პარასკევი, 26.04.2024, 08:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მსურს, სიკვდილამდე ვწერო'' - მარიო ვარგას ლიოსა.
10:55
მსურს, სიკვდილამდე ვწერო'' - მარიო ვარგას ლიოსა.

პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი– მარიო ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წლის 28 მარტს ქ. არეპიკში.

* * *

2010 წელს ლიტერატურის დარგში მინიჭებულმა ნობელის პრემიამ განაცვიფრა პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე მარიო ვარგას ლიოსა, რომელიც ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში ლიტერატურის კურსს უძღვება. ახალი ამბების კითხვისას მწერალი ინფორმაციამ შეძრა. თავად მარიო ვარგას ლიოსამ გამოთქვა სურვილი, რომ პირველი პრესკონფერენცია გამართულიყო სერვანტესის ინსტიტუტში, რომელიც ნიუ-იორკში, მწერლის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. მთელი მსოფლიოდან ორასზე მეტი ჟურნალისტი მოუთმენლად ელოდა მწერლის გამოჩენას.

 

ინტერვიუ ჩაწერილია  2010 წლის 8 ოქტომბერს:

- როდესაც ახალი ამბავი გამცნეს, პირველად რა გაიფიქრეთ?
- არ ველოდი. გავიფიქრე, რომ ეს ამბავი უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვფიქრობდი, რომ ხუმრობა იყო. დიდი ხანია ჩემი სახელი ფინალისტებს შორის არც კი გაჟღერებულა. ალბერტო მორავია გამახსენდა, რომელსაც დაურეკეს და ნობელის პრემიის შესახებ ამცნეს, მანაც დაიჯერა, სინამდვილეში კი ხუმრობა აღმოჩნდა. შვედეთის აკადემიის მდივანი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ 15 წუთში ამ ინფორმაციას საჯაროდ განაცხადებდნენ, ეს ჯილდო მხოლოდ მაშინღა ვიწამე.

- რომელი მწერლები გაგახსენდათ ასეთ ამაღელვებელ წუთებში? 
- ბორხესი, რადგან მას არ ერგო ნობელის პრემია, არადა ამ ჯილდოს ის ყველაზე მეტად იმსახურებდა. შემდეგ თავი იმ მწერალთა გარემოცვაში ვიგრძენი, რომლებმაც საკუთარი შედევრებით მე, როგორც რიგით მკითხველს, სიამოვნება მომგვარეს. ასეთ წუთებში ყოველთვის იმ ადამიანების სიახლოვეს ვგრძნობ, ვინც გზა გამიკვალა, ვისგანაც უამრავი რამ შევისწავლე: ტოლსტოი, დოსტოევსკი, გონგორა, ბორხესი, სერვანტესი, ფლობერი, თომას მანი, განსაკუთრებით ფოლკნერი და სარტრი. მართალია მოგვიანებით ჩვენი შეხედულებები გაიყო, მაგრამ სარტრის იდეები ლიტერატურასა და პოლიტიკურ კომპრომისზე ჩემი სამწერლო მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ძალზე მნიშვნელოვანი იყო: ისტორიაზე ლიტერატურის ზეგავლენის იდეა, მწერლის საპასუხისმგებლო მისია, განსაკუთრებით იმდროინდელ ლათინოამერიკაში.

- თქვენი შემოქმედება ფუნდამენტალური ნაშრომების ჩათვლით საკმაოდ ვრცელია. მაგრამ მაინც, რომელ წიგნს ანიჭებთ უპირატესობას და რომელია ყველაზე წარუმატებელი?
- ყველაზე მეტად გამამხიარულა რომანმა "კაპიტანი პანტოხა და მეძავენი", რადგან სწორედ ამ ნაწარმოებში იუმორი პირველად ჩავაქსოვე. მე ხომ იუმორს სარტრის გამო ეჭვის თვალით შევყურებდი. მცდარია მოსაზრება, თითქოს იუმორი ლიტერატურას არ შეესაბამება. ყველაზე მეტი ძალისხმევა მოვანდომე იმ ნაშრომს, რომელიც ეს ესაა გამომზეურდება - "კელტის ზმანება" - წიგნმა, რომელმაც ჩემთვის უცნობი ტერიტორიები, მათ შორის კონგო და ირლანდია შემომატარა, ბევრი რამ მასწავლა. ნაწარმოების მთავარი გმირი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ირლანდიელია, რომელიც კონგოში და ამაზონის ნაპირებზე სახლობდა. მეორე წიგნი, რომელზეც დიდხანს ვმუშაობდი ,,სამყაროს აღსასრულის ომია.’’ ბრაზილიას არც კი ვიცნობდი, ამიტომ თავი მოვალედ ჩავთვალე ამ გიგანტური ქვეყნის ისტორია აღმომეჩინა. ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ იმავდროულად საოცრად საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალი.

- გაგვიმხილეთ თქვენი მუშაობის მეთოდი?
- ბევრი უნდა წერო, ბევრჯერ შეასწორო და ბევრი რამ გადააკეთო. წიგნზე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ვმუშაობ, სტატიებს კი კვირაობით ვწერ. ფაქტობრივად წერას არასდროს ვწყვეტ, არც მოგზაურობის და არც შვებულების დროს. თუმცა ეს სათქმელადაც არ ღირს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს, მჭირდება. ტრაგედია იქნება ჩემთვის თუ არ დავწერ ან არ წავიკითხავ. ეს ხომ კატასტროფა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან თავის ტკივილებიც მაწუხებს, მაინც დიდი სიამოვნებით ვწერ, რაც სულაც არ არის მარტივი, მაგრამ ასეთი საზღაურისათვის ყოველგვარი ძალისხმევა გამართლებულია. მსურს, სიკვდილამდე ვწერო. ამ აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს, ნობელის პრემიაც კი.

- გაქვთ ვინმეს მიმართ განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა?
- თავს მოვალედ ვთვლი გავიხსენო და მადლობა გადავუხადო ესპანეთს, რადგან მწერლად თავს სწორედ ესპანეთის წყალობით და ესპანეთში ვგრძნობ. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი პირველი რედაქტორის კარლოს ბარალის მიმართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წიგნებს უამრავი მკითხველი ეყოლებოდა და სხვადასხვა ენებზე ითარგმნებოდა.

- შესაძლებელია ლიტერატურა და პოლიტიკა გავმიჯნოთ? 
- ლიტერატურასა და პოლიტიკას ერთმანეთთან საკმაოდ რთული დამოკიდებულება აქვთ, რადგან ორივეს მბრძანებლობა სწადია. როცა პოლიტიკა ლიტერატურაზე გაბატონდება, ეს უკანასკნელი პროპაგანდად იქცევა, ორიგინალობას კარგავს და დამონებული ხდება. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ფასეული ლიტერატურა ვერასდროს შეძლებს ადამიანის, თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში ისეთი ფუნდამენტალური ღირებულების იგნორირებას, როგორიცაა პოლიტიკა. ამიტომაც მე არ ვეთანხმები მათ, ვინც პოლიტიკისა და ლიტერატურის გამიჯვნას ფიქრობს. ლიტერატურული შედევრები ხომ ყოველთვის საჯარო განხილვის საგანი ხდებოდა. ეს  ეტაპი ყველა მწერალმა განვლო. განა ასე არ იყო სერვანტესის, ტოლსტოის, ფლობერის შემთხვევაში?

- როგორ ფიქრობთ, რატომ გარგუნეს ნობელის პრემია? 
- უმჯობესი იქნება, თუ ამ კითხვას თავად შვედეთის აკადემიის წევრებს დაუსვამთ. მინდა მჯეროდეს, რომ პრემია ჩემი შემოქმედებისათვის და არა გარეგნობისათვის მომანიჭეს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემმა შემოქმედებამ გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვისურვებდი.  
 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1007 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები