შაბათი, 27.04.2024, 00:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ლევან ზ. ურუშაძე -რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე.
13:16
ლევან ზ. ურუშაძე -რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე.

რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე

შესავალი დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით მავან ისტორიკოსთა მცდელობას, რომგაამართლონ 226 წლის წინ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული საბედისწერო დამცდარი ნაბიჯი. ისტორიული რეალობაკი სრულიად სხვაგვარი იყო…


საქართველოსთვის არ არსებობდა "კარგი” და "ცუდი” რუსეთი: არსებობდა, არსებობს და იარსებებს მხოლოდ ერთი, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი და დაუოკებელი იმპერიული მადის მქონე რუსეთი, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთარი მძიმე ტორის ქვეშ ყოლა. დიახ! იყო, არის და იქნება, ვინაიდან რუსეთის ბოლო 300 წლის ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ავადსახსენებელი "ველიკოდერჟავული” ფსიქოლოგია და არარუსი ერების მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია. ეს ზედმიწევნით დაადასტურა "პოსტსაბჭოთა” რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა ურცხვმა და დაუნდობელმა სამხედრო აგრესიამაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.


რუსული იმპერია, რა შეფერილობისაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ძალუმად ცდილობდა საქართველოდან ქართული სულის აღგვას და მის გადაქცევას "რუსულ სამოთხედ”, მაგრამ საკუთარი მეობის დასაცავად მედგრად დადგა ქართველი ერი.

ამის ნათელი დასტურია ანტირუსული აჯანყებების ის მძლავრი ტალღა, რომელმაც 200 წლის მანძილზე გადაუარა ქედუხრელ საქართველოს: 1802, 1812, 1878 წლები – კახეთი, 1804 – მთიულეთი, 1810, 1819-1820, 1885-1886 – იმერეთი, 1832 – თავად-აზნაურთა შეთქმულება, 1841, 1856 – გურია, 1842 – თელაველთა ამბოხება, 1856-1859, 1905 – სამეგრელო, 1865 – აფხაზეთი, 1875-1876 – სვანეთი, 1922 – ხევსურეთი, 1921 – სვანეთი, 1922 წლის 26 მაისი – მასობრივი მანიფესტაციები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 1924 – საერთო-სახალხო ამბოხება, 1927 – აჭარა, 1988-1989 – ანტისაბჭოთა გამოსვლები და 9 აპრილის ტრაგედია თბილისში, 1992-1993 – ბრძოლა საქართველოს მესამე ოკუპაციის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტო – საქართველოს ბრძოლა რუსეთის ბარბაროსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ (მეოთხე ოკუპაცია).

აქ შეგნებულად არ დავასახელეთ 1956 წლის მარტის სისხლიანი მოვლენები, როდესაც ქართველთა გზააბნეული ნაწილი გამოვიდა ბოროტების იმპერიის სისხლისმსმელი ტირანის, – ი. სტალინის დასაცავად და ბევრი მათგანი შეეწირა კიდეც ამ უაზრო სისხლისღვრას. მართალია, იატაკქვეშა ეროვნულ-პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამ გამოსვლებისთვის მიეცათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სახე, მაგრამ ამაოდ. ქართველთყლაპია ტირანმა სიკვდილის შემდეგაც შეიწირა ქართველი ახალგაზრდების სიცოცხლე.


1990-იან წლებში აწ განსვენებულმა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და ეთნოლოგმა ვახტანგ ითონიშვილმა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის აღმნიშვნელი ტერმინი "რუსიანობა” ("რუსობა”), რაც მეტად დროული და მნიშვნელოვანი გახლდათ. "რუსიანობა” (ან "რუსობა”) სწორედ ქართველი ერის ხანგრძლივი ეთნოპოლიტიკური ევოლუციის ამ ორსაუკუნოვან (უფრო ზუსტად 214 წლოვან) ქრონოლოგიურ მონაკვეთთან მისადაგებული ტერმინია, რომელიც თავისი ფრიად სუსხიანი სემანტიკით "გვერდს უმშვენებს” ისეთ ავბედითი ჟღერადობის ცნებებს, როგორიცაა "არაბობა”, "თურქობა”, "თათრობა” (ან "თათრიანობა”), "ყიზილბაშობა”, "ურუმობა”, "ოსმალობა”, "ლეკიანობა” (ან "ლეკობა”) და "ოსიანობა” (ან "ოსობა”)”- აღნიშნავდა ვ. ითონიშვილი [1, გვ. 126]. ვფიქრობთ, უფრო მართებულია "რუსიანობა”, რომელიც თავისი განსაკუთრებულად სასტიკი, უკიდურესად დამთრგუნველი ხასიათიდან გამომდინარე, საგრძნობლად ჩრდილავს ზემოხსენებული ავტორის მიერ ჩამოთვლილ ყველა ცნებას.


იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენი სისასტიკით უსწორდებოდნენ რუსი ოკუპანტები მათ წინააღმდეგ ამბოხებულ ქართველებს, საკმარისია, მოვიხმოთ ერთი ამონარიდი დავით ბატონიშვილის თხზულებიდან: "საცა გავლიდიან რუსნი, ამჭივრებდიან სოფლელთა ცემით, ტაცებით და რთმევითა, თვინიერ თათრისა. საცა მივიდიან რუსნი, იყო ვაებაი მათი ზედა მით, რამეთუ ჰსცემდიან დედაკაცთა და ართმევდიან პურთა ძალითა” , გვ. 23].
საქართველოს სისხლი სდიოდა, საქართველო ბორგავდა, საქართველოს კლავდნენ, მაგრამ ვერ ერეოდნენ… იგი თავგანწირვით იბრძოდა, მუდამ იბრძოდა…


სწორედ ამიტომ, ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რუსეთთან უშუალო მეზობლობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის დამღუპველია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის იდეა. 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაფიქსირება (იგივე ითქმის მენშევიკური ხელისუფლების თაოსნობით შექმნილ კონსტიტუციაზეც) გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მეორე ოკუპაცია-ანექსიისა.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია შეიმუშაოს მაქსიმალურად ქმედითი მექანიზმი ჩრდილოეთიდან მომდინარე მუდმივი საფრთხისგან თავდაცვისა, რომელიც იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უმყარესი გარანტი.

დღეს სუვერენულ ქართულ სახელმწიფოს აქვს სრულფასოვანი დამოუკიდებლობის მიღწევისა და მისი ყოველმხრივ განმტკიცების ისტორიული და რეალური შანსი, რომლის არ გამოყენება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სავალალო და იგი, სწორედ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, უცილობლად დასრულდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საბოლოო დასამარებით.

ჩვენი საბოლოო გამარჯვების მყარ საფუძვლად და გარანტად უნდა იქცეს ქართული სახელმწიფოს სრულფასოვანი ინტეგრირება ნატო-ს ბლოკსა და ევროსტრუქტურებში და მჭიდრო, თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული ურთიერთობა ისეთ ძლიერ მოკავშირესთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ გზაზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის 2009 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.

ამასთან, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამგვარი ბალანსის მიღწევის შემთხვევაში (რის მყარ იმედს იძლევა ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკური კურსი) საქართველოს გარანტირებული ექნება გარე საფრთხისგან დაცული სახელმწიფოებრივი განვითარება.


სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა აწ განსვენებული ცნობილი ქართველი ლიტერატორი და ეროვნული მოღვაწე, ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ წლების მანძილზე რეპრესირებული გივი მაღულარია: "საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორია შეგნებულად გაყალბებული, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მძიმე, სისხლიანი, დრამატული წლები ბნელითაა მოცული. ამ ისტორიის მიხედვით აგრესორი, დამპყრობი, ჯალათი გამოყვანილია კაცთმოყვარე, ზნეკეთილ, უმწიკვლო პიროვნებად, მსხვერპლი კი გარეწრად, ყაჩაღად, სამშობლოს მოღალატედ.

ამ ეპითეტებით ნათლავდნენ 1924 წლის ამბოხების ხელმძღვანელებსა და შეიარაღებული რაზმების მეთაურებს. ბოლშევიკები რატომღაც დარწმუნებული იყვნენ, რომ ყველა ბრალდებას გააქარწყლებდნენ, ყველა ფაქტს გააყალბებდნენ, ყველა მოწმეს მოსპობდნენ, მაგრამ ვერც ყველა ფაქტი გააქარწყლეს და ვერც ყველა მოწმე მოსპეს” .

იგივე ითქმის ცარისტული რუსეთის ისტორიოგრაფიაზეც, აგრეთვე, დღევანდელ პოსტ-საბჭოთა რუსულ ისტორიოგრაფიაზე, რომლის აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით ხდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიის ურცხვი გაყალბება.


რუსული ცარისტული, ველიკოდერჟავული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი პ. კოვალევსკი XX საუკუნის დამდეგს აღნიშნავდა: «Кавказ был вполне завоеван и стал достоянием России. Но сколько крови, сколько жизней, скольких затрат он стоил России. И кто смеет сказать, что он не ея собственность… Наш долг сохранить Кавказ за собою во всей его полноте, целокупности и безраздельности… Это долг нашей жизни перед державностью нации. И мы это сделаем вопреки слов безстыдных инородцев» [1, გვ. 

. "ინოროდცებად” იწოდებოდა რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების არარუსი, ავტოქტონი მოსახლეობა. სავსებით სამართლიანად უწოდა ამ ნააზრევს ვ. ითონიშვილმა "ზეხისტი იმპერიული აზროვნების კლასიკური გამოვლინება” .


აქ ორიოდე სიტყვით შევეხებით ერთ, არც თუ უმნიშვნელო საკითხს. საქმე ის არის, რომ საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღემდე მოღვაწეობენ ის "ისტორიკოსები”, რომლებიც წლების მანძილზე წარბშეუხრელად, დიდის მონდომებით ქმნიდნენ ყალბ, ყოველმხრივ შერყვნილ საბჭოთა ისტორიოგრაფიას, რომელნიც თხზავდნენ დემაგოგიით და სიცრიუთ დაძეძგილ "სამეცნიერო” სტატიებსა და მონოგრაფიებს საბჭოთა კავშირის და საბჭოთა საქართველოს ისტორიის, ისტორიული მატერიალიზმის, სკკპ ისტორიის საკითხებზე, ახდენდნენ რა მოსახლეობის ფართო ფენების მიზანდასახულ ზომბირებას.

დღეს ეს "სწავლულნი”, ახალი დროების ქურქში გამოხვეულნი, "გულმხურვალე პატრიოტებად” და "პირუთვნელ ისტორიკოსებად” მოგვევლინენ, მაგრამ, ნათქვამია: "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა…” ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა მოხდეს ლუსტრირება ქართველ "ისტორიკოსთა” ამ ფენისა.


"როდესაც თქვენი შვილები დაიწყებენ საფრანგეთის გაკიცხვას, გთხოვთ, ისარგებლოთ ჩემი რეცეპტით და უთხრათ მათ: წადით რუსეთში! ეს მოგზაურობა სასარგებლოა ყველა ევროპელისათვის. ყველა, ვინც ახლო გაიცნობს მეფის რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს სხვა მხარეში, სადაც არ უნდა იყოს იგი.

მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად ისეთი სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება, რადგანაც ადამიანი თავისი ბუნებით არ შეიძლება ბედნიერი იყოს თავისუფლების გარეშე”-ო, მიმართავდა თანამემამულეებს XIX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მწერალი და მოგზაური, მარკიზი დე კიუსტინი, რომელმაც იმოგზაურა ნიკოლოზ I-ის დროინდელ რუსეთში და საფუძვლიანად შეისწავლა მისი რაობა [4, გვ. 352].


უნდა ითქვას სრული სიმართლე იმპერიული ისტორიოგრაფიის მიერ იავარქმნილი ჩვენი ახალი და უახლესი ისტორიის შესახებ: გმირს გმირი უნდა ეწოდოს, ჯალათს კი ჯალათი!.. უნდა ვიყოთ პირუთვნელნი მომავალი თაობების წინაშე!

I. პეტრე დიდის ანდერძი და რუსული დიდმპყრობელობის სათავეები

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელს ელისე პატარიძეს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომი "პეტრე დიდის ანდერძი და ისტორიის განაჩენი”.

პეტრე I-ის მიერ 1709 წელს შედგენილი სამეფო ანდერძის განხილვის საფუძველზე ავტორი განიხილავს რუსული სახელმწიფოებრიობის ხასიათს და ამ ქვეყნის იმპერიალისტური, "ველიკოდერჟავული” სულისკვეთების საფუძვლებს.

მას საილუსტრაციოდ მოაქვს შემდეგი მეტად ნიშანდობლივი ადგილები აღნიშნული ანდერძიდან (თარგმანის სტილი დაცულია):
"მაღალი ღმერთი, რომლის ნებიდანაც გარდმოდის ჩვენი არსებობა და რომლის მიერ ნაკურთხი გვირგვინი ჩვენს თავს ამკობს, ღვთაებრივის შუქით გვინათებს წინამდებარე გზას, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას სისწორით განვსჭვრიტოთ მომავალში რუსის ერის უდიდესი დანიშნულება – მისი ევროპაზედ გაბატონებისა.

ეს ჩემი წინასწარმეტყველობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ევროპის ერებმა მიაღწიეს მოხუცობისა და დაკნინების ხანას, რომლისკენაც ისინი ჩქარის ნაბიჯით დაექანენ. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ერები ადვილად შეიძლება დაპყრობილ იქნან ახალი და ახალგაზრდა ხალხის მიერ, როცა ეს უკანასკნელი მიაღწევს მთელს მის სულიერსა და ფიზიკურ განვითარებას.

მე მრწამს ჩრდილოეთის ერის მიერ დაპყრობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებისა, თანდათანობით, ზეგარდმოსული სასწაულისა და კურთხევის წყალობით, ისევე, როგორც რომის იმპერია დაემხო ბარბაროსთა მიერ დაპყრობით. მე რუსეთი მივიღე როგორც პატარა ნაკადი; მე მას ვტოვებ როგორც დიდს მდინარეს, ჩემი მემკვიდრენი გარდაქმნიან მას დიდ ზღვად, რომელმაც გაღატაკებული ევროპა უნდა გაანოყიეროს.

ამ დიდი ზღვის ტალღები გადალახავენ სუსტის ხელით აგებულ ჯებირებს, თუ ჩემ მემკვიდრეთ ეცოდინებათ მათი ხელმძღვანელობა. …ხელიდან არ გაუშვათ შემთხვევა და ჩაერიეთ ევროპის სახელმწიფოთა საქმეთა გართულებაში. …გაჰყავით პოლონეთი და ჩააგდეთ მათ შორის შური და მტრობა. …

შესთავაზეთ, ძლიერ საიდუმლოდ, ჯერ ვერსალის სასახლეს, შემდეგ ვენის სასახლეს მთელი მსოფლიოს ორად განაწილების გეგმა. თუ რომელიმე მათთაგანი ამაზედ დასთანხმდა, მისი საშუალებით გაანადგურეთ მეორე მათთაგანი; შემდეგ თქვენ თვითონ გაანადგურეთ და დაიპყარით ეს თქვენი მოკავშირე. რუსეთს, რომლის ხელქვეით იქნება ამ დროს მთელი აღმოსავლეთი და ევროპის დიდი ნაწილი, ეს არ გაუჭირდება.

…თუ არც ერთი ამ სახელმწიფოთაგანი არ დასთანხმდა თქვენს მიერ შეძლეულს კავშირს, უნდა შესძლოთ მათ შორის შურისა და დავის ჩამოგდება და მათი ურთი-ერთს ომში დაუძლურება” .


ამდენად, სავსებით ნათელია, თუ რა წყარო კვებავს რუსული იმპერიული, "ველიკოდერჟავული”, ანტიჰუმანური პოლიტიკის 300-წლოვან ისტორიას.
იმედია, მკითხველს ეცნო 300 წლის წინ შედგენილი ამ მრავლისმთქმელი დოკუმენტის ინტონაციები: არაფერი შეცვლილა, – რუსეთი დღესაც ის გახლავთ, რაც იყო ცარიზმისა და ბოლშევიკურ-კომუნისტური იმპერიის ხანაში! იცვლებოდა მარტოოდენ ნაჭუჭი, შიგთავსი კი არასდროს და არასგზით!


ელისე პატარიძე სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ "პეტრე დიდმა ქვიშა წააყარა რუსეთის მეტად ჩამორჩენილს შინაურ ცხოვრების ხავს მოდებულს ტბას, ზოგიერთი ევროპიული რეფორმები შემოიღო; რუსის სული და გონება ძველს ველურ მდგომარეობაში დასტოვა, ხოლო თმა და წვერი გაჰკრიჭა, რომ გარეგნულად ევროპიელისთვის დაემსგავსებინა. იქნებ, ფიქრობდა, რომ წვერ გაკრეჭილი და ევროპიულად ჩაცმული რუსის მუჟიკი უფრო შეუმჩნევლად და ადვილად შემოეპარებოდა ევროპელებს, დაიპყრობდა და დაანგრევდა ევროპას ისე, როგორც ბარბაროსებმა დაანგრიეს ძველი რომის იმპერია” .


დიახ! განვლილი 300 წლის მანძილზე არ შეცვლილა რუსის "მუჟიკი”: ამის ნათელი დასტურია სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს აბსოლუტურად ველური და ბარბაროული აგრესია – ყველას კარგად გვახსოვს, თუ მთელი მსოფლიოს დასანახად როგორ ეზიდებოდნენ XXI საუკუნის რუსი "სალდაფონები” "ძვირფას” ნადავლს: ფეკალიებით დასვრილ უნიტაზებს, ბინძურ საცვლებსა და დანა-ჩანგალს, თუ რაოდენი გაშმაგებითა და გაბოროტებით აჩანაგებდნენ, აპარტახებდნენ ყველაფერს, რასაც ქართული ერქვა!


               საქართველო - 1762 წ.


II. რუსეთი და ქართლ-კახეთის ბაგრატოვანთა შეცდომები: 1783-1801

1783 წლის ე.წ. "გეორგიევსკის ტრაქტატი” იქცა ერთგვარ ათვლის წერტილად, საიდანაც სათავეს იღებს ამის შემდეგ საქართველოს თავს დატეხილი ყველა უბედურება. ამ ხელშეკრულების დადება ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მხრიდან უნდა შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი და საბედისწერო პოლიტიკური შეცდომა.

ერეკლემ არ გაითვალისწინა რუსეთთან ურთიერთობის ის მწარე გამოცდილება, რომელიც მანამდე იწვნია საქართველომ და პირადად ერეკლემ. რად ღირს თუნდაც 1770 წლის აპრილში, ასპინძის ომამდე ორიოდე დღით ადრე, რუსული ლაშქრის და მისი სარდლის, გენერალ ტოტლებენის ღალატი: 15 აპრილს მან უარი განუცხადა ერეკლეს ქართული ჯარის სურსათით მომარაგებაზე, ხოლო 18 აპრილს, ხსენებულ ომამდე ორი დღით ადრე, საერთოდ მიატოვა დისლოკაციის ადგილი და დატოვა ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრები.

ერეკლემ ყურად არ იღო არც ის უმწარესი გამოცდილება ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობისა, რომელიც მიიღო ქართლ-კახეთმა თეიმურაზ I-ისა და ვახტანგ VI-ის ზეობის ხანაში. სამწუხაროდ, ერეკლე II არ წარმოადგენდა იმ ბედნიერ და იშვიათ გამონაკლისს, როდესაც ხელისუფალში ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ნიჭი ჭეშმარიტი პოლიტიკოსისა და ნიჭი ძლიერი მხედართმთავრისა: რამდენადაც დიდი იყო იგი, როგორც სარდალი, იმდენად უსუსური და უნიათო გამოდგა, როგორც პოლიტიკოსი…


რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დიდი უბედურება იყო ირანიც და ოსმალეთიც, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 1466 წლიდან ჩვენი ქვეყანა დაყოფილი იყო სამეფო-სამთავროებად, დიპლომატიისა და პოლიტიკური ლავირების წყალობით მეფე-მთავრები ყოველთვის ახერხებდნენ სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

ქართველობამ კარგად უწყოდა, რომ საშიშ მტერთან ჰქონდა საქმე და მუდმივად იყო მობილიზებული, მუდმივად იყო საბრძოლო მზადყოფნაში. რუსული ერთმორწმუნეობის შემოტანამ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების პოლიტიკური სიფხიზლე მოადუნა და პარალიზება მოახდინა ლავირების იმ უნარისა, რომლითაც ოდითგან გამოირჩეოდა საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

სწორედ ეს აღმოჩნდა ის მომაკვდინებელი შხამი, რამაც დამბლა დასცა გონებას იმ ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებსაც განსაკუთრებული მისია ჰქონდათ დაკისრებული ერისა და ქვეყნის წინაშე: მისია სუვერენიტეტის დაცვისა. სწორედ "ერთმორწმუნე” რუსეთი აღმოჩნდა ის მადადაუოკებელი მონსტრი, რომელმაც მოსპო ქართული სამეფო-სამთავროების სახელმწიფოებრიობა და საქართველო გუბერნიების სახით მიიერთა, რომელმაც ბოლო მოუღო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელმაც მუდმივი ეგზეკუციებისა და სისხლიანი რეპრესიების გზით გაანადგურა ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი, რომელიც გეგმაზომიერად და სისტემურად ანადგურებდა ქართულ კულტურას და ეროვნულ ცნობიერებას, რომელიც დღენიადაგ ცდილობდა ქართველებში ისტორიული მეხსიერების ამოშანთვას.


ქართლ-კახეთის სამეფოს და რუსეთის XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ურთიერთობათა ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები ცხადჰყოფს, რომ 1769-1770 წლებში, ცდილობდნენ რა რუსეთის სამეფო კარის და სარდლობის კეთილგანწყობის მოპოვებას, ერეკლე II-მ და მისმა მხარდამჭერმა დასმა რუსებს მიართვეს სტრატეგიული ხასიათის სრული ინფორმაცია ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ [6, გვ. 546-552, 556-557], რაც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი.


საქართველო – XVIII საუკუნის II ნახევარი.


მიუხედავად იმისა, რომ ტოტლებენმა უხეშად დაარღვია რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის დადებული შეთანხმება და 1770 წლის 18 აპრილს, ასპინძის ომამდე ორი დღით ადრე, მტრის პირისპირ დატოვა ქართველთა ლაშქარი, იმავე წლის 30 აპრილს, ერეკლემ თბილისში მიიწვია რუსი გენერალი და სურსათით მომარაგებაც აღუთქვა [6, გვ. 573-576]…
როგორც ცნობილი ფრანგი სამართლისმცოდნე, სორბონის პროფესორი ლუი ლე ფური მიუთითებდა, 1783 წლის 24 ივლისს დადებული "გეორგიევსკის ტრაქტატი” წარმოადგენდა მფარველობით ხელშეკრულებას საერთაშორისო სამართლის ორ თანაბარუფლებიან სუბიექტს შორის და რუსული მხარის მიერ მისი ცალმხრივად დარღვევის შემთხვევაში იგი ითვლებოდა ანულირებულად .
ფრანგი ავტორის ამ მოსაზრებას მთლიანად იზიარებდნენ საერთაშორისო სამართლის სხვა ცნობილი ევროპელი ავტორიტეტები ვატელი, ნიპოლდი, ოპენჰეიმი, კუნცი და ლისტი. ამ ტრაქტატით რუსეთი ვალდებული იყო რომელიმე მესამე ქვეყნის მხრიდან ქართლ-კახეთის სამეფოს მიმართ სამხედრო აგრესიის საფრთხის შემთხვევაში, სამხედრო დახმარება აღმოეჩინა ამ სამეფოსთვის.


ივან ვასილის ძე გუდოვიჩი (1806-1809 წწ.)


1792 წლის 8 მაისს, გენერალ გუდოვიჩისთვის მიწერილ საიდუმლო წერილში ეკატერინე II გენერალს მიუთითებდა, რომ ირანის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში მიზანშეუწონელი იყო საქართველოში რუსული ჯარის შეყვანა. ამის შემდეგ ტრაქტატის პირობები დაირღვა 1795 წელს, როდესაც რუსეთმა არაფერი იღონა აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ ერეკლე II-ისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად.


იმდროინდელი მოვლენების ანალიზი გვაძლევს სრულ საფუძველს იმისა, რომ გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. მართალია, ლეკიანობას მანამდეც ჰქონდა ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ მან განსაკუთრებით მწვავე და დაუნდობელი ხასიათი მიიღო სწორედ 1783 წლის შემდეგ. ამით დაღესტნელებმა სამაგიერო გადაუხადეს საქართველოს სწორედ "გეორგიევსკის ტრაქტატი”-ს დადებისათვის; 2. ტრაქტატის დადების გამო შურისძიების აქტი გახლდათ აღა მაჰმად-ხანის 1795 წლის ლაშქრობაც, რაც კრწანისის ტრაგედიით დასრულდა. აღნიშნულ წელს ცარისტულმა რუსეთმა უხეშად დაარღვია ტრაქტატის პირობები, არ აღმოუჩინა რა არანაირი სამხედრო დახმარება ქართლ-კახეთის სამეფოს.
"ჩვენ, ქართველებმა გადავეცით ჩვენი თავი რუსეთს ხელშეკრულებით 1783 წელს და ამით მთელი კავკასია მივეცით მას ხელში. აქედან განავითარა რუსეთმა თავისი გავლენა სპარსეთზედ და აქედან დაამარცხა ოსმალეთი.”- აღნიშნავდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი [8, გვ. 150]. აღსანიშნავია, რომ იგი სავსებით იზიარებდა ლუი ლე ფურისა და სხვა ევროპელ სამართლისმცოდნეთა მოსაზრებას "გიორგიევსკის ტრაქტატი”-ს შესახებ [8, გვ. 235-236].


 სოლომონ მეორე .

ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოეყენებია იმერეთის სამეფოსთან კავშირის გამყარებისათვის და ესარგებლა იმერეთის ტახტის იმჟამინდელი მპყრობელის, თავისი ღვიძლი შვილიშვილის, სოლომონ II-ის სრული ლოიალობით, აღედგინა იმერეთისა და ქართლ-კახეთის ერთიანობა და შემდეგ ეზრუნა დასავლეთ საქართველოს სამთავროებთან კავშირის გამყარებისათვის, ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო ჩრდილოეთ კავკასიის ბეგების თხოვნა და უზრუნველეყო მათი მოკავშირეობა, ნაცვლად იმისა, რომ განუხრელად ეზრუნა ქვეყნის სამხედრო-თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცება-განვითარებაზე, ერეკლე II-მ "რუსეთის ერთმორწმუნეობას” გადააყოლა ქართლ-კახეთის და, საბოლოო ჯამში, სრულიად საქართველოს, კავკასიის რეგიონის დამოუკიდებლობა…


იმჟამინდელი ვითარების გაცნობა ცხადჰყოფს, რომ არსებობდა მეტად ნოყიერი და სავსებით რეალური ნიადაგი იმისა, რომ ქართლ-კახეთის სამეფო კარის მიერ საქართველოს ინტერესების შესაბამისი გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შექმნილიყო ძლიერი საერთოკავკასიური კოალიცია, რაც, საბოლოო ჯამში, უპირობოდ გახდებოდა მყარი და იმ დროისთვის გადაულახავი ბარიერი ცარისტული რუსეთის ზრახვების ხორცშესხმის გზაზე. ძნელი არ არის იმის მიხვედრაც, რომ ამგვარი პოლიტიკის წარმატებით გატარების შემთხვევაში კავკასიის რეგიონი უცილობლად აღმოჩნდებოდა ევროპის ყურადღების არეალში… მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მარტოოდენ იმდროინდელ რეალურ ვითარებაზე დაფუძნებული განსჯაა იმისა, თუ რა მოხდებოდა ერეკლე II-ს რომ ჰქონოდა მეტი პოლიტიკური და დიპლომატიური ალღო და უნარი სხვათა აზრის მოსმენა-გაანალიზებისა…


ამდენად, ვერასგზით ვერ დავეთანხმებით 2008 წელს გამოცემული სქელტანიანი მონოგრაფიის "რუსული კოლონიალიზმი საქართველოში” ავტორებს, რომლებიც მიუთითებენ: "არსებული გამოცდილების და ალღოს საფუძველზე ერეკლემ, როგორც ჩანს, ყველაფერი განჭვრიტა; ქართლ-კახეთის მეფე ამიტომ ეწინააღმდეგებოდა შესაბამის დასასრულს, მაგრამ რუსულმა დიპლომატიამ და საერთოდ პოლიტიკამ, იგი აიძულა სავალალო ნაბიჯი გადაედგა” [9, გვ. 20]. საუბედუროდ, ვერაფერიც ვერ განჭვრიტა ერეკლემ და მისი სწორედ ეს არაშორსმჭვრეტელობა ძალზე ძვირად დაუჯდა საქართველოს და მთელ კავკასიის რეგიონს! მანამდე ავტორები აღნიშნავენ: "1770-1780 წლები ქართლ-კახეთის პოლიტიკური განმტკიცების ხანაა. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს საქმეებისადმი რუსეთის ერთგვარად გულგრილმა დამოკიდებულებამ, ირანისა და თურქეთის ამ ფაქტით კმაყოფილებამ და შედარებითმა დასუსტებამ” [9, გვ. 16].


ნაშრომის ეს ადგილი სრულ წინააღმდეგობაშია ავტორთა ჩვენ მიერ ზემოთ მოხმობილ ნააზრევთან. სწორედ ეს პერიოდი 1770-იდან 1781 წლამდე არ გამოიყენა ქართლ-კახეთის მეფემ, გამოავლინა რა პოლიტიკური და დიპლომატიური უსუსურობა. ჩვენი აზრის სისწორეს ადასტურებს მონოგრაფიის ავტორთა შემდეგი სიტყვები (თუმცა, ისინი ნამდვილად ვერ გამოდგება ერეკლეს "ჭკვიანი პოლიტიკოსობის” დასტურად): "მაგრამ ერეკლე ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და კარგად ხვდებოდა, რომ რუსეთს საქართველოსთან დამყარებული მფარველობითი ურთიერთობის ფორმა არ აკმაყოფილებდა და მზად იყო კიდევ ერთ დათმობაზე წასულიყო და მას დამოკიდებულობის უფრო მძიმე ფორმა – ქვეშევრდომობა შესთავაზა, მაგრამ იმპერია საქართველოს სამეფოს სრული გაუქმებისათვის იღვწოდა და, ბუნებრივია, ეს შეთავაზება უარყო” [9, გვ. 22].


იგივე ავტორები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ერეკლეს პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ეყრდნობიან საბჭოთა პერიოდის ავტორთა ნაშრომებს, რომლებიც იმჟამინდელი კონიუნქტურის დამღითაა დაღდასმული.

გიორგი XIII – Giorgi XII.

1798 წელს ქართლ-კახეთის ტახტზე ასული გიორგი XII აღმოჩნდა ყოვლად უსუსური მმართველი. ამით ისარგებლა რუსეთმა და უკვე 1800 წლის 15 ნოემბერს რუსეთის ელჩმა კნორინგმა მიიღო იმპერატორ პავლე I-ის საიდუმლო რესკრიპტი. ამ დროს გიორგი XII უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. რესკრიპტის ძალით, გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე არ უნდა დაეშვათ ტახტის მემკვიდრე დავითი. აღნიშნული წლის 18 დეკემბერს, როდესაც გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პავლე I-ის უმაღლესი მანიფესტით, აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდა. გიორგი XII კი გარდაიცვალა 28 დეკემბერს.

დავით ბატონიშვილი, გიორგი მეთორმეტის ვაჟი (1770-1836).

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, გიორგის ვაჟმა დავით ბატონიშვილმა დაუშვა მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეცდომა, რაზეც სავსებით სამართლიანად გაამახვილა ყურადღება ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ, 1924 წლიდან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა შალვა ამირეჯიბმა 1930 წელს.

კერძოდ, მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე დაეკავებინა სამეფო ტახტი, დავითმა საკმაო დრო დაკარგა, ელოდა რა მოსკოვიდან ინვესტიტურას (რუსეთის სამეფო კარის თანხმობის დამადასტურებელ დოკუმენტს).

"თუკი საქართველოს უბრალო ეჭვი მაინც ჰქონდა, რომ ქართველების ნდობას რუსები ერთ მშვენიერ დღეს მზაკვრულად გამოიყენებდნენ, ყველაზედ ადრე იმაზედ უნდა ეფიქრათ, რომ რუსეთი ამას სწორედ მაშინ ჩაიდენდა, თუ რაიმე მცდარის ნაბიჯით საქართველოს ტახტი თუნდა მცირე ხნითაც თავისით დარჩებოდა უმეფოდ. ერთის მხრით გიორგის სიკვდილმა და მეორეს მხრით იმან, რომ დავითმა დაუყოვნებლივ თავი მეფედ არ გამოაცხადა, სწორედ ეს გარემოება შეჰქმნა.

როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ დავითმა თავისით დასტოვა ტახტი ცარიელი, მას მხოლოდ მცირე ღონისძიებაღა დასჭირდა, რომ თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ისტორიაში იშვიათია ისეთი მაგალითი, რომ კეთილ საბაბს

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2238 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები