პარასკევი, 26.04.2024, 08:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » კოლხეთის სამეფო.
10:30
კოლხეთის სამეფო.

კავკასიის უძველესი ქვეყნები.

კოლხეთის სამეფო (ბერძნ. Κολχίς, kŏl´kĬs) (ძვ. ქართული წყაროებით - ეგრისი) ძველ გეოგრაფიაში ერქვა შავი ზღვის პირა სამკუთხა ფორმის რეგიონს კავკასიაში. ამჟამად საქართველოს დასავლეთ ნაწილშია.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი შეადგენდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაბზონისა და ართვინის პროვინციების ნაწილს.

გეოგრაფია და ტოპონიმიკა.


ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში 1770.


კლასიკურ ავტორთა თანახმად კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდ. ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით იბერიასა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით სომხეთს.

ავტორების მიხედვით მცირე განსხვავებაა თუ რამდენად ვრცელდებოდა კოლხეთის ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთზე: სტრაბონის მიხედვით კოლხეთი იწყებოდა ტრაპიზონთან, ხოლო პტოლემეოსის მიხედვით პონტუსი მდინარე ფაზისამდე ადიოდა. პიტიუსი კოლხების ბოლო ქალაქი იყო ჩრდილოეთში.

სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია ესქილესა და პინდარის მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით "აია" მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითიური მეფე აიეტი ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო ფაზისი (ამჟ. რიონი), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო დიოსკურია (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: სოხუმი), სარაპანა (ამჟ. შორაპანი), ფაზისი (ამჟ.: ფოთი), პიტიუსი (ამჟ. ბიჭვინთა), აპსაროსი (ამჟ. გონიო), სურიუმი (ამჟ. სურამი), არქეოპოლისი (ამჟ. ნოქალაქევი), ქითა ან ქუთათისიუმი (ამჟ. ქუთაისი), მედეას სამშობლო. სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.

ისტორია.


ადრეული პერიოდი.

ბრინჯაოს ცულები, ტიპიური კოლხური კულტურისთვის.


რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე.

გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა დაამუღამეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე.

პარალელურად ვითარდება აგრიკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა.

ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები (შესაძლოა დღევანდელი აფხაზები), აბასკები, ანიგები, ცორაზები, კოლიები, მელანხლაენები, გელონები და სოანები (სუანი). (*სახელები გადასამოწმებელია).

ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს.

მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კოლხა.


ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც ქუხა (ასევე კოლხა, ან კილხი).

მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდემუსა) ურარტუს მეფე სარდურის II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად.

სიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა.

ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს.

აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა. მოძლიერებულმა კოლხებმა შედეგად სპარსეთის უღელი გადააგდეს და ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. არსებობს მითი, კოლხის მფლობელის მეუფე ხარატა–ს შესახებ ძვ.წ. 5 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი ტრაქტატი რომლის მიხედვითაც მეუფე ხარატა იყო უმდიდრესი კოლხის მმართველი.

ბერძნული კოლონიზაცია.


რეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილესელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე ფაზისში, გონიოსა და დიოსკურიაში სავაჭრო პორტები დააარსეს.

ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ”ყველაზე შორეული ვოიაჟი” იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე დიდის მიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ.

სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც ეგრისი, იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა დაახ. ძვ. წ. 302 წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის მითრიდატე პონტიუსის მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).

კოლხეთის მმართველები.


კოლხთა მმართველებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება:
აიეტი — ბერძენთა მიერ აღწერილია, როგორც ძვ. წ. XVII—XVIსს კოლხთა ძლევამოსილი მეფე და ზოგიერთ ისტორიკოსთა მიერ ისტორიულ პერსონად არის მიჩნეული, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს.
ქუჯი — ეგრისის ერისთავი იბერიის მეფე ფარნაოზ I-ის დაქვემდებარებაში (ძვ. წ. 302—237) (შუასაუკუნეების ქართულ წყაროებზე დაყრდნობით).
აკე (ბასილეუს აკუ) (ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული) — კოლხთა მეფე; მისი სახელი ნაპოვნია მის მიერ გამოშვებულ მონეტაზე.
საულაკესი — "მეფე" ძვ. წ. II საუკუნეში (ზოგიერთ უძველეს წყაროზე დაყრდნობით).
მითრიდატე ქრესტუსი (ძვ. წ. 83) — პონტუსის დაქვემდებარებაში.
მაქარესი (ძვ. წ. 65) — პონტუსის დაქვემდებარებაში.
არისტარქე (ძვ. წ. 65—ძვ. წ. 47) — დინასტია პომპეუსის დაქვემდებარების ქვეშ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2036 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები