პარასკევი, 26.04.2024, 18:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » დიმიტრი არაყიშვილი – ბიოგრაფია.
22:57
დიმიტრი არაყიშვილი – ბიოგრაფია.

დიმიტრი არაყიშვილი – Dimitri Arakishvili (1873-1953)

დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი დაიბადა 1873 წლის 11 თებერვალს (23 თებერვალი), ვლადიკავკაზში. სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში – არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში.

ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები – რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი” (ლექსი ი. ჭავჭავაძისა) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.

მოსკოვში ყოფნის წლებში (1894-1918) არაყიშვილმა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებსა და მეცნიერებთან (ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ს. პასხალოვი, მ. პიატნიცკი).

ამ პერიოდში იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ფოლკლორს. ხალხური მუსიკის შემოქმედებისადმი ინტერესმა იგი მჭიდროდ დააკავშირა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ სამუსიკო-ეთნოგრაფიის კომისიასთან.

ამ კომისიის დავალებით არაყიშვილმა ოთხი (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა.

1906 წელს არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა "სახალხო კონსერვატორიას”, სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი "მუზიკა ი ჟიზნი”, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა.

ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის "მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა”, რომელსაც სათავეში ედგა ა. სუმბათაშვილ-იუჟინი.

შემოქმედება

საზოგადო, პედაგოგიურ და მეცნიერულ მოღვაწეობა არაყიშვილი დაძაბულ შემოქმედებით შრომას უთავსებდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი ოცზე მეტი საუკეთესო რომანსები, ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე” (1904), რომელიც 1919 წელს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა (ამ ნაწარმოებით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია), სიმფონიური სურათი "ჰიმნი ორმუზდს” ("საზანდრებს შორის”, 1911) და ბევრი საგუნდო ნაწარმოები.

1918 წელს დ. არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად მან მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება დაისახა. 1921 წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-1930 დ. არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი.

1932 იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. საბჭოთა პერიოდში არაყიშვილის შემოქმედება გამდიდრდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით (კომიკური ოპერა "დინარა”, სიმფონიები, კანტატა).

არაყიშვილის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. მეტად მრავალფეროვანია არაყიშვილია სარომანსო შემოქმედების ლიტერატურული-პოეტური საფუძველი (ჰაფიზი, ა. პუშკინი, ა. ფეტი, ი. პოლონსკი, ა. მაიკოვი, ი. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გ. ქუჩიშვილი, გ. ტაბიძე), მისი რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და გამომხატველობით, ფორმის პლასტიკურობითა და ლაკონიურობით, ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია "ივერიის მთებზე”, "ნუ მღერი, ლამაზო” ( პუშკინი), "აღსდექ, შეინავარდე”, "ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი”, "სიოვ ნაზო” (ჰაფიზი), "ვარსკვლავიანსა ღამეს” ( ა. ფეტი), "მე შენ გელი” (მ. დავიდოვა), "ღამეა ბნელი”, "შემოღამდება”, "ურმული” ( გ. ქუჩიშვილი), რომლებიც ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში.

საგულისხმოა, რომ მრავალრიცხოვანმა რომანსებმა ნიადაგი მოუმზადა არაყიშვილის ოპერას "თქმულება შოთა რუსთაველზე”. ოპერის სტილისტური თავისებურებები იმავე ინტონაციური საწყისებით განისაზღვრება (ძველი თბილისის მუსიკალური ფოლკლორის აღმოსავლური ნაკადი), რომლიდანაც არაყიშვილის სარომანსო მუსიკა აღმოცენდა. ოპერას საფუძვლად დაედო ხალხური თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთ დრამატული ეპიზოდის შესახებ (ლიბრეტო ალ. ხახანაშვილის, ს. შანშიაშვილის, ი. მჭედლიშვილის).

სიუჟეტის ინტიმურმა ხასიათმა და რომანსული ფორმების ფართო გამოყენებამ ოპერას კამერული ხასიათი მისცა. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა (შესავალი, თამარის კავატინა, შოთას არია, მგოსნის სიმღერა, ურმული, აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი).

უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან ერთად ( მ. ბალანჩივაძე, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე) არაყიშვილი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად. 1929 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება, 1950 წელს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 13 აგვისტოს, თბილისში. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები