შაბათი, 27.04.2024, 00:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ელენეს თოვლიანი აპრილი - ელენე ახვლედიანი
20:36
ელენეს თოვლიანი აპრილი - ელენე ახვლედიანი

იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი –  მამულის ტფილი ხატები.

ელენე ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში დაიბადა. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, იგი თელავში განაწესეს, როგორც სამხედრო ექიმი, სადაც შემდგომში დარჩა. სოფელ კურდღელაულში დიმიტრი ახვლედიანმა პატარა ლაზარეთი გახსნა და გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდა.

ელენეს ბებია (დიმიტრის დედა) სამეგრელოს წარჩინებულ გვარეულობას, ჩიქოვანებს განეკუთვნებოდა. დიმიტრიმ ცოლად მოიყვანა ელისაბედ ერისთავი. ქართული ქირურგიის დამაარსებელი, კონსტანტინე ერისთავი – ელისაბედის უახლოესი ნათესავი გახლდათ.

ელენეს მშობლებს ჰყავდათ ხუთი შვილი. უფროსი ელენე დაიბადა 1898 წელს, ნინო – 1899 წელს, ალექსანდრე – 1901 წელს, შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი გიორგი და ყველაზე უმცროსი მაკო ახვლედიანი – 1911 წელს.

ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე. ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომ ყველას ეგონა, ელენე ჩინებული მუსიკოსი გამოვიდოდა მომავალში. მაგრამ იგი მხატვრობამ გაიტაცა და დაწყებითი მხატვრული განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს ელენე ახვლედიანმა გაიარა ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსები ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის ხელმძღვანელობით და მიენიჭა მხატვრის პედაგოგის კვალიფიკაცია. 1918-1920 წლებში ასწავლიდა ხატვას თბილისის დაწყებით სკოლებში.

მისი სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც მან თვრამეტამდე ნამუშევარი წარმოადგინა. მნახველთა განსაკუთრეული ყურადღება მიიქცია ელენეს ორმა სურათმა: „თელავი” და „თელავში.” მშობლიური კახეთისადმი სიყვარული მთელი სიცოცხლე გამოჰყვა ელენე ახვლედიანის მხატვრულ შემოქმედებას.

1922 წელს ელენე ახვლედიანი შედის ქალაქ თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში.

მომხიბლავი გარეგნობის ელენეს უამრავი თაყვანისმცემელი თხოვდა ხელს. 1921 წელს ელენე აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს მიჰყვება ცოლად. პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. "მეუღლე აპოლონ კაკაბაძე არაჩვეულებრივი კაცი იყო და ძალიან უყვარდა ელენე. თუმცა იგი ძალიან ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. სწორედ ეს გახლდათ მათი გაყრის მიზეზი. მიუხედავად ამისა აპოლონის გარდაცვალების შემდეგ მისი მეორე ოჯახის შექმნილ შვილს, ბიჭს სულ ელენე ედგა თავზე და ზრდიდა” (ირინა კალანდაძის მოგონებიდან).

1922 წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, ელენე საზღვარგარეთ მიავლინეს ჯერ იტალიაში, ხოლო 1924 წლიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პარიზის კოლაროსის აკადემიაში (1922-1927).

პარიზში გატარებული წლები ელენე ახვლედიანისთვის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობის წლებად იქცა. პარიზის სურათებთან ერთად, საქართველოდან წაღებული ჩანახატების მიხედვით, მხატვარი ქმნიდა თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მიძღვნილ პეიზაჟებს: "ძველი თბილისი” (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი” (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი” (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), "თელავი” (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი).

ელენე ახვლედიანი პარიზში ცხოვრების პერიოდში იღებდა მონაწილეობას გამოფენებზე. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე „შემოდგომის სალონი" (1924 წ), პიკასომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ე. ახვლედიანის ტილოს „კახეთი, ზამთარი" და ყიდვა მოისურვა. რაზეც ე. ახვლედიანმა კახური პირდაპირობით უპასუხა: „ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს არ გავყიდი". ამ შემთხვევის შემდეგ მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. პაბლომ თავისი ავტოლიტოგრაფიაც აჩუქა.

დიდი წარმატება ხვდა წილად 1926 წლის ოქტომბერში პარიზის გალერეა "კუატრ შემენში” გამართულ პერსონალურ გამოფენას. ელენე ახვლედიანის სურათებს იძენენ კოლექციონერები, ცნობილი მხატვრები. "დამოუკიდებელ სალონში" მოწყობილ გამოფენაზე, პოლ სინიაკმა მოისურვა მისი სურათის შეძენა. ორი ტილო იყო გამოფენილი „ძველი თბილისი" და „ქართული პეიზაჟი". ელენეს საჩუქრად უნდოდა რომ ებოძა, მაგრამ სინიაკმა საჩუქრის სახით არ მიიღო და ხუთასი ფრანკი გაუგზავნა.

პარიზში ყოფნის პერიოდში ე. ახლედიანის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო. ამას მოწმობს ის რეცენზიები, რომელიც ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში (გაზ. „დებატ", ჟურნალი „ლელუნქსი" და სხვ.) იბეჭდებოდა.

პარიზის კაფე "როტონდაში”, ბოჰემურ ხელოვანთა თავშეყრის ადგილას, ელენეს ყურადღება მიიპყრო ერთი ქალბატონის იისფერმა თვალებმა და მისმა არაჩვეულებრივმა გამოხედვამ. მას მერე იგი მუდამ ოცნებობდა, რომ კიდევ ენახა ეს თვალები. შემდეგ, როდესაც ფილმი "ქალი კამელიებით,” ნახა, აღმოჩნდა, რომ ეს უცნობი იყო ცნობილი კინომსახიობი გრეტა გარბო. ელენეს არ უყვარდა კინო, მაგრამ გრეტა გარბოსადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ თუ სადმე გადიოდა "ქალი კამელიებით,” აუცილებლად წავიდოდა. ერთხელ დაითვალა, რომ ეს ფილმი 118-ჯერ ჰქონდა ნანახი.

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ექსპონირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში… მხატვარმა მიწვევა მიიღო ჰოლანდიიდანაც მისი ნამუშევრების ექსპონირების თაობაზე, თუმცა ეს გამოფენა ვეღარ მოეწყო, რადგან დედის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოუვიდა სამშობლოდან. 1927 წელს ელენე დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც შემდგომში აღარც დაბრუნებულა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აწყობს გამოფენებს თბილისში, თელავში, ქუთაისში, სადაც ქართველი საზოგადოება ეცნობა საფრანგეთიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს.

1927 წლის ივნისში სასტუმრო „ორიენტის” გვერდით, რუსთაველის პროსპექტზე, მოეწყო "პარიზიდან დაბრუნებულ ელენე ახვლედიანის სურათების გამოფენა”. იმავე წელს ქართველ მხატვართა საზოგადოებამ გამოსცა "მხატვარ ელენე ახვლედიანის სურათების გამოფენა კატალოგი”. გამოიცა შალვა მალხაზიშვილი იგონებს: "ჩვენ მაშინ „მემარცხენე ფრონტს” ვეკუთვნოდით და ირაკლი გამრეკელი, სიმონ ჩიქოვანი და მე ერთად წავედით გამოფენაზე. გვეგონა, რომ პარიზიდან ჩამოსული ქართველი მხატვარი უთუოდ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს ჩამოიტანდა (მაშინ ჩვენ გატაცებული ვიყავით კუბიზმით). ჩვენი იმედები რომ გაქარწყლდა, გადავწყვიტეთ ობსტრუქციის მოწყობა, მაგრამ ელენე ახვლედიანის სურათების თვალისმომჭრელმა სილამაზემ, უდიდესმა ფერადულობამ და მხატვრტული ტექნიკის საოცრად მაღალმა დონემ ისე დაგვატყვევა, რომ მისი ხელოვნების უაღრესად დიდი თაყვანისმცემლები გავხდით…”

ელენე ახვლედიანის გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა გამოფენის ხილვის შემდეგ იგი თეატრში მხატვრად მიიწვია, სადაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ შეუწყვეტია მუშაობა. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი” (1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში” (1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯ. პუჩინის "ბოჰემა” (1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის "ბალ-მასკარადი” (1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა.

1960 წელს ელენე ახვლედიანს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, 1971 წელს გახდა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1961 წელს ელენე ახვლედიანმა მხატვარ ქალთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს წარსულისა და აწმყოს ასახვას ფერწერასა და გრაფიკაში. მხატვრები მიკრო-ავტობუსით მოგზაურობდნენ მთელი საქართველო და ჩანახატებს აკეთებდნენ. ჯგუფის ნამუშევრების რამოდენიმე გამოფენა მოეწყო: "თბილისი და მისი მიდამოები”, "კახეთი”, "გურია”, "იმერეთი”.

1963-1964 წლებში მოეწყო ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენები საქართველოს მხატვართა სალონში. 1965 წელს გაიმართა პერსონალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლში, სადაც გამოფენილი იყო მხატვრის ბოლო ორი წლის ნამუშერები ციკლიდან "თბილისი”.

ელენე ახვლედიანი საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს ხშირად საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. აქვე იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები და კონცერტები, უკრავდნენ ცნობილი პიანისტები ჰეინრიხ ნეიჰაუზი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვები. ელენე ახვლედიანის სახელოსნო სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების საყვარელ ადგილადაც ითვლებოდა.

ერთხელ ცნობილმა პიანისტმა ჰენრიხ ნეიჰაუზმა ელენე ახვლედიანის ფერწერის ხილვისას მხატვარს მიმართა: "თქვენი ფერწერა ჩემში ისევე იწვევს მუსიკალურ შეგრძნებებს, როგორც მუსიკა აღძრავს ჩემში ხედვით სახეებს, ხანდახან კი ფილოსოფიურ აზრებსაც კი”.

1975 წელს სსრკ ფინანსთა სამინისტროში ქალთა სურათების გამოფენა გაიმართა, ელენე ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 28 დეკემბერს გამოფენის შემდეგ გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელენე ახვლედიანი ცუდად შეიქმნა. "Как стыдно, у всех на глазах” ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1192 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები