პარასკევი, 26.04.2024, 15:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » რა არის ჰეპატიტი
21:06
რა არის ჰეპატიტი
ჰეპატიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებებია. ისინი ანთროპონოზულ ინფექციებს (ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები) წარმოადგენს. მათი გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში კი ღვიძლის ბიოფსია.

  ბავშვებში ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობა შედარებით განსხვავებულია, ვიდრე მოზრდილებში. უფრო ხშირად გვხვდება წაშლილი, უსიყვითლო ფორმები. დაავადება იწყება შედარებით დამაკმაყოფილებელი გუნება განწყობის პირობებში, ხშირად ნორმალური ტემპერატურის ფონზე, ღვიძლი უმნიშვნელოდ დიდდება, რაც აძნელებს მწვავე ვირუსული ინფექციების ადრეულ დიაგნოსტიკას. 
  მეორეს მხრივ, გაშლილი კლინიკური სურათის არსებობის პირობებში დაავადება ხშირად ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, სიყვითლე უფრო გახანგრძლივებულია, დაავადების გამოსავალი - უფრო არაკეთილსაიმედო.

ჰეპატიტის სახეები

გამომწვევი ვირუსის მიხედვით განასხვავებენ რამდენიმე ტიპის ჰეპატიტს: A, B, C, D, E და G ჰეპატიტებს.

  A და E ჰეპატიტები, სხვა ვირუსულ ჰეპატიტებთან შედარებით, მსუბუქი ფორმისაა. ამ დაავადებებით ინფიცირება ძირითადად ჰიგიენური წესების დარღვევას უკავშირდება.

  A ჰეპატიტი თბილი კლიმატის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებულია ჰეპატიტების სხვა ფორმებთან შედარებით. მას, ავადობის სიხშირის მიხედვით, მესამე ადგილი უჭირავს გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შემდეგ. იგი, ისევე, როგორც E ჰეპატიტი, ნაწლავურ ინფექციათა მსგავსად ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმით ვრცელდება და ავადობა ელემენტარული სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევას უკავშირდება: ბავშვის ორგანიზმში გამომწვევი ხვდება დაინფიცირებული წყლისა და საკვები პროდუქტების მიღებისას ან დაავადებულთან საყოფაცხოვრებო კონტაქტის შედეგად (ჭუჭყიანი ხელებით).

  A ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი:
• ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 15-50 დღეს, საშუალოდ 28-30 დღეს. დაავადებული ვირუსს გამოყოფს ინკუბაციური პერიოდის მეორე ნახევრიდან, სიყვითლის გამოვლინების შემდეგ გადამდებლობა მკვეთრად მცირდება და ფაქტიურად წყდება კიდეც, ანუ ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში უკვე აღარ არის.
• ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო ავადობა მაქსიმუმს შემოდგომის ბოლოს ან ზამთრის დასაწყისში აღწევს.
• მეტწილად ავადდებიან ბავშვები: შემთხვევათა 70% აღინიშნება 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. ავადობა განსაკუთრებით მაღალია სკოლებში, საბავშვო ბაღებში.
• ავადობა მაღალია იმ ტერიტორიებზე, სადაც არ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და დიდია მიგრაცია.

  E ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი:
• ძირითადად ვრცელდება წყლით;
• ავადობის მაღალი სიხშირე ვლინდება 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები;

  B ჰეპატიტი საკმაოდ გავრცელებული, კონტაგიოზური დაავადებაა. ყველა ის ბავშვი, რომელსაც B ჰეპატიტის ვაქცინაცია უტარდება, ამ უმძიმესი დაავადებისაგან დაცულია. საგულისხმოა, რომ B ჰეპატიტი ტემპერატურის მიმართ გამძლეა. საკმაოდ ხშირია ჰეპატიტით დაავადების ოჯახური შემთხვევები. მაგ., თუ ვირუსის მატარებელმა მშობელმა მოიჭრა ფრჩხილები, შემდეგ კი იმავე მაკრატლით მოჭრა ფრჩხილები ბავშვს, არ არის გამორიცხული ამ უკანასკნელის დაინფიცირება, თუ იგი B ჰეპატიტზე აცრილი არ არის. ბავშვს ჰეპატიტი შეიძლება მაშინვე არ გამოუვლინდეს და პირდაპირ ქრონიკული ჰეპატიტი განუვითარდეს.

  ჰეპატიტით დაავადება აუცილებლად სიყვითლის განვითარებას არ ნიშნავს. დაავადება, შესაძლებელია, მსუბუქი "გაციების" ფორმითაც მიმდინარეობდეს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადატანილი დაავადების შემდეგ ადამიანი გახდეს ვირუსის მტარებელი. საბოლოოდ ვირუსის მტარებელთა 25%-ს ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოს პირველადი სიმპტომები უვითარდება.

  დაინფიცირების გზები

  ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ორი ძირითადი გზით მოხვდეს:
1. დაავადებული ადამიანი გამოჰყოფს ვირუსს ფეკალიებთან ერთად, საიდანაც იგი წყლის ან საკვების საშუალებით ხვდება სხვა ადამიანის ნაწლავებში. ამ გზას ექიმები ფეკალურ-ორალური გადაცემის გზას უწოდებენ (დამახასიათებელია A და E ჰეპატიტებისათვის). მისი მიზეზია პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფა ან ხარვეზები წყალმომარაგების სისტემაში. სწორედ ამით აიხსნება ვირუსული ჰეპატიტის ფართო გავრცელება განვითარებად ქვეყნებში;

2. მეორე გზა – ეს არის ადამიანის კონტაქტი ინფიცირებულ სისხლთან. იგი დამახასიათებელია B, C, D და G ვირუსული ჰეპატიტებისათვის. მათ შორის გავრცელებულობისა და გამოსავლის სიმძიმის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საშიშია B და C ჰეპატიტები.

  დაავადების სიმპტომები

  ჰეპატიტის ძირითად სიმპტომად უმრავლესობას სიყვითლე მიაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეპატიტები ყოველთვის როდი მიდინარეობს სიყვითლით. საკმაოდ ხშირია სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, რომლებიც შედარებით ნაკლები სიმძიმით ხასიათდება. სიყვითლე ვითარდება მაშინ, როცა ნაღველი იმის ნაცვლად, რომ მონაწილეობა მიიღოს საკვების გადამუშავებაში, სისხლში გადადის და კანს აძლევს დამახასიათებელ მოყვითალო ფერს. შარდში გადასვლისას იგი შარდს ამუქებს, ხოლო განავალი მის გარეშე ღია ფერის ხდება.
  დაავადების პირველი სიმპტომები გამოვლინდება დასნებოვნებიდან სხვადასხვა დროის გასვლის შემდეგ: ეს არის 2-4 კვირა (A ჰეპატიტი), 2-4 და ზოგჯერ 6 თვეც კი, როცა ვირუსი მრავლდება, განიცდის ადაპტაციას ორგანიზმში და დაავადება იწყებს გამოვლინებას (B ჰეპატიტი).

  მწვავე ვირუსული ჰეპატიტი ტიპიურ შემთხვევებში, იწყება გრიპის მსგავსად: ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, სახსრების ტკივილით, გულისრევა-პირღებინებით, ზოგჯერ მას გამონაყარიც ახლავს. ვითარდება ღვიძლის გადიდება. ძირითადი სიმპტომებია: კანისა და სკლერების სიყვითლე, სისუსტე, დაღლილობა, მუქი შარდი. ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განავლის გაუფერულე
ბას (A ჰეპატიტი).

  B ჰეპატიტის შემთხვევაში – დაავადება იწყება თანდათანობით, ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე, სახსრების ტკივილით, ზოგჯერ გამონაყრით.

  ჰეპატიტების მკურნალობა

  A ჰეპატიტი - ინფექცია 6 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობისაა, უფრო ხშირად იგი ერთ თვეს გრძელდება. თუ ორგანიზმი საკმაოდ ძლიერია, ის ვირუსს აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება და დაავადება სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც არის აუცილებელი ორგანიზმის სრული გამოკვლევა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ინტრავენურად წვეთოვნად სითხეების გადასხმა, რათა შემცირდეს ღვიძლზე ვურუსის ტოქსიკური ზემოქმედება.

  B ჰეპატიტი - მისი მწვავე ფორმის სრული განკურნება შესაძლებელია. მოზრდილთა უმრავლესობას შეუძლია ამ დაავადებას მკურნალობის გარეშეც კი გაუმკლავდეს, თუმცა ექიმები ხშირად მაინც ნიშნავენ მკურნალობას ალფა-ინტერფერონით – ბუნებრივი წარმოშობის ცილით. ავადმყოფთა 45%-ში რეკომბინანტური ალფა-2ა ინტერფერონით მკურნალობის ბოლოს სისხლში ვირუსი არ აღმოჩნდება. სხვა შემთხვევებში, მაინც მიიღწევა ღვიძლის ქსოვილებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ციროზის განვითარების თავიდან აცილება.

  E ჰეპატიტი - მას, როგორც წესი, არ მკურნალობენ. 1-1,5 თვის შემდეგ ხდება სრული გამოჯანმრთელება. ორგანიზმი თავად ახერხებს ვირუსისადმი წინააღმდეგობის გაწევას. იშვიათად ხდება სიმპტომური საშუალებების დანიშვნა თავის ტკივილის, გულისრევის ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნების თავიდან ასაცილებლად.

  ჰეპატიტების პროფილაქტიკა

  იმისათვის, რომ დაცული ვიქნეთ ჰეპატიტით დაინფიცირებისაგან, საჭიროა მარტივი წესების დაცვა.
A დაE ჰეპატიტის პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა პირადი ჰიგიენის წესების დაცვას ენიჭება:
• დაიბანეთ ხელები ხშირად და გულმოდგინედ: აუცილებლად ჭამის წინ, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ, ქუჩიდან შემოსვლისას;
• ერიდეთ ქუჩაში ჭამას;
• საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული სუფრასთან მიტანამდე;
• განსაკუთრებით დაიცავით დაბინძურებისაგან რძე, არაჟანი, სალათები;
• სასმელად გამოიყენეთ მხოლოდ ანადუღარი წყალი, თუ დარწმუნებული არა ხართ წყლის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით ნაწლავთა ინფექციების ეპიდაფეთქების პერიოდში;
• დაიცავით ბინაზე სანიტარული წესრიგი და არ დაუშვათ ფეხსახსრიანი მწერების - ბუზების და ტარაკანების გავრცელება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1301 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები