პარასკევი, 26.04.2024, 18:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » პირველი გმირობა – "ნემეის ლომი".
01:32
პირველი გმირობა – "ნემეის ლომი".


პირველად ევრისთევსმა ჰერაკლეს ნემეის ლომის მოკვლა დაავალა: მხეცის ტყავი მომართვიო საჩუქრად. ამ ძღვენის მირთმევა არ იყო იოლი. ეს მძვინვარე ლომი ცხოვრობდა პელოპონესში, კლეონესა და ნემეის ტყეებს შორის, არგოლიდის მიდამოებში.

ადამიანის იარაღი ამ ლომს ვერ მოწყლავდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს იყო ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი, ამ გველ–ქალისა, რომელმაც მრავალი სხვა ურჩხულიც შვა (სფინქსი, ქიმერა, ლერნეს ჰიდრა). სხვები ამტკიცებდნენ, მთვარიდან ჩამოვარდაო დედამიწაზე.

ამრიგად, ჰერაკლე ნემეის ლომთან შესაბმელად გაემგზავრა და კლეონეში ჩავიდა, სადაც ერთმა ღარიბმა დღიურმა მუშამ, სახელად მოლორქოსმა, მეგობრულად მიიღო. სწორედ იმ დროს ესტუმრა, როცა ეს ღარიბი კაცი ზევსისათვის სამსხვერპლო ხარის დაკვლას აპირებდა.

– კეთილო კაცო, – უთხრა ჰერაკლემ, – აცალე, იცოცხლოს ამ ხარმა კიდევ ოცდაათი დღე. თუ ამ დროში ნადირობიდან მშვიდობით დავბრუნდი, შწსწირე მხსნელ ზევსს, ხოლო თუ მე მომვკვდე, შემომწირე მე, როგორც უკვდავებაში გადასულ კაცს.

ასე დაარიგა და წავიდა. გვერდზე კაპარჭი ეკიდა, ცალ ხელში მშვილდი ეჭირა, მეორეში თავისი დიდი კომბალი, გარეული ზეთისხილისა, რაც ჰელიკონის მთებში ნახა და ძირფესვიანად მოგლიჯა. ნემეის ტყეში რომ შევიდა, ყოველ მხარეს თვალს აცეცებდა, რათა გაშმაგებული მხეცი დაენახა უმალ, ვიდრე ის თვითონ თვალს მოჰკრავდა.


შუადღე იყო. არც ლომი ჩანდა და არც მისი ბუნაგის გზა–ბილიკი, რომ კვალს გაჰყოლოდა. კაციშვილი ვერ ნახა, საზარელი მხეცის შიშს ყველა შინ ჩაეკეტა. ლამის მთელი დღე დაეხეტებოდა ხშირ ჭალაში, მტკიცედ მოწადინებული, ურჩხულთა ნაშიერ მხეცთან თავისი ღონე გამოეცადა.

ბოლოს, საღამოხანს, ლომი ტყის ბილიკზე გამოვარდა, რათა ნადირობიდან თავის ბუნაგში დაბრუნებულიყო. სისხლითა და ხორცით გამაძღარს თავმკერდიდან და ფაფრიდან დაფლეთილი ნანადირევის სისხლი ჩამოსდიოდა, წითელი ენით ლაშებს ილოკავდა.

გმირმა შორიდანვე დაინახა, თავი ერთ დიდ ბუჩქს შეაფარა და დაელოდა. როგორც კი ლომი მოახლოვდა, ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა, ისარი სტყორცნა და კიდეც მოახვედრა გვერდში, მაგრამ ისარი ასხლტა, როგორც კლდეზე, უკანვე გააბრუნა და ხავსიან მიწაზე დაეცა.

მხეცმა დახრილი თავი ასწია, მიმოიხედა, პირი დააღო, სისხლიანი კბილები გამოუჩნდა საიერიშოდ მომზადებულს. ასე მიუშვირა ნახევრად ღმერთს ფართო ფაფრიანი მკერდი. გმირმა მეორე ისარი ესროლა, რათა შიგ ღია ხახაში მოეხვედრებინა ან მკერდი გაეხვრიტა და სასუნთქში მოხვედროდა. მაგრამ ლომი უწყვლადი იყო.

ისარი ახლაც ასხლტა მკერდზე და ნადირის წინ დავარდა, მის ფეხებთან. ჰერაკლემ, ის იყო, მესამე ისარიც მოიმარჯვა, რომ მხეცმა დაინახა. მაშინვე კუდი მაღლა აპრიხა, რისხვისაგან ფაფარი ყალყზე დაუდგა, ზურგი მშვილდივით მოეხარა, საიერიშოდ გაემზადა და თავბრუდამხვევი ნახტომით მტერთან გაჩნდა.

ჰერაკლემ დააგდო ისარი, კითერონის ლომის ტყავიც მიაყოლა, მარჯვენა ხელით მოიქნია კომბალი და ისეთი ძალით დაჰკრა კეფაზე, რომ ლომი ჰაერშივე დარეტიანდა, დაბლა დავარდა და ძლის წამოიწია, აცახცახებულ ფეხებზე დადგა და თავს უმწეოდ აძაგძაგებდა.

ვიდრე ნადირი გონს მოვიდოდა, ჰერაკლემ მშვილდი და კომბალიც ძირს დააგდო, მხეცს ჯიქურ მივარდა, ზურგიდან მოუარა, თავს ქვემოთ ხელები სალტეებივით შემოახვია და მანამდე უჭერდა, ვიდრე არ მოახრჩო, და მისი თავზარდამცემი სული ჰადესში არ გაგზავნა.

დიხანს ამაოდ ცდილობდა მოკლული ლომის გატყავებას. არც ქვა ეკარებოდა, არც რკინა. ბოლოს ასეთმა აზრმა გაუელვა: ისევ მისი ბრჭყალებით შევეცდებიო, და გაუმართლა. უწყვლად ლომს ტყავი მაშინვე გააძრო. მერე ტყავისაგან ჩინებული ჯავშანი გაიმზადა, ხოლო თავისაგან – საბრძოლო მუზარადი. ახლა კი იგივე ტყავი მკლავზე გადაიკიდა და ტირინთოს გზას დაადგა.


როცა ევრისთევსმა საზარელი ნადირის ტყავით ხელში მომავალი გმირი დაინახა, მისი ღვთაებრივი ძალისაგან ელდანაკრავი მეფე სპილენძის დიდ ქოთანში ჩაძვრა. როცა ქოთნიდან ამოიყვანეს, ჰერაკლეს უბრძანა, ამიერიდან თვალით აღარ დამენახოო, ქალაქის გალავნის გარეთ გაჩერდი და ჩემი დავალებები პელოპის შვილის კოპრევსის პირით მოისმინეო.

შვილის ამ დიადი გამარჯვების აღსანიშნავად, ზევსმა ლომის თანავარსკვლავედი შექმნა. ძველი ბერძნები კი ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელიწადს აწყობდნენ სახალხო თამაშობებს, რომელიც "ნემეური თამაშების" სახელითაა შესული ისტორიაში.


მეორე გმირობა – "ლერნეს ჰიდრა" .

ჰერაკლე კლავს ლერნეს ჰიდრას, ლუვრი

ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმე იყო ლერნეს ჰიდრას მოკვლა. ეს უძლეველი ურჩხულიც იმავე ტიფონისა და ექიდნას ნაშიერი იყო, ნემეის ლომის და. არგოლიდაში გაიზარდა, ლერნეს ჭაობებში, მერე ხმელეთზე გამოდიოდა, მუსრს ავლებდა ჯოგებს და აოხრებდა ნათესებს.

უსაშველოდ დიდი იყო ეს ჰიდრა, ცხრათავიანი გველეშაპი. ტანი ხომ გველისა ჰქონდა, მაგრამ ზედ ცხრა თავი ება, აქედან რვა მოკვდავი იყო, მეცხრე კი, – შუაში – უკვდავი და მოუხელთებელი.

ჰერაკლე ამ ურჩხულის დასამარცხებლად თამამად წავიდა. ამჯერად ეტლი გამართა. მეეტლედ აიყვანა თავისი საყვარელი ძმისწული და თანამებრძოლი იოლაოსი, მამინაცვლის შვილის იფიკლეს ძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუდამ გვერდით ახლდა. ახლაც საბრძოლო ეტლზე დასვა და ლერნეს ჭაობისკენ გაეშურა.

ამიმონეს წყაროების მახლობლად ერთი გორაკი იყო აღმართული. იმ მაღლობზე ავიდა ჰერაკლე და იქიდან მიდამოს გადახედა. ბოლოს დაინახა კიდეც, თავის გამოქვაბულში დაგრაგნილიყო ჰიდრა. მაშინვე ეტლიდან გადმოხტა, იოლაოსი იქვე დატოვა, ბუნაგთან მიიჭრა და ცეცხლოვანი ისრებით აიძულა მრავალთავიანი გველეშაპი, რომ თავშესაფრიდან გამოსულიყო.

სისინით გამოძვრა ურჩხი მცურავი, ცხრავე კისერი რწევით აეშვირა მაღლა, და ისე ირხეოდა, როგორც ხის ტოტები ქარიშხალში.

ჰერაკლე უშიშრად შეეგება, ხელი ჩაავლო და მაგრად შებოჭა. ჰიდრა კი ცალ ფეხზე დაეხვია, სხვა ვერაფერი იღონა თავის დასაცავად. გმირმა ნამგლის მოყვანილობის მახვილი იშიშვლა და დაიწყო თავების წაკვეთა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთ თავს რომ წააჭრიდა, მის ადგილზე ორი ამოდიოდა.

გმირს გაუჭირდა: ჰიდრის საშველად ჰერას გამოგზავნილი ერთი უზარმაზარი ჭაობის კიბორჩხალა გამოვიდა, ჰერაკლეს ფეხში ჩაებღაუჭა. გმირმა კომბალი აიღო და კიბორჩხალა იქვე მოკლა, მერე კი იოლაოსს უხმო დასახმარებლად. ძმისწულს უკვე გაემზადებინა დიდი ჩირაღდანი, იქვე გადაშლილი ტყიდან ხეები გამოჰქონდა, ცეცხლს უკიდებდა, ალმოდებულ ხეებს მაშხალებივით ადებდა ჰიდრის სისხლიან კისერს, და ახალი თავების ამოსვლას აფერხებდა. ჰერაკლემ ჰიდრას ისევ წააჭრა ახლად წამოზრდილი თავები, ბოლოს კი უკვდავი თავის მოსჭრა, იქვე გზაზე დამრახა და ზედ დიდი ლოდი დაადო. ჰიდრის ტანი კი შუაზე გაჭრა, მის სისხლში თავისი ისრები ამოავლო და შემდეგ რასაც ამ ისრებს სტყორცნიდა, განუკურნებელ ჭრილობებს აყენებდა, რადგან ჰიდრას სისხლი შხამიანი იყო.

მას შემდეგ, რაც ჰერაკლე და იოლაოსი ბრძოლის ადგილს გასცილდნენ, ჰერამ თავისი გამოგზავნილი კიბორჩხალა ცაზე აიყვანა და თანავარსკვლავედად აქცია.


მესამე გმირობა – "კერინიის ფურირემი".

ევრისთევსის მესამე დავალება იყო კერინიის ფურირემის ცოცხლად შეპყრობა. ეს იყო მშვენიერი ცხოველი, ოქროს რქები ჰქონდა, სპილენძის ფეხები და არკადიის ერთ–ერთ მთაში ბალახობდა. ეს ერთი იმ ხუთ ირემთაგანი იყო, რომელთაც არტემიდე თავისი პირველი საცდელი ნადირობისას დაედევნა და დაიჭირა კიდეც.

ეს ოქროსრქიანი და სპილენძისჩლიქებიანი იშვიათი ცხოველი ქალღმერთს შეებრალა და გაუშვა, რადგან ბედისწერის განჩინებაც ასეთი იყო, იგი ჰერაკლეს უნდა შეეპყრო. ვიდრე ის მომქანცველი ნადირობა განახლდებოდა, ფურირემი თავისუფლად დანავარდობდა არკადიის ტყეებში და კერინიის იალაღებზე.

მთელ წელიწადს დასდევდა, მაგრამ ფეხმარდი ცხოველი ხელიდან უსხლტებოდა, მთებსა და ხეობებს აფარებდა თავს. ამ დევნაში ჰერაკლე ჰიპერბორეელთა შორეულ ქვეყანაში მოხვდა, მდინარე ისტროსის სათავეებთან და ბოლოს კიდევაც დაიჭირა ფურირემი მდინარე ლადონის სანაპიროზე, ქალაქ ენოეს მახლობლად, არტემიდეს მთაში.

სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, ისრით დაჭრა ფეხში, დაეწია, მხრებზე შემოიგდო და მთელი არკადია გამოატარა. აქ შეხვდა ქალღმერთიუ არტემიდე, რომელსაც თავისი ძმა აპოლონ ფებოსი ახლდა, და მკაცრად უსაყვედურა, ჩემი სახელობის ნადირის მოკვლა როგორ დააპირეო! თან თითქოს ნანადირევის წართმევა მოიწადინა.

– ჩემი ნებით არ დამიჭერია, დიდი ქალღმერთო, – თავის გასამართლებლად მიუგო ჰერაკლემ. – სხვა გზა არა მქონდა. აბა, რანაირად უნდა დამერღვია ევრისთევსის ბრძანება?

ასე დააცხრო ქალღმერთის რისხვა და საკვირველი ცხოველი შეუფერხებლად ჩაიყვანა მიკენში.
მეოთხე გმირობა - "ერიმანთოსის ტახი" .

როგორც კი ეს დავალება აღასრულა, მორიგი საგმირო საქმის მოსახდენად გაეშურა. არც ეს იყო იოლი საქმე. მიკენში ცოცხალი უნდა ჩამოეყვანა ტახი, რომელიც ერიმანთოსის მთიან მხარეში ცხოვრობდა და მთელს მხარეს აოხრებდა. ეს ტახიც არტემიდეს სახელობისა იყო. სანადიროდ მიმავალმა ჰერაკლემ გზად ფოლოსს გაუარა, სილენოსის შვილს.

როგორც ყოველი კენტავრი, ფოლოსიც სანახევროდ კაცი იყო, სანახევროდ ცხენი. მეგობარი გულითადი სიხარულით მიიღო, წინ მოხრაკული ხორცი დაუზვინა, თვითონ კი უმს შეექცა. ჰერაკლეს ნუგბარ საჭმელთან ერთად რჩეული ღვინოც მოუნდა.

– ძვირფასო სტუმარო, – უთხრა ფოლოსმა. – ჩემს გამოქვაბულში მთელი კასრი გაუხსნელი ღვინოა, დიონისეს ნაჩუქარი, მაგრამ ის ყველა კენტავრის საკუთრებაა და მეშინია, ვაითუ ერთი ამბავი ატეხონ. მოგეხსენებათ, კენტავრებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ.

– არხეინად იყავი, – დაამშვიდა ჰერაკლემ. – კასრი გახსენი და ნუ გეშინია, კენტავრებისაგან მე დაგიცავ. მწყურია.

ეს კასრი ოდესღაც ღვინის ღმერთმა დიონისემ აჩუქა ერთ–ერთ კენტავრს და გააფრთხილა: მხოლოდ მაშინ გახსენით, როცა ადამიანთა ოთხი თაობის შემდეგ ამ მიდამოებში ჰერაკლე ამოვიდესო.

ფოლოსი სარდაფში ჩავიდა. როგორც კი გახსნა კასრი, კენტავრებმა საუცხოო ძველი ღვინის სურნელება იგრძნეს და გუნდ–გუნდად მოაწყდნენ ფოლოსის გამოქვაბულს, ფიჭვის ტოტებითა და კლდის ლოდებით შეიარაღებულები.

ზოგიერთები გაკადნიერდნენ და მღვიმეში შევიდნენ კიდეც. ჰერაკლემ მუგუზალები აიტაცა, ესროლა და განდევნა ცხენკაცები. დანარჩენებს ისრები სტყორცნა და დაედევნა. სდია მალეამდე, სადაც მისი ძველი მეგობარი, კეთილი კენტავრი ქირონი ცხოვრობდა. იქ შეაფარეს თავი მისი ტომის ნაშიერებმა. მაგრამ როგორც კი მოახლოვდა, ჰერაკლემ თავისი შხამიანი ისარი ესროლა. ისარმა ერთ კენტავრს მკლავში გაუარა, იქვე მყოფ ქირონს უცაბედად მუხლში მოხვდა და შიგ ჩარჩა.

მხოლოდ ახლა დაინახა და იცნო ჰერაკლემ თავისი ძველი მეგობარი, ძლიერ შეწუხდა, მივიდა, ისარი ამოუღო დ ის წამალი დაადო, რაც თვითონ ქირონმა ასწავლა. მაგრამ ჭრილობა მოურჩენელი იყო, რადგან ისარი ჰიდრის სისხლით იყო გაჟღენთილი.

კენტავრმა თავის გამოქვაბულში გადაყვანა ითხოვა და მეგობრის ხელებზე სიკვდილი ისურვა. ამაო სურვილი გახლდათ! საბრალომ არ იცოდა, რომ თავისდა საუბედუროდ უკვდავი იყო. ჰერაკლე ცრემლთა ფრქვევით დაემშვიდობა მეგობარს და აღუთქვა, სურვილს აგისრულებ, სიკვდილს გამოგიგზავნიო, ქირონს კი ნამდვილად უნდოდა მხსნელი სიკვდილის გამოცხადება, რადგან საშინლად იტანჯებოდა.

როცა დანარჩენი კენტავრების დევნით დაღლილი ჰერაკლე გამოქვაბულში დაბრუნდა, თავისი ძველი მეგობარი ფოლოსიც მკვდარი დახვდა. თურმე საცოდავს მეტისმეტად გაუკვირდა ამ პატარა ისრებით უზარმაზარ კენტავრებს როგორ ხოცავსო და ერთ–ერთი მოკლული ცხენ–კაცის ჭრილობიდან ისარი ამოუძვრია, შხამიანი ისარი ხელიდან გავარდნია, ფეხში ჩარჭობია და იქვე მომკვდარა.

ჰერაკლე ძლიერ შეწუხდა. მეგობარი პატივით დაკრძალა და ზედ ის მთა დააფარა, რომელსაც მას შემდეგ ფოლოე ეწოდება. შემდეგ ისევ წავიდა ტახზე სანადიროდ. ომახიანი ყიჟინით გამოაგდო ნადირი უღრანი ტყიდან, თოვლიან ველზე დაედევნა, დაეწია დაქანცულ ღორს, თოკით შეკრა, მხარზე გაიდო და ცოცხალი ჩაიყვანა მიკენში, როგორც ნაბრძანები ჰქონდა.

როცა ჰერაკლე ამ მეოთხე გმირობიდან დაბრუნდა, იასონის კოლხეთს ლაშქრობის ამბავი გაიგო და ისე გაჰყვა ევრისთევსისთვის არც კი უკითხავს.

"ჰერაკლესა და ერიმანთოსის ტახის ორთაბრძოლა", ბერლინი.


მეხუთე გმირობა - "ავგეას თავლების გაწმენდა" .

ამის შემდეგ ევრისთევსმა ჰერაკლე გაგზავნა ისეთ საქმეზე, რაც გმირის საკადრისი არ იყო და სულაც არ შეეფერებოდა ნახევრად ღმერთის ღირსებას. ერთ დღეში უნდა გაეწმინდა მეფე ავგეას თავლები (ბოსლები).

ავგეა ელიდის მეფე იყო და დიდი ჯოგები ჰყავდა. მთელი მისი საქონელი სასახლის წინ შემორაგულში ირეოდა, როგორც ძველად იცოდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ბინადრობდა აქ სამი ათასი სული პირუტყვი და არც არავის უცდია ბოსლების გაწმენდა. ამ ხნის მანძილზე აქ დაგროვდა ნაკელის მთელი გორაკები, რაც ახლა ჰერაკლეს, ერთადერთ კაცს, თავისდა სამარცხვინოდ, ერთ დღეში უნდა გაესუფთავებინა. ევრისთევსი მისგან შეუძლებელს ითხოვდა.

როცა ჰერაკლე მეფე ავგეას წარუდგა და ასეთი სამსახური შესთავაზა, ისე რომ ევრისთევსის დავალება არც უხსენებია, გაოცებულმა მეფემ ღიმილი ძლივს შეიკავა: როგორ იქნება, ასეთი ბრწყინვალე მეომარი, ლომის ტყაოსანი გმირი, ასეთ მონურ, დამამცირებელ სამუშაოს დახარბდესო! ტავისთვის კი ასე ფიქრობდა: "მრავალი გამოჩენილი ვაჟკაცი შეუცდენია გამორჩენის სურვილს.

ეტყობა, ამ გმირსაც ჩემთან გამდიდრება მოუწადინებია. ვერაფერს გახდება. მე შემიძლია დიდი გასამრჯელოც შევთავაზო, მან კი ჩემი ბოსლები ერთ დღეში რანაირად უნდა გაწმინდოს? ეს არავის შეუძლია. სულ მცირე ნაწილს თუ გაიტანს".

ასეთ ფიქრებში იყო მეფე, მერე კი ხმამაღლა უთხრა:
მომისმინე, უცხოელო! თუ მართლა გინდა ჩემი ბოსლები დაასუფთავო, მაშინ ერთ დღეში გაწმინდე და ჩემი საქონლის მეათედიც მიიღე. ჰერაკლეც ამ პირობას დასჯერდა და წავიდა. მეფეს ეგონა, ნიჩაბს აიღებს და ნაკელში ქექვას დაიწყებსო.

სხვა რა უნდა ეფიქრა? ჰერაკლემ კი ჯერ მეფისწული ფილევსი დაიმოწმა, ასე მოვილაპარაკეთ და პირი არ გამიტეხოსო. შემდეგ უზარმაზარი ბოსლის ზღუდეს მიმართა, ცალ მხარეს შესასვლელი მოარღვია და ორ მახლობელ მდინარეს – ალფეიოსსა და პენეიოსს კალაპოტები უცვალა, ორივე უწმინდურ ბოსლებზე მიუშვა, შემდეგ კი მეორე მხარეს გაუხსნა გასასვლელი.

მთელი დღე შხუოდნენ მდინარეების ნებიერი ტალღები წლობით გაუსუფტავებელ ბოსლებში და ზვინებად დამდგარი პატივი თან მიჰქონდათ.

საღამოს ბოსელი გაკრიალებული იყო. მაშინ ჰერაკლემ მდინარეები ისევ თავ–თავიანთ კალაპოტებსი დააბრუნა. ასე შეასრულა ერთ დღესი უსაშველო საქმე, თანაც ისე, რომ ნაკელში ხელი არ გაუსვრია და სულაც არ დაუმცირებია თავი ამ სასირცხო საქმით, რაც უკვდავებს არ ეკადრებათ.


როცა ავგეამ გაიგო, გმირს ეს საქმე ევრისთევსის დავალებით შეუსრულებიაო, ელდანაკრავმა უარი თქვა გასამრჯელოს მიცემაზე და პირი უშალა. არაფერსაც არ დაგპირებივარო. იმას კი დათანხმდა, რომ საქმე მსაჯულებს განეხილათ. ავგეას აქაც თავისი მოსამართლეების იმედი ჰქონდა.

როცა მსაჯულები განსასჯელად დასხდნენ, ჰერაკლემ მოწმედ ფილევსი მოითხოვა. მეფისწულმა მამის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და თამამად განაცხადა, პირობა შეკრული იყო, ჰერაკლეს გასამრჯელო უკლებლივ ეკუთვნისო. ამით განრისხებულმა ავგეამ არც კი დაუცდია განაჩენისთვის, ისე ბრძანა, უცხო გმირიცა და ჩემი შვილიც ჩემი საბრძანებლიდან გამეცალონო.
მეექვსე გმირობა - "სტიმფალიდები".

ჰერაკლე ბედს დამორჩილდა და ისევ თავის მბრძანებელ ევრისთევსთან დაბრუნდა მორიგი გმირობის ჩასადენად. ევრისთევსმა ავგეას ბოსლების გაწმენდა საქმედ არ ჩაუთვალა: გასამრჯელო მოგითხოვიაო. მაგრამ დაუყოვნებლივ კი გაგზავნა სამძიმო საქმისთვის. სტიმფალიდები განდევნეო, დაავალა.


სტიმფალიდები იყვნენ მტაცებელი ფრთოსნები. სიდიდით წეროს უტოლდებოდნენ, რკინის ფრთები ჰქონდათ, რკინისვე ნისკარტი და ბრჭყალები. ასე მძიმედ აღჭურვილები თავიანთ მჭრელ ფრთებს ისრებივით ტყორცნიდნენ, ხოლო ნისკარტებით ამსხვრევდნენ ყველაფერს, ხოცავდნენ ცოცხალ არსებებს და პირში ლუკმას აცლიდნენ მოსახლეობას.

ჰერაკლემ დავალება მიიღო, სახელმწიფო საზღვრებიდან გაერეკა ეს საშინელი ფრინველები, სტიმფალოსის ტბის სანაპიროების აბეზარი მობინადრენი.

გმირმა მოკლე გზით იარა და მიადგა ტბას იმ მხარეს, რომელიც ხშირი ტყით იყო დაჩრდილული. ამ ტყეში უთვალავი სტიმფალიდი ბუდობდა. გუნდებად დაფრინავდნენ იმის შიშით, რომ მგლებს არ დაეგლიჯათ.


ჰერაკლე შედგა და საგონებელში ჩავარდა: რანაირად უნდა გასწორებოდა ამ ურიცხვ მტერს, რა ოსტატობა უნდა ეხმარა? უეცრად რაღაც მსუბუქი ხელი შეეხო მხარზე. მოიხედა და ნახა ათენას ბუმბერაზი მოჩვენება, რომელმაც ორი უზარმაზარი სპილენძის ჟღარუნა მისცა. ეს დაფები საგანგებოდ გამოეჭედა მისთვის ჰეფესტოსს: სტიმფალიდების გასარეკად გამოიყენეო, ანიშნა და ისევ გაქრა.

ჰერაკლე ტბის მახლობლად ერთ გორაკზე ავიდა და ჟღარუნები ერთიმეორეს შემოჰკრა. ფრთოსნებმა ვერ გაუძლეს ამ ხმას და შეშინებულნი გამოფრინდნენ ტყიდან. მაშინ გმირმა მშვილდი მოზიდა, დაიწყო ისრის სროლა და გაფრენილი გუნდიდადნ უთვალავი ფრინველი დახოცა. დანარჩენებმა ის მხარე სამუდამოდ მიატოვეს და აღარასოდეს გამოჩენილან.


მეშვიდე გმირობა - "კრეტას ხარი"

კრეტის მეფემ მინოსმა ზღვის ღმერთს პოსეიდონს აღუთქვა: შენ შმოგწირავ იმას, რაც ზღვიდან პირველი გამოცურავსო. ასეთი აზრი დაებადა იმის გამო, რომ ფიქრობდა, პოსეიდონის საკადრისი საქონელი ჩემს ჯოგში არ მომეპოვებაო.

მაშინ ღმერთის ნებით ზღვიდან მშვენიერი სამსხვერპლო ხარი გამოვიდა. ეს უნდა შეეწირა, ასეთი იყო ღმერთის სურვილი. მაგრამ მეფეს ხარი თვალში მოუვიდა და ისე მოხიბლა მისმა სილამაზემ, რომ გადაწყვიტა თავის ჯოგში დაემალა და მის მაგიერ პოსეიდონისათვის სხვა ხარი შეეწირა.

ამით გაბრაზებულმა პოსეიდონმა თავისი ბრწყინვალე ხარი გააგიჟა და ეს საშინელი პირუტყვი კუნძულ კრეტას რისხვად გადაიქცა. ბორგავდა და ყველაფერს აოხრებდა.

აი, ამ გადარეული ხარის შეპყრობა და მიკენში ჩაყვანა დაავალა ევრისთევსმა ჰერაკლეს და ეს იყო მისი მეშვიდე საგმირო საქმე.

როცა კრეტას მეფე მინოსმა ჰერაკლეს განზრახვა გაიგო, ძლიერ გაუხარდა, იქნებ კუნძულის დამღუპველი ველური ხარი მომაშოროსო, და თვითონვე ყოველნაირად დაეხმარა.

ჰერაკლემ ველად გავარდნილი ხარი მონახა, შეება, საშინელი ბუღრაობით წინ გამოჭრილს დახვდა, შეება, რქებში მძლავრი ხელები ჩაავლო და გმირული ღონით სძლია; ისე მოადრეკინა ქედი, რომ მძვინვარე ხარი თან წაიყვანა, მთელი გზა გადაატარა, ზღვითა თუ ხმელეთით, და არ შეჩერებულა, ვიდრე მეფეს არ მიჰგვარა.


ევრისთევსი ამ საგმირო საქმით კმაყოფილი დარჩა, დიდხანს უყურა, ტკბებოდა ხარის სილამაზით, შემდეგ კი ხარი ისევ გაუშვა.

როგორც კი ჰერაკლეს ხელს თავი დააღწია, ხარს სიგიჟე ისევ შეუბრუნდა, გაიჭრა ველად, შეაჯერა მთელი ლაკონია და არკადია, გაიარა ისთმოსის ყელზე, მარათონს ჩავიდა, ატიკაში, და ყველგან ისევე აოხრებდა მიდამოს, როგორც უწინ კუნძულ კრეტაზე. მხოლოდ თეზევსმა შეძლო მისი შეპყრობა და მოთვინიერება.


მერვე გმირობა - "დიომედეს ულაყები".

ევრისთევსმა თავის ნათესავს ჰერაკლეს მერვე სამძიმო საქმე დააკისრა: დიომედეს უხედნი ულაყები უნდა ჩამოეყვანა თრაკიიდან მიკენში.

ეს დიომედე იყო ომის ღმერთის არესის შვილი და შეუპოვარი ბისტონების, ძალზე მრისხანე, მეომარი ხალხის მეფე. ისეთი გადარეული ბედაურები ჰყავდა, რომ სპილენძის ბაგაზე რკინის ჯაჭვებით აბამდა. მათი საკვები იყო არა ქერი და ბალახი, არამედ ადამიანების ხორცი. ვაი იმ უცხოელებს, რომელნიც დიომედეს სატახტო ქალაქში მოხვდებოდნენ! მეფე სტაცებდა ხელს და ცხენებს დაუყრიდა წინ, ეს იყო ულაყების საზრდო. ნებიერი რაშები ტყიურებივით შეექცეოდნენ.

როცა ჰერაკლე თრაკიაში ჩავიდა, თვითონ მეფე დიომედე შეიპყრო და შეუბრალებლად მიუგდო მის საკუთარ ულაყებს, რომელთაც ნაფლეთებად აქციეს. შემდეგ სპილენძის ბაგის გუშაგებს შეება და სძლია. ეს დარაჯებიც მათმა ბედაურებმა გადასანსლეს.

ასე გაუმაძღარი ცხენები ცოტა მოთვინიერდნენ და ჰერაკლემ ყველანი ზღვის პირას გაიყვანა. მაგრამ სანამ ტრაკიის სანაპიროებს დატოვებდა, ბისტონთა ტომი მოზღვავდა, ჰერაკლე მათ მოუბრუნდა და ბრძოლა გაუმართა. ცხენები კი ჩააბარა თავის საყვარელ მხელებელს აბდეროსს, ჰერმესის შვილს.

ვიდრე ჰერაკლე ბისტონებს ებრძოდა, ცხენებს ისევ მოშივდათ, ადამიანის ხორცი მოენატრათ და თავიანთ დარაჯს ეცნენ. როდესაც ჰერაკლემ დამარცხებული ბისტონები განდევნა და უკან მობრუნდა, მისი საყვარელი მხელებელი უკვე შეჭმული იყო.
ჰერაკლე ძლიერ შეაწუხა მეგობრის დაღუპვამ და მის სახელზე ააშენა ქალაქი, რასაც აბდერა უწოდა. ამ ქალაქს რომ საძირვკელი ჩაუყარა და დაასახლა, მერე დიომედეს ულაყები ისევ მოათვინიერა და მიკენში ჩაიყვანა. ევრისთევსმა რაშები ჰერას უძღვნა. მათი ჯიში დიდხანს არ გადაშენებულა, ლეგენდის თანახმად, ამავე ჯიშისა იყო ალექსანდრე მაკედონელის ცხენი ბუცეფალი.


მეცხრე გმირობა - "ამაძონთა დედოფლის სარტყელი" .

ხანგრძლივი ხეტიალიდან დაბრუნებული ჰერაკლე ამაძონთა წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, რათა ევრისთევსის დავალებით მათი დედოფლის ჰიპოლიტეს სარტყელი მიკენში ჩაეტანა. ადვილი არ იყო ამორძალების მამაცი დედოფლისთვის იარაღსაბამი ქამრის შეხსნა.

ამაძონები ერთიანად ქალებისგან შემდგარი ძლიერი მეომარი ხალხი იყო. პონტოში ცხოვრობდნენ, მდინარე თერმოდონის მხარეში. ეს იყო ერთადერთი ქალთა ტომი, რომელიც მამაკაცთა საქმეს აკეთებდა. მათებრ ომში გამობრძმედილნი, ზრდიდნენ მხოლოდ გოგონებს, ვაჟებს კი უკანვე აგზავნიდნენ უცხო მამაკაცებთან, რომელთაც დროგამოშვებით იწვევდნენ ხოლმე მოდგმის გასაგრძელებლად.

შეიარაღებული ამაძონები ხალისით მიემართებოდნენ ომებში და ტავგამოდებით იბრძოდნენ. ბრძოლაში რომ ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე იწვავდნენ მარცხენა ძუძუს და ალბათ ამისთვისაც ეწოდათ ამაძონი – უძუძო ქალები. მათი დედოფალი ჰიპოლიტე ძალაუფლების ნიშნად ატარებდა ზემოთხსენებულ სარტყელს, რაც თვითონ ომის ღმერთს არესს მიეცა საჩუქრად.

ჰერაკლემ მოხალისე გმირთა გუნდი შეკრიბა, გემით გაემგზავრა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ შეცურა შავ ზღვაში, შევიდა მდინარე თერმოდონის შესართავში და ამაძონთა დედაქალაქ თემისკირასთან გაჩერდა. აქ შემოეგება ამაძონთა დედოფალი ჰიპოლიტე. ჰერაკლეს შთამაგონებელმა გარეგნობამ დედოფალი პატივისცემის გრძნობით აღავსო და როცა მოსვლის მიზეზი გაიგო, თავაზიანად დაჰპირდა, სარტყელს მოგცემო.

მაგრამ ჰერამ, ჰერაკლეს დაუძინებელმა მტერმა, ამაძონის სახე მიიღო, სხვა ამაძონებს შორის გაერია და ხმა გაავრცელა, რომ მათი დედოფალი ერთ–ერთმა გადამთიელმა მოიტაცა. ფიცხლავ აისხეს იარაღი ამორძალებმა და დაუყოვნებლივ დაესხნენ თავს ბანაკს, რაც ნახევრად ღმერთს ქალაქის წინ გაეშალა. რიგითი ამაძონები სხვა მეომრებს შეებნენ, წარჩინებულნი კი თვით ჰერაკლეს გარს შემოერტყნენ და მძიმე ბრძოლა გაუმართეს.

პირველი, ვინც მას შეება, თავისი სისწრაფის გამო, აელად იყო წოდებული, რაც "ქარის პატარძალს" ნიშნავს. მაგრამ ჰერაკლე კიდევ უფრო სწრაფი გამოდგა.

აელა ქარის უსწრაფესად გაექცა გმირთაგმირს, მაგრამ ჰერაკლე დაეწია და ძირს დასცა. მეორეც პირველსავე იერიშზე დაეცა მკვდარი, ხოლო მესამე, პროთოე, ორთაბრძოლაში შვიდგზის გამარჯვებული, მალე მათს კვალს მიჰყვა.

შემდეგ რვა დანარჩენი დაიღუპა, მათ შორის არტემიდეს სამი თანამგზავრი. ქალღმერთის მხლებელნი დღემდე ნადირსა თუ მეომარს შუბს არ აცდენდნენ, ახლა კი ააცდინეს და ვერც ფარებმა უშველეს. ჰერაკლემ მოისარი ქალები ზედიზედ ჩამოყარა ცხენებიდან. დაიღუპა ალკიპეც, ამაძონი, რომელმაც ფიცი დადო, სიკვდილამდე ქალწული დავრჩებიო.

ამაძონთა მამაცი წინამძღოლი მელანიპე რომ ჰერაკლემ შეიპყრო, სისხლისმღვრელი ბრძოლაც დასრულდა, ამაძონებმა გმირს ზურგი აჩვენეს და ლტოლვით უშველეს თავს.

გამარჯვებულ ჰერაკლეს ჰიპოლიტემ სიტყვა შეუსრულა და სარტყელი გადასცა. სამაგიეროდ ჰერაკლემ დედოფალს ტყვექმნილი მელანიპე გადასცა.

უკან რომ ბრუნდებოდა, ტროას სანაპიროზე გმირს ახალი ფათერაკი შეხვა. ტროას მეფის ლაომედონტის ასული ჰესიონე კლდეზე იყო მიჯაჭვული და ურჩხულის შესაჭმელად განწირული ელოდა ბედის განჩინებას.

მამამისს პოსეიდონმა ტროას ზღუდე–გალავანი აუშენა და გასამრჯელო არ მიუღია. განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას მხარეს ზღვის ურჩხული მოუვლინა და ეს საშინელი გველეშაპი ამ მიდამოებს იმდენ ხანს აოხრებდა, რომ ბოლოს ლაომედონტი იძულებული გახდა, საკუთარი ასული შეეწირა.

როცა ამ გზაზე ჰერაკლემ ჩამოიარა, მავედრებელი მამა შეეგება და ასულის გადარჩენა სთხოვა, სამაგიეროდ დაჰპირდა იმ ცხენებს, რომელნიც მამამისისთვის, ილოსისთვის თვითონ ზევსს ეჩუქებინა. რაღა თქმა უნდა, ზევსის ნაჩუქარი მშვენიერი რაშები უბრალო ცხენები არ იქნებოდნენ.

ჰერაკლე ნაპირს მიადგა და ურჩხულს დაუწყო ლოდინი. როგორც კი გველეშაპი გამოჩნდა და ხახა დააღო, რათა მეფის ასული გადაეყლაპა, ჰერაკლე თვალის დახამხამებაში ურჩხულის ხახაში ჩახტა, მუცელში ჩავიდა, შიგნეული მახვილით გაუკეპა და მერე ისე გამოვიდა, როგორც მკვლელთა ბუნაგიდან.

უმადურმა და თავხედმა ლაომეტონდმაც უმუხთლა მაშვრალ გმირს, პირი გაუტეხა, რაშები ტავისთვის დაიტოვა და ჰერაკლე იძულებყლი გახდა, ხელცარიელი გასცლოდა მეფეს, რომელიც მუქარას უთვლიდა.

გამოხდა ხანი და უსამართლობის გამო განრისხებულმა ჰერაკლემ ტროა დალაშქრა, დახოცა ლაომედონტი და მისი ვაჟები. პრიამოსი შეიბრალა, ხოლო ასული ჰესიონე წაიყვანა (პირობის თანახმად) და ტელამონს მიათხოვა. მართალია, ეს უფრო მოგვიანებით მოხდა. რაშები ზევსმა ტროას მეფე ტროსს აჩუქა მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკის განიმედეს ცაში გატაცების სამაგიეროდ.


მეათე გმირობა - "გერიონის ხარები" .

როგორც კი გმირმა ჰიპოლიტეს საომარი სარტყელი ევრისთევსს ფერხთით დაუდო, უბადრუკმა მეფემ სულის მოთქმაც კი არ დააცალა, ისე დააკისრა მორიგი სამძიმო საქმე: ბუმბერაზ გერიონის ხარები მომგვარეო.

გერიონს ეს მშვენიერი მუქ–წითელი ხარები კუნძულ ერითიაზე ჰყავდა, კადირას (კადიქსის) უბესთან, გაშლილ იალაღებზე ძოვდნენ და ფხიზელ დარაჯებად ადგნენ მეორე ბუმბერაზი ევ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1430 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები