ორშაბათი, 29.04.2024, 19:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » გოგონა, რომელიც ძალიან "მაგრად" მღერის.
15:23
გოგონა, რომელიც ძალიან "მაგრად" მღერის.

ანა თბილი, ღიმილიანი და თვალებციმციმა გოგონაა. ეს ის ანა გახლავთ, პროექტ "ნიჭიერის" პირველივე გამოსვლაზე ყველას რომ დაამახსოვრა თავი - ჯერ ცრემლებით (უფროსი ძმის ავადმყოფობის გამო), მერე კი სელინ დიონის სიმღერის ძალიან კარგი შესრულებით...

ანა ხანჩალიანი თავიდან ყველას, სვანი ეგონა... ვინც კი "ნიჭიერს" თვალყურს ადევნებდა, ინტერნეტსაიტებზე ერთმანეთს ეკითხებოდა: გამაგებინეთ, ეს საოცარი ბავშვი სადაურიაო? ზოგი თავგამოდებით ირწმუნებოდა კიდეც - მისი წინაპრები ლენტეხიდან არიანო...

არადა, ანას მშობლებიც და ბებია-ბაბუაც - თბილისელი სომხები გახლავან, კარგა ხნის განმავლობაში ავლაბარში, სომხური თეატრის მახლობლად ცხოვრობდნენ. მერე იქ ძველი შენობები დაინგრა და ხანჩალიანები გლდანში გადავიდნენ. 

დღეს ანა, ძმებთან, მშობლებთან, ბიძა-ბიცოლასთან და ბაბუასთან ერთად, 4-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. ბევრნი არიან, მშობლები არ მუშაობენ, უჭირთ, მაგრამ ყოველდღიურ პრობლემებს ერთად უმკლავდებიან. თავად ანა კი მის გვართან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე ძალიან ხალისობს და ამას მიყვება:


- ჩემი ერთ-ერთი ახალშეძენილი მეგობრის დედა, მას შემდეგ, რაც "ნიჭიერში" გამოვჩნდი, კარგა ხანს ამტკიცებდა, ანი სვანიაო. თვითონაც სვანია და გულით უნდოდა, მეც "მისიანი" ვყოფილიყავი. ყველას, ვინც კი ეუბნებოდა, ხანჩალიანები სომხები არიანო, ეჩხუბებოდა, - თქვენ რას მასწავლითო?!

ბოლოს, ჩვენთან მოვიდა და მკითხა, - გამაგებინე, სადაური ხარო? აშკარად, არ ელოდა ჩემგან ამ პასუხს. ჯერ გაკვირვებული მიყურა, მერე იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და თქვა: არა უშავს, სვანი და სომეხი - ორივე "ს"-ზე იწყება, ჩვენი გვარი კი - "იან"-ზე მთავრდებაო.

ისე, მართლაც - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა წარმომავლობისაა? რაც მთავარია, "ნიჭიერის" მართლაც, ძალიან ნიჭიერი ანა საქართველოს მოქალაქეა, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს, უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც ქართულს უკავშირდება და ამ პროექტამდეც საერთაშორისო კონცერტებზე საქართველოს სახელით გამოსულა, გაუმარჯვია და უამაყია...

დღეს ანა ძალიან პოპულარულია. სადაც კი გამოჩნდება, თანატოლები მაშინვე ავტოგრაფს სთხოვენ, მოზრდილები კი თბილად უღიმიან და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი რედაქციაში დედასთან ერთად გვესტუმრა.

მარინა ხანჩალიანი 4 შვილის დედაა. მისი უფროსი ქალიშვილი, სოფო 26 წლისაა, გათხოვილია და ორი ვაჟი - ნოე და ანდრია ჰყავს. ისიც მღერის. ქმარი, ვალერი თინიკაშვილი მუსიკოსია. ისინი ბენდ "კერეულში" უკრავენ. მარინას მეორე ვაჟი, არტური 25 წლისაა. სწორედ მის გამო ნერვიულობდა ანა კონკურსის დროს, ცრემლი რომ ვერაფრით შეიკავა... მესამე ვაჟი 15 წლის არმენია, ნაბოლარა კი - 14 წლის ანა.

მარინა ამაყობს, რომ ოთხივე შვილს მუსიკალური ნიჭი აქვს: ეს ჩვენგან, მშობლებისგან გენეტიკურად გადაეცათო, - მეუბნება და იხსენებს ადრეულ წლებს, როცა მათი შვილები ლაპარაკზე ადრე სიმღერას იწყებდნენ:

- როცა გავთხოვდი, რობერტის (ჩემი მეუღლის) დედა ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ქმრის ოჯახში ახალგაზრდა ქალის უდროო წასვლით ყველა დადარდიანებული გახლდათ. ჩემი და რობერტის უმცროსი ძმები კლასელები იყვნენ. ჩვენს გაცნობასა და დაახლოებას ცდილოდნენ. მერე, ჩემი მაზლი ჯარში ყოფნის დროს გარდაიცვალა და მეორე შვილს მისი სახელი დავარქვით...

მიჭირდა, დამხმარე არავინ მყავდა, შვილებთან ერთად, კიდევ 3 მამაკაცს ვუვლიდი - ქმარს, მამამთილსა და ობლად დარჩენილ უმცროს მაზლს. 

ის 7 წლის იყო, როცა მათ ოჯახში შევედი. ძალიან მიყვარს, როგორც დედას, ისეთი ამაგი მაქვს მასზე. გაჭირვებას კი, ფიზიკურსა თუ მატერიალურს, მუსიკით ვუმკლავდებოდი. გავიღვიძებდი თუ არა, მაგნიტოფონს ჩავრთავდი და ბავშვები დაძინებამდე მუსიკას უსმენდნენ...

ანა 5 წლის იყო, როცა ჩემი მეგობრის შვილის პედაგოგმა ყურადღება მიაქცია. მეგობრის შვილი მაშინ 12 წლის იყო, ფორტეპიანოზე უკრავდა, კონცერტზე გამოსასვლელად ემზადებოდა. დაკვრა რომ დაამთავრა, წამოდგა და ანაც მაშინვე ფორტეპიანოსთან გაჩნდა. პატარაობიდანვე ძალიან ცოცხალი და მოუსვენარი გახლდათ. 

სმენით ააწყო კლავიშებზე ის კლასიკური ნაწარმოები, რომელსაც ის გოგონა უკრავდა. პედაგოგი გაოცდა. სმენა გაუსინჯა ანას, მერე მომიბრუნდა და მითხრა, - ახლავე შეგიძლიათ, ბავშვი მუსიკალურ ათწლედში მოიყვანოთო. ანამ ჯერ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა, ახლა კი, მესამე წელია, რაც ვიოლინოს ეუფლება.

ანა:
- ფორტეპიანოზე მეტად, ვიოლინოზე დაკვრა მიყვარს. პატარაობიდანვე ვოცნებობდი, ისეთი მევიოლინე გამოვსულიყავი, როგორიც ვანესა მეია. ძალიან გამიხარდა, როცა პედაგოგებმა მითხრეს, - ფორტეპიანოს კურსი წარმატებით დაამთავრე, ახლა კი ვიოლინოზე სწავლას გირჩევთო. როცა მუსიკალურ ათწლედს დავამთავრებ, კონსერვატორიაში, ვოკალის ჯგუფში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას...

მარინა:
- ანა მეორე კლასში იყო, როცა სამნაწილიანი საკონცერტო პროგრამა შეასრულა ორკესტრთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ფორტეპიანო კარგად იცის, მისი სუსტი წერტილი მაინც, ვიოლინო და სიმღერაა. კიდევ კარგი, ფალიაშვილის სახელობის პირველ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლა უფასოა, თორემ ანა ამ ათწლედის მიღმა დარჩებოდა.

არ მიყვარს წუწუნი. დღეს ისედაც ბევრს უჭირს და თავისი პრობლემაც უხვად აქვს, ჩემით რატომღა დავამძიმო?! ჩვენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სიაში მოვხვდით და სახელმწიფოსგან დახმარებას ვიღებთ. უფროსი ქალიშვილი ცალკე ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰყავს მისახედი. 

ახლა ანას იმედი გვაქვს. ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი კონცერტის შემდეგ რაღაც თანხას აძლევენ. ამას წინათ, "ვა-ბანკში" დუტამ მიიწვია ანა და მარიამ კახელიშვილი ერთად. 3 ათასი ლარი მოიგეს და შუაზე იყოფენ. ჩვენთვის ესეც ძალიან დიდი შეღავათია, ცოტას ამოვისუნთქავთ.

"ვა-ბანკის" ჩაწერის დროს, "ნიჭიერის" სხვა მონაწილეებიც გულშემატკივრობდნენ ანას, და-ძმებიც და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ, მშობლებიც. როცა დუტამ ჩემს ქმარს მოჰკრა თვალი, გაოცება ვერ დაფარა: ასე შვილი მამას დაემსგავსოს, პირველად ვხედავო. მერე, იგივე უთხრა ანასაც. ანამ კი, არც აცია, არც აცხელა და, - აბა, მეზობელს ხომ არ დავემსგავსებოდიო! - უპასუხა. 

ამაზე მთელმა დარბაზმა ბევრი იცინა. მართლაც, არა მარტო გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს ანა მამას. მასავით ემოციური და მგრძნობიარეა (თუმცა ამაში არც მე ჩამოვრჩები მეუღლეს), სწრაფი და ლოგიკური აზროვნების გასაოცარი უნარი აქვს. რთულ სიტუაციაში არასოდეს იბნევა. ერთხელ ანამ სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა და, როგორც გამარჯვებული, რამდენიმე დღით ერევანში გაგზავნეს. მაშინ 9 თუ 10 წლის იყო. მე და ჩემი უფროსი ვაჟიც ვახლდით.

ერევნელების ცნობილ "კასკადზე" ყოფნისას, ანა დაგვეკარგა. გაგიჟებული დავრბოდი აქეთ-იქით და ჩემს გოგონას ვეძებდი. ანამ კი მიიხედ-მოიხედა, დედა და ძმა რომ ვეღარ დაინახა, მივიდა პოლიციელების მანქანასთან და უთხრა, - დამეხმარეთ ჩემების მოძებნაში, დავიკარგეო. იმათ მეგაფონი მისცეს და ცოტა ხანში, მთელ პარკში ისმოდა ანას ხმა: დედიკო, არ შეგეშინდეს, მე გასასვლელთან გელოდებიო...

ძალიან მგრძნობიარე რომ არის, ეგ უკვე გამოჩნდა შესარჩევი ტურის დროს. მოგვიანებით, როცა მის პირველ გამოსვლას ვუყურე, იმდენი ვიტირე, დასამშვიდებლად, წამალი დავლიე. თურმე რამდენი უნერვიულია, მე კი ამ დროს მის გვერდით არ ვიყავი. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემს ვაჟს, არტურს რამდენიმე წლის წინ, სისხლში ცვლილებები აღმოაჩნდა. 

ვუმკურნალეთ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. "ნიჭიერში" ანას გასვლამდე 3 დღით ადრე არტური კვლავ ცუდად შეიქნა - ჰქონდა მაღალი სიცხე, დასუსტდა და მადა საერთოდ დაკარგა. მაგრამ ამჯერად, ანემია კი არა, ჩუტყვავილა აღმოაჩნდა და სანამ დაადგენდნენ, რა სჭირდა, ერთი სიკვდილი გავათავეთ. ამასობაში ანას მოუწია ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობამ და სცენაზე გასვლამდე მირეკავდა, - როდის მოხვალო?!. დავპირდი, - როგორც კი ექიმს დაველაპარაკები, მაშინვე შენთან წამოვალ-მეთქი, - მაგრამ დამაგვიანდა და როცა ოპერაში მივედი, ანას უკვე ნამღერი ჰქონდა.

ანა:
- შესარჩევ ტურში სულ სხვა სიმღერა უნდა მემღერა, მაგრამ სელინ დიონის რეპერტუარიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და პროექტის ხელმძღვანელებს ვთხოვე, ნება დაერთოთ, რომ ეს მემღერა. გამიხარდა, როცა დამთანხმდნენ. მეორე ტურზე, ბიორკის სიმღერა შევასრულე. ყველა ამბობდა, რთული სიმღერააო, მე კი მომწონდა.

კლასიკიდანაც, რომელ კომპოზიტორსაც რთული ვარიაციები აქვს, ის მხიბლავს. ძალიან მიყვარს: ბახი, ბეთჰოვენი, შუმანი და მოცარტი. მეკითხებიან, - რას გრძნობდი ფინალური კონცერტის ბოლო წუთებში, როცა გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინათო? გული გამალებით მიცემდა, მთელი დარბაზი გასუსული იყო, მეგონა, ჩემი გულის ბაგაბუგი ყველას ესმოდა... 

ჯერ ვაშაძე გამოაცხადეს, მერე - მარიამი და როცა მესამე - გოლეთიანი დაასახელეს, ყველა მონაწილემ მე შემომხედა რატომღაც. გამეღიმა და ტაში დავუკარი. ჩემი ემოცია კულისებში ვეღარ დავფარე - იქ ცრემლები მომადგა თვალებზე. მაშინვე მოცვივდნენ კამერებით, რა გატირებსო? - მეკითხებოდნენ ჟურნალისტები.

უცებ რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ეს ვთქვი, - სიხარულის ცრემლებია-მეთქი. ამ ნათქვამზე მოგვიანებით გამეცინა, მაგრამ გეფიცებით, მართლა არ მწყენია იმ სამის დასახელება... 19 მაისს 14 წლის გავხდი. ჩემმა დამ და სიძემ შეღავათიან ფასად დაიქირავეს დარბაზი "ტიფლის-ვერანდაში", სადაც მათი ბენდი უკრავს, და დიდი დაბადების დღე გადამიხადეს. "ნიჭიერის" ყველა მონაწილე, ხელმძღვანელი და ჟიურის წევრები დავპატიჟეთ.

ვანიკო და თიკა ამ დღეს ბათუმში იყვნენ (ახალი პროექტი იწყება და ჩაწერა ჰქონდათ), მაია ასათიანსაც არ ეცალა, "პროფილის" გამო; ნიკა მემანიშვილი და გეგა ფალავანდიშვილი მესტუმრნენ. 

ვინც თბილისში იყო, თითქმის ყველა მოვიდა. ბაბი და მარი ძალიან კარგი გოგოები არიან, მარი კახელიშვილთანაც ვმეგობრობ... დედაჩემმა და ბაბიმ იმდენი იცეკვეს, მეორე დღეს ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ლამაზი დღე იყო და არასოდეს დამავიწყდება. ახლა?.. ახლა სკოლის გამოცდებისთვის ვემზადები.

მეათე კლასში გადავდივარ. ჩემი სკოლის (132-ე საჯარო სომხური სკოლა) დირექტორი, ქალბატონი სოფია ძალიან კარგი ადამიანია, ყველა მოსწავლე უყვარს, მაგრამ მე განსაკუთრებულად მეპყრობა.

ასე მეუბნება, - შენ ჩვენი სკოლის სიამაყე ხარ, მაგრამ წარმატებამ არ გაგათამამოს და სწავლას არ მოუკლოო. 

ისე კი, ყველანაირად ხელს მიწყობს. ცოტა ხანში, 14 ივნისს ბათუმში მივდივართ, კონცერტზე უნდა გამოვიდეთ: მე, მარიამ კახელიშვილი, "ნექსთ ლეველი" და გულნაზი დეიდა. ბედნიერი ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი.

საოცარი გრძნობაა, ქუჩაში რომ მიდიხარ და შენთვის უცნობი ადამიანი მოგაჩერდება, მერე კი ზურგს უკან (თუ არ გაგეცნო და გამოგელაპარაკა) გაიგონებ: ეს ისაა, "ნიჭიერში" რომ მაგრად იმღერაო... ალბათ ჯერ ბევრი მიკლია იქამდე, რომ "მაგრად" ვიმღერო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, პროფესიონალი მომღერალი რომ დავდგე.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1758 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/7
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები