პარასკევი, 26.04.2024, 06:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » ქართულ ტაძრებს უმოწყალოდ ანადგურებენ.
11:49
ქართულ ტაძრებს უმოწყალოდ ანადგურებენ.
ქართულ ტაძრებს უმოწყალოდ ანადგურებენ
" ჩვენს სიწმინდეებს იპარავენ, წვავენ, აფეთქებენ, სამუზეუმო ექსპონატები კი კრასნოდარში გააქვთ "

აფხაზებმა ბედიის ტაძარში ტროტილი ააფეთქეს. ბაგრატ მესამის საფლავის ქვა ნამსხვრევებად არის ქცეული. უმოწყალოდ იძარცვება დანარჩენი ქართული ეკლესიებიც. რუსებმა და აფხაზებმა ხატები და სხვა სიწმინდეები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაზიდეს. ქართული სამუზეუმო ექსპონატები კრასნოდარშია გატანილი.


ბედიის ტაძარში, რომელიც ქართული მხარისგან უკონტროლო ტერიტორიაზე მდებარეობს, აფეთქების ხმა ერთი თვის წინ გაისმა. ეს ბაგრატ მესამის მიერ აშენებული ტაძარია, რომელიც მაშინ აიგო, როდესაც საქართველო ერთიანი იყო, საქართველოს მეფეს კი რეზიდენცია სწორედ აფხაზეთში ჰქონდა. ომის დაწყების დღიდან ბედიის ტაძარს ყველა ”ერჩის”. აფხაზები მას იარაღის საწყობადაც იყენებდნენ. ბედია რამდენჯერმე დაზიანდა, ახლანდელი აფეთქება კი აფხაზების უკანასკნელი გამოხდომაა.


რუზგენ გოგოხია, ყოფილი 244 ბატალიონის მეთაური: ”არ ვიცი, უშიშროებას ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს თუ არა. ისე, ზუგდიდიდან 50 კილომეტრში მომხდარი ამბავი კი უნდა შეიტყონ. შეიძლება, ხალხს უმალავენ. მომხდარის შესახებ მე იმ ბიჭებმა მითხრეს, რომლებიც მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყვნენ.

უკვე წამოსვლას აპირებდნენ, დიდი აფეთქების ხმა რომ გაიგეს. იმ ღამეს იქ დარჩნენ და დილით ამბის გასაგებად გავიდნენ. ბედიის ტაძარი დაზიანებული, ბაგრატ მესამის საფლავის ქვა კი მიწიდან ამოვარდნილი და დამსხვრეული დახვდათ.

ამას ჩვეულებრივი ხელყუმბარით ვერ გააკეთებდნენ. ჩანს, ტროტილი გამოიყენეს. დამნაშავეების სახელები და გვარები, რა თქმა უნდა, არ ვიცი. იქ ათასგვარი რჯულის ხალხია. ახლაც გალის ერთ-ერთ სოფელში 4 არაბი ჰყავთ მობილიზებული. რა უნდათ და რას აკეთებენ, არავინ იცის. შეიძლება არამართლმადიდებლების ხელითაც გაკეთდა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთია, იქ სეპარატისტების მითითების გარეშე არაფერი ხდება”. 

თავად ბაგრატის ტაძარი ამ შემთხვევაშიც გადარჩა. თუმცა, იგი ძლიერაა დაზიანებული. უპატრონოდაა მიტოვებული სხვა ქართული ძეგლებიც. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი პაატა დავითაია ამბობს, რომ აფხაზეთის ეკლესიები უმოწყალოდ იძარცვება. მისი თქმით, კრასნოდარის არქეოლოგიურმა სამსახურმა აფხაზებთან ხელშეკრულება დადო და ქართველებისგან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გათხრების წარმოება დაიწყო. სოხუმის მიდამოებში არსებობდა პირველყოფილი თემური წყობილების დროინდელი სამარხები, რომელიც ახლა გაძარცვულია

. სოხუმის სახელმწიფო მუზეუმიდან გაიტანეს ჩაძირული ქალაქის, დიოსკურიის ნაშთებიც. 

”რასაც ნახავენ, გააქვთ. ზოგი ფარულად არის გაყიდული და კერძო კოლექციებში დევს, ზოგიც კრასნოდარში წაიღეს. გაძარცულია ილორის და დრანდის მე-7 საუკუნის ეკლესიები. რუსები ჩამოდიან და პირდაპირ კედლებიდან ხსნიან ფრესკებს. ასევე მოზაიკასაც ნაწილ-ნაწილ ხსნიან და შემდეგ ადგილზე აწყობენ. გამკითხავი არავინ არის”, - ამბობს დავითაია.


ამას წინათ მან ჰააგის სასამართლოში წაიღო მასალები, რომელიც აფხაზების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს ასახავს. მკვლელობებისა და ხალხის წამების გვერდით, გაქურდული ეკლესიების ისტორიაც არის აღწერილი.


ილორის ეკლესიის გაქურდვაზე რუზგენ გოგოხიაც საუბრობს. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აფხაზეთ-სამეგრელოს უდიდესი სალოცავია. ილორის მოსალოცად ხალხი ხშირად ფეხშიშველი ან საერთოდ ჩოქვით მიდიოდა. ომმა ამ ტაძარსაც თავისი კვალი დაამჩნია. ”აფხაზეთი რომ დავკარგეთ, სოფელ ფოქმუშის ოთხმა მცხოვრებმა ილორის ეკლესია გაძარცვა. აქედან სამი მალევე მოკვდა, ერთი კი გაგიჟდა. მისმა მშობლებმა რჩევისთვის ვიღაც მოხუც ქალს მიაკითხეს. მან უთხრა, თუ ყველაფერს უკან არ დააბრუნებთ, თქვენი ვაჟიც იმ სამის ბედს გაიზიარებსო. ამის შემდეგ დაუბრუნებათ წაღებული, ტაძარი გადახურეს კიდეც”, - ამბობს გოგოხია.

ილორის მოსალოცად 2002 წელს მამა კონსტანტინე (კოღუაშვილი) ჩავიდა. იგი თბილისში მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს. ილორის ეკლესია მას საუცხოო მდგომარეობაში დახვდა. თუმცა, მისთვის უცნობია, დაიკარგა თუ არა მის ჩასვლამდე ტაძრიდან საეკლესიო ნივთები. ”2002 წლის შობას, ღვთის ნებით, ორნი მოძღვარი და ერისკაცი ილორში ჩავედით. იქ ჩასვლის სურვილი დიდი ხანია მქონდა.

აფხაზ მღვდელთან მამა სერგისთან ერთად წირვა ჩავატარეთ, მე ქართულად, მამა სერგიმ კი აფხაზურ-რუსულად. იმ დღეს ქართველები და აფხაზები ერთად ვიდექით და ხელში უწმინდესის გამოგზავნილი კელაპტრები გვეჭირა. ჩვენს მიმართ აფხაზების დამოკიდებულება ძალიან გულთბილი და ღია იყო. მე იქიდან კმაყოფილი დავბრუნდი. რაც შეეხება ტაძრის მდგომარეობას, ნეტავი ისე მოვლილი და დასუფთავებული ბევრი იყოს აქ.

არავითარი ძარცვის და ნგრევის კვალი არ შემინიშნავს. თუმცა, მსმენია, რომ ბედიის ტაძარი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. კარგი იქნებოდა, იქ ჩასვლას თუ მოვახერხებდით, ხელს თუ ვერ შევახებთ, თვალი მაინც გადაგვევლო. 

”ახალი ვერსია” ძეგლთა დაცვის დეპარტამენტსაც დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, ბედიის ტაძრის აფეთქების შესახებ თბილისში არავითარი ინფორმაცია არა აქვთ. რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებს, ამ ფაქტს დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა გაფრინდაშვილიც ადასტურებს.


”რუსეთის მეცნიერებათა საკავშირო აკადემია აფხაზებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს. ეს მათი მხრიდან გაუმართლებელი საქციელია. რუსეთი საქართველოს მთლიანობას ოფიციალურად აღიარებს, შესაბამისად, რუსეთის მხარეს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურიდან და მეცნიერებათა აკადემიიდან ე.წ. ღია ფურცელი, ანუ ნებართვა უნდა აეღო. აფხაზეთში გათხრების ჩატარების უფლება არქეოლოგებს მხოლოდ ამის მერე ექნებოდათ. რაც შეეხება ეკლესიების ძარცვის დანარჩენ ფაქტებს, ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს”, - ამბობს გაფრინდაშვივლი.


მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აფხაზეთში შესვლას და მონიტორინგის ჩატარებას გეგმავს, რათა ყველა ყურმოკრული ინფორმაცია ადგილზე შეისწავლონ. ამგვარი მონიტორინგი 2 წლის წინ ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა. ძეგლთა დაცვის დეპარტამენში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობისგან მხარდაჭერა ექნებათ, ბოლოდროინდელი დაძაბულობა აფხაზეთში შესვლას ხელს არ შეუშლის.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1162 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები