პარასკევი, 26.04.2024, 14:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » წინასაარჩევნო პროცესის თავისებურებები 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.
10:29
წინასაარჩევნო პროცესის თავისებურებები 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.
30 მაისის თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.

რა ხარვეზები და დადებითი მხარეები ახლდა წინასაარჩევნო პროცესს - გაზეთი "24 საათი” ამის გარკვევას სოციოლოგებთან, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან შეეცადა.

სოციოლოგთა შეფასებით, ახლანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უფრო დაბალანსებულია, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნებიც.

გაზეთ "24 საათთან” საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აქცენტს იმ საკანონმდებლო ხარვეზზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც მოქმედ მერს გადადგომა არ მოეთხოვება. მისი აზრით, ამით მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ გიგი უგულავას ეძლევა შესაძლებლობა, მედიაში სხვა კანდიდატებზე მეტად იყოს რეპრეზენტირებული.

"ამას უგულავას ვერ ჩაუთვლი ფარულ რეკლამად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, რადგან ის კანონიერად ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც მოქმედი მერი და როგორც მერობის კანდიდატი.


რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას, იგი მისაღებია. ერთადერთი, რაც ამომრჩევლებში არ იწვევს სიმპათიას, ზურაბ ნოღაიდელის რიტორიკაა, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია და ამისთვის ხელისუფლებას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი რევოლუციური მეთოდებით.

ეს აშკარად შეიცავს პროვოკაციაზე მითითებას,” - შენიშნავს "24 საათთან” საუბარში იაგო კაჭკაჭიშვილი.


თავად იაგო კაჭკაჭიშვილი არჩევნების შემდეგ, სოციალური არეულობის დაწყებას გამორიცხავს. "დამარცხებული გამარჯვებულს მაშინ ულოცავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში არანაირი სტანდარტი არ ირღვევა და მართლაც დემოკრატიულ გარემოა.

არა მგონია, ასეთი ტიპის ჟესტს ადგილი ჰქონდეს, თუმცა არც იმის მონაცემები არსებობს, რომ რაიმე სოციალური არეულობა დაიწყოს,” - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არჩევნების შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები ტარდება, თუმცა მას საპრეზიდენტო-საპარლამენტო კენჭისყრის შინაარსი აქვს. რამაზ საყვარელიძე პოლიტიკური პარტიების მხრიდან უფრო უკომპრომისო წინასაარჩევნო კამპანიას ელოდა, თუმცა საბოლოო სურათი, პოლიტოლოგის შეფასებით, პასიური აღმოჩნდა.

ექსპერტი გია ნოდია კი ამ არჩევნების თავისებურებად მოლოდინს ასახელებს. "არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა, რომელშიც ოპოზიციის კანდიდატს რეალური შანსი ექნებოდა. თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, 2010 წლის მაისის არჩევნები 2006 წლის არჩევნების მსგავსი იქნება,” - აცხადებს გია ნოდია.

ექსპერტი ყველაზე ნაყოფიერად და წარმატებულად გიგი უგულავას წინაასარჩევნო კამპანიას ასახელებს, რომელიც ამომრჩეველზე სწორად იყო გათვლილი. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, გია ნოდია უპირატესობას "ქრისტიან-დემოკრატების” წინასაარჩევნო კამპანიას ანიჭებს, მიუხედავად მისი პოპულისტური შინაარსისა. ყველაზე კრიტიკულად კი "ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს.

ექსპერტის თქმით, "ალიანსისა” და ირაკლი ალასანიას კამპანია იმედგაცრუებაა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნებამდე ბოლო რამდენიმე კვირით ადრე ისინი ისევ ოპოზიციასთან ვაჭრობდნენ და დიდი დრო დაკარგეს.

"თვითონ კამპანია ძალიან უინტერესო გამოდგა და გამოკვეთილი არ იყო კანდიდატის იმიჯი. ძალიან ძნელი იქნება, რომ ამ არჩევნების შედეგი გაყალბებას დააბრალო, თუმცა ეს მაინც მოხდება. არჩევნების შემდეგ პროტესტის მცდელობები იქნება, თუმცა არ მგონია, რომ პროტესტის სერიოზული ტალღა იყოს,” - აღნიშნა ნოდიამ.


რაც შეეხება თავად პოლიტიკური პარტიების პოზიციებს, "ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არჩევნები, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, იმით არის გამორჩეული, რომ თავად ხელისუფლების ოპონენტები მიუთითებენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოზე.

"ნაციონალები” სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა თავიანთ კამპანიას მათგან განსხვავებულად მიიჩნევენ, რადგან ის ამომრჩეველზეა ორიენტირებული.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ დებატებს ოპონენტებთან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველი და მასთან კომუნიკაციაა, მისი სატკივარის და პრობლემების გაგება. სწორედ ამიტომ დაასახელა გიგი უგულავა თავის რჩეულად ერთმა რიგითმა თბილისელმა ქალბატონმა.

სწორედ ამ რიგითი თბილისელებისთვის უნდა იმუშაოს საკრებულოს ყველა წევრმა და, პირველ რიგში, თბილისის მერმა. სწორედ ამიტომ გვევლინება გიგი სხვადასხვა პროფესიების ადამიანად.

ამ ტიპის კამპანიამ გარკვეულწილად გააოცა პოლიტიკური ოპონენტები, როდესაც აღმოჩნდა, რომ წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ინსტრუმენტია არა ოპონენტები და მათთან დებატები, არამედ ამომრჩეველი და მასთან შეხვედრები. ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატებიდან თითოეული ათეულობით შეხვედრას ატარებს, ხოლო გიგი უგულავამ მთელი თბილისი რამდენჯერმე შემოიარა,” - აღნიშნა გაზეთ "24 საათთან” საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კოკი იონათამიშვილმა.


სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში პოლიტიკური პროცესის კარდინალური გაჯანსაღება დაიწყება. "დამარცხებულიც და გამარჯვებულიც ღირსეულად და ადეკვატურად უნდა მოიქცნენ,” - აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

"ალიანსი საქართველოსთვის” წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად 30 მაისის შედეგებს ელის. "რომელმა პარტიამ როგორ წარმართა წინასაარჩევნო კამპანია, ეს 30 მაისს გამოჩნდება. თუ ამომრჩეველს არჩევანის ობიექტურად გაკეთების საშუალება მიეცემა, ჩემი სურვილი იქნება, მარცხი ყველა დამარცხებულმა აღიაროს და გამარჯვებულს მიულოცოს,” - განუცხადა "24 საათს” "ალიანსი საქართველოსთვის” წევრმა მამუკა კაციტაძემ.

"როგორც რეკლამა არსებობს ღია და ფარული, ასევე არსებობს ადმინისტრაციული რესურსის ღიად და ფარულად გამოყენება. წინასაარჩევნოდ თანამდებობებზე მყოფი პირების 90 პროცენტი შვებულებებშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შვებულებაში გასვლით პირდაპირ დაიკანონეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.

ეს თვალის ახვევაა და მეტი არაფერი - ანუ როგორ ავუაროთ გვერდი კანონს კანონის ფარგლებში. არჩევნების დასრულების შემდეგ დავის საკითხი გახდება თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,” - ასე აფასებს წინასააარჩევნო პერიოდს "24 საათთან” საუბრისას "მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.


”ლეიბორისტთა პარტია” (მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს) წინა არჩევნებსა და 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. "არც წინასაარჩევნო კამპანიაა განსაკუთრებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ყველა პარტიას ლეიბორისტული თემატიკა აქვს აღებული.

პოლიტიკოსებს არჩევნების წინ ახსენდებათ, რომ მოსახლეობა სოციალურად გაჭირვებულია. ჩვენი პარტია კი ამ პრობლემებზე მუდმივად მუშაობს,” - განაცხადა "ლეიბორისტმა” გიორგი გუგავამ "24 საათთან” საუბრისას.


"ლეიბორისტები” არც არჩევნების დასრულების შემდეგ ელიან რამე განსაკუთრებულს, რადგან, მათი აზრით, ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაირღვევა და არჩევნების შედეგები გაპროტესტდება.

წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელი, "სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე პარტიებს პიარელემენტებს უწუნებს. მისი თქმით, ხელისუფლების გამარჯვების მაღალ შანსს იგივე ტელევიზიების მონოპოლია განაპირობებს. "საქართველოში ჯერ არ არის ის საარჩევნო კულტურა, რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს წარმატება მიულოცოს,” - განაცხადა პეტრე მამრაძემ "24 საათთან” საუბრისას.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 974 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები