პარასკევი, 26.04.2024, 06:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ლენინს მავზოლეუმიდან აგდებენ.
13:04
ლენინს მავზოლეუმიდან აგდებენ.

მავზოლეუმიდან ლენინის ნეშტის გამოსვენებაზე რუსეთში ისევ ალაპარაკდნენ. ამჯერად ინფორმაციას სახელმწიფო დუმის ერთ–ერთ დეპუტატზე დაყრდნობით „გაზეტა. რუ" ავრცელებს. დუმის დეპუტატის, ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, ეს საკითხი რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ წელს აუცილებლად უნდა განიხილოს. „ამისთვის ყველაფერს ვიღონებ",–განაცხადა მედინსკიმ.

დეპუტატის თქმით, მავზოლეუმში დიდი ბელადის ცხედარი, ფაქტობრივად, აღარ არის. „სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ მავზოლეუმში ლენინის ცხედრის მხოლოდ 10 პროცენტია შენახული, დანარჩენი კი კარგა ხანია, შეცვლილია".

დუმის დეპუტატი ამ გადაწყვეტილების მომწიფებას, არც მეტი, არც ნაკლები, ლენინის ოჯახის წევრების სურვილით ხსნის: მედინსკი ამბობს, რომ ილიჩის „ოჯახის წევრებს თავიდანვე სურდათ, ლენინი დედამისის გვერდით, სანკტ–პეტერბურგში დაეკრძალათ, თუმცა, ბოლშევიკებმა მათი ეს სურვილი არაფრად ჩააგდეს. მათ სურდათ კულტის და რაღაც ისეთის შექმნა, რაც თითქოსდა ქრისტეს შეცვლიდა. ახლა დროა, ამ გარყვნილებას ბოლო მოეღოს".

ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან შესაძლო გამოსვენების შესახებ საუბარი რუსეთში სსრკ–ს დაშლის შემდეგ დაიწყო და პერიოდულად ახლდებოდა, თუმცა, რეალურ გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა. როგორც ცნობილია, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ბორის ელცინი მზად იყო ამ მხრივ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მისმა შემცვლელმა – ვლადიმირ პუტინმა სეხნიის გამოსვენების საკითხი დააკონსერვა. როგორც რუსეთში ამბობენ, სწორედ რუსეთის პრემიერია წინააღმდეგი, რომ ლენინის ცხედარი მავზოლეუმიდან სანკტ–პეტერბურგში გადაასვენონ. ცნობილია პუტინის სიტყვები, რომლებიც მან ამ საკითხთან დაკავშირებით 2001 წელს თქვა:

„კომუნისტური პარტიის მონოპოლიის ქვეშ ქვეყანამ 70 წელზე მეტ ხანს იცხოვრა. ეს რამდენიმე თაობის ცხოვრების პერიოდია, ზოგიერთი ადამიანი კი საკუთარ ცხოვრებას ლენინს უკავშირებს. ლენინის დაკრძალვა მათთვის იმის თქმა იქნება, რომ ისინი ცრუ ფასეულობებს სცემდნენ თაყვანს, საკუთარ თავს ცრუ ამოცანებს უყენებდნენ და საერთოდ, მათმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, ამიტომ ამ საკითხს მეტად ფრთხილად უნდა მივუდგეთ". 

უფრო პროგრესულად უდგება ლენინის დაკრძალვის საკითხს სსრკ–ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი. 2008 წელს ამ თემაზე საუბრის დროს მან აღნიშნა:

„... მისი ცხედარი მიწას უნდა მიებაროს. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ვნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებს".

ლენინის ნეშტის გამოსვენებაზე საუბრის პარალელურად, ალბათ, უპრიანი იქნება, მავზოლეუმის შექმნასთან დაკავშირებული ისტორია და მავზოლეუმში მომხდარი ინციდენტები გავიხსენოთ.

წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან მავზოლეუმის აშენების შესახებ გადაწყვეტილება საბჭოთა ხელისუფლებამ ლენინის გარდაცვალებისთანავე მიიღო. ლენინის დაკრძალვის დღეს, 1924 წლის 27 იანვარს აქ სახელდახელო, ხის მასალისგან დამზადებული მავზოლეუმი გაკეთდა, რომლის პროექტის ავტორი ა.ვ. შუსევი იყო. გაზაფხულზე ამ სარკოფაგს რამდენიმე დეტალი დაემატა. მავზოლეუმი კუბის ფორმის იყო, თუმცა, საბოლოოდ იგი რთულ კონსტრუქციულ ნაგებობად იქნა მიჩნეული და ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

არქიტექტორმა კ.ს. მელნიკოვმა ერთი თვის ვადაში რვა ახალი პროექტი შეიმუშავა, საიდანაც ერთ–ერთი დამტკიცდა კიდეც. მავზოლეუმი უმოკლეს ვადაში, პროექტის ავტორის ზედამხედველობით აშენდა და ამ სახით „დიდი სამამულო ომის" დასრულებამდე შენარჩუნდა.

სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, 1941 წელს, ლენინის ცხედარი ტიუმენში იყო ევაკუირებული და ერთ–ერთ შენობაში ინახებოდა. ბელადი რუსეთის დედაქალაქს მხოლოდ 1945 წლის აპრილში „დაუბრუნდა".

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარიც ლენინის გვერდით იყო დასვენებული. 1953–61 წლებში (მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის გამოტანამდე) იგი ასეც იწოდებოდა: „ვ.ი. ლენინისა და ი.ბ. სტალინის მავზოლეუმი".

მავზოლეუმთან რამდენიმე ინციდენტიცაა დაკავშირებული, რომელთა შესახებ მაშინდელი ფართო საზოგადოება, გასაგები მიზეზების გამო, ინფორმირებული არ იყო.

1934 წლის 19 მარტს მავზოლეუმში შესულმა მიტროფან ნიკიტინმა ბელადის ბალზამირებული ნეშტის მიმართულებით გასროლა სცადა. მას ხელი დაცვის წევრებმა შეუშალეს. ნიკიტინმა საფეთქელში გასროლით ადგილზევე მოიკლა თავი. მოგვიანებით, ჩხრეკის დროს მას პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაწერილი საპროტესტო წერილი უპოვეს.

1960 წლის 14 ივლისს, ფრუნზეში მცხოვრები კ. მინიბაევი მავზოლეუმში შესვლის შემდეგ ბარიერს გადაახტა და ფეხსაცმლის დარტყმით სარკოფაგის მინა ჩაამსხვრია. მინის ნამტვრევებმა ლენინის სახის კანი დააზიანა. აღდგენითი სამუშაოების გამო მავზოლეუმი 15 აგვისტომდე დაიხურა. დაკავებულმა მინიბაევმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ 1949 წლიდან აწვალებდა ლენინის სარკოფაგის დანგრევის სურვილი და რომ ფრუნზედან მოსკოვში ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად საგანგებოდ ჩამოფრინდა.

1961 წლის 9 სექტემბერს, სარკოფაგთან ჩავლის დროს ა. სმირნოვამ ლენინის ცხედრის მიმართულებით გადააფურთხა, სარკოფაგის მინას კი ცხვირსახოცში გახვეული ქვა ესროლა, რასაც ფრიად უწმაწური გინებაც მიაყოლა. მინა ჩაიმსხვრა, თუმცა ლენინის ცხედარი დაზიანებას ამჯერადაც გადაურჩა.

1967 წლის სექტემბერში კაუნასში მცხოვრებმა ვინმე კრისანოვმა მავზოლეუმის შესასვლელთან თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა. ტერორისტი და რიგში მდგარი რამდენიმე მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. მავზოლეუმი არ დაზიანებულა.

ყველაზე დიდი ტრაგედია მავზოლეუმთან 1973 წლის 1 სექტემბერს მოხდა. როგორც ჩანს, უცნობმა პირებმა მავზოლეუმის შიდა დარბაზში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა შეძლეს, რომელიც პიკის საათებში აფეთქდა. ამ დროს მავზოლეუმში სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ახალგაზრდა ცოლ–ქმარი დაიღუპა, ათზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა. ლენინის ცხედარი ისევ დაზიანებების გარეშე გადარჩა, რადგან იმ დროისთვის სარკოფაგი ტყვიაგაუმტარ მინაში იყო ჩასმული.

ბოლო პერიოდში მავზოლეუმთან მომხდარი ინციდენტები უფრო კომიკური ხასიათისაა. მაგალითად, 2010 წლის 15 მარტს მავზოლეუმის ტრიბუნაზე ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი აძვრა და მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა მავზოლეუმის დანგრევისა და ლენინის ცხედრის დაკრძალვის შესახებ. მილიციელებმა მას მჭევრმეტყველება დიდხანს არ აცალეს და დაკავება სცადეს, თუმცა, მამაკაცმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ იგი მაინც დააკავეს და აღმოჩნდა, რომ პოლიციელების მიერ ყაჩაღური თავდასხმისთვის იძებნებოდა.

2010 წლის 27 ნოემბერს კი მოსკოველმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ლენინის მავზოლეუმში ტუალეტის ქაღალდის ხვეული და ბროშურა შეაგდო. დაკავებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამჟამად ლენინის მავზოლეუმი მნახველებისთვის ღიაა ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 10–დან 13 საათამდე. სპეციალურ საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან შესვლის მსურველებს მეტალოდეტექტორზე ამოწმებენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი დეტალი: ლენინის ნავსაყუდელი, ანუ, მონუმენტური გრანიტის ნაგებობა უძველესი ეგვიპტური მავზოლეუმების – ჯოსერის პირამიდისა და სირიუს დიდის აკლდამის ელემენტებს შეიცავს.



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1044 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები