პარასკევი, 26.04.2024, 22:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » "სავიზიტო ბარათის" გარეშე დარჩენილი თბილისი.
10:45
"სავიზიტო ბარათის" გარეშე დარჩენილი თბილისი.
მსოფლიოს ყველა, ასე თუ ისე ცნობილ ქალაქთან მისი რომელიმე ღირშესანიშნაობა ასოცირდება. ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყნის ხსენებაზე თვალწინ ის წარმოგვიდგება, რაც ყველაზე მეტად გვახსენებს ქვეყანას. მეხსიერებიდან ვიზუალურად უფრო მეტად არქიტექტურული ძეგლები ამოტივტივდება ხოლმე - ისინი, რომლებიც რეალურად ან ფოტოზე გვინახავს, ან არ გვინახავს, მაგრამ გვსმენია მათ შესახებ. 

ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ვართ ევროპელები. თბილისი თანდათან მშვენდება და ევროპელი თუ ამერიკელი ტურისტებისთვის თანდათან მიმზიდველიც ხდება. 

ჩვენს დედაქალაქში უამრავი ღირშესანიშნაობაა, რომლითაც შეგვიძლია ტურისტები დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ, მაგრამ მოდით, საკითხს სხვა კუთხით მივუდგეთ: აქვს კი თბილისს მთავარი ღირშესანიშნაობა, არქიტექტურული ძეგლი ან ძეგლთა კომპლექსი, ან რომელიმე, ცალკე გამოყოფილი ნაგებობა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდება, მასთან ასოცირებული იქნება და უცხოელ ტურისტებს თბილისის ხსენებაზე სწორედ ის გაახსენდებათ? ვფიქრობთ, რომ ჯერ არა. მართალია, ჩვენთვის კი ვღიღინებთ, რომ თბილისის ანძა სჯობია ეიფელს, მაგრამ, ცხადია, უცხოელების დარწმუნება ამაში ძალიან გაგვიჭირდება. 

სანამ იმის განხილვაზე გადავალთ, რა გახდება თბილისის სიმბოლო და სავიზიტო ბარათი, მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ქალაქის თუ ქვეყნის „სავიზიტო ბარათებს" გადავხედოთ.

ალბათ, ბევრი ვერ შემედავებით იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხსენებაზე უმრავლესობას (ხაზს ვუსვამ: უმრავლესობას) ნიუ-იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკება გახსენდებათ, პარიზის ხსენებისას - ეიფელის კოშკი, ინდოეთის ხსენებისას - ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი, მოსკოვის ხსენებისას - კრემლი, ეგვიპტის ხსენებისას - პირამიდები, ბრაზილიის ხსენებისას - ქრისტეს ქანდაკება; რომი უმრავლესობისთვის კოლიზეუმთან ასოცირდება, ათენი და ზოგადად, საბერძნეთი - აკროპოლთან, ლონდონი კი - ბიგ ბენთან. 

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამჯერად ჩვენი მიზანი ამ ღირშესანიშნაობების მოკლედ აღწერა და იმის გადახედვაა, როდიდან და როგორ გახდნენ ეს ღირშესანიშნაობები ქალაქებისა თუ ქვეყნების სიმბოლოები. ამავე დროს, ზოგიერთ ქალაქს მეტსახელიც კი აქვს, რომლითაც ოფიციალურად არ მოიხსენიება, მაგრამ ტურისტებისთვის გამოცემულ ბევრ ცნობარში ეს მეტსახელები შეტანილია.

პრაღა - ასი კოშკის ქალაქი - მთავარი ღირშესანიშნაობა სტარო მესტოს მოედანი, კოშკი და ასტრონომიული საათია. საათში ერთხელ ჩონჩხი ზარს რეკავს და ფანჯარაში 12 მახარობლის პროცესია ჩნდება, რომელსაც მამლის ყივილი ასრულებს.
პრაღაში ასეთი კოშკები მრავლადაა და ამ ქალაქის მეტსახელიც სწორედ ამის მიხედვითაა შერჩეული.

აბუ-დაბი - არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის მთავარ სიმბოლოს და სავიზიტო ბარათს ალ-ხუსნის სასახლე წარმოადგენს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ძველი ან თეთრი ფორტი. ის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და უძველეს არქიტექტურას წარმოადგენს, რადგან ქალაქში ყველაზე "ძველი” შენობის ასაკი 30 წელს არ აღემატება. ამ ქალაქის სიმბოლოდ ზოგიერთები განუმეორებელ ტყე-პარკებს და შადრევნებსაც თვლიან.

დუბაი - არაბეთის გაერთიანებული საემიროების მეორე ქალაქი-საოცრებაა. დუბაიში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო Burj Al Arab, რომელიც აფრას მოგვაგონებს. ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს სასტუმრო, რომელიც მას ჰგავს ტექნიკური გადაწყვეტილებისა და კომფორტის დონით. Burj Al Arab-ის ტერიტორიაზე არის 3 დახურული პლაჟი და თვითმფრინავის დასაფრენი ადგილი. იმისთვის, რომ თევზის რესტორანში Al Mahara მოხვდეთ, სპეციალური ლიფტით უნდა ისარგებლოთ, რადგან ის არც მეტი არც ნაკლები წყლის ქვეშ მდებარეობს.

რიგა - განსაკუთრებულ ღირშესანიშნაობებად ძველი ქალაქი (ვეცრიგა), დომის მოედანი და დიდი და პატარა გილდიის შენობა ითვლება. ასევე აღსანიშნავია რიგის კოშკი. ქალაქის უმთავრესი ღირშესანიშნაობები მის ძველ ნაწილშია თავმოყრილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

სტამბული - სტამბულის სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირი ბორანისა და ხიდების საშუალებით მყარდება. მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი 1970-73 წლებშია აგებული და მისი სიგრძე 1560 მეტრს შეადგენს. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა სულთან ახმედის მეჩეთი, რომელსაც „ცისფერ მეჩეთს" უწოდებენ, რადგან 200000-ზე მეტი ცისფერი ფილითაა მოპირკეთებული.

რომი - მარადიული ქალაქი. იტალიის დედაქალაქში, ალბათ, ძნელია ერთი რომელიმე ადგილის მიჩნევა მის სიმბოლოდ, მაგრამ მრავალი ტურისტისთვის ასეთი ადგილი კოლიზეუმია - უიშვიათესი ნაგებობა და მსოფლიოში უდიდესი ამფითეატრი.

ისლამაბადი -შახ-ფაისალის მეჩეთი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და დიდი მეჩეთია. 

პარიზი - სინათლის ქალაქი - ეიფელის კოშკი. აიგო მსოფლიო გამოფენისათვის. სიმაღლე ანტენით 324 მ. 12000 ლითონის დეტალი შეერთებულია 2,5 მლნ.ცალი მოქლონით. ლუვრი: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე ცნობილი და დიდი მუზეუმი. მეფის ყოფილი სასახლე.

ლონდონი - ბიგ ბენის ისტორიული საათი. იგი 1859 წლიდან ზუსტ დროს აჩვენებს. 
მისი სიმაღლე 320 ფუტია. 

ამსტერდამი - ჰოლანდიის დედაქალაქში უამრავი ადამიანი ჩადის არამხოლოდ წითელი შუქურების კვარტლის დასათვალიერებლად და მარიხუანას კაფეშოპებში შესასვლელად, არამედ პირველ რიგში, იმისთვის, რომ იმოგზაუროს არხებზე და მოინახულოს მრავალი (ათასზე მეტი) ტრადიციული და უჩვეულო მუზეუმი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.

ათენი - ათენის ცენტრად აკროპოლისა და ლიკაბეტის (ლიკავიტოს) ბორცვები ითვლება. სწორედ აქედან დაიწყო 6000-ზე მეტი წლის წინ ამ ქალაქის ისტორია. ათენის აკროპოლი ძველი საბერძნეთის სიმბოლოა. აკროპოლის მარგალიტად კი პარფენონი (ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნე) ითვლება.

აგრა, ინდოეთი - ტაჯ-მაჰალი: ულამაზესი სასახლე-სამარხი სულთანის გარდაცვლილი მეუღლისათვის.

შანხაი - ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც შანხაის გასასვლელიდან 7 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. იგი ჩინეთის სიმბოლოა.

დელი - ლოტოსის ტაძარი: დელის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დარბაზის დიამეტრი 75 მ, სიმაღლე 31 მ, 1300 ადგილი.

ნიუ-იორკი - დიდი ვაშლი - ამ ქალაქში დადგმული ქანდაკება მალევე იქცა ამერიკის სიმბოლოდ, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ის თავისუფლების სიმბოლოცაა. ფრანგი ხალხის საჩუქარი, 1886 წ. დაშლილი გადაიტანეს ნიუ-იორკში. სიმაღლე 47 მ, დგას 46 მ პოსტამენტზე, დაფარულია 2,4 სმ სისქის სპილენძით.

რიო-დე-ჟანეირო - ქრისტეს ქანდაკება: კორკოვადოს 704 მ სიმაღლის ბორცვზე 30 მ სიმაღლის ქანდაკება. დგას 7 მ პოსტამენტზე.1931 წლის 12 ოქტომბერს გახსნილი ქანდაკება სწრაფად იქცა რიოს „სავიზიტო ბარათად". ერთი ვერსიის თანახმად, იესოს ქანდაკება ფრანგ მოქანდაკეს პოლ ლანდოვსკის ეკუთვნის. მეორე ვერსიით კი ქანდაკების ავტორები ბრაზილიელი არქიტექტორები - ეიტორ და სილვა კოსტა და ეიტორ ლევი არიან.

სიდნეი - ოპერის შენობა: მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი შენობა. 67 მ სიმაღლის, აფრების წონა 161000 ტონა.

რასაკვირველია, სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მაგრამ ისევ ჩვენს დედაქალაქს მივუბრუნდეთ. რა უნდა გახდეს თბილისის სიმბოლო: ქალაქში უკვე არსებული რომელიმე ძეგლი ან ნაგებობა თუ თბილისის და, ზოგადად, საქართველოს სიმბოლო უახლოეს პერიოდში უნდა აშენდეს? ალბათ, ეს უკანასკნელი, რადგან სილამაზის მიუხედავად, თბილისის სიმბოლოდ არც მტკვარზე გადებული შუშის ხიდი გამოდგება, უნიკალურობის და სიდიადის მიუხედავად, არც სამება, ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად - არც „ქართვლის დედა". საჭიროა რაიმე ახალი, რომელიც ლამაზი, გრანდიოზული და თვალწარმტაცი იქნება, მნახველს არასოდეს დაავიწყდება და თბილისის, საქართველოს ხსენებისას ამოუტივტივდება მეხსიერებიდან.

საინტერესოა, რა უნდა გახდეს დედაქალაქის სიმბოლო - რა უნდა გაკეთდეს თბილისში? იქნებ, „ვაზისა და მტევნის" სკულპტურა, ან სულაც, ბორჯღალის ისეთი ქანდაკება, მნახველმა რომ ვერ დაივიწყოს და გული მუდამ მისკენ მიუწევდეს? ან რაიმე სხვა, რომელიც უცხოელისთვის გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ხინკალი და ხაჭაპური. 

დროა, ქართველმა არქიტექტორებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც საკითხის გადაწყვეტასთან პირდაპირ კავშირში არიან, ამაზეც იფიქრონ. მართლაცდა, რით არის თბილისი სხვა, მსოფლიოში ცნობილ ქალაქებზე ნაკლები?
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1043 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები