შაბათი, 27.04.2024, 00:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ზაზა შათირიშვილი – “მერაბ მამარდაშვილი”.
16:47
ზაზა შათირიშვილი – “მერაბ მამარდაშვილი”.

მერაბ მამარდაშვილის ძეგლი. მოქანდაკე ე. ნეიზვესტნი – Merab Mamardashvili. E.

Neizvestny


ნაწყვეტი წერილიდან "ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან”

ინტერვიუ ზაზა შათირიშვილთან
ნინო ბექიშვილი

- შევარდნაძის ეპოქაში იყო მერაბ მამარდაშვილზე საუბარი, ვთქვათ, მისი "მოშინაურების” მცდელობა, თუნდაც მაშინ, როცა ერნსტ ნეიზვესტნის ცნობილი ძეგლი დადგეს. დღეს მამარდაშვილზე ნაკლებად საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, რატომ? მამარდაშვილი აქცენტს პიროვნების პასუხისმგებლობაზე, ისტორიის გააზრებასა და შეფასებაზე, ამავე ისტორიაში "ჩართულობაზე” აკეთებდა, რამდენადაა ჩვენი საზოგადოება დღეს "ჩართული” ისტორიაში?

- სწორედ მამარდაშვილი ამბობდა, თუ დასკვნები და გამოცდილება არ გამოვიტანეთ, შემდეგი წელი 1987 კი არ იქნება, არამედ – 1937 წელიო. საუბარი იმაზე კი არ არის, 30 მილიონი კაცი დახვრიტეს, თუ 3 კაცი მოკლეს. ლაპარაკია გარკვეულ სიტუაციაზე, სადაც არის "შეთქმულების თეორია”, სწორედ იქაა 37 წელი. ეს კონსპიროლოგიური მომენტი ნებისმიერ ელიტას ახასიათებს, უფორმო მასისგან რაღაცას გაკეთებას რომ ცდილობს…

როცა მამარდაშვილი ლაპარაკობდა ისტორიაზე, გულისხმობდა რაღაც ისეთს, რაც მარადიულია, მეტაფიზიკურია, გულისხმობდა იმას, რაც ისტორიის საფუძველში დევს. ისტორიას მამარდაშვილისთვის ორი ძირი ჰქონდა – ანტიკური და ქრისტიანული. ანტიკურში ის გულისხმობდა თავისუფლების იდეას, ქრისტიანულში – პიროვნების. პიროვნებისა და თავისუფლების გადაკვეთა წარმოშობს იმას, რასაც მამარდაშვილი ევროპასა და ისტორიას ეძახდა. პრინციპში, ეს მისთვის ერთი და იგივე იყო. ამიტომ ამბობდა – ევროპა შეიძლება იყოს ტოკიოში, მაგრამ არ იყოს – მოსკოვსა და თბილისშიო, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო არ არის ქრისტიანული. მამარდაშვილი ლაპარაკობდა ძალისხმევაზე, მარტო დგომის რისკზე, აქ პროტესტანტული (ფართო, არაკონფესიური გაგებით) მარტო დგომა იგულისხმებოდა მეტაფიზიკური რეალობის, ღმერთის წინაშე. მას უყვრდა ეს გამოთქმა – "რისკიანი მარტო დგომა”. ამიტომაც, კირკეგორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. სხვებიც, მაგრამ კირკეგორთან კარგად არის ეს გამოხატული. ჩვენს ურთიერთობებში, როგორც რუსულში, ისე ქართულში, ის ხედავდა რაღაც კოლექტიურ მომენტს, როცა ყველას ესმის ერთმანეთისა და მიიჩნევდა, რომ აქედან ამოხტომა იყო აუცილებელი. მას მიაჩნდა, რომ საქართველო იმით განსხვავდება რუსეთისაგან, რომ ქართველებს გვიყვარს სიცოცხლე, მაშინ, როცა რუსული ცხოვრება ჯოჯოხეთია. სიცოცხლის სიყვარული არის რაღაცნაირი პირობა, მაგრამ არა გარანტია ევროპაში, ისტორიაში დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, მისთვის ევროპა ბევრად უფრო სხვა რამე იყო, ვიდრე – ევროკავშირი, ნატო და ა. შ. მისთვის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ზედაპირული მომენტები იქნებოდა, განსხვავებით იმ სიღრმისეული დაბრუნებისაგან ევროპაში, რასაც მოვწყდით და რაზეც ის ლაპარაკობდა. შეიძლება, ჩვენი ევროპელობა ლეგენდაა, ალბათ, ასე იტყოდა მამარდაშვილი, მაგრამ ჩვენ ამ ლეგენდის მიხედვით გვესმის საკუთარი თავი და, შეიძლება, ეს ლეგენდა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე რეალური ფაქტები.

მამარდაშვილის აზროვნების და ფილოსოფიის მთავარი მომენტი ძალისხმევის მომენტი იყო. ანუ ის, რომ, თუ რაღაც ხდება, ის ყველგან ხდება ერთნაირად, და ისტორიაც, რაღაცნაირი აზრით, ყოველთვის არის. ამ მომენტს ფრთხილად ვუყურებ, და მგონია, რომ რაღაცები მაინც იცვლება.

მაგალითად, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას არ გვესმის ნაციონალიზმის თავისებურება, ქართულის კი არა, საზოგადოდ, – ნაციონალიზმის ფენომენის თავისებურება. ჩვენ გვგონია, რომ ნაციონალიზმი ოდითგანვე არსებობს. ამ დროს, ის XVIII საუკუნის ბოლოს, XIX საუკუნის დასაწყისში ისახება და მერე ვრცელდება.

ჩვენ გვგონია, რომ XIX საუკუნის ქართული ნაციონალიზმი შუა საუკუნეების ქართული სამეფოს გაგრძელებაა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ერთია სამეფო, თავისი იერარქიულობით და სულ სხვა რამეა – ნაციონალიზმი. ნაცია გულისხმობს ეგალიტარიზმს, თანასწორობას.

მაშინ, როდესაც ის, რაც არის ნაციამდე – სამეფო – პრინციპულად სხვანაირია – იერარქიულია და სულ სხვა წესი აქვს ლეგიტიმურობისა. ჩვენ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ლეგიტიმურობაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ საფრანგეთის რევოლუციამდე, ლეგიტიმაციის სულ სხვა წესი არსებობდა. ლეგიტიმურობის წყარო მანამდე იყო არა ხალხი, არამედ – ღმერთი.

როგორც რუსთაველი ამბობს – "მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მისმიერითა”. მეფე ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ეკლესია ადასტურებს მის ლეგიტიმურობას. მეფე ღვითისგანაა. ჯერ კიდევ წარმართ იმპერტორზე ამბობდა პავლე მოციქული – დაემორჩილეთ, სანამდეც შეგიძლიათო.

მერე მეფეს თავს აჭრიან – საფრანგეთის რევოლუციას ვგულისხმობ. ეს რეალური აქციაა, მაგრამ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოდის ახალი რამ, ნაცია ჯდება ამ მოჭრილი თავის ადგილას და ამბობს, რომ ახალ წესებს ნერგავს, რომელთა წინაშეც ყველა უნდა იყოს თანასწორი, აღარ არსებობს დინასტია, იერარქია, აღარ არსებობს არისტოკრატიის პრივილეგიები.

ბურჟუაზია ამბობს, რომ ის არის ნაცია. სწორედ აქედან იბადება ნაციონალიზმი – ერთი კლასი – თითქოსდა ერის ნაწილი – თავის თავს მთლიანობას – მთელ ერს უიგივებს… არისტოკრატია, მეფე და სამღვდელოება ნაციის მოღალატეებად შეირაცხა…

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1480 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები