პარასკევი, 26.04.2024, 12:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » ცუდი სიტყვები.
22:26
» ცუდი სიტყვები.

რა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ცუდი სიტყვები არ თქვას? მგონი მართლაც შევიმსუბუქებთ ამ პრობლემას, თუკი გავიაზრებთ, ამით რისი თქმა სურს ჩვენს შვილს: იქნებ გაბრაზებულია მთელს სამყაროზე? ან უბრალოდ გვაჯავრებს, ცდილობს წყობიდან გამოგვიყვანოს ან სულაც იმეორებს განაგონს, ისე რომ სიტყვის აზრი არ ესმის.


ადრე თუ გვიან მსგავსი პრობლემა, ალბათ, ყველა ოჯახში ჩნდება და უნივერსალური წამალი ამის თავიდან ასაცილებლად მგონი არც არსებობს.


ბავშვის მიერ წარმოთქმული უწმაწური სიტყვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას დანაშაულებრივი მომავალი ელის. და არც იმას, რომ ჩვენ ცუდი მშობლები ვართ. ეს მხოლოდ სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც, უმეტეს შემთხვევაში, მას არ ესმის.


ასეთ დროს, სჯობს არ მივაქციოთ ყურადღება - არ ღირს პატარას საყვედურებით ავსება და ყვირილი. არა მგონია ბავშვმა გაიგოს რითი ვართ უკმაყოფილო, ჩვენი მღელვარე რეაქცია კი მას ნამდვილად დააინტრიგებს. იქნებ არც გაცინება ღირს, რადგან რახან ერთხელ შეძლო მშობლების გამხიარულება, ამის მიღწევას კიდევ შეეცდება?

ამიტომ თავი ისე ხომ არ დავიჭიროთ, თითქოს ბავშვის მეტყველებაში უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს?
მოდით, პირდაპირ ვკითხოთ: რას ნიშნავს ეს სიტყვა? - თუ ის აგვიხსნის – გულგრილად ვუპასუხოთ, რომ არ ვიცით საერთოდ რატომ ამბობენ ხოლმე ასეთ უხეშ სიტყვებს. მაგრამ ალბათ პატარა ვერ გაგვცემს პასუხს.

აი, მაშინ კი გამოვხატოთ გაოცება – როგორ შეიძლება გაუგებარი სიტყვების თქმა, როცა კაცმა არ იცის ეს რას ნიშნავს?! ან ვუპასუხოთ არარსებული სიტყვით. თუ მას არ ყოფნის გამოხატვისთვის სიტყვები შევთავაზოთ, იქნებ მოიგონოს რამე თავისი და არ გაიმეოროს ხოლმე სხვისი ნათქვამი.


თუკი ბავშვი საკმარისად ზრდასრულია იმისთვის, რომ გაიგოს და მიიღოს ქცევის წესები, მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე ვუამბოთ იმის შესახებ, რა სიტყვებია მიუღებელი საზოგადოებასა თუ კერძოდ თქვენს ოჯახში. ვუთხრათ, რომ ცუდი სიტყვები ჩვენ გულს გვტკენს.

სიტყვებით თამაში
თუ ბავშვი სიტყვას დანიშნულებისამებრ იყენებს (უფრო ხშირად ეს ხდება უხეში სიტყვების წარმოთქმისას რაც დასაშვებია, თუმცა მშობლებისთვის მიუღებელი) შევთავაზოთ მისაღები სინონიმი, ოღონდ სასურველია ისეთივე ემოციური იყოს.


ჩემი უფროსი მეგობარი მიამბობდა თავისი შვილიშვილების ონავრობის ამბავს. ჰოდა, ერთერთს, 3 წლის გურამიკოს თურმე ძალიან მოსწონდა სიტყვა "ტრაკი”- და ამ გამოთქმით ამკობდა ხოლმე ნაცნობებს. ბებომ სთხოვა, იქნებ ეგ ცუდი სიტყვა სინონიმით "საჯდომით” შეცვალოო. ბიჭუნას თავიდან მოსწონებია ბებოს აზრი, თუმცა მალევე საკუთარი დასკვნა გამოუტანია: არა, "ტრაკი” უფრო კარგი სათქმელიაო.


სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებში უწმაწური სიტყვების პრობლმა იწყება 2.5 - 4 წლიდან. ამ ასაკში პატარა ხშირად და სიამოვნებითაც იყენებს სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა, შესაძლოა, არ ესმოდეს, მაგრამ მათი ჟღერადობა ან ინტონაცია მოსწონს. ბევრი ცუდი სიტყვა საკმაოდ კეთილხმოვანია, ატარებს ემოციურ მუხტს, ანუ გრძნობით წარმოითქმება და ამიტომაც, ადვილად ამახსოვრდებათ.


მგონი, არ ღირს ბავშვის დასჯა ცუდი სიტყვების თქმის გამო – მართლაც, რატომ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ მას აინტერესებს გაგონილი?



ზოგი ფსიქოლოგი გვირჩევს საერთოდ არ მოვახდინოთ რეაგირება ბილწსიტყვაობაზე. იმასაც ამბობენ, რომ თანდათან ეს სიტყვები ბავშვის ლექსიკიდან გაქრება, თუმცა ეს ყოველივე სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ პატარა ონავარი ელის რეაქციას და აი, მაშინ, ჩვენმა დუმილმა შესაძლოა საინტერესო შედეგები გამოიღოს.

"დედა ნახე, მამა ნახე..."
ბავშვის ლექსიკონში ცუდი სიტყვების გაჩენისთანავე სჯობს ყურადღება მივაქციოთ როგორ ვსაუბრობთ ოჯახში. ხშირად ვერ ვამჩნევთ რა გამოთქმებს ვხმარობთ, ან კიდევ სიტყვებს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.


გავიხსენოთ თუნდაც რას ვამბობთ როცა ფეხს შემთხვევით რამეს გავკრავთ, ან გაზქურასთან ფუსფუსის დროს ხელს დავიწვავთ, ან რა სიტყვებით რეაგირებს ქმარი პოლიტიკურ პერიპეტიებზე და ა.შ.

სხვათა შორის, ამ დროს ჩვენი უცოდველი ონავარი ახლომალოს თამაშობს! პატარა კი ყველაფერში ბაძავს უფროსებს, საუბრის მანერაშიც, ცხადია. ამიტომ უსამართლო იქნება მოვთხოვოთ მას ქცევა, რომელიც განსხვავდება ოჯახში მიღებულისგან.

არანაირი დარწმუნება იმაში, რომ მამიკოსთვის და ბაბუსთვის დასაშვებია გინება, მისთვის კი არა, იმიტომ რომ პატარაა, არ გვიშველის – რადგან ბავშვი უფროსებზე დაკვირვებისას ითვისებს ქცევის მოდელს, რაც მისი სქესისთვის არის დამახასიათებელი.


მოკლედ ბავშვს მშობლებმა უნდა მივცეთ მაგალითი. ჰოდა, დედიკოებო და მამიკოებო, მგონი აჯობებს დავუკვირდეთ საკუთარ მეტყველებას, თავს ნუ მოვიტყუებთ და ჩავთვლით, რომ ბავშვები არ გვისმენენ, ან რომ შევძლებთ დავავიწყოთ ცუდი სიტყვა ნოტაციების თუ დასჯის მეშვეობით.
თუ არ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მავნე ჩვევას ან ოჯახის წევრებს მოველაპარაკოთ, რომ აღარ წარმოსთქვან უხამსი სიტყვები, მაშინ ორმაგი მორალის გამოყენებაც არ ღირს. თორემ გამოდის რომ როცა უფროსები ბილწსიტყვაობენ, ეს ნორმალურია, ხოლო ბავშვებისთვის – ეს ცუდია.
4-5 წლის ბავშვს შეგვიძლია გულწრფელად გავუზიაროთ ჩვენი განცდები იმაზე, რომ არ გვსურს ეს ცუდი ჩვევა მათ "მემკვიდრეობით” აითვისონ.


ჩემს მეგობარს ავტომობილის მართვის დროს დაძაბულ სიტუაციაში ცუდი სიტყვები წამოსცდება ხოლმე. მან აუხსნა თავის 5 წლის ლიზას რატომ იქცევა ასე, და ისიც უთხრა, რომ მთელი გულით სწუხს, რომ არ გამოსდის სხვანაირად დაძაბულობის განმუხტვა – თან ამით აჩვენა, რომ ამგვარ საქციელს ნორმად არ მიიჩნევს.


ხშირად ბავშვი როცა გაბრაზებულია დანიშნულებისამებრ იყენებს სიტყვას თან ისე, რომ მნიშვნელობა არ ესმის. უცხო ადამიანმა კი შეიძლება იფიქროს, რომ უზრდელია...
მაგრამ არ უნდა ვუყვიროთ, რადგან ასეთი რეაქცია მხოლოდ მორცხვ ბავშვებზე მოქმედებს. მშობლის ნებისმიერი ემოციური აფეთქება ზოგჯერ საპირისპირო ეფექტს იძლევა – ბავშვებს მოსწონთ ეს გაბრაზება და იწყებენ იმის განმეორებას, რამაც ეს გამოიწვია.


ზოგჯერ ბავშვი ისეთ "ცუდს” გეტყვის, გაგეცინება. მაგრამ ასეთი რეაგირებაც არ შეიძლება თურმე. ჩვენი სიცილი აბნევს პატარას და მან შეიძლება იფიქროს, რომ მისი საქციელით აღფრთოვანებული ვართ. არ ღირს იმის გარკვევა სად ან ვისგან ისწავლა ეს ცუდი სიტყვა – ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავარიდებთ ჩვენს შვილს არასასურველი ცოდნის წყაროებს.


ჩვენს ამბავსაც გიამბობთ: ეზოში თამაშის შემდეგ მე და ჩემი ვაჟი შინ დავბრუნდით. მამის დანახვისთანავე ახალი შთაბეჭდილებების მოყოლა დაიწყო და თან ხმამაღალი გინებაც დააყოლა "დ.....ა მ......ა”. ამ მოუ

ლოდნელობისგან მშობლებს ელდა გვეცა, თუმცა შევეცადეთ არ შეგვემჩნია. საბამ ერთი-ორი წუთი ითმინა, მერე იფიქრა კარგად ვერ გავაგონეო და უფრო ხმამაღლა გაიმეორა. მამა სწრაფად გავიდა ოთახიდან, მე კი სიმწრით ვცდილობდი თავი ისე დამეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარა... მაშინ ბავშვი მომიახლოვდა, თვალი თვალში გამიყარა და ხმამაღლა, გარკვევით ჩამძახა ცუდი სიტყვა. რა გითხრათ, მართლა ვერ შევიკავე თავი და დავტუქსე. თუმცა მერე სინდისი მქენჯნიდა – ახლა წარმოიდგეინეთ, რა ხდება ბავშვის თავში. მას თავიდან ჰგონია, რომ მშობლები რაღაც გაუგებარ თამაშს თამაშობენ და როცა პატარა ცდილობს წესების გარკვევას, მაშინ დედიკო უჯავრდება.


რა უნდა ვქნათ? - ბუნებრივად მოვიქცეთ - გვირჩევენ ფსიქოლოგები.
თუ ბავშვი ჩვენი თანდასწრებით იგინება, არ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მტკიცედ და კეთილგანწყობილად უნდა ვუთხრათ, რომ მეორედ ამის გაგონება არ გვსურს. სულაც არაა აუცილებებლი ავუხსნათ პატარას ამა თუ იმ საგინებელი სიტყვის მნიშვნელობა. თუ ბავშვი ჯიუტად მოითხოვს, მაშინ მშვიდად ვუთხრათ: ეს ძალიან ცუდი სიტყვაა და მე არც მინდა ამაზე საუბარი.


თუმცა, სიტყვებით თამაში ყოველთვის უცოდველი როდია.
ზოგჯერ ბავშვები გრძნობენ რომ ეს სიტყვები მიუღებელია. 4-6 წლისანი გატაცებით და სიცილ-ხარხარით ატარებენ დროს და ერთმანეთს უზიარებენ ცუდ სიტყვებს - უფრო ხშირად მარტო როცა არიან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ მშვენივრად იციან გინების აკრძალვის შესახებ.


ბავშვებს ხომ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ აკრძალვების დარღვევა. მათი პროტესტი წესების წინაააღმდეგ – ის შემთხვევაა, როცა ემოციური მუხტის გარეშე ქმედება ინტერესს კარგავს.
თუ პატარა ისეთი ბავშვების გარემოცვაში მოხვდება, რომელთაც არ აინტერესებთ ცუდი სიტყვები, ის აღარ შეიგინება. ამიტომ ცუდ სიტყვებთან ბრძოლის რთულ საქმეში უფროსმა ბავშვებმა შეიძლება კარგი დახმარება გაგვიწიონ.

მათ, როგორც დიდებს ისე თუ ავუხნით ჩვენს გასაჭირს და დახმარებას ვთხოვთ, ისინი, სიამოვნებით, საჭირო მომენტში აჩვენებენ სრულ გულგრილობას და პატარასაც ეტყვიან: მე ეს არ მაინტერესებს!


თუ უსაქციელობა ჩვენი თანდასწრებით მოხდა და იმის საშუალებაც არ გვაქვს გულგრილობა შევინარჩუნოთ, აჯობებს მშვიდად ვთხოვოთ ბავშვს გავიდეს ოთახიდან, ოღონდ უნდა ავუხსენათ მიზეზი.


სკოლამდელები, როცა მათ უფლებას აძლევენ, რაღაც დროის მანძილზე მართლაც იგონებენ და წარმოსთქვამენ ცუდ სიტყვებს- ხშირად და აგრესიულადაც. მაგრამ ეს თავისით გაივლის.
მთავარია ბავშვს ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა იმაზე, რომ ეს სიტყვები ნორმალურ საზოგადოებაში მიუღებელია.

ცუდი გენი?
ადამიანის მემკვიდრეობით ნიშნებს შორის არსებობს გენი, რომელიც ცუდ სიტყვებზეა პასუხისმგებელი.
ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი, რომელიც მოსწრებული ენით და უხამსი ხუმრობებითაა ცნობილი ჩვენი მეგობრების წრეში, თურმე ბავშვობაში სპეციალურ დღიურს აწარმოებდა, სადაც სასოებით იწერდა ცუდ სიტყვებს და გინებებს. მერე ძილის წინაც იმეორებდა არ დამავიწყდესო!.


სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ ბილწსიტყვაობის ფენომენს, ცდილობენ მეცნიერულად ახსნან ეს მოვლენა. ამ კვლევების დროს დაადგინეს, რომ ყველაზე ბინძური სიტყვა მოდის ძლიერი საზოგადოებრივი ტაბუდან.


გერმანელები და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებლები ძირითადად პროტესტანტული კულტურის შვილები არიან და ამას უკავშირდება მათი შედარებითი თავშეკავებულობა და სიმკაცრე. საუკუნეების მანძილზე თემატური სფეროები, რასაც მიეკუთვნება ცუდი ლექსიკა, ფაქტობრივად არ შეცვლილა.
რატომ ვამბობთ ცუდ სიტყვებს?
იმიტომ, რომ სიბრაზე გამოვხატოთ. თუ ყველაფერს თავშვი შეინახავ, ადრე თუ გვიან ეს პრობლემად იქცევა – ამის თაობაზე დამაჯერებლად საუბრობენ ექიმებიც და ფსიქოლოგებიც.
თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა არ გვაძლევს ბილწსიტყვაობის უფლებას.
ადამიანები ვესწრაფით მშვიდობიან ურთიერთობებს. ამიტომ უფროსები ხშირად ვიკავებთ ემოციებს. მაგალითად, თუკი მანქანას სადგომზე ვერ ვაყენებთ ან კომპიუტერი დაიწვა...

თუ საქმე უფრო სერიოზულადაა, ძალზე რთულია სიმშვიდის შენარჩუნება. აი, ასეთ სიტუაციებში ითვისებენ ჩვენი შვილები სიტყვებს: "იდიოტი”,”დებილი”, "ნაბიჭვარი”,”დ....... მ....” და ა.შ.
დავუშვათ, რომ ამ აზრით მშობლები ნამდვილი ანგელოზები არიან, - რაც ოჯახური ყოფის ფონზე უბრალოდ წარმოუდგენელია, - ბავშვები მაინც გაიგებენ სალანძღავ სიტყვებს, იმიტომ რომ ესმით ბაღში, რადიოსა თუ ტელევიზორში.

სიტყვების ძალა
ზოგჯერ ბავშვის და მშობლების ურთიერთობაში გაუგებრობა იჩენს თავს. პირველად ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ბავშვი სიჯიუტის სტადიაშია.
ჩემი ახლობელი ხშირად ჩივის, რომ მის 5 წლის სანდროს შეუძლია მაღაზიაში, რასაც ჰქვია გამოლანძღოს, თუ ის სასურველ სათამაშოს არ უყიდის.

დედა ძალიან უხერხულად გრძნობს თავს, მითუმეტეს, რომ ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდება ვინმე "აღმზრდელი”, რომელიც აუცილებლად აღნიშნავს, რომ "ეს თანამედროვე მშობლები აზრზე არ არიან როგორ აღზარდონ შვილები!”


ძალიან მინდა ხოლმე ასეთ ადამიანებს ავუხსნა, რომ ისინი ცდებიან. მაგრამ როგორ?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ასაკში ბავშვისთვის ნორმალურია ცუდი სიტყვების თქმა. სპეციალისტები მიუთითებენ კიდევაც ბავშვის განვითარების პრობლემებსა და კონტაქტის ნაკლებობაზე, თუკი პატარა სიტყვებით არ აღნიშნავს უარყოფით ემოციებს.


ამგვარი ქცევა შეიძლება შემდეგნაირად გავაანალიზოთ: 4 წლის ბავშვმა, რომელმაც მამას "იდიოტი” დაუძახა, იცის რომ მამას ის უყვარს, და მხოლოდ ამიტომ შეუძლია გაბედოს ასეთი მოქცევა. საერთოდ რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ცდილობს მოსინჯოს დასაშვების საზღვრები და იგრძნოს სიტყვების ძალა. ამით ბავშვი მუდმივადაა დაკავებული და ეს აუცილებელია ზრდის ეტაპზე.


შესაძლოა ბავშვის მიერ წარმოთქმული ყოველი ცუდი სიტყვა არის სასინჯი ნაბიჯი სოციალური ნორმების სამყაროში. ბავშვის მისწრაფება პროვოცირება მოახდინოს, აუცილებელია სწორ კალაპოტში მივმართოთ.


რეაქცია პროვოკაციაზე შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს – იგნორირებიდან – მკაცრ დასჯამდე. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი: რაც უფრო პატარაა, მით უფრო უნდა გავიაზროთ მშობლებმა, რომ ბავშვს უბრალოდ არ ესმის ცუდი სიტყვის მნიშვნელობა. მაგალითად, სამი წლის პატარამ შეიძლება თქვას გარკვეული სიტყვები მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობლების რეაქცია მოსწონს.


ცუდი არ იქნება გავამდიდროთ ბავშვის სიტყვების მარაგი – ხშირად წავუკითხოთ, ვასწავლოთ
ლექსები, რადგან დამწყებ პატარას აუცილებლად დაეკარგება ცუდი სიტყვა გამრავალფეროვნებულ ლექსიკაში და ის აღარ მოეჩვენება მნიშვნელოვნად.


ისიც გავითვალისწინოთ, რომ რახან ცუდი სიტყვები არსებობს, ბავშვმა შეიძლება ისინი "აითვისოს” და უკეთესი იქნება თუ საპასუხოდ კი არ შევაშინებთ და დავემუქრებით, არამედ შევეცდებით გავიგონოთ რა იმალება ამ სიტყვის მიღმა – სურვილი შეამჩნიონ, დახმარების თხოვნა, თანატოლებს შორის თვითდამკვიდრების მცდელობა თუ გაუცნობიერებელი განმეორება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1877 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები