოლმე.”

იაკობ გოგებაშვილი უგზავნის პასუხს: "ბატონო აკაკი, მივიღე თქვენი დეკადენტური ეპისტოლე: სამ სიტყვაში ერთი ძლივს-ძლივობით ამოვიკითხე, რომელმა ჭორიკანა ჭინჭრაქამ დაგარწმუნა, რომ მე "ივერიაში” ვითომ მხურვალე მონაწილეობას ვიღებ, არამც თუ მხურვალეს, ცივს მონაწილეობასაც მოკლებული ვარ. იქ სხვა ჭკუის სულიერნი თვითმპყრობლობენ. "ივერიის” სხვადასხვა მძიმე შეცდომაში, თუ დანაშაულობაში მე იმდენადვე ბრალი მიდევს, რამდენიც შენი სახლ-კარის გადაბუგვაში. ქართველი გლეხების აზრით, ქონების ცეცხლით გადაბუგვა - პატრონის დღეგრძელობას მოასწავებსო. ვინუგეშოთ ამ ტკბილი იმედით მაინცა.

თქვენი ყოველი სიკეთის

მონატური

იაკობ გოგებაშვილი”

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამ დროს ილია აღარ არის გაზეთის რედაქტორი, რომ იაკობის და აკაკის საყვედურები გაზეთს ეხება, რომელსაც უკვე ალექსანდრე სარაჯიშვილი რედაქტორობს, ფაქტი ერთია. იაკობიცა და აკაკიც არ ახსენებენ, მაგრამ გულისხმობენ ილიასაც. ის ხომ ამ დროისთვის გაზეთის გამომხცემლად რჩებოდა. თუ აქაც ეპოქის ქერქიდან ამოვალთ, სიტუაცია ასეთი წარმოგვიდგება.

არც იაკობი მსახურობს და არც აკაკი. მთავრობაში ქუდი რომ შეუგდო არც ერთი ეკარება მთავრობას და არც მეორე, მაგრამ თუ რამ საზოგადო საქმეა მოსაგვარებელი, თუ რკინიგზაა გასაყვანი, თუ ადიდებული მდინარისაგან წაღებული სოფელია მისახედი და სხვა მისთანანი. თუ პოლიტიკური ან საეკლესიო საკითხები, მაგ. საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი არის გადასაწყვეტი, მთავრობასთან ილია უნდა მივიდეს. იქ ილიამ უნდა იბრძოლოს, ამიტომ მათთან ურთიერთობაში ილიას მეტი ტაქტიკა სჭირდება. გოლოცინს, როგორც გადარეულს, არ ეკარებოდა, თორემ, სხვა მთავარმართებლებთან, მაგალითად, ვორონცოვ-დაშკოვთან ბანქოსაც კი თამაშობდა.

რადიკალი თავის რადიკალობით თავს იწონებს. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, რადიკალური საკითხები სწორედ ილიას დასაყენებელი ხდება იქ, სადაც ჯერ არს. ილიამ კი უნდა აიტანოს მთავრობის ცბიერი დამოკიდებულებაც, თან უთვალთვალებენ, თან ოქროს კბილს აჩვენებენ, და უნდა გაუძლოს იმ ჩუმ საყვედურებსაც, რომელსაც მისიანები პირში ვერ უბედავენ, მაგრამ ერთმანეთში კი ამუნათებენ.

აქვე იმასაც დავსძენ, რომ აპრილის დასაწყისში, როცა იაკობის პასუხი იწერებოდა აკაკისადმი, ილიამ საცენზურო კომიტეტს მიმართა, რათა "ივერიის” გამომცემლობაც ალექსანდრე სარაჯიშვილის ხელში გადასულიყო. ამ მიმოწერაში დრო გავიდა და საბოლოოდ 1902 წლის 10 ივლისიდან "ივერიის” გამომცემლადაც ნაცვლად ილიასი, ალექსანდრე სარაჯიშვილი დამტკიცდა, ხოლო 20 ივლისიდან გაზეთის გამომცემლად ითვლება "ივერიის” ამხანაგობა.

900-იანი წლების დასაწყისში ჭავჭავაძეს ახალი თაობის ორივე ბანაკი უტევს. მარქსისტებიც და მომავალი სოციალ ფედერალისტებიც. მარქსისტები, ანუ სამშობლოს უარმყოფელნი, ეროვნული მოღვაწეობისა და სოციალური შეხედულებების გამო, ხოლო ახალგაზრდა პატრიოტები მის სოციალურ იდეებს არ იზიარებენ. ისინი სოციალურ საკითხში სოციალ-დემოკრატებისკენ იხრებიან.

სწორედ ამ ნიადაგზე ილიას 1902 წელს კამათი აქვს, ერთის მხრივ, "კვალთან” და მეორეს მხრივ, "ცნობის ფურცელთან”.

აკრიტიკებს ივანე გომართელს და არჩილ ჯორჯაძეს, თუმც აკრიტიკებს არ არის ზუსტი სიტყვა. იშვიათად შეხვდებით ისეთ სატირას, რაც ილიამ წერილით - "გომართელის ფილოსოფია და ჯორჯაძის ფსიქოლოგია” - როგორც პირველს, ისე მეორეს მიაგო.

რა იყო მიზეზი?

რუსული მარქსიზმი, რომლის ბუდედ გაზეთი "კვალი” იქცა, დაეტაკა არა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის გამოვლინებას - პროლეტარს სამშობლო არ აქვსო, - არამედ, სოციალ-დემოკრატები რეტროგრადობად თვლიდნენ ოჯახის ინსტიტუტის არსებობასაც.

მარქსიზმმა ახალგაზრდობა მეტისმეტად გაიტაცა. ქუჩებში ბევრს ნახავდით გაზეთ "კვალში” თავჩარგულს. კითხულობდენენ გატაცებით და მოსწონდათ ის იდეები რომელთაც სოციალ-დემოკრატები ქადაგებდნენ.

ქადაგებდნენ კი ადამიანის ბედნიერებაზე.

რა უშლის ადამიანს ხელს, რომ ბედნიერი იყოს? სოციალ-დემოკრატების აზრით ადამიანს ხელს უშლიდა:

1) სარწმუნოება. რატომ რწმენა? იმის გამო, რომ მორწმუნე ადამიანმა ყველაფერი უნდა მოითმინოს, უნდა აიტანოს ტანჯვა, სიღარიბე, უნდა მოთოკოს ვნებები და სურვილები, რათა სასუფეველში მოხვდეს და სამუდამოდ არ იტანჯოს. მარქსისტები ამბობენ, - ის სამოთხე კაცს არ უნახავს, ჩვენ კი სამოთხეს აქვე, დედამიწაზე გპირდებით. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს მივცემთ. არც ვნებების მოთოკვაა საჭირო. დატკბით ამ ცხოვრებითო. აქაური სამოთხის პერსპექტივა ახალგაზრდას მოსწონდა...

2) რატომ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს? იმიტომ, რომ მათ აქვთ ეროვნება და სამშობლო. სამშობლოს დასაცავად ხალხი იხოცება. რაღა საჭირო იქნება ომები, თუ არავის არ ექნება ეროვნება და სამშობლო? მთელი დედამიწა თუ სოციალისტური იქნება და ყველა პროლეტარი ერთმანეთის ძმა, რაღა საჭიროა ან ომი, ან ეროვნება, ან სამშობლო?

3) ყოველი უბედურების მიზეზი არის კერძო საკუთრება, რატომ უნდა ჰქონდეს, ვთქვათ, ვიღაც როტშილდს ამხელა ფაბრიკა-ქარხნები, ხოლო მუშა, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს, რატომ უნდა დადიოდეს მშიერი? ბედნიერებისათვის საჭიროა კერძო საკუთრების, საზოგადო საკუთრებად ქცევა. მთელი ეს ქონება უნდა იყოს ყველა პროლეტარისა. მიწები კი გლეხებისა. ბედნიერების მაძიებელს ეს ოცნებაც ხიბლავდა.

4) ყველა უბედურების მიზეზი ასევე არის ოჯახი. შვილებს გაზრდა უნდა, მეუღლის კაპრიზებს დაკმაყოფილება. ოჯახს რჩენა ჭირდება. რა საჭიროა კანონიერი ქორწინება. განა სექსის თავისუფლება არ სჯობია? ნურც ქალი შეიზღუდება, ნურც კაცი, ისიამოვნონ და თან არც ერთმანეთზე ექნებათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ეს აზრი ახალგაზრდის გულს მთლად ელამუნებოდა. . .

ასე მარტივად გახდება ადამიანი ბედნიერი.

ბედნიერების მარტივად მიღწევა კი ყველას სურდა, ამიტომ მარქსიზმი გადამდები შავი ჭირივით სწრაფად გავრცელდა.

დავით კლდიაშვილი იგონებს: "მახსოვს ერთხელ ერთმა ყმაწვილმა გატაცებით წამოიძახა: "მე ხომ მარქსისტი ვარ და ვერავითარი ძალა მას ვერ ჩამომაშორებს! . . დავიბადე ღარიბ ოჯახში, ვიზრდებოდი სიღარიბე-სიღატაკეში, გაჭირვებაში ვსწავლობდი. თვალი ავახილე - სიღარიბის და სისაწყლის მეტს გარშემო ვერ ვხედავდი... - მოითმინე, მოითმინე, მოთმინებითა შენითა ჰპოვებდე სასუფეველსა, რომ მოვკვდები, იქ, საიქიოს, ზეცაში მოგეზღვება სამაგიერო ბედნიერებაო. ვინ იცის იმ საიქიოს, ზეცას რა ამბავია - ვის უნახავს, ვის მოუტანია იქაური ამბავი?! ტყუილი დაიმედება, თავის მოტყუება... მარქსმა კი სამოთხე ზეციდან დედამიწაზე ჩამომიტანა, აქ გამიჩინა, აქ მომცა ჩემს სიცოცხლეში... პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! მიგვაგნებია გზა და ყველა რომ შევერთდებით, ყველა გაჭირვებული, სამოთხეს აქ გავაჩენთ, სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგ კი არა! ამისთანა მქადაგებელს ჩამოვშორდები? - არასოდეს, არაფრის გულისთვის! მე არ ვიცი, ვინ ვარ ახლა - ქართველი ვარ, რუსი, სომეხი თუ სხვა ვინმე - არც მინდა ვიცოდე: მე ვარ პროლეტარი! - პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! აქ არის, ამაშია ჩვენი ხსნა.”

როგორია ამ ჭკუაზე ათასობით ახალგაზრდა რომ დადგება? ილია ხედავს, ერთი გასროლის გარეშეც კი, ამ მოწამლული იდეებით ქვეყანას შეიძლება ის დაემართოს, რაც მტრებით გარშემოჯარულს ათასწლეულების მანძილზე არ მოსვლია. ერთიანად გადაგვარდეს და წაიშალოს პოლიტიკური თუ კულტურული სივრციდან. სწორედ ამიტომ არ დააკლო სატირა, სარკაზმი და ირონია "კვალში” დაბეჭდილ ივანე გომართელის წერილს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდა ივანე გომართელი ამტკიცებდა, რომ "თანამედროვე ოჯახი ადამიანის იდეალურ მისწრაფებათა ბორკილიაო”.

არის საკითხები, რომელზე მსჯელობაც თავისთავად გკარნახობს თუ რა ჟანრი უნდა იქნას არჩეული. როდესაც კაცი ამტკიცებს, რომ ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში არის წარსულის მავნე გადმონაშთი, რომ ის, ვინც ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებას ცდილობს, არის პროგრესისტი, ხოლო, ვინც მის შენარჩუნებას და ამ ინსტიტუტის დაცვას შეეცდება, არის ჩამორჩენილი, რეტროგრადი და რეაქციონერი. როცა ასე ისმება საკითხი, ჭკვიანი პოლემისტი არ აირჩევს ღრმა, მეცნიერული, ძალიან სერიოზული არგუმენტაციის გზას. არის ჭეშმარიტებები, რომელთა თავგამოდებით მტკიცება, ისევე უხერხულ მდგომარეობაში აღმოგაჩენს, როგორც მტკიცება იმისა, რომ დღისით ბნელა და ღამით მზე კაშკაშებს, რომ მუხას რკო კი არა, ვაშლი ასხია და ა.შ.

ილიამ, ბუნებრივია, ოჯახის მავნებლობის იდეით შეპყრობილ ამ ახალგაზრდასთნ, (რომელიც შემდეგ თავად ნანობდა ალბათ თავის იმ პერიოდისთვის მოდურ აზრს) სატირისა და იუმორის ფორმა აირჩია, რომელშიდაც ის შეუდარებელია. ტყუილად როდი ავლებდა ფარანგი დე ბაი ილიასა და გოგოლს შორის პარალელს.

ჭავჭავაძის პოლემიკური წერილი აგებული სახალისო სტრუქტურაზე. ავტორი წარმოიდგენს ოჯახის ერთგულ მამაკაცს, რომელსაც ძალიან უყვარს ცოლი, მაგრამ არც ის სურს ახალთაობის კაცებმა ჩამორჩენილობა და რეტროგრადობა დასწამონ. ამიტომ იძულებულია, გომართელის ახალი იდეებით ანთებული და პროგრესისტის თიკუმს მოწყურებული, ცოლს გაეყაროს, თან აუხსნას მიზეზი - რატომ სჩადის ამას. თავისთავად ეს სიუჟეტი უკვე ნახევარი წერილის ფასია. ქმრის წერილი ცოლისადმი ასე იწყება - "ჩემო მაინც კარგო თეკლევ”. ეს დასაწყისი უკე დიდ რამედ ღირს. "ჩემო მაინც კარგო თეკლევ!

შენი წიგნი მივიღე, მწერ და მემუდარები, რომ ამოდენა ხანია მე ჩემი ამბავი არ მომიწვდია და მემუნათები, რომ თუ მე, შენი ჯვარდაწერილი ცოლი არ გაგონდები, ეს შენი ოჯახი მაინც რატომ არ მოიკითხეო.

მე რომ უწინდელებრ ძველი ამბების კაცი ვიყო, შენს საყვედურებს ჩემს თვალში დღესაც ისეთი ფასი ექნებოდა, რაც ჰქონდა და ეხლა კი, როცა მე ვეღირსე და დავეწაფე ახალ აზრების უკდავების წყაროსა "კვალისა” და "ცნობის ფურცელის” ლოცვითა და კურთხევითა, შენი საყვედურები უმიზეზო წუწუნიღა მგონია გუნება ნაქცევ დედაკაცისა.

ოჯახი მაინც რატომ არ იკითხეო!.. ვაი შენ, ჩემო თეკლევ რამოდენა მანძილზე უკან ჩამორჩენილხარ ქვეყნიერობას, ან, უკეთ ვთქვათ ახალთ-ახალს ხანას ადამიანის ცხოვრებისას. შენ, ჩემო კარგო ცოცხლებში გასარევი აღარ ყოფილხარ... რა ოჯახი! რის ოჯახი! ეგ როდინდელ ანაბანას მიკითხავ! ეგ ძველისძველი ტიბიკონი, ეგ ძველთაძველი ძილისპირები შენთვის შეინახე, მე კი ახალ მიმართულების კაცი ვარ და თავზე ლაფს ვერ დავისხამ მაგეების ხსენებით და მოკითხვითა.

ოჯახიო! ეგ ძველებსაებრ ბრიყვმა და გაუნათლებელმა სთქვას, კიდევ ჰო, შენ ხომ განათლებული ხარ, შენ ხომ მუდამ "კვალსა”კითხულობ, რომ სხვა არა იყოს რა და როგორ არა გრცხვენია,- მაგისთაა ძველ-ძვლებს მისდევ და თავს არ ანებებ. რა ოჯახი! რის ოჯახი! შენ იქნება ეხლანდელი დრო ისევ ის ძველი დრო გგონია, როცა ოჯახების შენება, მოვლა და პატრონობა დიდის სახელი იყო ადამიანისათვის! ვაი სირცხვილო!..”

"რაკი გომართელს წერაქვი აუღია ხელში და ოჯახს მისდგომია დასანგრევად მეც დღეს იმის ცდაში ვარ-მეთქი, რომ დღეის ამას იქით ოჯახის ხსენებაც კი აღარ იყოს ქვეყნიერებაზედ და შენ კი საყვედურსა მწერ, რატომ ოჯახს მაინც არ კითხულობო, მოდი და სიცილით ნუ დაოსდები!”

ივანე გომართელის პარალელურად ილია ახალგაზრდა არჩილ ჯორჯაძესაც მისდგება, რომელიც, ილიას სიტყვით, "მარტო იმის ცდაშია, რომ ახლებსაც აამოს და არც ძველები მოიმდუროს”. ჯორჯაძე უპასუხოდ არ ტოვებს და მომდევნო წერილში, რომლისთვისაც ილიას "არაპატარა საუბარი” დაურქმევია, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ახლა პლაგიატში ამხილა: "იმაზე უარესი საცოდაობაღა გნებავთ, - წერს ილია, - კაცს პირში წაუყენონ შეურყეველი საბუთი, რომ სხვისი დაგიჩემებია, სხვისა დაგისაკუთრებია, გამოგიტანია და შენად ასაღებო. ხომ ესეა. გარნა ბ-ნს ჯორჯაძეს ყოველივე ეს აინუნშიაც არ მოსდის. ამისთანა საქციელში დაიჭირეს და იგი წარბსაც არ იხრის, ვითომდა აქ არაფერია, ვითომდა საყვედურს ეუბნებიან, რატომ გუშინ სადილად არ მობრძანდი, რო დაგვპირდიო”.

ჯორძაძესთან მწვავე კამათი ნამდვილად დასანანი იყო, ვინაიდან არჩილი ერთი საუკეთესო ეროვნულ მოღვაწეთაგანი გახდება, მაგრამ აბა რა ილიას ბრალი იყო, თუ ეს ახალგაზრდები სოციალურ საკითხებში თავიდან რუსული მარქსიზმის შხამიანი ნემსით იყვნენ აცრილნი. მერმე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. არჩილ ჯორჯაძე ილიას ფასს სრულად იგრძნობს, მაგრამ გაცნობა მათი, ფაქტია, პოლემიკით დაიწყო.

ის რომ, არჩილ ჯორჯაძე ცდილობს ახლებთანაც მოძებნოს საერთო ენა და არც ძველ თაობას უვიწყებს დამსახურებას, ეს არ იყო მისი მაამებლობით გამოწვეული. "ცდილობს აამოს” - ეს უფრო პოლემიკისთვის დამახასიათებელი ფრაზაა და არ ასახავს არჩილის ხასიათს. სხვა ვითარებასთან გვქონდა საქმე. პირველი, ჯორჯაძე სხვადასხვა მსოფმხედველობისადმი დამოკიდებულებაში იყო ტოლერანტი. მას მიაჩნდა, სახეირო აზრი ყველგან შეიძლება მოიძებნოს, თვით მესამე დასელთა იდეებშიც კიო. მეორე, ჯორჯაძე საერთო ნიადაგის თეორიის ავტორია, რაც გულსხმობს შემდეგს - როგორც ადამიანის ორგანიზმის ყველა ნაწილი მოქმედებს შეთანხმებულად და ერთი მათგანის ლპობა აზიანებს მთელს ორგანიზმს, ასეა ერის სოციალური ორგანიზმიც. ყველა კლასი, ყველა ფენა ამ ორგანიზმის ნაწილია. ერის სულიერი და მატერილური სიჯანსაღისათვის ამ ნაწილებმა, ანუ საზოგადოების სხვადსხვა ფენებმა უნდა იმოქმედონ შეთანხმებულად, საერთო ნიადაგზე. (ამიტომ ცდილობს არჩილი თავიდან, რომ ხიდი არ ჩატეხოს თვით მე-3 დასელებთანაც.) ეს საერთო კი ჩვენი ეროვნული ვინაობაა. ის, რასაც არჩილ ჯორჯაძე საერთო ნიადაგის თეორიას უწოდებს - სათავეს იღებს ილიას ჩატეხილი ხიდის გამთელების იდეიდან. ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მოქმედება კი ილიასეულ კლასთა თანასწორობის იდეის გაგრძელება გახლავთ. ასე რომ, არჩილ ჯორჯაძე, პირობითად, ილიას გზის გამგრძელებელია, თუნდაც ავტონომიის საკითხში. ამდენად, დასანანია, რომ ილიას ბასრი კალმის ობიექტად თუმც კი არჩილის გამოწვევით ისიც იქცა. ილიას მასზე სხვა აღარ დაუწერია რა. ხოლო თვით არჩილმა თავის ხანმოკლე სიცოცხლეში დაწერა წიგნი დიმიტრი ყიფიანზე და სიკვდილის წინ აპირებდა შეექმნა მონოგრაფია ილია ჭავჭავაძეზე. მაგრამ სიკვდილმა არ დააცადა (იხ. 30 მაისის weekend.-რედ.). ის იბრძოდა სიცოცხლისათვის, როგორც პიდაპირი მნიშვნელობით (იყო ჭლექით დაავადებული), ასევე მისი შემოქმედებაც იყო სიცოცხლის საზრისის ძიება.

ოთხი დაი და ერთი ძმა ჰყავდა, ორი და, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის უფროს კლასელები, მოწამეთას მონასტრის ახლოს წყალწითელაში დაიხრჩვნენ. მესამე დაც გარდაიცვალა. ამ უბედურებას მშობლებმა ვერ გაუძლეს და ისინიც დაიხოცნენ. თბილისში ვიღაც მოხელესთან შეტაკებისას ძმაც დაეღუპა. დარჩა არჩილი და ერთი და ამ დიდი ოჯახიდან. ამ უბედურებათა შემდეგ იმდენი მოახერხა, თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრებისთანავე პეტერბურგში განაგრძო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა. იქ თავადაც ჭლექით დაავადდა. მერე იყო ინგლისის, საფრანგეთის, შვეიცარიის სასწავლებლები. თბილისში დაბრუნებულმა "ცნობის ფურცელში” ერთ წელიწადს იმუშავა და ისევ საფრანგეთში გაუშვეს არალეგალური გაზეთის გამოსაცემად. ჭლექით დაავადებული 1905 წელს ჩამოჰყავთ თბილისში და არალეგალურად გააგზავნეს ჯერ კიკეთში, შემდეგ მახინჯაურში. 4 ტომის გამოცემა სიცოცხლეშივე მოასწრო. გამოუცემელიც ბევრი დარჩა. დამარცხდა ფიზიკურადაც და მთელი ასი წლით უარყოფილ იქნა მისი საერთო ნიადაგის თეორიაც და მისი წინამორბედის, ილიას ჩატეხილი - ხიდის გამთელების ოცნებაც.


კვლავ 1902 წელს დავუბრუნდეთ. ამ წელიწადს ქართული პრესის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა. სწორედ არჩილი და გიორგი დეკანოზიშვილი გაიგზავნენ პარიზში, რათა გამოეცათ არალეგალური ქართული გაზეთი "საქართველო”.

მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ "ცნობის ფურცელი”, ცენზურის გადამკიდე, გაზეთი პირაკრულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა საქართველოს ავტონომიის, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის თემები. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის გამო, სხვათა შორის, სწორედ 1902 წელს სასულიერო პირსაც კი არ მოერიდებიან და კირიონს რუსეთში გაასახლებენ.

სოციალ-ფედერალისტებისაგან პარიზს მივლინებული არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი გაეცნობიან და დაუახლოვდებიან ცნობილ ფრანგ პოლიტიკოსებსა და მოღვაწეთ სებასტიას ფორს, პიერო რიშარს, პრესანსეს, პეორესს და სხვებს. მათ ფრანგებს გააცნეს საქართველოს მდგომარეობა. სთხოვეს დახმარების აღმოჩენა არალეგალური გაზეთის როგორც ქართულ ისე ფრანგულ ენაზე გამოცემის საქმეში.

ამ ახალ ნაცნობთა მეოხებით სტამბაც იშოვეს. გარდა თბილისიდან გაგზავნილი წინასწარ წაღებული მასალებისა, პარიზშიც დახვდათ მომავალი თანამშრომლები. იმ დროს იქ იყვნენ: თედო სახოკია, ექიმი ალექსანდრე დიასამიძე, ავალიშვილი (არჩილის მეგობარი გიმნაზიიდან), ნოე ჟორდანია.

ყველა ამათ მონაწილეობა მიიღეს გაზეთის შექმნაში. ერთი ორი წერილი ფედერალისტების გაზეთში თვით ნოე ჟორდანიასაც დაუბეჭდავს.

ერთი წელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას (სტამბა, ქაღალდი და სხვა) დასჭირდა და 1903 წლიდან "საქართველო” გამოიცა. როგორც გითხარით, არჩილი ჭლექით კვლავ ავად ხდება და სამკურნალოდ შვეიცარიაში გადაჰყავთ. 1905 წელს კი ავადმყოფი არჩილის ჩამოყვანასთან ერთად, ფედერალისტების კომიტეტი გადაწყვეტს "საქართველოს” დახურვასაც, რადგან გაზეთმა, ერთი რომ უკვე გააკეთა თავისი საქმე და მეორე, აღარც შესაძლებლობები ჰქონდათ საზღვარგარეთ გაზეთის ბეჭდვისა.

ისეთი უწყინარი ფაქტიც კი, როგორიც მაგიდის კალენდრის გამოსვლაა, ნელი მოქმედების ნაღმის შემოგდებას ჰგავდა. 1902 წელს ვინმე გერცენშტეინმა გამოსცა ჩვეულებრივი მაგიდის კალენდარი. კალენდარში იყო ქართული ლიტერატურის შესახებ თბილი წერილიც, მაგრამ ამ თითქოს უწყინარ კალენდარშიც დუშმანის გეგმა იყო გადმოცემული - დაყავი და იბატონე.

ყველა ევროპელი და აზიელი ერი, ვინც კი თბილისში ცხოვრობდა, მოხსენებული იყო თავისი ისტორიული სახელით. რუსი - რუსად, სომეხი - სომეხად, ფრანგი - ფრანგად, გერმანელი - გერმანელად, ლეკი - ლეკად, ოსი - ოსად, აისორი - აისორად და სხვა. ეწერა, თბილისში ამდენი და ამდენი რუსი, სომეხი, ფრანგი და ა.შ. ცხოვრობსო. ქართველებზე რა ეწერა აღარ იკითხავთ? ქართველები ამდენი არიან, მეგრელები ამდენი, იმერლები ამდენი, ფშავლები, თუშები, ბåóöòჰხé - ყველა ესენი ცალ-ცალკე მონაცემებით იყვნენ წარმოდგენილნი.

ამ უკუღმართი მანიპულაციის წყალობით აღმოუჩენიათ, რომ თბილისში ცხოვრობდა 63 000 სომეხი, მეორე ადგილზე კი იყო ქართველი 39 398 სული. თითქმის ამდენივე რუსია ნაჩვენები, რომელთა შორის შეტანილია ყველა ჩამოსული ჩინოვნიკი და ჯარისკაცი.

ამ კალენდრის შემდგენელს რა მუცლის გვრემაც ჰქონდა და ვის შეკვეთას ასრულებდა, გასაგებია, მაგრამ, მისდა უნებურად, სტატისტიკური მონაცემები კი დაგვიტოვა. მაგ. წერია, რომ 1900 წელს თბილისში ცხოვრობდა 39 398 ქართველი, 6469 თბილისელი იმერელი, 1442 მეგრელი, 47 ფშაველი, 133 თუში, 120 ხევსური, ასევე 4509 სხვა ეროვნებისა. ამ სხვა ეროვნების ხალხში კი იგულისხმებიან აჭარლები, სვანები, მთიულნი, ინგილონი, ჯავახნი, მესხნი, გურულები და ა.შ.

ასევე ქართველი კათოლიკენი გერცენშტეინს მიუმატებია სომეხთა რიცხვისთვის. ასევე ყველა სხვა ეროვნებაზე გათხოვილი ქართველი ქალი მითვლილია იმ ეროვნებისათვის. დაბოლოს, არსად არ არის შეტანილი სოფლის ის მოსახლეობა, რომელიც ქალაქად ჩამოსულა, თბილისში მუშაობს, მაგრამ საკუთარი საცხოვრებელი არა აქვს.

ასე რომ, ამ მონაცემების მიხედვით 1900 წლისთვის ქართველი მოსახლეობა თბილისში უკიდურესად ტენდენციური სტატისტიკური მონაცემების მიხედვითაც კი უკვე უმრავლესობას შეადგენდა. წარმოიდგინეთ, მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე როგორი ექსპანსიონისტური პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ ქართველების წინააღმდეგ, რომ საქართველოს სატახტოსთან მიმართებაში ამ ფაქტის აღნიშვნა გვჭირდება.

ეს მონაცემები ამოვიღე იაკობ გოგებაშვილის წერილიდან, რომელსაც მრავლისმეტყველი სათაური აქვს - "კალენდრებიც ჩვენ გვბრიყვობენ” და რომელიც, სხვათა შორის, სწორედ "ივერიაში” დაიბეჭდა 1902 წლის მე-13 ნომერში.

თვით "ივერიის” ყოფილი რედაქტორი კი ამ წელიწადს ისეთ გადაწყვეტილებს იღებს, ქართველთა სულადობა არა, მაგრამ ქართული ოჯახების რაოდენობის სტატისტიკა ერთით გაიზრდება, თუმცა ეს თემა სახუმარო სულაც არ არის. როცა ბიოგრაფთა ჩანაწერებში კითხულობ, ილიამ 1902 წელს საკუთარი სახლი იყიდა ანდრეევის ქუჩაზეო, ეს ინფორმაცია რატომ არ უნდა გაგიხარდეს კაცს, მაგრამ ვინც იმ ნავსიანი ეპოქის ქერქიდან ამოვა, ვინც ჩაუკვირდება, ამ მშრალი ინფორმაციის მიღმა რა შეიძლება იდგეს, გაუხარდება კი არა, სწორედაც გული მოუკვდება. . .

დიახ, 1902 წელს ილია და ოლღა ჯერ სადგურის ქუჩაზე გადადიან ქირით საცხოვრებლად, შემდეგ კი ილიამ საკუთარი ერთსართულიანი უბრალო სახლი იყიდა ანდრეევის ქუჩაზე. სახლი, სადაც იქ 1889 წლიდან დასთან, ელისაბედთან ერთად ცხოვრობდა, ილიას გემოვნებით იყო აშენებული.

შვილი არც ილიას ჰყავდა და არც ელისაბედს. 65 წლის ასაკში ქირით გადასვლა და შემდეგ ახალი მშენებლობის წამოწყება (ანდრეევის ქუჩაზე ნაყიდ პატარა სახლს ილიამ სვიმონ კლდიაშვილის პროექტით წინ ორი ოთახი მიაშენა, კაბინეტი და სასტუმრო ოთახი) ილიას სურვილით არ უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, დასთან განხეთქილება მოხდა, უფრო სწორად, ოლღას და ელისაბედს შორის ჩამოვარდა რაღაც ისეთი უკმაყოფილება, რომ ამ ასაკში ილია იძულებულია მიატოვოს დის სახლი და საკუთარი კერა ეძებოს.

ერთადერთი ბიოგრაფი, ვინც ამ თემას ეხება, არის ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმე, როგორც ვწერდით, სათავადაზნაურო გიმნაზიის ხელმძღვანელად მუშაობდა. აქ მას სამსახურში ჰყოლია თანამშრომლად ელენე ჯაბადარი, მეუღლე ილიას მეგობრისა. ეს ქალი ძალიან ახლოს იყო ოლღასთან, ელისაბედთან. როგორც ვწერდით, საზღვარგარეთ მეორედ გამგზავრებისას თანაც ახლდა მათ. ელენე ჯაბადარისგან თაყაიშვილს ილიას ოჯახური ამბები სცოდნია, აქედან გამომდინარე წერს ექვთიმე: "ილიამ მიატოვა ბინა ელისაბედის სახლში და იქირავა პატარა სახლი ანდრიას ქუჩაზე (მანამდე სადგურის ქუჩაზე ნ.გ).

შემდეგ ის სახლი იყიდა და ოთახების მიშენებასაც აპირებდა. რა იყო მიზეზი ილიას ამ, ჩვენთვის უეცარი გადასახლებისა თავისი დის სახლიდან, რომელიც მისი აშენებული იყო და სადაც მას თავის გემოზე ჰქონდა მოწყობილი და მოკაზმული კაბინეტი? ეტყობა დიდი შეტაკება უნდა მოსვლოდათ ილიას და მის დას. მიზეზი არ ვიცი, ვინაიდან იმ დროისთვის ელენე ჯაბადარმა, მოხუცებისა გამო, დაანება გიმნაზიაში სამსახურს თავი, გადასახლდა თავის პატარა მამულში, საგარეჯოს და იქ ცხოვრობდა თავის სიძესთან სავიჩთან ერთად... მას შემდეგ ელენე ერთხელაც აღარ ჩამოსულა თბილისში და აღარც მე მინახავს და აღარც ილიას ოჯახს. ეგებ არც მან იცოდა მიზეზი ილიასი და მისი დის გაყრისა, თუმცა არა მგონია, რომ ოლღას წერილით მაინც არ ეცნობებინოს მისთვის ეს ამბავი”.

"აღარც ელისაბედი მინახავს მათი გაყრის შემდეგ. მხოლოდ დიდი ხნის მერმე, უკვე რევოლუცის შემდეგ, მომწერა ერთხელ წერილი, რომელშიც მთხოვდა, მივსულიყავი, მეც ვინახულე და შემომჩივლა, შიმშილით ვკვდები და მიშუამდგომლე, მენშევიკებმა რამე თანხა დამინიშნონ სარჩოდაო. . .

მე ვუთხარი, არა მაქვს იმედი, რომ ამ მთავრობამ ილიას დას რამე დაუნიშნოს, ხომ იცი რა ცუდი ურთიერთობა და გაუთავებელი პოლემიკა ჰქონდა ნოე ჟორდანიას ილიასთან-მეთქი? მითუმეტეს, სახლები გაქვთ და რატომ თქვენს ნათესავს კოტე აფხაზს (ილიას მეორე დისშვილს, თავად-აზნაურობის წინამძღოლად ნამყოფს) არ მოელაპარაკებით ამის შესახებ მეთქი? მან მიპასუხა, სწორედ კოტე აფხაზი მირჩევს სახლები გავყიდო და იმით ვიცხოვრო, მაგრამ, აბა, ილიას კაბინეტი როგორ გავყიდოო?

მას აქეთ ელისაბედი აღარ მინახავს და აღარც მისი მბავი გამიგია. ეს ეპიზოდი ... მოწმობს, თუ რამდენად ხელმოჭერილი ქალი იყო: სახლი არ ემეტებოდა გასაყიდად და მენშევიკებს კი სთხოვდა სარჩოს!..”

ხელმოჭერილი რომ ყოფილა ელისაბედი, ეს ილიას ერთი პირდი წერილიდანაც დასტურდება, რომელსაც აქ შემოგთავაზებთ, მაგრამ თაყაიშვილის ვარაუდი, რომ ილიასა და ელისაბედს შორის "ეტყობა დიდი შეტაკება უნდა მომხდარიყ

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1450 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები