ორშაბათი, 29.04.2024, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » “ზღვისფერი გაქვს თვალები და…” – თინათინ ჯიქია.
22:55
“ზღვისფერი გაქვს თვალები და…” – თინათინ ჯიქია.

                      თინათინ ჯიქია, მხატვ. ქეთევან მაღალაშვილი.


"ზღვისფერი გაქვს თვალები და…”

ამბობენ, XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც თბილისის საოპერო თეატრში საპრემიერო თუ რიგით
სპექტაკლზე დასასწრებად მისული ეს მშვენიერი ქალბატონი ჩნდებოდა, ირგვლივ განლაგებულ ლოჟებში, პარტერში თუ ქანდარაზე მსხდომი ყველა ასაკის, რანგის და გემოვნების მაყურებელი სპექტაკლს ივიწყებდა და მისი სილამაზით ტკბობას ამჯობინებდა.

ამბობენ, მასზე უიმედოდ ბევრი ყოფილა შეყვარებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო მისი გულის მოპოვება… ეს იყო ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია.

ამბობენ, ბევრმა სცადა მისი მშვენიერების ლექსებით შემკობა, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო იმ უკვდავი სტრიქონების შეთხზვა, თითქმის ყველა შეყვარებულმა ქართველმა რომ იცის…

ეს ქალბატონი თინათინ ჯიქიაა, ხოლო ამ არაჩვეულებრივი სტრიქონების ავტორი კონსტანტინე გამსახურდია…

ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…

არის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ამ მშვენიერი ბანოვანის უკვდავყოფის ტრიადისა – გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შექმნილი ფერწერული პორტრეტი, რომელიც ქალბატონი თინათინის შვილების მარინა და ნანა ჯიქიების ოჯახშია დაცული.

თანამედროვეთაგან ცოტა ვინმე დაუტოვებია გულგრილი თინათინ ჯიქიას ბუნებრივი, სინაზით სავსე ხატებას. იგი ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულებს ახალგაზრდობაშიდაც და მაშინაც, როდესაც წლებმა, განვლილმა რთულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დატოვა მის ღვთაებრივი მომხიბვლელობით აღსავსე გარეგნობაზე…

მრავალი წლის წინ, ქალბატონი თინას ქალიშვილმა მარინა ჯიქიამ ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოაწყო კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური საღამო. მასზე მოხვედრა, ლადო გუდიაშვილის ნახატით დამშვენებული მოსაწვევის მოპოვება ბევრს საოცნებო გაუხდა.

საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა მხცოვან მწერალს. როდესაც სცენიდან გაისმა ცნობილი სტრიქონები "ზღვისფერი გაქვს თვალები და”… მთელი დარბაზი შეტრიალდა ბატონ კონსტანტინესკენ.

პირველად და უკანასკნელად ქალბატონი თინათინი 2001 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვნახე – ამ დროისთვის იგი ოთხმოცს გადაცილებული იყო, მაგრამ ასეთი ღვთაებრივი სილამაზე იშვიათად თუ შემხვედრია …

დახვეწილი, თითქოს ნაქანდაკარი სახის ნაკვთები, სპილოსძვლისფერი, ან უფრო ზუსტად სადაფისფერი, თითქოს გამჭვირვალე სახის კანი, არაჩვეულებრივი ცოცხალი თვალები, ცოტა დაძაბუნებული, მაგრამ საოცრად ნაზი, ნატიფი ხელები. სტუმრებთან გამოსასვლელად იგი ქალიშვილებმა მორთეს-მოკაზმეს.

ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა. დროის მსახვრალმა ხელმა ვერაფერი დააკლო მის მშვენიერებას – იჯდა სავარძელში ძველებურად ელეგანტური, დედოფლური ღირსებით აღსავსე და ამავე დროს სადა ქალბატონი და მოწყალედ რეაგირებდა მოსმენილ კომპლიმენტებზე.

ბევრს ახსოვს ღრმად მოხუცი, მაგრამ კვლავ მშვენიერი მერი შარვაშიძე რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმიდან, ამბობენ ასეთივე მშვენიერები იყვნენ ახალგაზრდობაშიც და ხანდაზმულობაშიც მელიტა ჩოლოყაშვილი, სალომე ანდრონიკაშვილი, თამარ ციციშვილი – მეფური გარეგნობის ქალბატონები|, პოეტთა და მხატვართა მუზები, რომელთაც XX საუკუნის კატაკლიზმებმა არგუნეს ომი, გაჭირვება, ემიგრაცია, აქ დარჩენილთა ნაწილს კი რეპრესიები და სტალინური ბანაკების სიმწარე და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ სილამაზე, რომელიც ერის საგანძურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

თინათინ ჯიქიას ბედმა არგუნა ბედნიერი თუ საბედისწერო შეხვედრა ვლადიმერ ჯიქიასთან, მშვენიერი გარეგნობის, მამაც, რომანტიკული ბიოგრაფიის მქონე ადამიანთან, ხელოვანთა და მწერალთა მეგობართან, რიონჰესის მშენებელთან.

თინათინ ჯიქია ლავრენტი ბერიას ჯერ კიდევ გათხოვებამდე იცნობდა. იგი ბიძაშვილის სახლში გაიცნო. რის შემდეგაც ბერია ცდილობდა, დაახლოებოდა თინათინ ჯიქიას. ეპატიჟებოდა კინოში, სთავაზობდა სამსახურებრივი ავტომობილით გასეირნებას. თუმცა თინათინი მუდამ თავს არიდებდა ბერიას, რომელიც უკვე დაოჯახებული იყო ნ. გეგეჭკორზე.


ერთ დღეს თინათინ ჯიქია მეგობართან მიდიოდა, გზად ბერია შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შესთავაზა, ერთად გასეირნება, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო. ჯიქია მეგობართან ავიდა. ბერია კი მთელი საღამო ძირს ელოდა, ქალი სახლამდე რომ მიეცილებინა. 1932 წელს თინათინი ვლადიმერ ჯიქიას მიჰყვება ცოლად და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლდებიან. ბერიაც მათი მეზობელი ხდება.


მაშინ, როდესაც ვლადიმერ ჯიქია სახლში არ იმყოფებოდა, ბერია მის მეუღლეს ურეკავს და ეკითხება, თუ ვინ იყო მასთან ერთად. თინათინ ჯიქიამ მოატყუა ბერიას, თითქოსდა მეგობარ ქალთან ერთად იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბერია ჯიქიასთან მიდის წიგნით ხელში და ცდილობს, ძალით შეიჭრას ჯიქიების ბინაში.

ამ დროს იგი უკვე ცეკას მდივანია. ბერია, როცა დარწმუნდა, რომ თინათინ ჯიქია სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, ბინა დატოვა და ქალს სთხოვა, ამ შემთხვევის შესახებ არავისთვის ეამბნა.
ლავრენტი ბერია თინათინის მეუღლის მეგობარ გრიგოლ ელიავაზე ეჭვიანობდა. ვლადიმერ ჯიქიამ ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მითითებული იყო, თითქოს თინათინი მეუღლეს ელიავასთან ღალატობდა. ამ წერილის წაკითხვისთანავე ჯიქიები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბერიას ნამოქმედარი იყო.


ლავრენტი ბერია აღნიშნული შემთხვევის შემდეგაც ხშირად ურეკავდა თინათინ ჯიქიას და სთხოვდა, კრწანისის აგარაკზე ერთად წასულიყვნენ. ბერია პასუხად კვლავ უარს იღებდა. აგარაკზე წასვლაზე რომ ვერ დაითანხმა ქალი, მაშინ სთხოვა, სადილად მაინც წაჰყოლოდა. ტელეფონზე საუბრისას იმაშიც გამოუტყდა, რომ მზად იყო თუნდაც მუხლებზე დაეჩოქა. ქალმა _ სცადეო! _ უპასუხა და ბერიამ, მართლაც, დაუჩოქა.

თუმცა ჯიქია ბერიას სადილად მაინც არ წაჰყვა. 1936 წელს ვლადიმერ ჯიქია მივლინებით ეკლესიის ასაშენებლად მოსკოვს მიემგზავრება, სადაც ხვდება სტალინს. სტალინი და ჯიქია ერთმანეთს ჯერ კიდევ რევულუციის პერიოდში იცნობდნენ.

მშენებლობის გამო ჯიქიას ლენინის ორდენით აჯილდოებენ, რასაც ბერია არცთუ დიდი სიხარულით ხვდება. ამ შემთხვევის შემდეგ ვლადიმერი მეუღლეს ხშირად ეუბნებოდა, რომ მტერი გაიჩინა ლავრენტი ბერიას სახით. ლავრენტი ბერია საცხოვრებლად მაჩაბლის ქუჩაზე გადადის და არც ისე ხშირად ურეკავს თინათინ ჯიქიას.


ერთ ზაფხულს ჯიქიების ოჯახი კიკეთში ისვენებდა და ცეკას მდივან პეტრე აღნიაშვილთან ერთად სადილობდა. აღნიაშვილმა ბერიას სადღეგრძელო წარმოთქვა. მსუბუქად ნასვამმა ჯიქიამ ეს სადღეგრძელო არ შესვა, რაც აღნიაშვილმა წერილით ბერიას ამცნო. ამ უკანასკნელმა კი ჯიქია დაიბარა და ჰკითხა: _ რა აზრის იყო აღნიაშვილზე.

ჟიქიამ აღნიაშვილი დადებითად დაახასიათა. ბერიამ კი ჯიქიას აღნიაშვილის წერილი აჩვენა. ჯიქიამ თავის მართლება სცადა და უთხრა, რომ ნასვამი იყო და მხოლოდ ამიტომ არ დალია სადღეგრძელო. ბერიამ გაუღიმა, წერილი მის თვალწინ გადახია და უთხრა: _ ხომ ხედავ, როგორ გექცევი? _ წასვლის დროს კი ისიც ურჩია: _ სხვებთან ერთად ჩემს ავტორიტეტს ნუ შელახავო!
1936 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ჯიქია მაინც დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში ცეკადან თინათინ
ჯიქიას ურეკავენ და ბერიასთან იბარებენ. ბერია ცდილობს, თინათინი დაარწმუნოს, რომ მისი მეუღლე სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერია, რასაც ქალი, რა თქმა უნდა, აპროტესტებს და ბერიას სთხოვს, ქმართან შეხვედრის უფლება მისცეს. თინათინ ჯიქიას მეუღლის ნახვის უფლებას აძლევენ.


ცოლს ვლადიმერ ჯიქია უყვება, რომ დამნაშავე არ არის და არც სამშობლოსთვის უღალატია, არც პარტიისა და არც ოჯახისთვის. ვისი მიზეზითაც დააპატიმრეს, კარგად ხვდება. "ამ ბრალდებით დიდი-დიდი სამი წელი ვიყო დაკავებული და არავითარ შემთხვევაში არაფერი სთხოვო ბერიასო," _ ურჩევს მეუღლეს.


თინათინ ჯიქიამ მხოლოდ რამდენჯერმე მოასწრო ციხეში ამანათის შეგზავნა. ივლისში კი შეატყობინეს, ამანათს ნუღარ გზავნით, ჯიქია გადაყვანილიაო. 1937 წელს კი თინათინ ჯიქიასაც აპატიმრებენ, როგორც ვლადიმერ ჯიქიას მეუღლეს, და საქართველოდან ასახლებენ.
სამი წლის შემდეგ თინათინ ჯიქია შეწყალებას ითხოვს და წერილს ბერიას სახელზე აგზავნის, რათა შვილებთან დააბრუნონ.

1940 წელს იგი უკვე სამშობლოში ბრუნდება. ორი წლის თავზე კი თინათინ ჯიქიას მოსკოვში იბარებს ბერია და სურს, როგორც აგენტი, ისე გამოიყენოს გერმანიის წინააღმდეგ და თუ კარგად გაართმევს თავს დავალებას, ჰპირდება, რომ ქმრის შესახებ ყველაფერს უამბობს. თინათინ ჯიქია თანხმდება ბერიას და აგენტურულ საქმიანობაშიც ერთვება. ომის დასრულების შემდეგ კი იგი კვლავ ხვდება ბერიას, რომელიც ხუმრობით იმასაც კი ეუბნება, შენი დახმარებით გერმანიას ომი მოვუგეთო.

ხოლო როცა თინათინ ჯიქია მეუღლის ბედით ინტერესდება, ბერია პასუხობს, ვლადიმერ ჯიქია, როგორც სამშობლოს მოღალატე, დახვრიტესო და იქვე სთავაზობს, ცოლად რუს გენერალს გაჰყვეს, რაზეც ბერია კატეგორიულ უარს იღებს. თინათინ ჯიქიამ მოგვიანებით დაკითხვის დროს აღიარა, რომ ლავრენტი ბერიას არაერთხელ უცდია მასთან ინტიმური კავშირის დამყარება, რაზეც ყოველთვის უარს იღებდა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ თინათინ ჯიქია მეუღლეს ყველაფერს უყვებოდა.


ერთხელ, როცა ვლადიმერ ჯიქია ბერიასთან ერთად აგარაკზე ყოფილა, ვლადიმერს ზღაპარი მოუყოლია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მეფე ვეზირის ცოლთან დაახლოებას. ნადირობის დროს ვეზირს "შემთხვევით" მოუკლავს მეფე. ამ ზღაპრის მოსმენის შემდეგ ბერიას მიტკლისფერი დასდებია სახეზე.


1937 წელს გიორგი ელიავაც, რომელზეც ბერია ეჭვიანობდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს.

თინათინ ჯიქიამაც, როგორც შემდგომში ხალხის მტრის მეუღლემ, გაიარა გზანი წამებისანი და სასწაულებრივად გადარჩა. განვლილი მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ის მაინც მშვენიერი იყო.

ქეთევან მაღალაშვილმა იგი ომის შემდგომ 1946 წელს დახატა.

არცთუ დიდი ზომის ფერწერული პორტრეტი სავსეა პოეტური განწყობითა და სევდით. ფონი სადაა. მოდელი სამ მეოთხედშია გამოსახული, კაბის ყელზე ლურჯი ფერით შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ინდივიდუალობა. აშკარად ჩანს, რომ პორტრეტის შექმნისას მხატვარი ქალიც ერთგვარად ითვალისწინებდა პოეტის სტრიქონებს და სამოსისა თუ მორთულობის დეტალებში (ცისფერი კაბა, ლურჯი მძივების ასხმა) არჩევდა იმგვარ ტონებს, რომლებიც კიდევ უფრო გაუსვამდნენ ხაზს თვალების ცისფერ ფერს.

თინათინ ჯიქიას გამოსახულების შექმნა სცადა ცნობილმა რუსმა მხატვარმა ვასილ შუხაევმაც. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ მაგადანში გადასახლებულმა ხელოვანმა საცხოვრებლად თბილისი აირჩია. აქ აღბეჭდა მან ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი, აგრეთვე მშვენიერი ქალბატონები, მათ შორის თინათინ ჯიქია.

ქალბატონი თინათინი აღარ არის ამქვეყნად, მაგრამ დარჩა მოგონება მშვენიერ ქალბატონზე, ქეთევან მაღალაშვილისეული პორტრეტი, კონსტანტინე გამსახურდიას სტრიქონები და მისივე ავტოგრაფი – ჯიქიების ოჯახისთვის ნაჩუქარ წიგნზე "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას”…

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1543 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები