ორშაბათი, 29.04.2024, 14:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ლიბერალური ბიუსჰალტერი.
15:42
ლიბერალური ბიუსჰალტერი.

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს რომელიც გიყეფს, ქვა ესროლო, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.



გოეთე


კეთილსინდისიერი ადამიანისთვის რისამე გარდაქმნის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:


პირველი - შეფასება, სადაც ძირითადად მჟღავნდება არსებულის სუსტი და ძლიერი მხარეები.

მეორე - სისუსტის აღმოფხვრის გზათა შერჩევა, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდებით.

მესამე - შეცვლა, შემოქმედების გზით.


სანამ ლიბერალურ საზოგადოებას შევეხებოდე ქართულ რეალობასთან კავშირში, ცოტა მეტ სიცხადეს შევიტან ზ.ა ქრონიკაში. როცა არსებობს რეალობა და ეს რეალობა არ შეესაბამება ექსპერიმენტული, ლოგიკური თუ რაციონალური გზით ჩამოყალიბებულ ხედვას, ჩნდება შეცვლისა და გარდაქმნის აუცილებლობა და ეს აუცილებლობა იმდენად არის დასაჩქარებელი, რამდენადაც დაბინძურებულია სოციოატმოსფერო.როგორ შეიძლება დავინახოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, თავისუფალ ღირებულებათა თვალსაზრისით? ერთის მხრივ არსებობს სახელმწიფო, რომელმაც თითქოს გააკეთა დემოკრატიული არჩევანი და კურსი აიღო დასავლური ცივილიზაციისკენ. მეორეს მხრივ კი არსებობს საზოგადოება, რომელმაც ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს არჩევანი.

მთავრობამ დაიწყო სისტემის რეფორმირება, რის შედეგადაც საზოგადოების გარკვეული ფენა აღმოჩნდა უკმაყოფილო, მთავრობა წავიდა უპრინციპო დათმობაზე და მტკივნეული ადგილების ანესთეზირების გზით, რეფორმირება შეარბილა, რამაც დააზარალა დემოკრატიული განვითარება და გაახანგრძლივა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი.

ამასგარდა, მთავრობა იძულებულია ხარკი უხადოს ყველაზე ავტორიტეტულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომლისთვისაც ლიბერალიზმი დაკავშირებულია "გარყვნილებასთან", "გადაჯიშებასთან", "ეროვნული ცნობიერების რყევასთან", ყველა ეს კატეგორია წარმოადგენს განუსაზღვრელი შინაარსის ტრაფარეტს და მასზე დისკუსია არ მიმდინარეობს, ვაწყდებით მხოლოდ პათეტიურ, ხშირად კი ეგზალტირებულ მონოლოგს. სიტუაცია ჩამოჰგავს ორი ბატონის მონობას, ეს კი როგორც ვიცით საბოლოოდ მხოლოდ ერთისა და არც თუ სახარბიელოს მონობაა.

ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, რამდენადაც განათლების დონე დაბალია და ახლო პერსპექტივაში საზოგადოების სამოქალაქო შეგნების ამაღლებას არ უნდა ველოდოთ, თუ გავითვალისწინებთ განათლებისა და ინფორმირებულობის დონეს და ასევე იმ არაობიექტურ ისტორიოგრაფიას, რომელსაც სკოლაში ასწავლიდნენ და ასწავლიან.

ჩვენ კი, ანუ მათ, ვისაც აღელვებს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ თავისუფლებათა უგულვებელყოფა და რომლებიც ვერაფერ სასკეთოს ხედავენ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპთა უარყოფის ხარჯზე აშენებულ სახელმწიფოში, რამდენადაც კეთილდღეობა სწორედ ამ პრინციპების ერთგულების ფარგლებში ესმით, მხოლოდ ქადაგება შეგვიძლია თავისუფლების სახელდახელოდ შეჭედილი ამბიონიდან, გნიასში კი ეს ხმა წკმუტუნადაც აღარ ისმის.

როგორი შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი მოქმედებები? საიდან უნდა დავიწყოთ ჰაერის გასუფთავება?

არ შეიძლება ცვლილებას მარადიულად ელოდო, ვერც იმის იმედზე ვიქნებით რომ მითებით გაბერილი ბურთი ერთხელაც გასკდება, ჩვენ შესაძლოა სათანადოდ ვერ ვაფასებთ მის ელასტიურობას.

როგორც ვხედავთ რამდენიმე პროტესტმა ნაყოფი ვერ გამოიღო, ჩვენ შევიკრიბებით, გამოვხატავთ აზრს, ხელს მოვაწერთ მანიფესტებს, მაგრამ ამით მხოლოდ იმის მიღწევას შევძლებთ, რომ გარკვეულ უტოპიას გავემიჯნებით, სანამ უფრო შედეგიან გზას არ გამოვნახავთ, ამ მოქმედებათა გამეორება კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს.

ვფიქრობ, პირველი და მთავარი რითაც ლიბერალები უნდა დაკავდნენ, დისკუსიაა, საჯარო სივრცის შექმნა, სადაც საზოგადოების თვალწინ მოხდება იმ არჩევანზე საუბარი, რომელიც თითქოს გავაკეთეთ. მაგრამ ისმის კიდევ ერთი კითხვა, გაიგებს კი რაციონალურ ენას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ლოგიკასთან ცუდად მეგობრობს? ორ ადამიანს შორის დისკუსია, რომელსაც თან არ ახლავს სტერეოტიპული ხედვები, შეიძლება დასრულდეს კონსენსუსით, მაგრამ როცა ისინი ჭარბად არიან?

სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი ხელშესახები შემოქმედება. საჭიროა ისტორიის ხელახალი დაწერა, იმავდროულად კი აუცილებელია რელიგიურ-თეოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზება, საკითხის ისე დაყენება, რომ მკითხველსა თუ მსმენელში აღიძრას შინაგანი უხერხულობა. მყარი, ინსტიტუციური საყრდენის გარეშე ამას ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ ასეთის შექმნის ყოველ მცდელობაში, მავანთა ენთუზიაზმი სადღაც ქრება, ან კომფორმიზმად მეტამორფირებული გვევლინება.

მორალის უარყოფის გზით ვერ ავაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ვერც ეკლესიის საჯარო სივრციდან გაძევებით მივაღწევთ შედეგს, საჭიროა ეს უკანასკნელი წამოვიყვანოთ დიალოგზე, საჭიროა ზნეობაზე აქცენტირება, მაგრამ აქ საფრთხეს ქმნის სწორედ ამ პროგრესულ ფრთაში არსებული რელატიური ცნობიერება, რომელმაც ჩემი აზრით უკან უნდა დაიხიოს და გზა დაუთმოს ტრადიციაზე დაფუძნებულ თავისუფლების შეგნებას, რომელიც სწორედ იმ ენაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც მოსაუბრეს ესმის.

გაურკვეველი და აბსურდული სნობიზმი, სადაც თუნდაც პაპუასებს, პრუსტზე ესაუბრებიან, არაჯანსაღი პედაგოგიკაა და მისი მიზანი მხოლოდ მასტრუბაცია შეიძლება იყოს. გილიოტინა იაფასიანი დემოკრატიის საწყისია.

ნუ იეჭვებთ, ეს სულაც არ არის საზოგადოების აღზრდის საკუთარ თავზე აღება, ეს არც მისი დამცირებაა.

საჭიროა იმდენად გვინდოდეს რაღაც, რომ უმნიშვნელო იყოს რას იტყვის მავანი ჩვენზე, ამ სვლაში კი არ დავკარგოთ რეალობის შეგრძნება... თუმც ეს ჩემზე უკეთ გოეთემ თქვა.

თავისუფლების მოყვარეები აღწევენ მშვიდობიან გარდაქმნას, ეგოისტებს მხოლოდ რევოლუციები ეხერხებათ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1191 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები