09:42 თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში. | |
თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.
ბაგრატ V-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. 1399 მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა ყარაბაღში, საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე. 1400 გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით მეექვსედ შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები გიორგი VII-ის მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა გორის ციხეს, სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა ძამის ციხეში, სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქედან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა ტაო. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა. 1401 შამქორის ზავის პირობით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშწრობების მიღებას, სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიის რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს. სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა თორთომის ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე. ციხის დაპყრობის შემდეგ თემურლენგმა გაილაშქრა დასავლეთ საქართველოზე და გიორგი VII-ის დევნაში მივიდა აფხაზეთის საზღვრამდე. ბოლოს იგი, რაკი საქართველოს მეფის წინააღმდეგობა ვერ გატეხა, იძულებული გახდა დაზავებოდა გიორგი VII-ს. ზავი იმეორებდა შამქორის ზავის პირობებს და, რაც მთავარია, ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელიც მოპოვებულ იქნა ადამიანთა აურაცხელი მსხვერპლისა და უზარმაზარი მატერიალური ზარალის ფასად. | |
|