პარასკევი, 26.04.2024, 03:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ლოთარ მათეუსი: "გერმანიის ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს".
23:20
ლოთარ მათეუსი: "გერმანიის ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს".

მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ჩემპიონი, ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ უეფას, სამჯერ კი გერმანიის თასების მფლობელი, 5 მუნდიალის მონაწილე, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩის მონაწილე, ევროპის პირველობების დასკვნითი სტადიის ოთხგზის მონაწილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების რიგებში ჩატარებული 150 შეხვედრა (23 გოლი), ფიფას გამოკითხვის შედეგად მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი – აი, ასეთი გახლავთ ლეგენდარული გერმანელი მოთამაშის ლოთარ ჰერბერტ მათეუსის მიღწევათა არასრული სია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მათეუსს გასახსენებელიც ბევრი აქვს და ცალკეულ საფეხბურთო საკითხებზეც ორიგინალური მიდგომები აქვს.

- მოდით თქვენი უაღრესად ნაყოფიერი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გავიხსენოთ. ევროპელ მოთამაშეთაგან სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის რეკორდი გეკუთვნით. ბუნდესნაკრებში ჩატარებული 150 შეხვედრიდან პირველი თუ გახსოვთ?
- გერმანიის ნაკრებში დებიუტი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე მქონდა.

ნეაპოლში ჰოლანდიელებს ვხვდებოდით. თამაშში 73-ე წუთიდან ჩავერთე. 3:0-ს ვიგებდით. მალე პენალტი "ავიკიდე”, შემდეგ კი ბენილუქსელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. როგორც ხედავთ, თამაშში ინტრიგის შეტანა მოვახერხე (იცინის). ეს ამბავი მწვრთნელებს არ მოეწონათ და მეორე სანაკრებო მატჩში ჩვიდმეტთვიანი პაუზის შემდეგ მომიხდა მონაწილეობის მიღება. პირველი სანაკრებო ბურთი კი ჩეხოსლოვაკებს შევუგდე.

ის შეხვედრა 5:1 მოვიგეთ.

- 19 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდით, 29-ისამ კი მსოფლიოს პირველობა მოიგეთ. პირადად თქვენთვის, რომელი ტიტულის მოგება იყო უფრო სასიხარულო?
- მუნდიალის მოგებას ვერაფერი შეედრება. ეს გამარჯვება ცხოვრების ბოლომდე ჩემთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო მოვლენა და სიხარული იქნება.

- სხვა ბევრი პრესტიჟული ტურნირიც მოგიგიათ. ყველაზე მეტად კი გული, ალბათ, 1999 წლის მაისში "მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებამ დაგწყვიტათ. შეხვედრის მიწურულს ოტმარ ჰიტცფელდს თავად სთხოვეთ მინდვრიდან გაეყვანეთ თუ მწვრთნელმა გარკვეული ტაქტიკური მოსაზრების გამო შეგცვალათ?
- 75-ე წუთისთვის ძალიან დავიღალე.

საქმე ისაა, მოედნის ცენტრში ვთამაშობდი, ასეთ დროს კი ფეხბურთელს ენერგიის ორმაგი დახარჯვა უწევს. ბოლოსკენ დამრიგებელს ვანიშნე, არაქათი გამომელია და მანაც სათადარიგოთა სკამზე დამსვა.

- ბუნდესნაკრებში 20 წლის განმავლობაში გამოდიოდით. ამდენხნიანი წარმატებული კარიერა წვრთნის მეთოდიკის, განსაკუთრებული რეჟიმისა და ფიტნეს-პროგრამის დამსახურებაა?
- ძალზე დისციპლინირებული სპორტსმენი გახლდით, არც საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა მაკლდა და არც ამბიცია.

მერწმუნეთ, ამ 3 ფაქტორიდან რომელიმეს არქონის შემთხვევაში საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა შეუძლებელია.

- თქვენი ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი ევრო2000-ია. ჰოლანდია-ბელგიის სტადიონებზე გერმანიამ წარუმატებლად იასპარეზა. არ ნანობთ, კონტინენტის იმ პირველობაზე მონაწილეობა რომ მიიღეთ? ხომ არ აჯობებდა, კარიერა ამაღლებულ ნოტზე დაგესრულებინათ?
- თქვენეულ ლოგიკას თუ გავყვებით, 1990 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ საფეხბურთო მინდორს არ უნდა გავკარებოდი. ამ შემთხვევაში 2 მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოვტოვებდი, ვერც ბუნდესლიგას მოვიგებდი 4-ჯერ. 2-2-ჯერაც გერმანიისა და უეფას თასებს ვერ დავეუფლებოდი. გამარჯვებულის რანგში კარიერის დასრულება, იცოცხლეთ, მშვენიერი რამაა, მაგრამ წინასწარ რაიმის დაგეგმვა შეუძლებელია.

- 1991 წელს ფიფამ პლანეტის უძლიერეს ფეხბურთელად დაგასახელათ. წლეულს გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება რომ გქონდეთ, როგორი სახე ექნებოდა თქვენს რჩეულთა პირველ სამეულს?
- საუკეთესო მესი-ინიესტა-ხავის ტრიოა. თუმცაღა, დროგბასა და რუნისაც გამოვარჩევდი.

- თავად მცველი იყავით, რჩეულთა შორის კი უკანახაზელები არ დაგისახელებიათ...
- ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გუნდებში უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი და გოლებიც ბლომად გამქონდა.

მწვრთნელებმა ჯერ ნახევარდაცვაში გადამიყვანეს, მოგვიანებით კი სულაც ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულება დამავალეს. ვგონებ, ყველა პოზიციაზე კარგად გამოვდიოდი, ყველაზე მეტ სიამოვნება კი მაინც შეტევაში მონაწილეობის მიღება მგვრიდა.

- ახალგაზრდობაში რომელი ფეხბურთელისგან ცდილობდით მაგალითის აღებას?
- "პერსონალური კერპი” არასდროს მყოლია. სამაგალითოდ კი ჩემი პირველი გუნდი მიონხენგლადბახის "ბორუსია” მქონდა.

- "ბორუსიისა” და "ბაიერნის” დაპირისპირებისას რომელ გუნდს ქომაგობთ?
- ორივე კლუბის მადლიერი ვარ. როდესაც ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან, ნეიტრალიტეტის დაცვას ვცდილობ.

- ასაკოვანი გულშემატკივრების აზრით, ფეხბურთი ადრე უფრო სანახაობრივი იყო. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- თანამედროვე ფეხბურთი უწინდელისგან მართლაც განსხვავდება. შესაძლოა, მან სანახაობრივი ასპექტით რაღაც დაკარგა კიდეც, მაგრამ უფრო დინამიკური გახდა. დრო ყველაფერს ცვლის და გამონაკლისი ვერც ფეხბურთი დარჩება.

ახლა ბევრს საუბრობენ საფეხბურთო წესებში ახალი ელემენტების შეტანაზე. ჩემი აზრით, შესაცვლელი არაფერია, რადგან ფიფამ რამდენიმე აუცილებელი კორექტივი უკვე გააკეთა. მაგალითად, თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრისას არბიტრები უმთავრესად შეტევაში მყოფი ფეხბურთელისა თუ გუნდის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი მოთამაშეობის დროს ყველაფერი საპირისპიროდ იყო.

თანამედროვე ფეხბურთი თანდათან უფრო დაცვითი გახდა. ავიღოთ თუნდაც 2006 წლის მუნდიალი. ტურნირის ბევრ მატჩს დავესწარი და უპირატესად "ჩაკეტილი” თამაში ვიხილე. მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა უმთავრესი ამოცანა საკუთარი კარის მშრალად შენახვა გახლდათ.

ბევრი ამბობს, რომ გერმანელები შეტევით ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ თუ დააკვირდით, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრებში ჩვენებმა ცოტა სახიფათო მომენტი შექმნეს. ასევე იყო ევროპის გასულ ჩემპიონატზეც.

- ფიოლერმა და კლინსმანმა ბუნდესგუნდი მუნდიალის საპრიზო ადგილებზე გაიყვანეს, ლიოვმა – ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ხომ არ გშურთ მათი?
- შურის გრძნობა ჩემთვის უცხოა.

გერმანიის ნაკრების ნებისმიერი წარმატება სიხარულისა და სიამაყის გრძნობით მავსებს. ფიოლერმა, კლინსმანმა და ლიოვმა ბევრი იშრომეს, ამიტომაც მათი კი არ უნდა შეგვშურდეს, შევაქოთ და სამომავლო საქმიანობაში წარმატება ვუსურვოთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრების მთავარმწვრთნელობა გიწინასწარმეტყველათ. თქვენი გათვლით, როდის გაამართლებთ კაიზერ ფრანცის "პროგნოზს”?
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამ კითხვის დასმა არასწორია. ამჟამად, ჩემთვის ბუნდესგუნდის დამრიგებლობა აქტუალური საკითხი არაა. გერმანიის ნაკრებს იოაჰიმ ლიოვის სახით, კარგი მწვრთნელი ჰყავს. იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მის გადადგომას არავინ მოითხოვს.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1035 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები