პარასკევი, 26.04.2024, 22:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » იდუმალი აზია
21:24
იდუმალი აზია

 ყველაზე დიდ მოგზაურსაც კი, მთელი მსოფლიო რომ უნახავს და დაუთვალიერებია, უჭირს, ბოლომდე შეიცნოს ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებები. ამას წლები, დიდი ძალისხმევა და დაკვირვების უნარი სჭირდება ხოლმე. ამიტომ,  ძნელია უცხო ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის ზუსტი სურათის აღწერა, პირველი შთაბეჭდილება ძალიან ხშირად არ მეთხვევა სინამდვილეს და იქმნება არასწორი სტერეოტიპი, რომლის წაშლასაც საუკუნეც არ ყოფნის. იქ, სადაც ქალი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს, სადაც მას მხოლოდ მეუღლის, დიასახლისის როლი აკისრია, ძნელია, განჭვრიტო, რამდენად დაჩაგრულად გრძნობს ის თავს, რა უჭირს, რა ულხინს, რით არსებობს, რა აინტერესებს. გარეგნული ნიშნებით აკეთებ დასკვნებს და შინდაბრუნებულს აზრადაც არ მოგდის მონათხრობს დაამატო, ერთი შეხედვით ჩანს ასე, თორემ შიგნით რა ხდება, რა ვიციო. სტერეოტიპს ხშირად ის ქალები ანგრევენ, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობა და პატივისცემა მოიპოვეს. მაგრამ ისინი გამონაკლისებად გამოიყურებიან და ძალაში მაინც ერთ დროს შექმნილი, ხანდახან მცდარი, შთაბეჭდილება რჩება.

   იაპონია
   როგორც ცნობილია, იაპონელი ქალები ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელსაც "მართავს და განაგებს მამაკაცი”. ამ ქვეყანაში მამაკაცს დომინანტის როლი ისტორიულად უჭირავს, ისევე, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში.  საქმიან სფეროში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში - ყველგან ასეა. მაგრამ იაპონელი ქალების სილამაზე და განუმეორებლობა, სწრაფვა თანხმობისკენ, ჰარმონიისა და ზომიერების გრძნობა ყველაფერში, გასაოცარი მოთმინება, თავგანწირვისთვის მზადყოფნა ოდითგანვე განთქმულია მთელ მსოფლიოში. საქმიანი მამაკაცის მეუღლე ურიგდება იმას, რომ შეიძლება ქმარს კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეხვდეს - დანარჩენ დროს მამაკაცი ატარებს რესტორანში, კაფე-ბარებში, სახლში შეიძლება გამთენიისას დაბრუნდეს ნასვამი, ან სხვა ქალის თანხლებით და ისიც კარს გაუღებს და შეიპატიჟებს. მეუღლე კი მოთმინებით, თავაზიანად ხვდება სტუმარს და არ გამოხატავს მცირედ წყენასაც კი. ქალის ეჭვიანობა იაპონელისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და სამარცხვინო თვისებაა. მამაკაცისთვის ცოდვად არ ითვლება საყვარლების ყოლა და ამიტომ ძალიან იშვიათია კაცი, რომელიც ამ პრივილეგიას არ იყენებს.  ისე ჩანს, თითქოს იაპონიაში ქალი პატრიარქატის უღელქვეშ და მამაკაცის ზეწოლით იტანჯება. მაგრამ ეს შთაბეჭდილება სინამდვილისგან ძალიან შორსაა და იაპონელ ქალს გაცილებით დიდი უფლებები აქვს ვიდრე აზიისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნის მანდილოსნებს. ტრადიციამ ქალს შვილების აღზრდა და მათი ბედის გადაწყეტა მიანდო, ის მთლიანად განაგებს მეუღლის ხელფასს, წყვეტს, რა რაში უნდა დაიხარჯოს, წარმართავს მეურნეობას. უფრო ხშირად თავადაც მუშაობს და ეკონომიკურად საკმაოდ მყარად დგას ფეხზე. იაპონელმა ქალმა კარგად იცის გრძნობების დამალვა, დიპლომატიურად აწესრიგებს მეუღლესთან ურთიერთობას და ასეთი ქცევით გაცილებით მეტს აღწევს, ვიდრე ევროპელი ქალი. თუმცა ევროპული ცივილიზაციის გავლენით განათლებული, საქმიანი, თავდაჯერებული იაპონელი ცოლი ისევე, როგორც საუკუნეების წინ, ზღურბლამდე თავაზიანად აცილებს მეუღლეს და  მორჩილებით თავდახრილი თავს უკრავს უკვე მიმავალს.

   ირანი
   იშვიათად შეხვდებით ირანში ქალს შავი ან მწვანე სამოსის გარეშე, რითაც მალავს თმას, ტანსა და ზოგჯერ სახესაც. ტურისტებიც კი მოკრძალებულად იმოსებიან ამ ქვეყანაში. ერთი შეხედვით, აქაც გეჩვენება, რომ ქალი დაჩაგრულია და უუფლებო, უფრო ღრმა კვლევა კი აღმოგაჩენინებს, რომ არც ასეა საქმე. სწორედ ირანში ცხოვრობს ქალი განსაკუთრებით აქტიური ცხოვრებით. მათი აქტიურობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. შაჰების მამაკაცურად თმაშეჭრილი ქალიშვილების გმირობებზე დღესაც ლეგენდები დადის. რევოლუციის ბელადი იმამი ჰომეინიც არ ტყუოდა, როცა ამბობდა "რევოლუციისთვის ქალების მადლიერები უნდა ვიყოთო”. 80-იანი წლების შემდეგ მებრძოლი სულის ირანელმა ქალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა და უზარმაზარი შეღავათები მოიპოვა. ქალებს აქ პრესტიჟული თანამდებობები უჭირავთ, შრომისმოყვარე, მონდომებული და ამბიციურები არიან. ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი 12-13%-ია, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში კი ქალი-სტუდენტი მეტია. პრაქტიკულად ყველა ირანელი ქალი დიდ ქალაქში მანქანას მართავს, სპორტსაც არ უგულებელყოფს, უყვარს ხელოვნება, მუსიკა, როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში.
თუმცა უნივერსიტეტებში გოგონები და ვაჟები სხვადასხვა აუდიტორიაში სწავლობენ. სამსახურშიც სხვადასხვა კაბინეტებში მუშაობენ, ტრანსპორტიც კი ქალებს თავისი აქვთ. ყურანის მიხედვით, მუსულმან მამაკაცს შეუძლია, 4 ცოლი ჰყავდეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ირანელი ქმნის ოჯახს და ცხოვრობს მხოლოდ ერთ ქალთან - ოჯახი წმიდათა წმიდა და სანუკვარია. განშორება ძალიან იშვიათია. დასავლეთში გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ირანში ქალი დაჩაგრული სულაც არაა. ის განაგებს ოჯახს, უძღვება მეურნეობას, ანაწილებს ფინანსებს, ზრდის შვილებს; მაგრამ მეუღლის პატივისცემა და მოწიწება ირანულ ოჯახში ყველა წვრილმანში შეიმჩნევა.

   ეგვიპტე
   როგორც ყველა აღმოსავლურ ქვეყანაში, თითოეული ეგვიპტელისთვის ოჯახია უმთავრესი: მეუღლეები, შვილები და ქმრის ნათესავები. ოჯახის მეთაური უფროსი თაობის ქალი ან მამაკაცია. ოჯახში ადამიანებს მხოლოდ ნათესაობა კი არა ვალდებულებები, ურთიერთპატივისცემა აერთიანებთ. რძლის ან სიძის შერჩევა მშობლების კომპეტენციაა. ბოლო წლებში ეს მიდგომა შეიცვალა და ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება აღარავისთვისაა უცხო. უპირატესობა თეთრსახიან, ლამაზი აღნაგობის, სწორნაკვთიან, წვრილწელიან ქალიშვილს აქვს. თუმცა სილამაზე მაინც მეორე ადგილზეა, უმთვარესად დახვეწილი ქცევა, წარმომავლობა და ზნეობა ითვლება. 
ქმრის ძალაუფლება ხელშეუხებელია. ეგვიპტური ოჯახი - პატრიარქალური ურთიერთობების სისტემაა, რომელშიც ქმარი - მეთაურია, ცოლი კი - ვალდებულია, ყველაფერში დაემორჩილოს. ეგვიპტელი ქალების უმრავლესობა არ მუშაობს და ამიტომ მატერიალურად მეუღლეზეა დამოკიდებული, ცხოვრების აზრი მხოლოდ და მხოლოდ შვილები და ოჯახია. ოჯახის პატრიარქალური მოდელი მყარადაა შენარჩუნებული პრაქტიკულად მთელი ეგვიპტის ტერიტორიაზე, თუმცა ქაირო - "კონტრასტების ქალაქი” - თავისი, განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს და აქ ქალები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შედეგად და ევროპული ცივილიზაციის გავლენით თვითრეალიზაციას შესანიშნავად ახერხებენ და არც თავდაჯერება აკლიათ, უფრო ხშირად ევროპული ტანსაცმლით იმოსებიან, საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ, ხანდახან საზღვარგარეთაც, ევროპაში ან ამერიკაში. ჩამოსულებს კარგი თანამდებობები უჭირავთ და ცხოვრების თანამგზავრის არჩევანში მეტად თავისუფალნი არიან, საკმაოდ მძიმე მოთხოვნებიც უჩნდებათ მომავალი მეუღლის მიმართ, ამიტომ არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას. დღესაც კი ძალიან იშვიათია უცხოელზე გათხოვება. ამას მხოლოდ ყველაზე გაბედულები და მამაცები ახერხებენ, რადგან არაეგვიპტელზე დაქორწინება ავტომატურად ოჯახისგან გარიყვას ნიშნავს და ხანდახან სხვა ქვეყანაში სამუდამო გადაბარგებასაც. აღმოსავლური და მუსულმანური ტრადიციით გაზრდილი მშობლები შვილებს ასეთ საქციელს იშვიათად აპატიებენ.

   ინდოეთი
   "ყველა ინდოელი მამაკაცი ერთდროულად დედის გამაღმერთებელი ერთგული შვილიცაა და ქალთმოძულეც” - ძველი ინდური გამოთქმაა და არა მოგზაურის შეფასება, ბევრზეც მეტყველებს... 
ქალის დანიშნულება და მთავარი ფუნქცია ამ ქვეყანაში დედობაა. მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ინდოელებს ჰგონიათ, რომ ქალად დაბადება ძველ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის მოვლენილი სასჯელია. ამ ზღაპრულ ქვეყანაში თვლიან, რომ ქალი საკუთარ არსებაში ბუნების აქტიურ ძალებს და შემოქმედებით ენერგიას იკრებს, და კაცს ძალას და იღბალს აძლევს, შესაბამისად, ქმრის წინსვლა და ჯანმრთელობა ქალზეა დამოკიდებული. აი, ქვრივად დარჩენა კი ინდოელი ქალისთვის ცოცხლად დამარხვას უტოლდება. ქმრის დაკრძალვის შემდეგ საკუთარი თავის დაწვის რიტუალიც კი არსებობს, ეს ჩვეულება - სათი - ოფიციალურად 1978 წელს გაუქმდა, მაგრამ ზოგიერთი ქალი მას მაინც მიმართავს და კოცონზე იფერფლება. თავი კიდეც რომ არ დაიწვას, ინდოელი ქალი დაქვრივების შემდეგ საკუთარ თავს ყოველგვარი სიამოვნების უფლებას ართმევს. დაქვრივება ცოდვების საზღაურად აღიქმება, ამიტომ დარჩენილი ცხოვრება ამ მძიმე ტვირთის შემსუბუქებას და გამოსყიდვას ეძღვნება. ქალი მხოლოდ აუცილებელ საკვებს ჭამს, შიშველ იატაზე სძინავს, იჭრის თმას, ყოველდღე ლოცულობს და ახალ ოჯახს არასდროს ქმნის მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მეორედ ქორწინება ნებადართულია. დაქვრივებულს გვერდს აუვლიან ხოლმე, გაურბიან მეზობლებიც და ნათესავებიც. ასეთი მძიმე ხვედრისთვის თავი არავის ემეტება, მარტო რომ არ დარჩეს, ყველა ქალი მაქსიმალურად ზრუნავს ქმარზე, თქვენობით მიმართავს, სახელს ხმამაღლა არ წარმოთქვამს (ეს მამაკაცის ცხოვრებას ამოკლებსო), ფეხს ბანენ, საუკეთესო საკვებს მათთვის ინახავენ, ტრანსპორტში თუ ქმარი დგას, ქალი არასდროს ჯდება და ა.შ. 
ინდოელი ქალი ლამაზი, ეშხიანი და ნაზია. მაგრამ ის ცხოვრების წესი, რომელზეც წარმოდგენა ინდური ფილმებიდან გვექმნება, სინამდვილეს ძალიან იშვიათად შეეფერება. ინდოელი ქალის პორტრეტი ძალიან მრავალფეროვანია. ყველაზე დაბალი ფენის ქალი ისევე მუშაობს, როგორც მამაკაცი: მაღაროებში, ქვის სამტეხლოებში, ყანაში ყანას თოხნის  და ამ ყველაფერთან ერთად ოჯახს და შვილებს პატრონობს. ალბათ ესაა დაბალი ფენის ქალის უფრო მეტი დამოუკიდებლობის მიზეზი. მას გაცილებით დიდი გავლენა აქვთ მამაკაცზე, ვიდრე მდიდარ ინდოელ ქალებს. მაღალი კასტის გოგონა ჯერ მშობლებზეა დამოკიდებული, გათხოვების შემდეგ კი - ქმარზე. ყველაზე დაჩაგრულად სწორედ ის გამოიყურება, ნაადრევად თხოვდება და უფრო ხშირად არასასურველ საქმროზე, სამოსიც განსხვავებული აქვს და სათის ტრადიციაც უფრო ხშირად მათ წრეში იჩენს თავს. რაც შეეხება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოქმნილ სხვაობებს, აქ გამოიყოფა სამხრეთი და ჩრდილოეთი ინდოეთი. პირველი - ისლამის მრავაწლიანი ბატონობის გავლენის შედეგად, უფრო პატრიარქალურია და ქმრის პატივისცემა და მორჩილება ჩვეული ამბავია. სამხრეთში კი - სადაც დედა-ქალღმერთის კულტია, ქალი და მამაკაცი, პრაქტიკულად თანასწორია. სამხრეთ ინდოეთის დიდ ქალაქებში ქალები კარგ თანამდებობებზე მუშაობენ, მიღებული აქვთ შესანიშნავი განათლება, საკმაოდ დამოუკიდებლებიც არიან, შინ მოსამსახურეები ჰყავთ და საქმიან წრეებში კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.

   რა თქმა უნდა, კარგი ეთნოლოგის ნაშრომში ეს ყველაფერი ბევრად საინტერესოდ, დაწვრილებით, თავისი მითოსური თუ ლეგენდური წანამძღვრებით და ფილოსოფიით იქნებოდა მოწოდებული. და თუ მერე კარგი ფსიქოლოგი ეთნოლოგის ნამუშაკევის მიხედვით, ყველა ამ სხვაობის, ყველა ამ თავისებურების, ყველა ამ თითქოს წარმოუდგენელი ტრადიციის ფონზე მსოფლიოს ყველა ქალისთვის საერთო, მსგავს და უნივერსალურ შტრიხებს მოუყრიდა თავს - იდეალურ გამოკვლევად გამოდგებოდა... ჩვენს სტატიას არც ერთის, არც მეორეს პრეტენზია აქვს, უბრალოდ, შორიდან თვალის მიწვდენას ვეცადეთ და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენთან ერთად  ერთი ადამიანი მაინც რამე ახალს გაიგებს.  

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1077 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები