პარასკევი, 26.04.2024, 05:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ვირჩევთ მერს - პასუხობს გიორგი ჭანტურია.
00:37
ვირჩევთ მერს - პასუხობს გიორგი ჭანტურია.

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია პასუხობს

მკითხველი: ბესო

ბატონო გია, მაინტერესებს საკრებულოში თუნდაც უმრავლესობით მოსვლა და თქვენი ქალაქის მერად არჩევა საკმარისი ბერკეტია იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფები ხელახლა დადგინდეს? კონკრეტულად რა სახელმწიფო ორგანო ადგენს ამა თუ იმ ტარიფს? (არა მგონია ამას ქალაქის მერი აკეთებდეს) და თუ ეს ასეა, გამოდის თქვენი "ძალაუფლება" საკმარისი ვერ აღმოჩნდება საიმისოდ, რომ ტარიფები შეცვალოთ. თუ პარლამენტის მეშვეობით აპირებთ ტარიფების შეცვლას და ამბობთ, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ყავთ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა კანონის ინიცირებისა და ლობირებისთვის, ეს უბრალოდ და რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა (თუ არა ხალხის მოტყუება) იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია ვერაფერს წყვეტს.

ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო რესურსი რომ არაფერს წყვეტს, ეს ხომ არახალია? (ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე) და ეს თუ ასეა, იქნებ ამიხსნათ რაში ვცდები?

ბატონო ბესო, კარგია, რომ თქვენი შეკითხვით საშუალება მეძლევა, რომ პასუხი გავცე ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ სკეპტიკოსთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებსაც ჯერაც ვერ აეხილათ თვალი ჩემი პროგრამის რეალურობაზე.

მე ბევრად უფრო ნაკლები დრო და ენერგია მჭირდება პროგრამის დეტალების ახსნაზე საზოგადოებისათვის, რომელიც მას მშვენივრად იღებს და იგებს, ვიდრე იმაზე, რომ პერმანენტულად ვებრძოლო ჩემი პოლიტიკური ოპონენტების მიერ დანერგილ პესიმიზმს ამომრჩეველში.

ამ მხრივ, მე ნამდვილად მაქვს ის გამოცდილება, რომ არარეალური არავის არაფერი დავპირდე და ასევე მაქვს პრეტენზია, რომ სინდისი არ მომცემს ჩემი თანამემამულეების მოტყუების საშუალებას.

საგაზეთო ფორმატის პირობებში გპასუხობთ, რომ ტარიფების გადახედვა, უფრო სწორად კი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ჩარჩოებში მოქცევა, შესაძელებელიცაა და აუცილებელიც. ამის მისაღწევად, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში სარჩელის შეტანა და ეს არჩევნებამდე მოხდება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მერიასა და თვითმმართველობის ორგანოებში, პარალელურად კი სასამართლოში ბრძოლა არის პირობა იმისათვის, რომ თბილისმა და მთელმა საქართველომ მიიღოს ის სარგებელი, რაც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რაზეც მე 15 წელზე მეტი ვიმუშავე და ვფიქრობ, არცთუ უმნიშვნელო სამსახური გავუწიე ჩემს ქვეყანას.

ზოგიერთი ოპონენტისგან განსხვავებით მე ვიცი ამ დოკუმენტების წაკითხვა და განმარტება, რომელიც საქართველომ კონსორციუმებთან 9 წლის წინ დადო. მე ვასახელებ ციფრებს, წარმოვადგენ კონკრეტულ ხელშეკრულებებს და დამიმტკიცონ, რომ ასე არ არის, წარმოადგინონ არგუმენტები, თქვან, რომ მათ უკეთ შეუძლია რაიმეს გაკეთება და იქეთ დავუდგები მსახურად. ნებისმიერ ექსპერტს დავუმტკიცებ, რომ შესაძლებელია საქართველოში ბუნებრივი აირი ღირდეს 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი და წყალი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის იყოს უფასო. 

რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების მუშაობას პარლამენტში და ამ პოლიტიკური ძალის გაკეთებულსა და გასაკეთებელს, მე დაგისახელებთ მხოლოდ ორ მოკრძალებულ მიღწევას: 1) მათთვის მიცემული საპარლამენტო მანდატების წყალობით გაორმაგდა სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც მომავალ წელს კიდევ გაორმაგდება და ჯამში 60 მლნ ლარით მეტს მიიღებს ქართული სოფელი და 2) პარლამენტში მათი მიზანმიმართული ბრძოლის შედეგად, სიცოცხლე შეუნარჩუნდა ონკოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების მქონე ათეულ ათასობით 60 წლამდე ჩვენს თანამემამულეს, რომელთა ჩასმა მოხერხდა შესაბამის პროგრამებში.

მკითხველი: ბესარიონი

ბატონო გია, გთხოვთ მიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: რამდენ თეთრს შეადგენს კომუნალური გადასახადები (გაზი, დენი, წყალი) აზერბაიჯანში, სომხეთში და რუსეთში და რამდენი ლარს შეადგენს თქვენი წლიური შემოსავალი?

ბატონო ბესარიონ, თქვენი კითხვა ვიქტორინას უფრო ჰგავს. თუ მეზობელ ქვეყნებში ტარიფების ოდენობა მართლაც გაინტერესებთ, ამის გაგება არც ისე ძნელია. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს მონაცემები საქართველოში დღეს არსებულ ტარიფებზე გაცილებით დაბალია. ზუსტად რაც მახსოვს, ეს უკრაინის მაგალითია, სადაც გაზის გადასახადი კუბურ მეტრზე 5 ცენტია, ელექტროენერგიისა კი 3 ცენტი.

დაახლოებით იგივე მონაცემებია აზერბაიჯანშიც, მაგრამ აქ მთავარი ის კი არაა, სხვაგან რა ხდება, მთავარია ის, რომ რეალისტური და აუცილებლად შესასრულებელია ის პროგრამა, რაზეც მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ. რაც შეეხება ჩემს შემოსავალს, საქართველოში ჩემი შემოსავალი ნული ლარია.

მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო გია, მაინტერესებს დეტალურად ახსნათ როგორ შეიძლება თბილისში წყალი იყოს უფასო? ვთქვათ, დენზე და გაზზე რაღაც თქვენი გამოთვლებით მივიღეთ ის მიზერი ფასი, რაც დაასახელეთ, აი უფასო წყალი არ მესმის

. ანუ ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს ამ თანხებს? წყალი რომ მოსახლეობას მიაწოდო მგონი საჭიროა- ფილტრაცია, ელექტრო ენერგია, მუშაკთა ხელფასები, სხვა ათასი ხარჯია, ანუ ამ ხარჯს თბილისის ბიუჯეტი გაიღებს? 

უფასო წყალი არ ნიშნავს წყლის გაუფასურებას. ჩვენი პროგრამის მიხედვით საუბარია საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის ( საკვების მომზადება, ჰიგიენა, სარეცხი ) წყლის საფასურის მერიის ბიუჯეტიდან დაფარვაზე.

შეიძლება გაგიკვირდეთ და გაცილებით მეტი სასმელი წყალი იხარჯება დღეს დედაქალაქში შადრევნებისთვის და ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისი იქნება დოტაციისთვის. ამას გარდა, დადგინდება რეალური რაოდენობა - თუ რამდენ კუბურ მეტრ წყალს მოიხმარს ერთი მოსახლე თბილისში და გარწმუნებთ, ეს იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე დღეს დადგენილი ოდენობა - 800 ლიტრი დღე-ღამეში. ევროპისა და ამერიკის ქალაქებში ანალოგიური მაჩვენებლი საშუალოდ ოთხჯერ ნაკლებია.

ჩვენ, სპეციალისტებთან ერთად, შემუშავებული გვაქვს ტექნიკური წყლის გამოყენების პროექტი, საუბარია ისევ შადრევნებსა და სარწყავ სისტემებზე. უბრალოდ, დანაშაულია ის, რომ რამდენიმე მეტრში მიედინებოდეს მტკვარი და ტექნიკური საჭიროებისთვის სასმელ წყალს ხარჯავდნენ.


მკითხველი: რომანი

ბატონო გიორგი, არ გიფიქრიათ თქვენი საარჩევნო კამპანია დაგეკავშირებინათ სხვა პოლიტიკური პარტიისთვის? ქრისტიან -დემოკრატები მაინც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან. სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, დარწმუნებული ვარ, თქვენი პროგრამით მეტი შანსი გექნებოდათ.

მე ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მაგრამ არჩევანი გავაკეთე ქრისტიან-დემოკრატებზე.

ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნა, როგორც რაციონალურ, ასევე წმინდა ემოციურ ფაქტორებს. მე ვხედავდი ამ პარტიის უზარმაზარ პოტენციალს, მათ გონივრულ ნაბიჯებს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს არის მომავლის პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, მე პიროვნულად ვგულშემატკივრობდი ამ ადამიანებს და ვაფასებდი მათ მიერ განვლილ ცხოვრების გზას და მათ გამოცდილებას.

ამ მოკლე პერიოდში, რაც მე გიორგი თარგამაძის ახალგაზრდა გუნდთან ერთად ვმუშაობ, კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი შეხედულებები მათი ხედვების სისწორესა და თანმიმდევრულობაზე. ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლებასთან ასოცირება. ისე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატებიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ამას აკეთებენ ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. ამასთან, მათი მიზანი ხელისუფლებაში პირადი კომფორტისთვის მოსვლა კი არაა, არამედ ეს არის გზა იმ პროგრამების განხორციელებისკენ, რაზეც ჩემი მეგობრები და მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.  

მკითხველი: ვალერიანი

ბატონო გიორგი, თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა თბილისის გარნიზონის ყოფილ სამხედრო ტერიტორიებზე არსებული ოფიცერთა საერთო საცხოვრებლების და სამხედრო ბინების (მათ შორის დახურული სამხედრო ქალაქების) დაქვემდებარებას ქალაქის ბალანსზე? და მიეცამათ თუ არა საშუალება იქ მაცხოვრებელ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს ზემოთ აღნიშნული საცხოვრებლების პრივატიზირება მოახდინონ? დაიცავთ თუ არა იქ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის იძულებითი გამოსახლებისაგან?

ეს ძალიან სპეციფიკური და ძალიან მტკივნეული საკითხია. პირველ რიგში, საჭიროა ყველა კონკრეტული საკითხის სამართლიანად და თანმიმდევრულად გადაწყვეტა. სამართლიანობა კი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღარ მიადგეთ მეტი ტკივილი და ვიდრე ქვეყანაში ტერიტორიული პრობლემები მოგვარდება, ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები.

მკითხველი: დათო

ბატონო გია, თქვენი დაპირებები კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ძალიან კარგია, მაგრამ როგორ ფიქრობთ: სხვა თანამდებობაზე ყოფნისას ამას ვერ შეძლებდით? ვთქვათ ალიანსთან ან სხვა ოპოზიციურ პარტიასთან რომ შეთანხმებულიყავით, ვიცე მერის, ან მსგავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მით უმეტეს, ალასანიამ შემოგთავაზათ ოპოზიციას საკრებულოს თავჯდომარის ადგილი. ასეთი შეთანხმება შედეგიანი იქნებოდა როგორც მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისათვის, ისე პოლიტიკური პროცესებისათვის.

მით უმეტეს რომ ასეთი შეთანხმება საბოლოოდ გასცემდა კითხვას პასუხს, ხელისუფლებასთან ხართ შეკრული თუ არა? 


ბოლოდან დავიწყებ. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ხელისუფლებასთან შეკვრის თეორიის კულტივირება ჩემთვის სრული უხამსობაა.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი მთავარი სურვილი და მისწრაფება ხალხისთვის და ქვეყნისთვის საქმის კეთება და მეტი სიკეთის მოტანაა. დღეს მიმაჩნია, რომ იქ და იმ ბრძოლაში ვარ საჭირო, რომელშიც ჩავები და ბრძოლიდან გაქცევა და მით უმეტეს - თანამებრძოლების შუა გზაზე მიტოვება ჩემი ცხოვრების სტილი არ არის.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 976 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები