პარასკევი, 26.04.2024, 23:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » "სიკვდილი"- სიტყვისა და ცნების წარმოშობა.
08:58
"სიკვდილი"- სიტყვისა და ცნების წარმოშობა.

სიტყვა და ცნება - "სიკვდილი" პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2. 17).
ჩვენთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხეში. მტრის ბოროტებამ არ დააყოვნა. ყველა ღვთისმეტყველი თანახმაა, რომ პირველი ადამიანი, უმაღლესი ანგელოზებისა და თავად უფლის მსგავსი, ღვთიური ზეშთაგონებისა და ცოდნისათვის ყველა სფეროში კურთხეული, უცოდველი და უმაღლესი ზნეობის არსებაა.

დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია. 

ჩვენი წინაპრების უდიდესი სრულყოფილების მაჩვენებელია უკვე ის, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ არანაირი მცნებები, არანაირი ზნეობრივი კანონები, არამედ - მხოლოდ უიოლესი მცნება.

ალბათ ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი; სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს. 

სულს არ უმძიმდა სხეული და სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის, პავლე მოციქულის, მსგავსად ჩვენი წინაპარი არ ევედრებოდა ღმერთს: "ვინ დამიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?" მაგრამ ეს ზნეობრივი დაცემა, რომელზეც პავლე მოციქული წუხს, ადამის დაცემისგან განვითარდა. ადამის დაცემასთან ერთად მოვიდა მიწაზე სიკვდილი, როგორც სულის, ისე - სხეულის. `ერთისა მის კაცისათვის ცოდვა შემოვიდა სოფლად და ცოდვისა ძალით - სიკუდელი~ (რომ. 5. 12) - ადასტურებს იგივე პავლე მოციქული.

ასე გახდა სიკვდილი ჩვენი წინაპრებისა და, მაშასადამე, მთელი კაცობრიობის მონაპოვარი. "სიკვდილი" - ვინ არ იცის ეს სიტყვა და ცნება? იგი ცნობილია ველურისთვისაც და განათლებულისთვისაც; კაცობრიობამ ორი ჭეშმარიტება იცის: პირველი, რომ მოკვდება და მეორე - არ იცის - როდის.


ჰოი, რა მწარეა დღე სიკვდილისა და რა საშინელი და საზარელია ხილვა უცნობ და უგვან პირთა...


..რამეთუ, მაშინ სული ისე კრთის, როგორც შიშით შეპყრობილი ფრინველი; ხორცი ისე ძრწის, როგორც დასაკლავი პირუტყვი, ხოლო გონება ბნელდება. რაჟამს ხორციელი სნეულება შეგვეყრება, ყოველივე ეს გვახსოვს და ვფიქრობთ სიკვდილსა და სინანულზე, მაგრამ როგორც კი სენი განგვშორდება, ყოველივე გვავიწყდება. აღარ ვწუხვართ და აღარც ვიხსენებთ საუკუნო სატანჯველს, რომელიც ცოდვილთათვის არის გამზადებული. მართალთათვის სიკვდილი განსვენებაა და არ ეშინიათ მისი, მაგრამ ვაი მას, ვინც უგულისხმოა და უმეცარი ყოველივე ამისა. მოვა ის მიუკერძოებელი მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და ფიცხლად წარიტაცებს ცოდვილებს.

მაშინ სული გლოვით იტყვის: საით გავიქცე, ან როგორ გადავურჩე მომავალ სატანჯველს მე, ასერიგად შებღალული ცოდვითა და ბრალითა?

ხორცი მიუგებს და ეტყვის: ვაი ჩემდა, შენს გადამკიდეს, სულო ჩემო, რამეთუ დასაბამს, როცა შეგიერთდი, ვიყავ უბიწო, ახლა გშორდები და შეგინებული ვარ.
ეტყვის სული: შეწუხებული ვარ მე შენგან, სხეულო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ უცოდველი და შენი შემოსვით ავივსე ცოდვითა და ბრალითა.

მიუგებს ხორცი და ეტყვის: შენ შემიტყუე და მაცდუნე, რამეთუ ყოველი შენი ბოროტება გავიზიარე, შენს ნებას ვასრულებდი, შენს მოსაწონს ვშვრებოდი და წარვიწყმიდე.

ეტყვის სული: მე უფრო ვასრულებდი შენს ნებას, რადგან ბუნებით უბიწო ვარ და შენ მაიძულებდი, მივყოლოდი შენს წესს, ვიდრე შენს ხრწნილებას არ მაზიარე.

მიუგებს ხორცი და ეტყვის: ვაი ჩემდა, რამეთუ სიკვდილი მოგვადგა კარს და ჩვენი სიტყვა ამაოა ამჟამად.

ეტყვის სული: თუ უფალი შემიწყალებს და განმკურნავს ამ სენისაგან, შევინანებ მე ჩემს ცოდვებს.

ეტყვის ხორცი: კარგი სიტყვა გავიგონე შენგან, ჰოი, სულო ჩემო, მაგრამ რით ვირწმუნო, რომ აღასრულებ მას საქმით?

ეტყვის სული: თუ გადავურჩები ამ სენს, ყოველ ჩემს ცოდვას ცრემლით განვიბან ჭეშმარიტად და მარხვით განვიწმინდები.

ეტყვის ხორცი: თუ ამ სენს გადავურჩი, დავიტანჯავ თავს, შევაყენებ და აღარ აღვასრულებ ჩემს ბოროტ ნებას, შრომითა და მღვიძარებით დავადნობ სხეულს.

ეტყვის სული: თუ სიცოცხლეს ვპოვებ და სიკვდილს გადავურჩები, შენ სიწმინდის სახლად და სულიწმიდის სადგურად გაქცევ.

ეტყვის ხორცი: რად არ ვიყავით ასე გულმოდგინენი, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდა?

ეტყვის სული: მე შენს შემოერთებას ველოდებოდი და გულს ყოველდღე მოვაგონებდი სინანულს, მაგრამ ვიდრე განვემზადებოდი, მეწია სიკვდილი.

ეტყვის ხორცი: ვაი ჩემდა, რამეთუ სიბნელემ და სიკვდილის აჩრდილმა მომიცვა, დავიდევ საფლავად და ვიქეც მიწად და ნაცრად.
ეტყვის სული: მიგიშვი შენს ნებაზე და იმიტომაც წარვიწყმიდე.

ეტყვის ხორცი: ნეტავ არასოდეს შეგყროდი, რამეთუ მაცოცხლე მცირე ხანს და საუკუნოდ მომაკვდინე, განმაშორე მართალთა სამყოფელს და გამისტუმრე ჯოჯოხეთად.

ეტყვის სული: რატომ მანამ არ ვსაუბრობდით ასე, სანამ ერთად ვიყავით და ვფლობდით ჩვენს თავს?

ეტყვის ხორცი: რამეთუ ახლაღა გაცხადდა შენი საიდუმლო და შენგან შევიცან, რომ მტვრად და ნაცრად ვიქცევი საფლავში.

ეტყვის სული: ვაი ჩვენდა, ეს რა გვეწია, რამეთუ მოახლოვდა მოძალადე გამთიშველი ჩვენი და შენს მშვენიერ თვალებს ვხედავ დაბნელებულს. სიკვდილის ალმურმა მომიცვა ყოველი მხრიდან და დაშლის იგი ჩემს ძვალსა და ხორცს და მთელს გვამს.

ეტყვის ხორცი: შეგიყვარე ყოველ არსზე მეტად და ვაი, რომ დღეს გშორდები. ამისთვის ვტირი და ვიგლოვ.

ეტყვის სული: არაფერი შემიძენია შენ გარდა სოფელში და აჰა, საცაა, დადუმდება შენი ბაგეები.

ეტყვის სულს ხორცი: ვაი ჩემდა, როგორ გავლიეთ ჩვენი დღეები უქმად და აი მივდივართ მოუსყიდველი მსაჯულის წინაშე და ჩვენი ბოროტი საქმეებისთვის მოგვცემს ცეცხლსა საუკუნოსა.

ეტყვის სული: ჰოი, რა მწარეა სასმელი სიკვდილისა, საით გავიქცე მისგან ან რა მოვუგო იმ მსაჯულს ჩემი საშინელი ბოროტი საქმეებისთვის.

და ასეთ ბრძოლაში რომ არის კაცი, რომელიც მიეახლა სიკვდილს, მისი სული და ხორცი რომ ძრწის შიშისა და ჭირისაგან, სიმწრის ოფლი რომ ასხამს პირზე, მაშინ გამოუბრწყინდება სახილველად საშინელი ბრწყინვალე ანგელოზი, ზარდამცემი და მრისხანე, ხელთ ცეცხლის ლახვარი უპყრია, ჩასცემს და განგმირავს კაცს და წარიტაცებს მის სულს.

ჰოი, რა სასტიკია ეს ჟამი, ძმანო ჩემნო საყვარელნო, და რა საზარელი და საშინელია შეხვედრა იმ სულებთან, რომელნიც ჰაერში არიან განწესებულნი ცოდვილთა განსაკითხველად. ამისთვის გევედრებით ყველას, რათა იზრუნოთ თქვენი სულებისათვის, ვიდრე გვაქვს ნება და წუთისოფლის გემოთმოყვარეობით ნუ დავკარგავთ საუკუნო კეთილს. რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა მისთა, რომლისა არს დიდება და ხელმწიფება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.



ეფრემ ასური.

მაინც რა მიანიჭებს ნუგეშს გარდაცვლილის სულს?.


როგორ შევძლებთ ყველაზე უკეთ მივაგოთ პატივი გარდაცვლილ სულს?

ჩვენ ხშირად ვხვდებით მოწმენი გარდაცვლილის ნათესავების მისწრაფებისა, რაც შეიძლება მდიდრულად ჩაატარონ დაკრძალვა და მოაწყონ საფლავი. დიდი თანხები იხარჯება ხოლმე ძვირფასი ძეგლების აღსამართავად.

ბევრ ფულს ხარჯავენ ნათესავები და ნაცნობები გვირგვინებსა და ყვავილებზე, მაშინ როცა ამ უკანასკნელთა ამოღება სასახლიდან ჯერ კიდევ მის დახურვამდე უხდებათ, რათა მათ არ დააჩქარონ სხეულის გახრწნა.

მავანთ სურთ, პრესაში გამოქვეყნებული განცხადებით გამოხატონ თავიანთი პატივისცემა გარდაცვლილისადმი და თანაგრძნობა მისი ნათესავების მიმართ, თუმცა კი თვით ამგვარი გზა საკუთარი გრძნობების გამოვლენისა მიუთითებს მათ არასიღრმისეულობასა და სიყალბეზე, რადგან გულწრფელად მგლოვიარე არ შეუდგება თავისი მწუხარების სახალხოდ გამოფენას; თანაგრძნობის გამოხატვა შეიძლება გაცილებით უფრო თბილად, პირადად.

მაგრამ ყოველივე ამისგან გარდაცვლილი არ იღებს არანაირ სარგებელს. მკვდარი სხეულისათვის სულერთია, სად იწვება, მდიდრულ თუ ღარიბულ სასახლეში, ძვირფას თუ მოკრძალებულ საფლავში. ვერ გრძნობს იგი მოტანილი ყვავილების სურნელს, არ სჭირდება მას გლოვის ფარისევლური გამოხატვა. სხეული ხრწნას იწყებს, სული კი ცოცხალია, მაგრამ მეტად აღარ განიცდის სხეულის ორგანოებით აღქმად გრძნობებს. სხვა ცხოვრება დადგა მისთვის და სხვაგვარი დახმარება სჭირდება მას.

სწორედ ის, მისთვის საჭირო, უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თუ ნამდვილად გვიყვარს გარდაცვლილი და გვსურს, წყალობა გავიღოთ მისთვის!

მაინც რა მიანიჭებს ნუგეშს გარდაცვლილის სულს?

უწინარეს ყოვლისა - გულწრფელი ლოცვა მასზე, როგორც ლოცვა პირადი და საშინაო, ასევე განსაკუთრებით საეკლესიო ლოცვები, შეერთებული უსისხლო მსხვერპლთან, ანუ მოხსენიება ლიტურგიაზე.

გარდაცვლილთა არაერთი გამოცხადება და სხვა ხილვები მოწმობენ, თუ რა უზარმაზარ წყალობას იღებენ ისინი მათზე ლოცვითა და მათთვის უსისხლო მსხვერპლის გაღებით.

სხვა რამ, რასაც დიდი ნუგეში მოაქვს მიცვალებულთა სულებისთვის, არის მათთვის გაღებული მოწყალება. დააპურო მშიერი გარდაცვლილის სახელით, შეეწიო უპოვარს - იგივეა, ეს თავად გაუკეთო მას.

ღირსმა დედამ ათანასიამ (ხსენების დღე 12 აპრილი) სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი - მის მოსახსენებლად ღარიბები გამოეკვებათ ორმოცი დღის მანძილზე, თუმცა მონასტრის დედების დაუდევრობის გამო მხოლოდ ცხრა დღის მანძილზე აღასრულებდნენ მის თხოვნას.

მაშინ წმიდანი ორ ანგელოზთან ერთად გამოეცხადა მათ და უთხრა: "რატომ დაივიწყეთ ჩემი ანდერძი? იცოდეთ, რომ სულისათვის ორმოცი დღის მანძილზე გაღებული მოწყალება და მღვდლის ლოცვა მოწყალეჰყოფს ღმერთს: თუ გარდაცვლილთა სულები ცოდვილები იყვნენ, უფალი მათ ცოდვათა მიტევებას ანიჭებს; და თუ იყვნენ მართალნი, მათთვის მლოცველთ ღვთისგან დიდი წყალობა მიეცემათ".

ყველა ჩვენგანისათვის განსაკუთრებით მძიმე დღეებში უგუნურებაა ფულის ხარჯვა უსარგებლო საგნებსა და საქმეებში, ხოლო თუ მათ გლახაკთათვის გამოვიყენებთ, ერთდროულად ორ ქველ საქმეს გავაკეთებთ - შევეწევით თვით გარდაცვლილს და მათაც, ვისაც აღმოვუჩენთ დახმარებას.














კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1187 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები