პარასკევი, 26.04.2024, 08:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რომანტიკოსი მწერლები.
01:39
რომანტიკოსი მწერლები.

ალექსანდრე პუშკინი.


ალექსანდრე პუშკინი
Александр Пушкин


ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.

ფსევდონიმი ივანე პეტრეს ძე ბელკინი
Иван Петрович Белкин
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი
დაიბადა 26 მაისი (6 ივნისი) 1799
მოსკოვი, რუსეთი
გარდაიცვალა 29 იანვარი (10 თებერვალი) 1837
პეტერბურგი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მიმდინარეობა რომანტიზმი, რეალიზმი
პერიოდი 1813-1837

გავლენა მოახდინეს.


ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.სექციების სია [დამალვა]


ბიოგრაფია .


ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.

1814-იდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში პუშკინის ცხოვრების დასაწყისი (1817-1820) დაემთხვა დეკაბრისტთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდს. პუშკინის პირადი და იდეური კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან, მონაწილეობდა ლიტერატურულ გაერთიანებაში "მწვანე ლამპა". დეკაბრისტული იდეები აისახა პუშკინის ლექსებში: "თავისუფლება", (1817), "ჩაადაევს", "ზღაპრები" (ორივე 1818), "სოფელი" (1819), რომლებიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერთა სახით. გავლენიანმა მეგობრებმა იხსნეს პოეტი ციმბირში გადასახლებისაგან.

1820 იგი სამხრეთ რუსეთში გადაასახლეს. იმხანად პუშკინმა დაამთავრა პოემა "რუსლან და ლიუდმილა" (გამოქვეყნდა 1820), რომელშიც ფოლკლორთან დაკავშირებული ზღაპრული ამბავი რეალურ სინამდვილეს დაუახლოვდა და ხალხური ენით გადმოსცა. რეაქციული კრიტიკა აღაშფოთა პოემის "მდაბალმა" სტილმა და ენამ, მოწინავე საზოგადოება კი აღტაცებით შეხვდა ამ თხზულებას. 1820 პუშკინს ნება დართეს გენერალ ნ. რაევსკის ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო კავკასიის მინერალურ წყლებზე, შემდეგ კი ყირიმში.


პუშკინი გამოცდაზე დერჟავინის წინ, ცარსკოე-სელო, ილია რეპინის ნახატი (1911).


1820-1823 პუშკინმა გაატარა კიშინიოვში, რომელიც მაშინ "დეკაბრისტების ბუდეს" წარმოადგენდა. პოეტი დაუახლოვდა პ. პესტელს, ვ. რაევსკის, მ. ორლოვსა და სხვებს. 1820-1823 პუშკინმა შექმნა ე. წ. "სამხრეთული პოემები" ("კავკასიის ტყვე", "ბახჩისარაის შადრევანი", "ყაჩაღი ძმები"). 1823-იდან პუშკინი ოდესაში გადაიყვანეს. პუშკინმა, რუსული ლიტერატურაში პირველმა, წარმოსახა თავისი დროის ტიპური გმირი, პირველმა აღწერა კავკასიის ბუნება და მთიელთა ყოფა-ცხოვრება. პუშკინის რომანტიზმის გარდამავალი ხასიათი აღიბეჭდა პოემაში "ბოშები" (1824), რომელშიც ახლებურად არის გაშუქებული რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კონფლიქტი "გმირს" და "ბრბოს" შორის, გაკრიტიკებულია რომანტიკული ინდივიდუალიზმი.

1824 პოეტი ოდესიდან გადაასახლეს სოფ. მიხაილოვსკოეში, სადაც დაწერა პირველი რეალისტური ტრაგედია რუსულ მწერლობაში "ბორის გოდუნოვი" (1825), რომელშიც XVI-XVII საუკუნეების მიჯნის სოციალური მოვლენები იშვიათი მხატვრული ძალით დაგვიხატა. ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა დაეახლოვებინა თავისუფლების მოყვარე პუშკინი და კარის მეხოტბედ ექცია იგი, 1826 გადასახლებიდან გაათავისუფლებინა. პუშკინი შეეცადა თავისი პოეტური სიტყვით გავლენა მოეხდინა მეფეზე. ლექსში "სტანსები" (1826) იგი ნიკოლოზ I-ს სამაგალითოდ უსახავდა პეტრე I-ის მოღვაწეობას. პეტრე I-ს ეძღვნება რომანი "პეტრე დიდის ზანგი" (1827) და პოემა "პოლტავა" (1828). პუშკინი მალე დარწმუნდა მეფის ცბიერებაში. ნიკილოზ I-ის მითითებით მას "ბორის გოდუნოვის" დაბეჭდვაზე უარი უთხრეს, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს და დედაქალაქიდან უნებართვოდ გასვლა აუკრძალეს. პუშკინის წინაშე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა საკითხი პოეტის დანიშნულებისა და როლის, შემოქმედის თავისუფლების შესახებ (ლექსები: "წინასწარმეტყველი", 1826; "პოეტი", 1827; "პოეტი და ბრბო", 1828).

ა. ს. პუშკინი, უცნ. ავტორი, გრავიურა

გადასახლებულ დეკაბრისტებს მიუძღვნა პუშკინმა ლექსები: "არიონი", "1827 წლის 19 ოქტომბერი", პოეტური მიმართვები პუშჩინისადმი, ციმბირში მყოფი დეკაბრისტებისადმი და სხვ. 1830 შემოდგომაზე სოფ. ბოლდინოში პუშკინმა დაამთავრა რეალისტური პოემა "ევგენი ონეგინი" (დაიწყო 1823), რომლის მთავარმა გმირმა დასაბამი მისცა "ზედმეტი ადამიანის" სახეს რუსულ მწერლობაში. მხატვრულად სრულყოფილ, ნოვატორული ფორმის ამ "რომანში ლექსად" აისახა იმდროინდელი რუსული სინამდვილე, დედაქალაქის "მაღალი საზოგადოებისა" და პროვინციელი თავად-აზნაურების ყოფა.

ავტორმა ონეგინის სკეპტიციზმსა დ ლენსკის უნიადაგო რომანტიზმს დაუპირისპირა ტატიანა ლარინა, რომლის მაღალი ზნეობა ბუნებასთან, ხალხურ ზნე-ჩვეულებებთან სიახლოვემ განაპირობა. "ბელკინის მოთხრობებით" პუშკინი რუსული რეალისტური პროზის ფუძემდებლად მოგვევლინა. მოთხრობებში: "სადგურის ზედამხედველი", "მეკუბოვე" და სხვ. დიდი თანაგრძნობით დაგვიხატა ე. წ. "პატარა ადამიანის" ცხოვრება. მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით არის შექმნილი "პატარა ტრაგედიები" ("ძუნწი რაინდი", "ქვის სტუმარი", "მოცარტი და სალიერი", "ლხინი ჟამიანობის დროს"), რომლებსაც პოეტმა ახლებური, რეალისტური ჟღერადობა მიანიჭა.

1831 წლის თებერვალში მან ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. ცოლ-ქმრის სასახლესთან დაახლოების მიზნით ნიკოლოზ I-მა 1833 პოეტს უბოძა მისი ასაკისა და მდგომარეობისათვის დამამცირებელი კამერიუნკრის საკარისკაცო წოდება. პოეტი იძულებული გახდა ევლო სასახლეში, სადაც ცოლ-ქმარი მალე მოექცა ინტრიგებისა და ჭორების ქსელში. კონფლიქტი პუშკინსა და "მაღალ საზოგადოებას" შორის დამთავრდა პოეტის დუელით მისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერთან დანტესთან. 1837 წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) სასიკვდილოდ დაჭრილი პოეტი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.


განუწყვეტელი შეფარული დევნისა და მძიმე ცენზურული პირობების მიხედვით, პუშკინი ბევრს მუშაობდა. პოემაში "ბრინჯაოს მხედარი" (1833) იგი კვლავ პეტრე I-ის თემას დაუბრუნდა და თავისებურად გააშუქა სახელმწიფოებრივი და პიროვნული ინტერესების პრობლემა. პუშკინის 30-იანი წლების შემოქმედებაში ბატონყმობისა და გლეხთა მოძრაობის თემას განსაკუთრებული ადგილი უკავია (მოთხრობები: "სოფელ გორიუხინის ისტორია", 1830; "დუბროვსკი" 1933; "კაპიტნის ქალიშვილი", 1833-1836 და სხვ.). რუსი ხალხის ფსიქოლოგიისა და ყოფის, რუსული ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა პუშკინმა თავის ზღაპრებში "სალთან მეფის", "მებადურისა და ოქროს თევზის", ოქროს მამლის შესახებ (1831-1834) და სხვ.

სიცოცხლის მიწურულს მან სევდიან განცდებთან ერთად გადმოგვცა სიცოცხლის მარადიულობის ღრმა რწმენა, იწინასწარმეტყველა თავისი პოეტური უკვდავება (ლექსები: "კვლავ ვინახულე ის კუთხე", "ძეგლი აღვიდგე ხელთუქმნელი, მარადიული"). ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროიდან გამჟღავნებული ცხოველი ინტერესი საქართველოსადმი პუშკინს გაუმძაფრდა 1825-ის შემდეგ, როცა აქ გადმოასახლეს ბევრი დეკაბრისტი.

1829 პუშკინი ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა სამხედრო გზით თბილისისაკენ, სადაც 27 მაისს ჩამოვიდა. სამ კვირამდე დაყო თბილისში, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას - ნარკვევში "მოგზაურობა არზრუმში" პუშკინმა გააკრიტიკა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, თანაგრძნობით ასახა ქართველი გლეხთა სიღატაკე, ქართველთა "გონებრივ ნიჭს" დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. საქართველოს ეძღვნება ლექსები: "საქართველოს მთებზე", "მონასტერი ყაზბეგზე", "კავკასიონი", "ზვავი" და სხვ.

თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 გამოჩნდა. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში პუშკინის პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. მისი ლექსები თარგმნეს ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ს. რაზმეძემ; შემდგომში - ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა და საბჭოთა ეპოქის სხვა პოეტებმა. 1899-იდან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის ნათარგმნი თხზულებანი. პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიის" სპეციალური ნომერი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პუშკინის შთამომავალთა ერთი შტო (გვარად სვანიძე) ცხოვრობს საქართველოში.


მიხეილ ლერმონტოვი.


მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი (რუს. Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов; დ. 3 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1814, მოსკოვი — გ. 15 ივლისი/27 ივლისი, 1841, პიატიგორსკი, დასაფლავებულია სოფ. ტარხანში), რუსი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია.


ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს.

ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 

1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.

ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება — 1837-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი", რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად" მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი.

ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. საქართველოს წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. მოწინავე საზოგადოება აღფრთოვანებით ეგებებოდა მის ყოველ ახალ ნაწარმოებს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად.

ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთან, რომელმაც დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.

ლერმონტოვი მოღვაწეობდა იმ „უდროობის ეპოქაში", როცა დეკაბრისტები უკვე გაანადგურეს, რევოლუციონერ-დემოკრატები კი ჯერ ასპარეზზე არ იყვნენ გამოსული.

პოეტმა დეკაბრისტებისა და პუშკინის საუკეთესო ტრადიციები განავითარა და იშვიათი მხატვრული ძალით გამოხატა მოწინავე საზოგადოების ფიქრები რუსეთის მომავალზე, ხალხის ბედზე, პიროვნების თავისუფლებაზე. ლერმონტოვი ილაშქრებდა დესპოტიზმის წინააღმდეგ, სწამდა, რომ „დაემხობიან გვიგვინი ხელმწიფისანი" (ლექსები „თურქის ჩივილი", 1829; „წინასწარმეტყველება", 1830; პოემები „აღსარება" 1839; „თავისუფლების უკანასკნელი შვილი", 1831; პიესები „ადამიანები და ვნებები", 1839; „უცნაური ადამიანი", 1831; „მასკარადი", 1825; დაუმთავრებელი რომანი „ვადიმი", 1832 და სხვა).

ლერმონტოვის პირველი პერიოდის (1828—1837) შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული ხასიათის თხზულებანი. პოეტის აქტიური რევოლუციური რომანტიზმი რეალისტურ ნაკადსაც შეიცავს. ლერმონტოვის თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე გმირები ვერ ურიგდებიან არსებულ უხამსობასა და უსამართლობას; ხშირად მარცხდებიან, მაგრამ ქედს მაინც არ იდრეკენ. ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ.

მას სამართლიანად უწოდებენ კავკასიის მომღერალს. ლერმონტოვის ადრინდელი თხზულებებში მხატვრულად განსხეულდა ბავშვობაში მიღებული კავკასიური შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის („კავკასია", „კავკასიის ლურჯი მთელი", „ჩერქეზები", „კავკასიის ტყვე", „აული ბასტუნჯი", „იზმაილბეი" და სხვა.)

შემოქმედების მეორე პერიოდში (1837—1841) პოეტი თავისი ეპოქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხმაურება; ამხელს სასახლის მსახურთ, პრივილეგიურ საზოგადოებას („პოეტის სიკვდილი", 1837; „1 იანვარი", 1840; „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო", 1841); კიცხავს ინტელეგენციის უმოქმედობას („ფიქრი", 1838); ქადაგებს მაღალ მოქალაქეობრივ პოეზიას („პოეტი", 1838). ლერმონტოვის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და დემოკრატიზმი, მისი პოეზიის ხალხურობა მკაფიოდ გამოვლინდა ლექსებში „ბოროდინო" (1837) და „სამშობლო" (1841), პოემაში „სიმღერა ვაჭარ კალაშნიკოვზე" (1837) და სხვა.

ლერმონტოვის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ იქვა (ლექსები „ქართული სიმღერა", „თერგის საჩექრები", „პაემანი", „თამარი" და სხვა).

პოემა „მწირში" (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი" თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია.

1829-იდან ლერმონტოვი „დემონის" სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. 

ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის" (1939) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი" პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია.

მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.

ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: გრიგოლ ორბელიანი (თარგმნა „მთანი მაღალნი"), ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს" უწოდებდნენ.

ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, გრიგოლ აბაშიძემ, მამია გურიელმა და სხვა.

საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმე („დემონი" 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი" 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი" 5-ჯერ, „მწირი" 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი" 3-ჯერ).

ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც (ოთარ თაქთაქიშვილის სიმფონიური პოემა „მწირი", ანდრია ბალანჩივაძის ამავე სახელწოდების ბალეტი, სულხან ცინცაძის ბალეტი „დემონი" და სხვ.).


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2877 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები