ორშაბათი, 29.04.2024, 15:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » კოლო ტურე: "აფრიკაში მიმდინარე მუნდიალი, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია".
15:06
კოლო ტურე: "აფრიკაში მიმდინარე მუნდიალი, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია".

გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, "შავი კონტინენტის” რომელიმე წარმომადგენელი ნახევარფინალამდეც კი გააღწევს.

რამდენად ახდება ეს პროგნოზი, ძნელი სათქმელია, დღეს კი, მუნდიალზე აფრიკელთა უძლიერესი, კოტ დ’ივუარის ნაკრები (შემადგენლობის მხრივ, ალბათ, ასეა) ჩაებმება. პორტ ელიზაბეტში პორტუგალიელთა წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩამდე, ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუ დ’ივუარელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ ფეხბურთელს, კოლო ტურეს ჩამოართვა, მოთამაშისა და ჟურნალისტის დიალოგს კი, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც ვთავაზობთ.

- კოლო, როდესაც შვედი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, კმაყოფილება საჯაროდ გამოხატეთ. მაინც, რამ გამოიწვია თქვენი ამგვარი რეაქცია?
- ერიქსონი დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელსაც საკლუბო დონეზე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. თანაც, გავიხსენოთ როგორ გუნდებს ედგა სკანდინავი სათავეში – "ლაციოსა” და "მანჩესტერ სიტის” დამრიგებლობას, სუსტ მწვრთნელს არავინ მიანდობს. ერიქსონს არც სანაკრებო კარიერა დაეწუნება. ინგლისისა და მექსიკის ეროვნული გუნდების სათავეში მუშაობისას, მან სათანადო უნარ-ჩვევა შეიძინა.

ამასთან, შვედი ძალიან კარგი ადამიანია. ერთი სიტყვით, სრული საფუძველი მაქვს, კმაყოფილი ვიყო, ჩვენს ნაკრებს ერიქსონი რომ ჩაუდგა სათავეში. მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი ჩვენზე შეაჩერა.

- რა შეიცვალა კოტ დ’ივუარის ნაკრებში ერიქსონის მოსვლის შემდეგ?
- ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, კოლექტიურ თამაშს მანამდეც ვერ დაუწუნებდით, მაგრამ შვედმა, გუნდური თამაშის ელემენტები კიდევ უფრო დახვეწა.

იგი გვიჩიჩინებს, რომ მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით შორს ვერ წავალთ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერიქსონმა, როგორც მთლიანად ნაკრების, ასევე თითოეული ჩვენთაგანის ფსიქიკა შეცვალა. 

კოტ დ’ივუარს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არასდროს გამოლევია, მაგრამ ნაკრებს ეფექტურობა სხვადასხვა მიზეზთა გამო აკლდა. ამის უპირველესი მიზეზი შეთამაშება, დაცვითი და შეტევითი ოპერაციების ბალანსის არარსებობა გახლდათ. ამჟამად, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, რაშიც პორტუგალიასთან სასტარტო მატჩიც დაგარწმუნებთ.

- მაინც, როგორ მოახერხა ერიქსონმა თქვენს მიერ დასახელებული ნაკლოვანობების შედარებით მოკლე დროის განმავლობაში აღმოფხვრა?
- სკანდინავი, ინდივიდუალურად ბევრს გვესაუბრება, კონსტრუქციულ კრიტიკასაც არ ერიდება და დაგვარწმუნა, რომ უმთავრესი აქცენტი საწვრთნელ პროცესზე უნდა გავაკეთოთ. არადა, მის მოსვლამდე, საპირისპირო სიტუაცია იყო.

ბიჭები ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას ვერიდებოდით, რაც გუნდის შეკავშირებას ხელს სულაც არ უწყობდა. ამჟამად, საპირისპირო ვითარებაა და ვფიქრობ, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ნაკრებად ჩამოვყალიბდით. 

კოტ დ’ივუარის სამუნდიალო განაცხადში შეყვანილი 23-ვე ფეხბურთელი მაქსიმუმს გავიღებთ, ინდივიდუალურ ოსტატობასაც გამოვავლენთ და არც გუნდის ინტერესები დაგვავიწყდება.

- სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მზადების პერიოდში, ერიქსონი ძირითად ყურადღებას დაცვის ხაზის მოწესრიგებას უთმობს. აქამდე, უკახაზელები მოიკოჭლებდით?
- მცველების სუსტ და ძლიერ მხარეებზე არაა საუბარი, გუნდმა თავი კოლექტიურად უნდა დაიცვას. ამიტომაც, როდესაც მოწინააღმდეგე შეგვიტევს, ბურთის ართმევის პროცესში წინახაზელებიც ჩაერთვებიან. ერიქსონმა ისეთი სისტემა ჩამოაყალიბა, რომლის დროსაც, კარის უსაფრთხოებას მინდორზე გასული თერთმეტივე მოთამაშე იცავს.

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთში, უნარიანი დაცვის გარეშე წარმატებას რომ ვერ ეღირსები.  

- დიდიე დროგბას ტრავმამ, ფეხბურთელების ფსიქო¬ლო¬გიურ განწყობაზე უარყოფითად არ იმოქმედა?
- დიდიე ჩვენი კაპიტანი და წამყვანი ფეხბურთელია. როდესაც გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მას ხელი ჰქონდა მოტეხილი, ლამის შოკში ჩავვარდით. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მაგრამ შემდეგ ცოტათი გონს მოვეგეთ.

ჯერ ერთი, ნაკრების არც სხვა მოთამაშეები ვართ ხელწამოსაკრავი ფეხბურთელები, ამასთან, ექიმთა ვერდიქტმაც დაგვაიმედა – დროგბა მუნდიალს არ გამოტოვებს.

- დაცვის ცენტრში, მეგობართან, დიდიე ზოკორასთან ერთად მოგიწევთ გამოსვლა...
- კარგა ხანია ერთად ვთამაშობთ და მე და ზოკორას ერთმანეთის უსიტყვოდაც გვესმის. დიდიეს მცველისთვის აუცილებელი ბუნებრივი მონაცემები აქვს. იგი ტიპიური მცველია, ამ პოზიციის მოთამაშისთვის ყველა თვისება გააჩნია.

ახალგაზრდობაში, ჩვენი კერპები კანავარო და ნესტა იყვნენ. დიდიე ხუმრობით ფაბიოს მეძახდა, მე კი მას ალესანდროთი მოვიხსენიებდი.  

- რა შეგძინათ გერმანიაში 2006 წელს ჩატარებულ მუნდიალზე მონაწილეობამ?
- 4 წლის წინ, შედარებით გამოუცდელი, ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები გვყავდა. საკუთარი შანსი სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. ამჯერად, განსხვავებული სიტუაცია იქნება. ამბიციაც მოგვემატა, გამოცდილებაც და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე მუნდიალიც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები