ორშაბათი, 29.04.2024, 23:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ეგნატე ნინოშვილი – Egnate Ninoshvili.
20:25
ეგნატე ნინოშვილი – Egnate Ninoshvili.

ეგნატე ნინოშვილი – Egnate Ninoshvili (1859 – 1894)

ეგნატე ნინოშვილი დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს. მისი სამწერლო მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე იყო. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.


ნინოშვილის ცხოვრება აღსავსე იყო განუწყვეტელი ტანჯვა-წამებით, როდესაც ვეცნობით ბიოგრაფიულ ქრონიკებს, გაოცება გვიპყრობს, როგორღა რჩებოდა მას დრო და ძალ-ღონე სამწერლო მოღვაწეობისათვის, ქართული პროზის ისეთ ღირშესანიშნავ ნაწარმოებთა შექმნისათვის, როგორიცაა, «პალიასტომის ტბა», «ქრისტინე», «ჩვენი ქვეყნის რაინდი».

ეგნატე თომას ძე ინგოროყვა (ნინოშვილი) დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს გურიის სოფელ ჩირგვეთში (ჩოჩხათი).

ეგნატეს მამა საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც – ნინო ბარამიძე.

თომა ინგოროყვას ოჯახში პატარა ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.



1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა, სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.



1871–1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელშია; სწავლობს სოფლის სკოლაში. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებულია სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. იგი ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც 1876 წლის თებერვალში ახერხებს კიდეც.



სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს.



ამ სასწავლებლის ზედამხედველი იმ დროს იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი თავის საკუთარ სახლში მოათავსა, რომ მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო; მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ხოლო სასკოლო ხარჯები დიდად შეამცირა.

ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლე ახალგაზრდობაში, რომელიც რამდენადმე მაინც იცნობდა 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულ მოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს.

იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თბილისიდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით.

ი. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ «დროებაში». ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლე ახალგაზრდობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მაგრამ დეკანოზმა ქიქოძემ მაინც შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება.

ი. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან «მგლის ბილეთით» გარიცხა.

ამის შემდეგ იწყება ახალგაზრდა ეგნატეს დაუცხრომელი ბრძოლა ცხოვრების დამოუკიდებელი გზის გაკაფვისათვის, საარსებო საშუალებათა გამონახვისათვის, სწავლა-განათლების მიღებისათვის. ეგნატემ რამდენჯერმე სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. იგი იმედს მაინც არ კარგავს: 1878 წლის შემოდგომას და ზამთარს ოზურგეთში ატარებს მეგობარ შეგირდებთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშე მეცადინეობს, საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადება.

საექსტერნო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატე ღებულობს მასწავლებლის მოწმობას და 1879 წელს ინიშნება ჩოჩხათის საზოგადოების სოფლის სკოლის მასწავლებლად. აქ მან 1882 წლამდე დაჰყო. ეგნატეს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. სასწავლებლის შენობა სრულიად უვარგისი და მოუწყობელი იყო.

ამის შესახებ იგი დიდი გულისტკივილით წერდა თავის მოხსენებით ბარათში ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელს ილია ჭავჭავაძეს 1880 წელს: «ამ სოფლის წლიურ გადასახადს გარდა ამ სასწავლებელს არა აქვს არავითარი წყარო, ფონდი და არც კერძო შესაწირავი… ყოველივე გადასახადი, ამ სოფლის სასწავლებლის შესანახავი, აწევს კისერზე ღარიბს და სხადახსვა გარემოებისაგან გაღატაკებულ სოფლის საზოგადებას»[1].

ე. ნინოშვილი, რომელმაც სასულიერო სასწავლებელში ყოფნის დროს საკუთარ თავზე იწვნია თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის სიმკაცრე, ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა სწავლის მძიმე პირობები გლეხი ახალგაზრდობისათვის. იგი აღვივებდა და მოსწავლეებში ცოდნის, სწავლა-განათლების მიღების სურვილს და ამავე დროს, შთაუნერგავდა მათ თავისუფლებისათვის ბრძოლის განწყობილებებს. ამის გამო მან ბოქაულის უნდობლობა და «ბუნტოვშჩიკის» სახელი დაიმსახურა.

ეგნატესათვის თანდათან აუტანელი ხდება სოფელში მუშაობა. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილი აიძულებენ მას თავი დაანებოს მასწავლებლობას (1881 წ.)

და მუშაობა დაიწყოს ბათუმის რკინიგზის შტოზე. 1882 – 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზ. ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად.

ხელფასი აქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არა ყოფნის. მალე თავს ანებებს ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში მიემგზავრება. 1885 წელს სოფლად ატარებს. წუხს, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელია.

1886 წელს იგი მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. მონპელიეში.

საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავნია.

მონპელიეში ეგნატე 1887 წ. მარტამდე დარჩენილა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, ეცნობა მის მდიდარ ბიბლიოთეკას, ხარბად ეწაფება წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობს «ივერიაში», ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს.

1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი. წერილებში იგი შესთხოვს მეგობრებს, რომ მიეშველონ, რაიმე სამუშაო უშოვონ. «რომ კუჭის ანთება არ მომივიდეს, ძალაუნებურად უნდა ვიმსახურო, ვირის აბანოს ბიუროკრატიაც რომ იყვესო», 2 წერს იგი ერთ-ერთ მეგობარს. ამ პერიოდში დაწერილი თედო სახოკიასადმი ჟენევაში გაგზავნილი წერილი, სადაც ეგნატე თავის თავს ფრთებდაჭრილ ფრინველს ადარებს, «აღმა-აღმა გასაფრენად რომ იწევდა, მაგრამ ძალა კი არ შესწევდა»

ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის მხატვრულ-ლიტერატურული შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. იგი მუშაობს ისტორიულ რომანზე – «ჯანყი გურიაში», რომელიც, ავტორის ცნობით, 1889 წ. მაისის დასასრულამდე იწერებოდა.

1889 წ. ოქტომბერში ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად. «1889 წელს ბათუმში ზამთარი მეტად ცუდი, ქარ-წვიმიანი იყო, – ვკითხულობთ ე. ნინოშვილის ავტობიოგრაფიულ ქრონიკებში, «მე დაცვეთილი საზაფხულო ტანსაცმელი მქონდა, უნდა ავმდგარიყავი დილის 4 საათზე, ამ საშინელ დარში გამევლო კარგა დიდი მანძილი და მივსულიყავი ზავოდში. ხან ზავოდის კარი დაკეტილი დამხვდებოდა და უნდა მეცადნა გარეთ».

1890 წ. ეგნატე ზესტაფონში მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში. სამუშაო მძიმეა და მომქანცველი. ეგნატეს ფილტვებს თანდათან ღრღნის ულმობელი სენი. «ჩემი ჯანი და სიმრთელე დავღუპე ბათუმში და ამ კანტორაში მუშაობითო». – იგონებდა ეგნატე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში, 1890 – 1891 წლებში, შექმნა მან «სიმონა», «უცნაური სენი», «პალიასტომის ტბა», «არშიყნი», «ქრისტინე». ამავე პერიოდში მონაწილეობდა იგი აქტიურად რევოლუციურ მოძრაობაში.

1891 წელს ეგნატე შედის «საფილოქსერო დასში», რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთი კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის «წერილებს დაღესტნიდან». იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს «საფილოქსერო დასს», მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო. 1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე.

თუ რა რთულ პირობებში უხდებოდა ეგნატეს გომში მუშაობა, ამას მოწმობს მისი ბარათი ერთ-ერთი მეგობრისადმი. «ჩვენს ოთახზე მოკრულ დუქანში (კანტორა სამიკიტნოს გვერდით იყო. რედ.) გრძელდება სმა, ყვირილი, ჩხუბი, ზურნა, ლანძღვა, ასე რომ დილამდე უნდა უყურო ამ შეზავებულ ჰარმონიულ ხმაურობასო»[6], წერდა ეგნატე.

1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს უნუგეშო და სევდიანი რომანი ნადასი კლანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია.

ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განუცდია ეგნატეს თავის პირველი და უკანასკნელი დიდი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია.

აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ავტორის დიდ გულისტკივილს, მის მწარე ხვედრს, იმის განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.

1892 წლის აგვისტოში ეგნატე თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩამოდის და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაზე ცხოვრობს.

დეკემბერში, თბილისში, ეგნატე აწყობს ახალგაზრდობის არალეგარულ კრებებს. ეს ბუნებრივი გაგრძელება იყო იმ რევოლუციური მოღვაწეობისა, რომელშიც მან ჯერ კიდევ 1890 – 1891 წლებში ზესტაფონში დაიწყო.

1892 წ. დეკემბრის ბოლო რიცხვებში დემოკრატიული ინტელიგენციის ჯგუფმა, ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიცაიტივით, ზესტაფონში მოაწყო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული ინტელიგენციის ძალთა გაერთიანებასა და მოქმედების პროგრამის შემუშავებას. პროგრამა, რომელიც კონფერენციამ განიხილა და გააკრიტიკა, შემუშავებული და წარმოდგენილი იყო ნოე ჟორდანიას მიერ.

მასში აშკარად ჩანდა ნოე ჟორდანიას ბურჟუაზიულ -ნაციონალისტური შეხედულებანი, რომელთა წინააღმდეგაც ეგნატე ნინოშვილი პირველი გამოვიდა კონფერენციაზე.

«ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო»[7]. იგი ამ პერიოდში გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა თავდაპირველად თვითონ განიცდიდა მის გავლენას. ე. ნინოშვილი იცნობდა მუშათა კლასის ცხოვრებას და გრძნობდა, თუ რა როლი უნდა შეესრულებინა ამ კლასს ცარიზმისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე თბილისში ცხოვრობს, განკერძოებულ ბინაზე, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობა «პარტახს» და იწყებს «ჩვენი ქვეყნის რაინდის» გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც დამძლავრებულმა სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.

ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. ქართველმა საზოგადოებამ უდიდესი გულისტკივილით განიცადა ეგნატეს დაკარგვა. არა ერთი და ორი შესანიშნავი ნეკროლოგი დაიბეჭდა იმდროინდელს ქართულ პერიოდულ პრესაში, არა ერთი და ორი ვრცელი წერილი მიეძღვნა ნიჭიერი ბელეტრისტის უდროოდ გარდაცვალებას. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს «მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი უწოდა»[8].

მწერლის დაკრძალვის დღეს, 1894 წლის 18 მაისს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კუბოს მრავალი გვირგვინი ამკობდა. მათ შორის ერთი «ივერიის» რედაქტორის, ილია ჭავჭავაძისაგან იყო გაგზავნილი. განსაკუთრებით საყურადღებო იყო გ. წერეთლის, ს. ჯიბლაძისა და გ. ყიფშიძის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

გიორგი წერეთელმა დაახასიათა ეგნატე ნინოშვილის მხატვრული შემოქმედება, აღნიშნა მისი დამსახურება ქართული ლიტერატურის წინაშე. გაზეთ «ივერიის» თანამშრომლის გრიგოლ ყიფშიძის სიტყვა კი საყვარელი მწერლის უდროოდ დაკარგვით გამოწვეული ნამდვილი გოდებაა. ამ სიტყვაში განსაკუთრებით იგრძნობა იმდროინდელი ქართველი მოწინავე ინტელიგენციის ღრმა სინანული იმის გამო, რომ ეგნატე ნინოშვილის ღვაწლი მის სიცოცხლეში სათანადოდ არ იყო დაფასებული.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ნინოშვილის ნიჭმა უეცრად ამოაშუქა და უეცრადვე ჩაქრა. მწერლის სიცოცხლეში ბევრმა ვერც მოასწრო მისი შემოქმედების გაცნობა და დაფასება. გ. ყიფშიძის სიტყვა ერთგვარად შუქსა ჰფენს თერგდალეულთა თაობის დამოკიდებულებას ეგნატე ნინოშვილთან.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1598 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები