ორშაბათი, 06.05.2024, 01:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » სერგო ფარაჯანოვი ჩვენ დავუკარგეთ თბილისს.
22:37
სერგო ფარაჯანოვი ჩვენ დავუკარგეთ თბილისს.

"ჩემი ცხოვრება თავისი შუქ-ჩრდილებით საოცრად დაემსგავსა სერგოს ცხოვრებას... ჩვენ ვერ დავაფასეთ ეს ადამიანი. ქართველებს ხომ ასეთი ზნე გვჭირს: ჩვენი განძი ჯერ სხვამ უნდა დაინახოს და აღიაროს, მასზე სხვამ უნდა თქვას, გენიოსიაო, სხვამ გამოიყენოს მისი ნიჭი და მერე უნდა დავუწყოთ დევნა", - ამბობს პოეტი და მხატვარი-სიმბოლისტი, მანანა ჭყონია, რომელსაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა XX საუკუნის უდიდეს კინორეჟისორთან, სერგო ფარაჯანოვთან.

"ეროვნებით თბილისელი" (როგორც თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს) სერგო ფარაჯანოვი 21 წლის წინ გამოეთხოვა საყვარელ ქალაქს, სადაც მთელი ცხოვრება დაყო. სიცოცხლის უკანასკნელი წელიწადი კი ერევანში გაატარა. მანამდე ბევრჯერ ატკინეს, დაამცირეს, დაატუსაღეს, მაგრამ ადამიანებისა და სიცოცხლის რწმენით აღსავსე რეჟისორის თავისუფალი სამყაროს ხელყოფა ვერაფერმა შეძლო. "ამბავი სურამის ციხისა", "აშუღი ქერიბი", "ბროწეულის ფერი" (იგივე "საიათნოვა"), "არაბესკები ფიროსმანის თემაზე", "ყვავილი ქვაზე", "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" და სხვა შესანიშნავი ფილმებით, კოლაჟებითა და ტილოებით შექმნილი სამყარო ავტორის სრულ პორტრეტს გვიხატავს, გვიამბობს მასზე და მეტი არც არაფერია საჭირო იმის აღსაქმელად, რომ რაღაც გენიალურთან გაქვს საქმე...

"მან ცხოვრება მასწავლა და ჩემი ადგილის პოვნაში დამეხმარა, ვალში ვარ და ვეცდები, სერგო ფარაჯანოვი თბილისში დავაბრუნო", - ამბობს ქალბატონი მანანა, ვისაც ერთი ნახვის შემდეგ ეტრფოდა დიდი რეჟისორი. თუმცა, საბოლოოდ, ეს ადამიანები საუკეთესო მეგობრები გახდნენ. 90-იანი წლების ბოლოს მანანა ჭყონიამ ფონდი "თბილისი და ფარაჯანოვი" დააარსა. ამას მოჰყვა შემოქმედის სახელობის პრიზი - ვერცხლსა და ტიხრულ მინანქარში გამოძერწილი ბროწეული. ერთი დიდი ოცნებაც აქვს ამ ქალბატონს: მთაწმინდაზე, იმ სახლში, სადაც სერგო ფარაჯანოვმა თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა, მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნას, რისი შანსიც თავის დროზე დავკარგეთ.

ყველაფერი ასე დაიწყო:
- 1978 წელს ბატონი სერგო ციხიდან გამოვიდა და იმ წელს გავიცანი ჩემს სამეგობრო წრეში. მასთან შედარებით, ასაკით ძალზე პატარა ვიყავი, თითქმის მამაჩემის ხნის იყო, მაგრამ გაცნობისთანავე სერგოზე რატომღაც დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე. ვფიქრობდი და მიკვირდა, რით შეიძლებოდა აღფრთოვანებულიყო ჩემით ამხელა პიროვნება?! ისიც მიფიქრია, ალბათ დამცინის-მეთქი. სერგომ კომპლიმენტიც მესროლა, - არ მეგონა, თბილისში კიდევ თუ არსებობდნენ ასეთი ქალებიო. აქცენტი ჩემს სილამაზეზე არ გაკეთებულა, მაგრამ არც ის ვიცი - რაზე... სერგო ბუნებით აშკარა დისიდენტი იყო.

პოლიტიკური ნიშნით მას ვერ დაიჭერდნენ და ბოლოს, არატრადიციული ორიენტაცია დასწამეს. სერგოს ჩემი დაცვა და გამართლება არ სჭირდება, არც ის მიმაჩნია ჩემს ვალად, ვამტკიცო, იყო თუ არა ასეთი... ფაქტია, ის იყო უდიდესი შემოქმედი, რომელიც, საბედნიეროდ, ცხოვრების გზაზე შემხვდა და უამრავ სიკეთეს მაზიარა. მეც შინაგანად, ყოველთვის "პროტესტანტი" ვიყავი, ჩარჩოებს ვერ ვეგუებოდი, თავისუფლებისკენ მივილტვოდი. სერგო იმდენად ბრძენი და გამოცდილი ადამიანი იყო, ალბათ ეს დაინახა ჩემში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შემოქმედად ჩამოვყალიბებულიყავი. ადამიანების ამოჩემება იცოდა... თუ ვინმე არ მოეწონებოდა, არც ამის გამოხატვას ერიდებოდა. მას მოთხოვნილება ჰქონდა, ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. დრო გავიდა და სერგოს ისევ შემთხვევით შევხვდი.

გადაჭარბებულად მომეჩვენა მისი ყურადღება მაღალი საზოგადოების წევრების გარემოცვაში და თავი უხერხულად ვიგრძენი... მაშინ გადავწყვიტე, ამ კაცს აღარასოდეს შევხვდები-მეთქი. სერგო ძალიან აქტიურობდა, უძვირფასეს ნივთებს, საჩუქრებსა და მოსაწვევებს მიგზავნიდა, მაგრამ არ ვიღებდი, ვერ ვკადრულობდი. ჩემ მიმართ სიმპათიას არც ნაცნობ-მეგობრებთან მალავდა. ჩემი მისამართით იმდენად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, თავს უხერხულად ვგრძნობდი. ერთი წლის შემდეგ, ბელა ახმადულინას დაბადების დღეზე დამპატიჟა. მაშინ მაცხოვრის ხატი მაჩუქა, რაზეც უარის თქმა ვერ შევძელი. დღემდე შენახული მაქვს. ეს ერთადერთი საჩუქარი დამრჩა სერგოსგან...

სერგო ყველაფერს "ასაჩუქრებდა"
- სერგო ფარაჯანოვის გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დრამატული მოვლენები განვითარდა. არასტანდარტული ნაბიჯი გადავდგი და საზოგადოების წინაშე მარტო აღმოვჩნდი. ბოლო ერთი წელი სერგო აღარ გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ ერთ უბანში, მთაწმინდაზე ვცხოვრობდით. გოგონა შემეძინა და მალევე, ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში დავიწყე მუშაობა. ერთხელაც, ისევ შევხვდით ერთმანეთს და იმ დღიდან სერგო აღარ მომშორებია.

მამა არ მყავდა და ეს კაცი მამასავით დამიდგა გვერდით. ფაქტობრივად, მშობელი გამიცოცხლა. საუკეთესო მეგობრები გავხდით. ამ ადამიანმა ბევრ რამეს გადამარჩინა. დაბნევას, ჩემი ადგილის დაკარგვას, რამაც ჩემი შვილის მომავალზე იმოქმედა, მომცა ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ერთი სიტყვით, ბატონმა სერგომ ცხოვრება მასწავლა.

მასთან უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მათ შორის, ფოტოხელოვანი, იური მეჩითოვი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. ერთ დღეს ხმა გავრცელდა, სერგო საჩუქრებს არიგებსო და მის ეზოში რიგი დადგა. მამამისს თავის დროზე ანტიკვარიატის ბიზნესი ჰქონდა და როგორც ჩანს, რაღაც ნივთები შემორჩა. სერგო ყველაფერს "ასაჩუქრებდა": სულს, გულს, ნიჭს, ნივთებს და სულ იმას ცდილობდა, ვიღაცაში დაეტოვებინა თავისი ხსოვნა.

ჰქონდა იმის მოთხოვნილება, რომ ჰყვარებოდათ და ხსომებოდათ... ქალაქში სასეირნოდ რომ გამოდიოდა, მთელი ახალგაზრდობა, მხატვრების ამალა უკან დაჰყვებოდა. როდესაც სერგომ ჩემზე "ძებნა გამოაცხადა", ამის მიზეზიც გავიგე, - იმ პერიოდში რეჟისორი ფილმს - "ამბავი სურამის ციხისა" იღებდა და ჩემი მიწვევა განუზრახავს. თვე-ნახევრის პატარა მყავდა და ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ამაზე ახლა მწყდება გული...

"მე თბილისს ვუტოვებ ყველაფერს"
- 9 იანვარი სერგოს დაბადების დღეა. 1989 წელს, ამ დღეს ჩემს შვილთან და მეგობართან ერთად მივედი მისალოცად. თავს ცუდად გრძნობდა, უკურნებელი სენი, ფილტვის კიბო დაუდგინეს. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო. რამდენიმე თვეში სერგომ თბილისი დატოვა და ერევანში წაიყვანეს. ვინმე გონიერი ადამიანი რომ გამოჩენილიყო, თბილისში მისი მუზეუმი შენარჩუნდებოდა. ამის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ საქართველოს იმხანად მძიმე ჟამი ედგა, ყველანი სიცოცხლისა და სახელმწიფოს გადასარჩენად ვიბრძოდით. სერგო ავად რომ გახდა და ვერ მიხედეს, ამაში მის მეგობრებს არ ვადანაშაულებ, მაგრამ თბილისში ფარაჯანოვის მუზეუმი რომ არ არის, ამაში მართლა დამნაშავენი ვართ.

ეს სხვა არაფერია, თუ არა - გულგრილობა. სერგო უბრალოდ, დაავიწყდათ. ვინაიდან მისი ნივთები და ყველაფერი ერევანში წაიღეს და იქ გაიხსნა მუზეუმი, მიიჩნიეს, რომ აქ რაიმეს გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. ჩვენი ვალი იყო, მისი სულის წინაშე პირნათელი ვყოფილიყავით. თავის დროზე, 1988 წელს, საქართველოდან წასვლამდე, სერგოს მუზეუმისთვის ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მაგრამ არავის გამოუჩენია ინიციატივა. მან თავისი ხელით შექმნა მუზეუმი, რომელიც დავკარგეთ...

გახსოვთ ალბათ, ქორეოგრაფი, იური ზარეცკი. მას პირდაპირი მემკვიდრე არა, მაგრამ რუსეთში ნათესავი ჰყავდა და მთელი ქონების მისთვის დატოვებას აპირებდა. სერგო მუდმივად უჩიჩინებდა, ასე არ მოქცეულიყო. ეუბნებოდა, მე თბილისს ვუტოვებ ყველაფერს და შენც ასე მოიქეციო. ამ საუბარს თვითონ შევესწარი. ზარეცკი სერგოზე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და ის, რომ დღეს ქარვასლაში იური ზარეცკის მუზეუმი გვაქვს, სერგოს დამსახურებაა. სამწუხაროდ, სერგოს სურვილი სურვილად დარჩა...

ცრემლიანი კადრები და თან გაყოლილი სიყვარული
- არ იყო გამორიცხული, სერგო ფიროსმანივით უპატრონოდ, კიბის ქვეშ მომკვდარიყო. ცოლ-შვილი კიევში ჰყავდა და მეზობლების იმედად იყო დარჩენილი. ისინი უვლიდნენ და ლუკმას უზიარებდნენ. სხვამ ყველამ მიივიწყა რეჟისორი. მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როცა მისი სახელი დასჭირდებოდათ, რომ ეამაყათ, ჩვენი მეგობარიაო... სერგომ ერთხელ მისაყვედურა და გულისტკივილით მითხრა: ნივთები, რომელთაც საჩუქრად გიგზავნიდი, გამოგერთმია და შეგენახა; როცა ერთი ფილმის გადაღება დავიწყე და რეკვიზიტები დამჭირდა, ზოგიერთებმა ჩემი ნაჩუქარი ნივთები მომაქირავეს და შენ უფასოდ მაინც ხომ მათხოვებდიო...

როგორ ვიკადრებდი, მისი ძვირფასი ნამუშევრები ამეღო, მე ხომ მაშინ ისიც არ ვიცოდი, რა განზრახვით მჩუქნიდა. ავად რომ გახდა, მოვლა-პატრონობა, მკურნალობა სჭირდებოდა და სერგოს სომხებმა მიხედეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მათი დამსახურებაა, რეჟისორი უპატრონოდ რომ არ მოკვდა. წაიყვანეს და თან წაიღეს მისი ყველაფერი. ამის სრული უფლებაც ჰქონდათ. რაც ჩვენ ვერ შევძელით, მათ შეძლეს და მადლობის მეტი რა გვეთქმის? სერგო სომხებმა საფრანგეთშიც წაიყვანეს, უმკურნალეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. სერგო თბილისს ჩვენ დავუკარგეთ, იოლად შეველიეთ და ვერ მოვუარეთ, სამწუხაროდ...

როდესაც ფონდი დავაარსე, სომხეთში სერგოს სახელობის მუზეუმი მოვინახულე. მისი დირექტორი, შესანიშნავი პიროვნება, ზავენ სარქისიანი გავიცანი. დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს მუზეუმი შეექმნა და სერგოს სახელი დღემდე მოეტანა. მთავარი ის კი არ არის, თუ სად არის ან რატომ არის ერევანში სერგოს მუზეუმი, არამედ ის, რომ ამ ადამიანის სახელი გადარჩენილია. გულით მინდა, ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისშიც იყოს, რადგან მას ამ ქალაქის სიყვარული გაჰყვა თან. როდესაც ერევანში მიჰყავდათ, ზავენ სარქისიანმა გამოსამშვიდობებელი ფილმი გადაიღო. არ მავიწყდება ის კადრები, როგორ უვლიდა აცრემლებული სერგო ფარაჯანოვი მისი სახლის ოთახებს, ხელებით ეფერებოდა კედლებს... დღემდე ვერ მოვინელე, სერგოს რომ ვერ მოვუარე, ვერ გამოვეთხოვე, დაკრძალვაზეც ვერ წავედი...

"თბილისი და ფარაჯანოვი" სერგოს ბროწეულით
- ეს ადამიანი ჩემთვის სხვანაირად ცოცხლობს... სწორედ მისი სახელის უკვდავსაყოფად დავაარსე 1996 წელს ფონდი "თბილისი და ფარაჯანოვი" და მიმაჩნია, რომ სერგო თბილისში დავაბრუნე. ხშირად მეუბნებიან, რას "დაიციკლე" ამ კაცზე, განა ისეთი რა გაუკეთებიაო?! ამ კაცზე კი არა, ვალზე ვარ დაციკლული. ამ ადამიანს ჩემზე დიდი ამაგი აქვს. ბატონი სერგო იმ დროს ჩემთვის რეჟისორი ფარაჯანოვი კი არ იყო, არამედ ადამიანი, რომელმაც ახლობლებზე მეტი გამიკეთა, რათა მე და ჩემი შვილი კარგად ვყოფილიყავით. სერგო ძალზე მძიმე და უცნაური ადამიანი იყო. სასწაული იუმორის გრძნობა ჰქონდა. თუ გავჯიუტდებოდი და რამეს ვერ მაგებინებდა, ბრაზდებოდა და მეუბნებოდა, - "კეკელკა ტბილისსკაია!.." ურთიერთობაში ხანდახან შეიძლება გულუბრყვილო ბავშვად მოგჩვენებოდათ.

ეს ადამიანი იმით აშინებდა ხალხს, რომ მასში გენიალურობას გრძნობდნენ... სერგოს უყვარდა თქმა, მე ეროვნებით თბილისელი ვარო. საკუთარი ეროვნება არასდროს უარუყვია. სიმბოლურად აზროვნებდა და ყველაფერში რაღაც აზრს დებდა. თავისი ეროვნება თბილისელობასთან გააიგივა. თბილისელობა სერგოსთვის ამ ქალაქის სიყვარულს, პატივისცემას, მის მსახურებას ნიშნავდა, ამიტომაც დაუტოვა სახსოვრად ამ ქალაქს სახელი. ოცნებობდა, რომ თბილისში დაბადებული, თბილისში მომკვდარიყო. დღეს მისი ფილმები უცხოეთში გადის სარქის ფარაჯანიანის და არა სერგო ფარაჯანოვის სახელით. არადა, მე ხომ ვიცი და მაქვს მისი დაბადების მოწმობის ორიგინალი, სადაც წერია - "სერგო ფარაჯანოვი".

მან იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მავანნი გვარ-სახელს შეუცვლიან თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დავაარსე მისი სახელობის პრიზიც - ვერცხლსა და ტიხრულ მინანქარში დამზადებული ბროწეული: ბატონ სერგოს ხომ თითქმის ყველა ფილმში ბროწეული აქვს გამოყენებული. ბროწეულს სიმბოლური დატვირთვა აქვს მის შემოქმედებაში. როგორი ორიგინალურიც სერგო იყო, ასეთივე ორიგინალურია ეს პრიზიც. მივიჩნიე, რომ ბატონი სერგოს სახელობის პრიზიც არაორდინარული, ყველასგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო.

ესკიზის ავტორი - ჩემი შვილი, ნუცა ჭყონიაა, პრიზს მხატვრები - გელა გიორგაძე და ინგა გელაშვილი ამზადებენ. ამ პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ვაჯილდოებთ. თავის დროზე დავაჯილდოეთ ელდარ რიაზანოვი, სოფიკო ჭიაურელი - სერგოს უსაყვარლესი მსახიობი. არ მინდოდა პრიზის გაუბრალოება და გადავწყვიტე, დამსახურების მიხედვით შემერჩია ნომინაციები.

"მინდა, ბატონი სერგოს ოცნება ავასრულო"
- მინდა სერგოს ოცნება ავასრულო და იგი საბოლოოდ დავამკვიდროთ თბილისში. გავიგე, რომ კვლავ იყიდება მისი სახლი მთაწმინდაზე და დიდი სურვილი მაქვს, ის სახელმწიფომ შეისყიდოს და მემორიალურ სახლად გადაკეთდეს. მის შვილს მამისგან მემკვიდრეობით, მხოლოდ მთაწმინდის ბინა დარჩა. 1993 წელს თბილისის მერიას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ 5.000 დოლარად ეყიდა ფარაჯანოვის ბინა, მაგრამ ეს არ გააკეთა... ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა ახლახან მითხრა, იმ ბინას ისევ ყიდიანო.

მერია და კულტურის სამინისტრო თუ მოინდომებენ, რომ თბილისში ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი არსებობდეს, სასურველია, ის სერგოს სახლში გაკეთდეს. თუ ასე არ გამოვიდა, მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ, სადაც მოინდომებენ, მუზეუმი იქ დავაარსო და იქვე იყოს მისი ფონდიც. ფარაჯანოვის მუზეუმის ერევნელმა დირექტორმა მითხრა, თუ მუზეუმს დააარსებთ, ექსპონატების ნაწილს გადმოგცემთო. სანამ ცოცხალი ვარ, სერგო ფარაჯანოვის სახელიც იცოცხლებს. ფონდი რომც "მოკლან", ფარაჯანოვის სახელობის პრიზს ვერაფერს მოუხერხებენ, - ეს ჩვენი საავტორო უფლებაა.

"მე ერთი არ ვარ, "რამდენიმე ვარ"...
- პროფესიით კინომცოდნე ვარ. დიდი ხანია, ლექსებს ვწერ; ხატვა გვიან დავიწყე... ახლაც ჩამესმის სერგოს სიტყვები, - შენ რაღაც შეგიძლია, რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც უნდა დატოვო და ვიცი, ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი იქნებაო. ავთო შარვაძის სიმღერა "თამუნია" ჩემს ლექსზეა დაწერილი... ლექსი დიდი ხანია, არ დამიწერია, ხატვამ უფრო გამიტაცა. სულ იმას ვამბობ, მე ერთი ადამიანი არ ვარ, "ბევრი ვარ" და ალბათ ბევრი ტკივილიც და სიხარულიც ამან მომიტანა. ვერ გეტყვით, ჩემში შემოქმედი სერგომ ჩადო, მან მაიძულა, ეს მეკეთებინა-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ სიმბოლიზმით "დავავადდი". როდესაც სერგომ ჩემი პირველი ნამუშევრები ნახა და შეაფასა, მას მერე გავბედე ჩემი ნახატების გამოჩენა.

რამდენიმეს თვითონ დაარქვა სახელი. საოცარი მიგნება ჰქონდა: მითხრა, ეს არის მიმდინარეობა, რომელიც უცხოეთშიც არ არის დამკვიდრებული; შენ არავის ჰგავხარ, ეს სიმბოლიზმიაო. გამეცინა, უტრირებული მეჩვენა მისი შეფასება. შემდეგ მითხრა, - მანანა, მე 100 წლით გავუსწარი აზროვნებით მსოფლიო კულტურას, შენში თუ ეს დარჩება და გააგრძელებ მუშაობას, ჩათვალე, სიმბოლიზმში შენი ადგილი გაქვსო. დამპირდა, 50 სურათი რომ დაგიგროვდება, კინოს სახლში გამოფენას მოგიწყობო. იმ წელს, როდესაც სერგო გარდაიცვალა, დეკემბერში კინოს სახლში მოვაწყვე ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც სერგოს ხსოვნას მივუძღვენი.

მეორე გამოფენა თეატრალური ინსტიტუტის ფოიეში გავაკეთე და ნატო ვაჩნაძის ხსოვნას მივუძღვენი. წლების შემდეგ ჩემი გამოფენა მოეწყო გერმანიაშიც, სადაც მას ასეთი შეფასება მისცეს: ეს ერთი ადამიანის სურათებს არ ჰგავსო. ამიტომაც ვამბობ, მე ერთი არ ვარ, "რამდენიმე ვარ"-მეთქი. ალბათ ბევრი სათქმელი დამიგროვდა და ამ სათქმელს ხან ჩემი ლექსებით გამოვხატავდი, ხან - ტილოებით. ვცდილობ, არავის ვგავდე და ჩემი საკუთარი დავამკვიდრო, სათქმელი ჩემებურად, განსხვავებულად ვთქვა.

მედიცინაშიც მაქვს სერიოზული მიღწევა. კერძოდ, ხერხემლის დაავადებებში, რითაც ბევრი მტერი გავიჩინე. საბედნიეროდ, მორჩენილი პაციენტები მიცავენ, ისინი, ვინც ფეხზე დავაყენე. ამიტომ ვამბობ, ერთი არ ვარ-მეთქი. მინიმუმ სამი ქალის ფუნქცია შევასრულე. ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, - ნუცაც ხელოვანია, თეატრის მხატვარი.

P.S. ამონარიდი სერგო ფარაჯანოვის წიგნიდან - "წერილები ზონიდან", რომელშიც თავმოყრილია 1974-77 წლებში ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოგზავნილი წერილები: "მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია - ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სიკვდილთან და სიცოცხლესთან და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ "თავისუფლებას"? განა ეს მისია არაა? განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე "იზოლაცია"?.. რა ბედი ელის ჩემს ხელოვნებას? ვიცი, რომ შეუძლებელია ჩემი დაბრუნება ხელოვნებაში, თუ შესაძლებლის საზღვრებს არ გავწევ... რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს?.."

ტრაგიკული ბედის რეჟისორმა გასწია შესაძლებლის საზღვრები და დაუბრუნდა კინოხელოვნებას. დაუბრუნდა, რათა მისი გულშემატკივრებისთვის ფერადოვნებით აღსავსე ფილმები დაეტოვებინა, სიცოცხლითა და თავისუფლებით გაჟღენთილი ავტოგრაფით.
იმედია, სერგო ფარაჯანოვი თბილისშიც დაბრუნდება! ქალაქში, რომლის სიყვარულიც დარდად გა
ჰყვა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2062 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები