ორშაბათი, 29.04.2024, 23:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ოთარ ჭილაძე: “ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია” (პოეზია).
17:47
ოთარ ჭილაძე: “ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია” (პოეზია).

ოთარ ჭილაძე: ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია

* * *

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

2007

* * *

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…

2007

* * *

ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.

ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

2006

გულის მეორე მხარე

* * *

მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,
მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.

მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,
რომ მოგაწონო თავი, ბებერო.
და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,
როგორ შეგხედო და მოგეფერო.

მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,
რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე
ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.

1960

* * *

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

1961

* * *

მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი
ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,
გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,
ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.

დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.
მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,
როდის იფეთქებს შენი სახელი,
ძლივს მიგნებული და მოგროვილი.

მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარში
და მტვერს და მიწას გადავაშორებ
და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,
როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.

დაიტაცებენ ბავშვები უცებ,
ყაჩაღებივით დაიტაცებენ
და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს
ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.

ბნელში იცინის კიოსკის მინა.
ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.
ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს
მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.

და მავთულებზე შერჩენილ წვეთებს
აღარაფერი აღარ აშინებთ.
მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ
და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.

1960

* * *

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.

ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს
იმედებივით ართმევდა ფერებს
და ყველაფერი გადაწყდა უცებ,
სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.

ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.
ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.

მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,
მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს
თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.

ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.
მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.

და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

1960

* * *

მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.

1957

გამოთხოვება

ქ.ლ.

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების.
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ.
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი
და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად ან მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

1966

* * *

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ.
რაც სანახავი არსებობს – ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

1968

შემოდგომის პირველი დღე

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,

რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდით
და რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…
1963

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1556 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები