ორშაბათი, 29.04.2024, 18:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მხოლოდ ერთი კაცი -გურამ დოჩანაშვილი.
16:26
მხოლოდ ერთი კაცი -გურამ დოჩანაშვილი.
მთელ პლუტარქეში ერთი ადგილი ვგონებ ყველაზე მეტად უცნაური და საგულისხმოა. აღწერს რა თეზევსის წარმატებულ გმირობებს, ავტორი ერთს ვისმე კაცს, ვინმე სკირონს, ასე და ამგვარად ახასიათებს:
„მეგარის საზღვარზე თეზევსმა მოკლა სკირონი. მან იგი კლდიდან გადააგდო. სკირონი, საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, გამვლელ-გამომვლელთ

ძარცვავდა; ზოგიერთის სიტყვით კი, უცხოელებს უტიფრად გაუშვერდა ხოლმე ფეხებს და, დამბანეთო, უბრძანებდა. იმ დროს, როცა უცხოელნი სკირონის ფეხების ბანას შეუდგებოდნენ, ქუსლს ჰკრავდი და შეუბრალებლად ზღვაში ჰყრიდა მათ.

მეგარელი ისტორიკოსები არ ეთანხმებიან ამ გადმოცემას, სიმონიდეს სიტყვით რომ ვთქვათ, ომს უცხადებენ ძველთაძველ ამბებს და ამბობენ: სკირონი არც ავაზაკი და არც ასეთი ურცხვი ვინმე იყოთ; პირიქით, იგი ყაჩაღთა დამსჯელი და კეთილშობილი ხალხის მოყვარე და მეგობარი გახლდათო. ვაკე ბერძენთა შორის უწმინდეს კაცად ითვლებოდა; სალამინელ კიქრევსს ღვთაებრივი პატივი აქვს ათენელებში; ხოლო პელევსისა და ტელამონის ვაჟკაცობა ყველასათვის ცნობილია.

სკირონი კი იყო კიქრევსის სიძე, ევაკეს სიმამრი და პაპა პელევსისა და ტელამონისა, რომლებიც სკირონისა და ქარიკლოს ასულ ენდეიდისაგან წარმოიშვნენ. ყოვლად შეუძლებელია, წარჩინებული ვაჟკაცები გავარდნილ არამზადას დანათესავებოდნენ და მასთან გაეზიარებინათ ის, რაც ყველაფერზე წმინდა და ძვირფასია ადამიანისთვისო. თეზევსმა, როგორც მეგარელი ისტორიკოსები დაასკვნიან, სკირონი მაშინ კი არ მოკლა, როცა პირველად მიდიოდა ათენში, არამედ უფრო გვიან, მეგარელთა ხელში მყოფი ელევსინის აღების დროს, როცა არქონტი დიოკლე მოატყუა. აი, ისეთი წინააღმდეგობებია სკირონზე გადმოცემულ ამბებში".




1.



ყოვლად მოწყალეო ქალბატონო, თანაც შვებავ და თან თავს ვაებად დატეხილო, სიყვარული და დაფასება სად მოგკლებიათ, განსაკუთრებით თქვენს სამშობლოში, იტალიაში, და ერთი ქართველისაც ღრმა და მუდმივი რწმენით, მთელ დედამიწის ზურგზე არ დადიოდა თქვენისთანა ქალი, ვისი სახელიცა და გვარიც ცალ – ცალკე ვერ მოიხსენიება, რადგან საერთოდ, ყველაფერში, საოცრად მთლიანი და ერთიანი ბრძანდებოდით, დიდი სენიორა ანნა... მანიანი
აიმ ქართველმა თავდაპირველად რომ შეგიყვარათ, შვიდიოდე წლისა იქნებოდა მაშინ, და ყველაფერთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, თუ როგორია ის ყოვლად დამბნევი სიყვარული, მხოლოდ ამ ასაკისას რომ შეიძლება ჩამოგვეწოდოს, კურთხევასავით მოხდეს, და „აი ია"-ს, „თოხი"-ას და „ეს ნუში კუხეა"-სთანა სიტყვების ჩხრეკის ნაცვლად, სულ თქვენი სახე ედგა თვალწინ, დაბნეულიყო; რა მოსდიოდა, არ იცოდა და, არც „დედა ენა"- ში არსად ეწერა ძალიან ტევადი სიტყვა-„სიყვარული", და სწორიც იყო ეს, რადგან ამ ყოვლად დაუკითხავად თავსდატეხილ ბედნიერებას, კეთილვინებოთ უნდა და, ჩვენ-ჩვენით მივხვდეთ.
* * *

მთელი ჰაერი ჭარბი მზითა და ზღვის გემოთი გაჟღენთილიყო, და მაინც ისე ლაღად ისუნთქებოდა, როგორც მხოლოდ აქ, მეგარის ახლოს.

აქ, კორინთოსკენ მიმავალ გზასთან, შემაღლებულზე, ცალ მუხლმოყრილი დიდი ყაჩაღი სკირონი ფართო მშვილდივით მორკალულიყო, წელსზევით შიშველს, ქვური კუნთები ამობურცვოდა და თხასა სწველიდა. მაღალი კლდიდან ძალიან ქვემოთ, ზღვა მოჩანდა და ზევით კიდევ – ცა ჭახჭახებდა, რომელი იყო უფრო ლურჯი...

ვერცხლისფერ კლდეზე კი ავად სახელგავარდნილი ყაჩაღი უშნოდ ჩალიჩობდა დედაკაცურს – რა ექნა იმასაც, ადამიანი იყო ისიც, საკვები უნდოდა. არადა, მთელ გრძელ სამ ცუდ დღეს მოგზაურთაგან არავის ჩაუვლია, სკირონის შიშით, ზღვით მიმოსვლას ამჯობინებდნენ.

როგორც იქნა და, გაიმართა, მხრები გაშალა.


ნამდვილი ელადელი იყო - მაღალი, კუნთებდასხმული, ჩამოქნილი. ამაყ კისერზე ყვითლად მბზინავი თმით შემობურვილი თავი ედგა, აუარება ოქროს ბეჭედივით ეყარა სკირონს მკვიდრად ხვეული თმა და თვით ელადელთა პირობაზეც კი, უფრო მეტყველი, უფრო მბზინავი და შუქიანი, უფრო გამჭრიახი და მხნე, დიდი ცისფერი... არა, ცისფერი იქ ლურჯი იყო,თვალები ჰქონდა.
მოშიებული, პურს დანატრული, გზას გასცქეროდა.
არავინ ჩანდა.
არც ის ფრინველი, მოგზაურთა მოახლოებას რომ აუწყებდა ხოლმე.
თავშესაფრისკენ ნელა გაეპაა თვალი სკირონს – რძეს რომ დალევდა, იქ შესულიყო? იქითურა კლდეს ორი დიდი და თანაბარი, მღვიმე რამ ჰქონდა, შესასვლელები თაღოვნად გადახურვოდათ და, ორი ნესტოთი სუნთქავდა თითქოს ეს პირქუში კლდე, სკირონი ერთში ისვენებდა, მეორეში კი საღამოობით თავის მცირერიცხოვან არვეს შედენიდა; მაგრამ ხანდახან, დასვენებულზე თუ უჩვეულო აღგზნებისას, კლდის სიღრმისაკენსუნთქვაშეკრული მოემართებოდა, სადაც მღვიმეთა გამყოფი ჩემი კედელი თავდებოდა და შუაგულში კი ხვრელი რამ იყო იდუმალი, სითხეგამოჟონილი, ნოტიო, კლდის ნესტოებშუა ციცაბო აღმართში ამავალი, ვიწრო, და სკირონი ბნელში მიხოხავდა ზევით, ხვრელის შვერილებს კუშტფრჩხილებიანი თითებით ებღაუჭებოდა, თვალთა სინათლეწართმეული, მთლად ბრმა ფეხისგულებს აბჯენდა ხვრელის გალიპულ კედლებს, წამებითა და უცნაური ჟინით მიიწევდა ზევით, იქ კი მომცრო რამ ღრმული ეგულებოდა, მოკუნტული თუ მოთავსდებოდა იქ, და იჯდა ასე, ნესტიან უკუნეთში, გარს კი დალბილებული და ალბათ რატომღაც თეთრი რამ, შედედებულად დანაოჭებული წებოვანება ემოსა, პირქუში კლდის რაღაცა ტვინისდამაგვარი, მაგრამ ისე მოკუნტულიყო, დედის საშოში გატრუნულიყო თითქოს, და, კლდის ტვინიდან დასაბადებელს, ყოვლად მჭახე და უცნაური აზრები და წარმოდგენები მოსდიოდა იქ.

ფრინველთა ფრენის მეცნაური, ცას აჰყურებდა ახლა, მაგრამ ის – სხვა რომ იყო აქა, მიწაზე: რბილად გამოძერწილი ხაზებით ტან-ყელ ლამაზად დარკალული, მაგრამ მკვეთრნისკარტა და უშნოფეხება, და მაინც რაღაცნაირი ამაყი სიმსუბუქით მიმომავალი; და სულ სხვა რამ იყო იქ, მაღლა, ცაში: ერთ გრძელ და გამჭოლ ნისკარტად გადაქცეული, ისარივით რომ მიაპობდა ხოლმე ზემოთურა ჰაერს, - აი ის წერო ჯერ არსად ჩანდა და პურსდანატრულმა სკირონმა ხელისგულები შემოაჭდო რძიან ქოთანს, აქ, მღვიმის გარეთ, მერამდენედ დაბადებულს უკვე, რძითა და პურით უნდა ერჩინა ჟამი-ჟამ ძმი მოშიებული სტომაქი და თავი. მაგრამ სად ჰქონდა ახლა პური, რა ხანი იყო, აღარ ეგემნა...



სვამდა, სვამდა და, უეცრად შეკრთა, ნიკაპზე ჩამოეღვარა რძე, ქოთნიამი ხელები სწრაფად ჩამოუშვა და, კვლავაც თავგადაწეული, ვერა გრძნობდა, რძის თეთრად დაკლაკნილი ხაზი როგორ ჩამოუცურდა მკერდამდე – სკირონმა მონატრული შხუილის გაგონებისთანავე ხარბად მიადევნა თვალი ერთგულ მაცნეს და, იმანაც, ცაზე ღონივრად გარდამომავალმა, ჯერ ეს ამცნო:
„მოდიან, მოდიან!".
მერე კი, წრე შემოავლო თავზე და, მეტის იმედით აღავსო, სხვაგვარად შემოუქროლა:
„მოეშშურებიაან!!"
და მიატოვა, ცაში განქარდა.
სკირონმა წამით ჩაიმუხლა და ქოთანი დადგა, იმის ნაცვლად კა სულ სხვანაირ ნივთს – იქვე მიგდებულ ბასრ და მოკლე მახვილს წამოავლო მრავალნაცადი ხელი, გაიმართა და, აიწურა, აიწურა. ძალიან ქვემოთ კი, თავბრუდამხვევად ქვემოდ, ზღვაში, ვეებერთელა, უზარმაზარი კუც აწრიალდა და, ეტყობა იმასაც ენიშნა რაღაც, გველური
თავი გამოიძვრინა, ძლივსღა გამოჰყო ოთხივე გარჩხულუ, უხამსი ტორი, და კლდის შორეული კენწეროსაკენ აატრიალა ბლაგვი თვალები, ისე, გარედან, ყოველივე უჭირდა თითქოს, მაგრამ ვინ იცის, ჯავშნებშუა მთელი შიგანი როგორ ეწვოდა – რა ხანი იყო აგერ უკვე, აღარ ეგემნა ადამიანის ხორცი, ენატრებოდა.
ჭაბუკი ვინმე გამოჩნდა გზაზე, ოღონდ მარტოკა.
„მოდიაანო, აკი?! - გულდაწყვეტით გაიფიქრა სკირონმა და ოდნავ მოეშვა, მოსახვევისკენ კი მაინც ეჭვით მიეპყრა მზერა, - ეგებ, ჩამორჩნენ..."
აბაა... აღარავინ ჩანდა.არადა, მძაფრი შერკინება მოსწყურებოდა სკირონს, მთელი სხეული ექავებოდა.
დამწყებ მოგზაურს კი მოსასხამს შიგნით მხარიღლივ გადაკიდებული სატევარი მოუჩანდა, აბგა არხეინად მოეგდო ზურგზე და, მოდიოდაა, ჰეხ... - რა იცოდა თუ, რა აფთარი ელოდებოდა. მზე მაღლა იდგა, დიდი ჰელიოსი. ...ლოდი ზათქით ჩამოენარცხა ყმაწვილის ფეხებთან და, ბრმა იყო თუ რა, ეგებ ყრუც იყო, სულაც არ შემკრთალა, მაგრამ თვალებში ალბათ ედგა სინათლე: რომ ამოხედა, ხელისგულით მოიჩრდილა სახე.
ზორბა ყაჩაღი გადმომდგარიყო მაღლა, ბექობზე, კუშტად შეკრული, აგოროზებული, ხელსატევრიანი, და მშვიდი რისხვით გაჟღენთოდა ყოველი ნაკვთი, თავზარდამცემი ყაჩაღი იყო და, რაღა თქმა უნდა, სიტყვა-პასუხიც ყაჩაღისავე ჰქონდა. მოურიდებელი:
ერთი აქეთ ამოდი.
მგზავრმა კი პატარა ხანს უყურა, უყურა და კვლავ გზა განაგრძო, ლოდს აუარა.
„ეს ყრუ ყოფილა, ვიღაცაა!" - ბრაზიანად გაიფიქრა სკირონმა და მეორე ლოდი, უფრო დიდი და უფრო გამსრესი, კვლავაც მგზავრის წინ რომ ჩამონარცხდა, მძლავრი ღრიალიც დაეტეხა თავს:
ამოეთრიე - მეთქი!!!
მაგრამ იმას აღარც აუხედავს, და საკუთარი არარაობისეჭვით გულდასერილი, ავარვარებული დიდი ყაჩაღი გზისკენ დაეშვა, თავის ბექობს შემოურბინა და, მგზავრს წინ დაუდგა.
იმას კი უკვე მოემარჯვებინა მახვილი და, გაემეტებით რომ მოიქნია, სკირონმა ერთი კი აუკრა თავისი სატევარი და, პატარა ხნის შემდეგ, ძალიან-ძალიან ქვემოთ, თავისთვის ყოვლად უმაქნის ნივთს რასმე, ფსკერზედაც კი მბზინავ მახვილს, ირიბად, ბლაგვად დააშტერდა ვეებერთელა კუ.
იმ მახინჯ პირზე მახინჯი ტუჩიც რომ ჰქონდა, აემრიზებოდა.
ძალიან ზემოთ კი, განიარაღებულ თავხედს ავი ღიმილით ათვალიერებდა ყაჩაღი, და ყაჩაღურსავე შეუდგა საქმეს:
აბგაში რა გაქვს.
რა შენი საქმეა.
გული შეუკრთა სკირონს, ახლა სხვა გვარად შესცქეროდა, და მაინც, მოჩვენებითმა მძვინვარებამ დარია ხელი, ყმაწვილი მისი აბგიანა იღლიაში ამოიდო, და თუმცა ის ძალიანასხმარტლებდა ფეხებს, დინჯად გაეშურა ზედ გაგაგსავარდნთან კლდეში ამოკვეთილი ღრმულისაკენ, თითქოს ყურადღებასაც არ აქცევდა ნადავლს, მაგრამ სახიფათო გადასაძრომთან თავში ერთი კი ჩააფარა და, დარეტიანებული, ფრთხილად გადაახოხა აღსასრულებლისკენ, თვთონაც გადაჰყვა და, ზედ კლდის ქიმზე შეაყენა მგზავრი, თავად კი ქვის სავარძელში მოკალათდა, ჰკითხა:
სიცოცხლე, გიყვარს?
კი.
ძლივს არ უპასუხეს? მაგრამ შეიჭმუხნა სკირონი.
მაშინ ქვემოთ გადაიხედე.
რა მოსჩანდა და? - მტრისას... - ჰაერით, ზღვისკენ, ქვა გაცვდებოდა ზღვაში.
- ყური დამიგდე, - უთხრა სკირონმა და, შემოუბრუნდნენ, - თუ გინდა რომ, ცოცხალი დარჩე, ფეხები დამბანე და, წადი მერე საცა გინდა.
იქვე წინასწარ გამზადებული თიხის დოქი იდგა და, შეაჩეჩა.
უძრავად იდგა მგზავრი.
არ დამბან?
არა.
რატომ...
თვალები სიმწრით მოწკურვოდა ყმაწვილს და, დოქიანი ხელიც შიშისგან კი არა, რისხვით უცახცახებდა.
რატომ... - გაუმეორა სკირონმა.
მგზავრმა ამაყად იქცია თავი, თქვა:
ელადელი ვარ.
- რა? შენისთანა ელადელები გადამიგდია... - ქვის სავარძელში გაიჯგიმა სკირონი, კლდეს მიაბჯინა კეფა და, გაუშვირა ფეხი, - მიდი, შეუდექ...
და უცებ მკვეთრად გადაფერდდა; ღონიერი და ქედუხრელი, დიდი ყაჩაღი მკვირცხლი რამც იყო, იმისი სახის ადგილას კი, სწორედ ნასახარზე, სულ ნაკუწ-ნაკუწ მიმოიმსხვრა როდოსული დოქი.
სკირონი მჩატედ წამოდგა და უთხრა:
მე შენისთანებს არ ვიმეტებ. გთხოვ, რომ გამომყვე.
და კლდის შვერილზე გადმოფოფხდა.
ყმაწვილი სანამ გადაჰყვებოდა, მალულად ერთიც ჩაიხედა დაბლა.
„ნრაშია, აა, ნნენტავი, აა, ნსანქმე..." - გაიფიქრა კუმ.
სკირონი უმალ დაწინაურდა, და ახლაღა შიშატანილ მგზავრს ისიც ძალიან ეუხერხულა, და ახლაღა შიშატანილ მგზავრს ისიც ძალიან ეუხერხულა, უცნაურ ყაჩაღს იმ დამსხვრეული დოქის წყალობით მთლად რომ დასველებოდა ზორგი. მაგრამ მზე მაღლა იდგა, მწველთითება ვრცელი ჰელიოსი გადაშლილიყო მიწაზეც, და თავის მღვიმემდე გაშრა კიდეც ბრინჯაოსფრად ნაგები დიდი ყაჩაღი, იქ კი, მღვიმეში, სტუმრის პატივისცემით თეთრი ქიტონი გადაიცვა, მერე ძალიან მუქი, მძიმედ წითელი მოსასხამი მოიგდო მხრებზე დაბალი ტაბლა გამოიტანა, შიშგადაყრილ სტუმარს დაჯდომა ანიშნა, ნელინელ გამოზიდა თიხის თასები, გაზავებული ღვინო, თაფლი, ის ახალი რძეც, ყველეული და თხის დამარილებული ხორცი – ერთი ეგ იყო, პური არა ჰქონდა.
ცოტათი რომ დანაყრდნენ.
- ძვირფასო ყრმაო, თვალსხივოსანი ათინა ყოფილიყოს შენი შემწე და მფარველი- წამოიწყო ტკბილმოუბარმა სკირონმა და გაზავებულღვინიანი თასი მაღლა ასწია, - დაე, ყოველ დღე-ცისმარეს საამოდ გაეღვიძებინე ვარდისფერთითება ეოსს, დაე, კეთილად გევლოა დედამიწის ზურგზე და ზღვაში თუ შესცურავ განიერფერდებიანი ხომალდით, მიწისმრყეველი პოსეიდონი არ დამდგარიყოს ხაფხმოვან გუნებაზე, მუდამ ზურგქარი ებოძებინოს და მშვიდობით დაებრუნებინე შინ. სკირონი ვარ მე, ავადარსახსენებელი მეგარაა ჩემი მშობლიური ქალაქი, სადაც არავის ესმის ჩემი და, ვეჭვ, მომავალშიც მიმიხვდნენ რამეს. შორს, ეგინაში, მხოლოდშობილი ქალიშვილიმივის და ღვთაებრივი ვაკე სიძეა ჩემი. ახლა კი, გთხოვ შენი სახელი მამცნო, რადგან კაცთა წესისამებრ, დედის მუცლიდან შობილთ, ყველასა გვაქვს ჩვენი სახელი, რათა თვისტომთა შორის ავად თუ უკეთ გამოვირჩეთ, შენ კი, გატყობ რომ, უკვალოდ არ დაიკარგები და გთხოვ სახელი მამცნო შენი, ძვირფასო ყრმაო.
და კეთილად გაზავებული ღვინო შესვა.
ძვირფასმა ყრმამაც ასწია თავი, მიმართა:
- ჰე, ღვთისსადარო, მაღალ ოლიმპოს მკვიდრთა სწორფერო სკირონ, შორითსაჩინარო, ფიცხელკლდოვანი ითაკაა ჩემი სამშობლო, და ლაერტე ვარ მე, ითაკელი უფლისწული. უშფოთველად და სიამეში გადიოდა ჩემი წარსულად ადრეული ყრმობა, ველად გასული, ჯირითითა და ფრთამალი ისრების ტყორცნით ვირთობდი თავს, ხოლო კეთილად ნაგებ სასახლეში, უებრო ნელსაცხებლებით ტანდაზელილს, ტკბილხმოვანი ფორმინგის დაკვირითა და მღერით მართობდა ღვთაებრივი ნიჭით ცხებული, თვით ვერცხლისმშვილდოსანი აპოლონის მიერ მიმადლებული ნიჭით აღსავსე მომღერალი; აგრეთვე ტკბილმოუბრობაში მავარჯიშებდნენ მე ძალიან. მაგრამ ერთხელ თვით თვალსხივოსანი ათინა გამომეცხადა მწირის იერით მე, ხშირჯოგება ითაკის მომავალ გაბმგებელს, და მირჩია რომ, მრავალნაცადი უნდა იყოს მეფე, და გაფრინდა, მეც, ზებევრი აღარ მიფიქრია, და, ნებართვა ავიღე ღმერთებისადრი მამისაგან, მრავალნიჩბება ხომალდით შევცურე წყალმრავალ ზღვაში, რჩეული მეომრები მახლდნენ, და იმის ნაცვლად, დოვლათითა და თეთრად მკერდსავსე ტყვე-ქალებით ამევსო განიერფერდება ხომალდი და ისე დავბრუნებულიყავ ფირცხელკლდოვან, ზემორენახსენებ ითაკში,
(ოდნავ შეიჭმუხნა სკირონი)
... ამისა ნაცვლად, ზუსტსწორედ მეხუთე დღეს გაგვაფრქვია მთელი თავისი ანგარიშმიუწვდომელი რისხვა მიწისმრყეველმა პოსეიდონმა, გრგვინვით აღსავსემ, ავადღრიალა გრიგალი დაატეხა ჩვენს დიდადუძლეველ ხომალდს, და, ზედშუა-გადატეხილს, კეთილწყლოვანი ზღვის შავმა მორევმა უყო პირი და მხოლოდ მე გადავრჩი, ნელსაცხებლიან კასრს ჩაბღაუჭებული...
ცრემლები მოერია ყრმას, ნიკაპიანი თავი ჩაქინდრა.
- ძვირფასო ყრმაო, ერთიც შესვი ეს ამოდსურნელოვანი ღვინო და, ეგ შავადნაგები მწუხარება უხვწყლოცან ზღვაში ხელუკუღმა ნასროლი ფერფლივით განგიქარდეს ეგებ, მაგრამ ვეჭვ და ვეჭვ, უპურკეთილოდ ამოდსაცქერი ყოფილიყოს ეს ჩემი მცირედნაგები ტაბლა, მომიტევე რომ, არ მომეძევება ნელინელ ცეცხლზე უზადოდ გამომცხვარი ახლოდსაჩინარი პური.
- აქ, ამ აბგაში, ნედლი ხორბალი მომეძევება,-თქვა ითაკელმა და შესთავაზა, - ამოიღე და მიირთვი, აქაველთა შორის გამორჩეულო.
ჯერ შენ მიირთვი...
რა საკადრისია...
შენ სტუმარი ხარ...
როგორ გეკადრებათ, მიირთვით ჩემო ბატონო...
აჰ, არა, არა, თვითონ ბატონო... სტუმარი ბრძანდები...
ხორბლის მასპინძელი აკი მე ვარ...
არა, მაინც ჯერ თქვენ მიირთვით...
არა, ჯერ თქვენ, თქვენ...
არა, ახლახან გეახელით...
ნედლი ხორბალი?
არა, უმი რძე...
ყმა ჩაფიქრდა და, წამოთქვა მერე:
- მაშინ, ტაბლაზე დავახვავენ და ორივემ თანავდროულად მივირთვათ, მოკვდავთა შორის გამორჩეულო.
შეექცეოდნენ, ნედლ ხორბალს.
კლდოვან თუ ფხვიერ მთელი დედამიწის ზურგზე, უპირველეს საკვებს საღი კბილებით ღეჭდნენ ყმაწვილი ლაერტე და გამობრძმედილი სკირონი.
და უცებ, ცაზე, სკირონის წერო ისრად აიჭრა, ძვირფას ყრმას არ მიუქცევია ყურადღება, სკირონს კი, ფრინველთა ფრენის მეცნაურს, მჭახედ ჩაესმა: ; „აკი გითხარ რომ, მოდიან, მოდიან... მოეშშურებიააან!.."
და ერთიანად აკრეფილ სკირონს, ნაწყვეტ-ნაწყვეტადღა ჩაესმოდა ყრმის აღელვებული მონაყოლი:
- ვრცელი ატლანტოსის... ნიმფა კალიფსომ შემიკედლა... მერე თითქოს თვალში მოვუვედი... მაგრამ მერე უბრალოდ გამომიშვა... გამოშვებამდე, ხერხემალზე ცბიერად დამისვა ხელისგული... მაღლივკენწეროვანი ანძა...
- ძვირფასო ყრმაო, არ დაგიღამდეს, - უთხრა სკირონმა, მოგზაურები გამოჩნდნენ შორით, - და რადგან სატევარი ჩემის წყალობით დაკარგე, ჰა, შენი იყოს, - და თავისი კეთილადმომაკვდინებელი მახვილი მხარიღვლივ ჩამოჰკიდა.
- მერედა, შენ რაღას იზამ უმახვილოდ , მსუნთქავთა შორის უმამაცესო, არ გამოგართმევ.
- მე სხვაც ბევრი მაქვს, - უთხრა სკირონმა, - მშვიდობით დაბრუნებულიყავ ფიცხელკლდოვან ითაკაში, მეფედ შერაცხილს, გათენებიდან მზის მიდრეკამდე ხალხზე გეზრუნოს, ხოლო ღამით კი... ეე... წვივებლამაზი, მშვენიერთმება და თეთრმკლავება ქალი დაგესვას ცოლად, და ღამით იმასთან ერთად გენებივროს ლამაზ მოჩუქურთმებულ საწოლზე.
ამო წარმოსახვანი აეშალა ითაკელ უფლისწულს, თვალი მიელულა...
- შვილი კი გმირთა გმირი გეყოლება, დიდრონ ქალაქთა შემმუსვრელი.
ყურები სცქვიტაყმაწვილმა მოგზაურმა:
მართლა? რა იცი...
სახელიც ვიცი – ოდისევსი.
- რა იცი...- უმწეოდ გაიმეორა ითაკელმა და, უცებ შეკრთა და თვალებადქცეული მიაჩერდა, თვალსხივოსანი ათინა ხომ არ ხარ შენ?
- არა, ჭაბუკო...სკირონი ვარ მე. - თვალში შეხედა, - ერთსა გთხოვ მხოლოდ – ჩემზე ნურც ავს იტყვი და ნურც კარგს. კარგი?
აგრე ვიქმ, მოკვდავთა შო...
- კეთილად გევლოს.
რომ გაისტუმრა, მოსასხამი მხრების შერხევით იქვე მიაგდო, მახვილისათვის მღვიმეში არც შებრუნებულა, მაგრან ორიოდ პეშვი ხორბალი ჩაიყარა ქიტონში,ზედ ღვიძლთან გრძნობდა.
თავის ბექობზე იდგა ისევ, ჩამოქნილი და აწურული.

2.

ყოვლად დამპყრობელო ქალბატონო, დიდო სენიორა ანნა, მანიანი!..
აის ქართველი ცოტათი რომ მოგვიყვინჩილდა, რამდენი წლით გადაავიწყდით, წარმოგიდგენიათ? მაინც როგორ გაგიბედათ ეს, სრულიად იტალიის დედოფალსა და დამპყრობს, მფლობელს აიმ ქვეყნისა, რომელსაც რომ ისეთი პირმშოები ჰყავდაა...რომელი ას-ერთი.
ისევ შეგიდგათ, მერე.
არ გეგონოთ რომ, თავისი ქვეყნის, ანუ საქართველოს დიადი ქალები გადაავიწყეთ, არა, ბატონო იმას სხვებსავით ეამაყებოდა თამარ მეფე და ბევრზე მეტად ეთაყვანებოდა ქეთევან წამებულს, იმას სულში ძლიერ ჩაჰბეჭდვოდა ისევე როგორც მოყმის ამაღლებულზე ამაღლებული დედა, ვეფხვის დედასთან მისასამძიმრებლად მიმავალი, ასევე – კოხტად უბრალი გოგო თებრონე, მხარკოკიანი... მაგრამ სახე და, რაც მთავარია, მოძრაობები არ იცოდა მათი და, უფანტაზიოს, რა ექნა, საწყალს... - თქვენ შემოგიდგათ. მაგრამ ისე ძალიან რომ, ისე ძალიან, რომ განუყოფელ, ამაღლებულ ნაწილად რასმეს გთვლიდათ თავისი თავისას, და ხანდახან კი ისე შეტოპავდა, თქვენზე თქმული რამ—პირში მიხლილ საკუთარ ქებადაც კი მიაჩნდა და, აი ეს—ისე, რომ როცა ერთმა დარბაზის წინ წარმსდგარმა კინომცოდნემ ერთ ძალიან გამოჩენილ კინოვარსკვლავზე თქვა: „ის, რა თქმა უნდა, ვერაა ანნა მანიანი, მაგრამ უდიდესი მსახიობია"--აიმ ქართველმა ასეთი პირშიმთქმელური შექებისათვის, ერთი ისეთი დაირცხვინა?--გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ხოლო მაშინ კი რა დაემართებოდა, როცა თვით კოსმოსში, თავად კოსმოსში, სულ-სუ პირველად სახელებიდან და გვარებიდან თქვენი სახელი და გვარი გაისმა, და ჩამოგვეწოდა აქ, უერლლაღკაცოდ ორიოდ საათით დარჩენილ ადამიანებს, რადგანაც თურმე იმ მართლა კაცმა, იმ უდიდესი გამოცდისა და განსაცდელისას, თავისი მომხიბვლელი ღიმილით გაიღიმა, და, შემოგვითვალა, თურმე: ,,დე, გაუმარჯოს მთელ კაცობრიობას, და ანნა მანიანის". - ! - როგორი იქნებოდა იმ ქართველისთვის ამის გაგება: იქით – მთელი კაცობრიობა და აქეთ – თქვენ , ყოვლის დამპყრობელო სენიორა, დიდო ქალბატონო ანნა, მანიანი, და რაღაა გასაკვირი, კაცობრიობიდან ერთი ქართველისაც შედგომილი გული რომ დაიპყარით, რომელი დიდრონი დასახლებები აღდგომიათ წინ, სად არ შეჭრილხართ თქვენი სახითა და, კიდევ უფრო, მოძრაობებით, მაგრამ ერთგან კი განსაკუთრებით დაივანეთ, დამპყრობელმა – აბა რომელი ბატები გადაარჩენდნენ თქვენგან თქვენს დედაქალაქს, რომს.






3


თავის ბექობზე იდგა ისევ, ჩამოქნილი და აწურული.
მოდიოდნენ და, ქვაზე ფეხი რომ არ წამოეკრათ, ვიწრო უსწორმასწორო გზას დასცქეროდნენ თავჩაღუნულიმგზავრები.
ძალიან ქვემოთ, დაბლისკენ, ზღვაში თავი აღეღო უზარმაზარ კუს, მოშიებული ამოიყურებოდა.
სხვებზე მოუქნელად მოაბიჯებდა ძვირფასქიტონიანი მგზავრი, ყოველი ნაბიჯის წარდგმისას, ნაზი ფეხისგულები სტკიოდა, ვერა შველოდა სქელი სანდლები. ისე კი, რაღაც ზონზროხად ჯანიანი ჩანდა, ძალიან დაებერა მსხვილი მკლავები, მსახურებივით, იმანაც შეცბუნებულმა აიხედა და, ბექობზე მდგარი რომ დაინახეს, სუყველას ენა ჩაუვარდათ, ერთი მსახურის თავზარდაცემულმა ხმამღა გაჰკვეთა საღამოსპირის უმოძრაო, ბლანტი ჰაერი:
სკირონიი, სკირონ!!
ტვირთი კი არა და, მახვილებიც გზაზე დაჰყარეს. ზურგგრიგალ-ჩამდგარნი, ვინ ვის უსწორებდა...
ერთიღა დარჩა. შეძრწუნებისაგან, ცივი ოფლით უსველდებოდა ძვირფასი ქიტონი, და მთლად დამზრალი ასცქეროდა სკირონის ქანდაკს.
აქეთ ამოდი.
ხმას ვერ იღებდა, ცდილობდა კია.
-ამოდი-მეთქი!
შიში ძალიან ბევრნაირია, ძლივს ამოღერღა:
-ვერ შემიძ...-ყელი გაუშრა.
-მე მოვიდე მანდ?
და იგივ შიშმა კოხტად აამეტყველა:
-არა, ნუ მოხვალ, სასურველო! მაგრამ სკირონი წინ აღემართა; ის დამრეცი კლდე მოგზაურის მანამდე დაჭყეტილი თვალების ორიოდ დახამხამებაზე როგორ მსიბუქად ჩაირბინა მაინც...
-რა გქვია.
-ქთესიპე მქვია, ღმერთების ნებიერო.
-შენ რა იცი რომ, ღმერთების ნებიერი ვარ.
-ღვთაებრივ აღნაგობაზე გეტყობა, სათაყვანებელო.
-ეგ ნებიერი აღარ გამაგონო. ვაჭარი ხარ?
-პატივცემულო, კი.
ახედ-დახედა სკირონმა, გაქონილი სახე შეუთვალიერა.
არა, არ იყო სიცოცხთის ღირსი.
მაინც დაეკითხა:
-შენ-ლაჩარი ხარ?
მოგზაური მთელი წუთით დაფიქრდა და, აწეწილი ტვინიდან სასურველი პასუხი გამოიძებნა:
-კი, როგორ არა, დიახ, დიახ, პატივცემულო, ვარ, აბა არ ვარ? მკლავებმშვენიერო.
სკირონი ზიზღით შეიჭმუხნა, უთხრა:
-რა მშვენიერი სატევარი გაქვს, ქთესიპევ. სულ არა ხმარობ?
მგზავრმა აქაც იფიქრა, იფიქრა, იწვალა და მიუგო.
-არა, არც ისე...
-დიდებულია.
-რომ არ ვხმარობ?--შექებისგან, სიხარულით ათრთოლდა მგზავრი.
--არა, ეგ შენი სატევარი. აი მე,--ოდნავ გაშალა ხელები,--არ მაქვს.
მგზავრმა მყისვე ჩამოიგლიჯა იარაღი და, ტარით გაუწოდა: --აჰა, ინებე, ოღონდ გამომართვი და, ძალიანა გთხოვ, სათაყვანებელო...
სკირონმა გამოართვა და თქვა:
მაინც ტყუილად დაათრევ და... სადაური ხარ?
მგზავრმა ამაყად შემართა თავი:
-შორითსაჩინარი პილოსია სამშობლო ჩემი, და მწვანედ აბიბინებულ ველებზე ფიცხელძროხებიანი ჯო...
-მუშტარს, ძლიერ ყვლეფ?
-როგორ...
-ყვლეფ-მეთქი, მუშტარს?
აქ მოგზაურმა სიტყვები ძალიან დააფაცურა:- აჰ, არა, არა, პატივცემულო, მე ისეთი ადამიანი კი არა ვარ. ზოგიერთივით, რომ ჩემი მუშტარი რატომ უნდა...- მაგრამ სკირონმა გააწყვეტინა:
-ყვლეფ.
ქთესიპემ ძაან დახარა თავი, თქვა:
-ვყვლეფ.
-ამოალაგე.
ვაჭარი ახლა სხვანაირი შიშით თრთოდა, მაგრამ თავს სძლია, და გონივრული მხიარულებით მიმართა ყაჩაღს:
აჰ, როგორ არა, როგორ არა, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, პატივცემულო...
მზე ჩასულიყო, დიდად შუქმფენი ჰელიოსი, მაგრამ იმ ბაც ჰაერშიც კი, მბზინავი ოქროს დრაჰკანები ამეტყველდნენ სკირონის ფერხთით.
ხომ სასიამოვნოდ შემსუბუქდი?
მგზავრმა მიუგო:
კიჰ.
და უცებ ყოვლად წარმოუდგენელი უცნაურობა ჰკითხა ყაჩაღმა:
ქთესიპე, გიყვარვარ?
როგორ?
გიყვარვარ-მეთქი, ქთესიპევ?
ოჰ, ძლიერ, ძლიერ, ისე ძალიან მიყვარხარ რომ, - გამოცოცხლდა მგზავრი, -
ბნელ ღამეობით ვითარც მაშხალა, და როგორც...
- და სიყვარული რომ არ არის? - თავისთვის, მალვით დასევდიანდა,... - როგორღა გიყვარვარ?
თავი დახარა მგხავრმა, გულაჩუყებით წარმოსთქვა:
- აბა რა ვიცი. მიყვარხარ და, მორჩა.
და, სიყვარული,- მკაცრად შესცქეროდა,- რომ არ არის?
- როგორ არ არის, ფული იყოს და,- და თავის ყოფულ დრაჰკანთაგან ერთ – ერთ დაჩერებული, იქით დაეკითხა- აბა რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?- და წამოწითლდა,- როგორც ვაჟკაცი.
არა, არ იყო სიცოცხლის ღირსი.
- რაღად კანკალებ.
ეე... აი, ეეე... სიყვარულისგან, სიყვარულისგან!
არ იყო, არა,სიცოცხლის ღირსი.
საყელოში ჩასჭიდა მარწუხებივით თითები, და ხელის ერთი მკვეთრი დაქნევით ძვირფასი ქიტონი ჩამოახია:
ასე უფრო ძაან გიხდება. ხომ?
რაღა თქმა უნდა, პატივცემულო,- ხომ.
მაინც გიყვარვარ?
უფრო ძალიან, სათაყვანებელო... და პატივსაც გცემ!
და ყაჩაღი რომ ვარ?
რა უჭირს მერე... ერთი ცულის ტარზეო... ოღონდ გამიშვი, მერე.
არრა, არ იყო სიცოცხლის ღირსი. და ერთიც ჰკითხა:
იმსხვებთან ერთად, რად არ გაიქცევი...
მოგზაურმა დაირცხვინა,თავი ჩაღუნა:
_ ძალიან მტკივა ფეხისგულები.
აქ შეცბა კიდევ სკირონი, არა სჩვეოდა უსუსურთაკვლა. ახედა, დახედა... არ იყო, არა, სასიცოცხლო, მაგრმ ასეთი უმწეოს... და ზიზღით შეაქცია ზურგი:
_ გამიშვიხარ წადი.
იდგა, ფიქრობდა.
რაღაცა სლიპი მოედო წვივზე. დაიხედა და მკვეთრად შემობრუნდა- მადლობის ნიშნად, შვებამოგვრილი და მუხლმოყრილი მგზავრი ფეხზე ჰკოცნიდა! გონება აემღვრა სკირონს, ქეჩოში ჩაბღუჯა, წამოაყენა:
_ აქეთ წამოდი.
აიმ თავისი, ცეცხლური რისსხვით ავარვარ,ემბულს, კოჭლობა- კოჭლობით ასდევნენოდა მგზავრი. გადასაძვრომთან, იღლიებში ხელები ამოსდო ვაჭარს, იქით გადასვა, გადაჰყვა თვითონაც და, ქვის სავარძელში ჩაჯდა.
შეხედა.
სკირონისაკენ გადმოხრილიყო ზედ კლდის ქიმზე უნებურად შემდგარი მგზავრი, ქვემოთ ჩახედვას ვერა ბედავდა, იმან კი, ყაჩაღმა, დოქს აზიზად წამოავლო ორი თითი, და ვაჭრის ოფლიანი იღლიებით გაბინძურებული ხელები რიგრიგობით გადაიბანა. მერე მოგზაურს გაუწოდა მძიმე ჭურჭელი, უთხრა:
თუ გინდა, ქთესიპევ, ფეხები დამბანე.
-უჰ, როგორ არა, როგორა არა, აქამდე როგორ ვერ მოვიბიქერე,- და მძიმე დოქი ფერდზე იდაყვით მიიკრა, მუხლიც შეაშველა, ძალიან ფრთხილად გადმოხარა, საქმეს შეუდგა, და მალე ისე გაიტაცა ფეხების ბანვამ, რომ აღიღინდა, აღიღინდა კიდეც!, დოქიც-თანდათან მსუბუქდებოდა და შვებამოგვრილს, ეშხში შესულს, აღტაცებაც კი მოჰგვარა სკირონის ფეხის თითებმა, დაჰღიღინებდა, მათ: რა კარგე-ბია-ააო, რა კარ-გებ-ა-ააოო, ჰეე...- ახხჰ!
სკირონის ქუსლით მკერდშელეწილი, ჯერ საზარელი კივილით მიჰქროდა დაბლა, და საღამოსკენ მიდრეკილ ჰაერს წივილით ჰკვეთდა მისი გაჩაჩხული ხელ-ფეხი, მერე კი, გზაში, ალბათ გონება დაჰკარგა, რადგან აღარაფერი ამოისმოდა, თუმცა, რაღა ხმა ამოაღწევდა იმსიშორიდან, ზღვისკენ დიდდებოდა ვაჭრის სხეული, მაგრამ ზემოდან კი ისე ჩანდა, თითქოს ძალიან ნელა და ძალიან დინჯად პატატავდებოდა მისი ცრუტანი, მაგრამ სკირონს თვალი არ ჩაუყოლებია, ქვის სავარძელში იჯდა ისევ, დაფიქრებული; მერე მძიმედ წამოდგა, მღვიმისკენ შეჭმუხნილი გაეშურა, რაღაცა სურდა, და მიაგნო კიდეც: ქიტონში ჩაიყო განბანილი ხელი, იქ უმი შვება მოიძია, ნელა ისვამდა ხორბლიან პეშვს შუბლზე, თვალებზე, გულზეც მიიდო, ძალიან ქვემოთ კი, ჩასაკარგავში, ვაჭრით გამოწვეული დიდი ტალღები რომ დაშოშმინდნენ, ნელა გამოსცურა და, კუჭამწვარმა მაინც მისჯჯილი სიზანტით ჩაკბიჩა უიღბლო მოგზაურის თავი ვეებერთელა, უზარმაზარმა კუმ. თანაც, ღეჭვისას, ზევითკენ, მაღლა, მადლიერებით აიხედა,- იცქირებოდა.
ელამი იყო.



4

ყოვლად მომქანცველო ქალბატონო, დიდო სენიორა ანნა, მანიანი...
რა იყო მაინც, იმ ერთ ქართველს როგორ ძალიან აედევნეთ კი არა, არამედ აიღეთ დაპირდაპირ შუაგულ ოცნებებსა და წარმოსახვებში ჩაუსახლდით; ისე ძალიან რას ერჩოდით რომ, მთლად დაუპყარით – რომელი ერთი ჩამოვთვალო – თვალი, გონება, გრძნობა, და... ყველაზე მეტად სიტყვამფრქვევლებში, თვით იტალიელებშიც კი გამოირჩეოდით რაღაცა ზესწრაფ წინადადებათა მიფენ-მოფენით, და ამ სხაპასხუპითი ამძლავრებისას, ცამდე მართალი ბრძანდებოდით მუდამ, რადგან სხვა თუ სიცრუედ ამოთქვამდა რამეს, თქვენ ბაგეთაგან იგივ სიტყვები – სიმართლე იყო, ალბათ იმიტომ, მთელი სხეულით რომ გჩვეოდათ ამეტყველება, იტალიელთა სიქადულო, მათო გამრიგევ, ანნა... მანიანი. ან დოინჯს რო
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1485 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/1
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები