შაბათი, 27.04.2024, 06:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჟაკლინ კენედი - ჯეკი ონასისი.
11:02
ჟაკლინ კენედი - ჯეკი ონასისი.

ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ (ბიკინებში ან  მათ გარეშე) თეთრი სახლის ამ დიასახლისის სურათი ხელში ჩაეგდოთ - მერეც, როცა ჟაკლინი ბებია გახდა, პუბლიკის ინტერესი მისი ცხოვრებისეული წვრილმანების მიმართ არ განელებულა.

როგორი იყო ეს სიციცხლეშივე ლეგენდად ქცეული და დღემდე ლეგენდად დარჩენილი ქალბატონი?

კლანჭებიანი ანგელოზი
არსებობენ ასეთი ბავშვები... ლამაზები არიან, ანგელოზებივით, მაგრამ თავიანთ აღმზრდელებს და მშობლებს აჭაღარავებენ ნაადრევად. ჯეკი ისეთი მოუთვინიერებელი და გიჟმაჟი იყო, რომ ო’ჰენრის წითელკანიანთა ბელადსაც კი შეშურდებოდა. აღმზრდელები ისეთივე სიხშირით ეცვლებოდა, როგორც საფენები. დიდხანს ვერავინ ძლებდა. დედას და მამას კი გოგონაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, განსაკუთრებით მამა აღმერთებდა. 

ჯეკის მამა, ჯონ ვერნონ ბუვიე, საოცრად კოლორიტული პიროვნება იყო. მეგობრები შავ ჯეკს ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა. შეიხსაც უწოდებდნენ, მშვენიერთა სქესის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები ჭკუას კარგავდნენ ამ მექალთანეზე, რომელიც აზარტული მოთამაშეც იყო. ამის წყალობით ბაბუის და მამის დანატოვარი დიდი წარმატებით გაფლანგა.

ჯეკის დედა, დახვეწილი და ამაყი ჯანეტ ბუვიე ქმრის ესკაპადებს დიდხანს იტანდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 1936 წლის დასასრულს მისი მიტოვება გადაწყვიტა, თან 8 წლის ჯეკი და მისი უმცროსი და ლი წაიყვანა. შავ ჯეკს უქმეებზე გოგონების წაყვანის უფლება მისცეს, ისიც ანებივრებდა პატარებს.

დრო გადიოდა, ჯეკიმ რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა და ნიუ-იორკის შტატში, პრივილეგირებულ კოლეჯ ვასარში ჩაირიცხა. შექსპირს, ფრანგულ ლიტერატურას, ენებს, ხელოვნების ისტორიას სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც. კიდევ უფრო დიდი წარმატებები ჰქონდა მაღალ წრეებში, იელისა და პრინსტონის არისტოკრატული უნივერსიტეტებიდან თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა. ხშირად ატარებდა მათთან ერთად მხიარულ უქმეებს. შავი ჯეკი,რომელიც მამრების ბუნებას მხოლოდ ჭორით არ იცნობდა, სერიოზულად ღელავდა. ქალიშვილისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ის წერდა: «ქალს შეიძლება ჰქონდეს ფულიც, სილამაზეც და ჭკუაც, მაგრამ რეპუტაციის გარეშე ის არაფერია». საყვარელი შვილი რომ დაეცვა, მაგალითად საკუთარ გამოცდილებას იშველიებდა, აქაოდა, რაც უფრო მიუწვდომელი იყო გოგონა, მით უფრო ხანგრძლივი იყო ჩემი ინტერესი და პირიქითო. 

თუმცა იმ დროისათვის ჯეკის ერთადერთი სერიოზული გატაცება ახალგაზრდა ნიუ-იორკელი ბროკერი ჯონ ჰასტედი იყო, დაინიშნენ კიდეც. ჯეკი მაშინ ვაშინგტონის ერთ-ერთი გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. ერთ საღამოს, როცა ჰასტედს აეროპორტში აცილებდა, მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მშვიდად ჩაუდო პიჯაკის ჯიბეში. ასე დასრულდა ეს ამბავი.

ლამაზმანი და ”ურჩხულები”
მაშინ ჯეკი ბუვიე უკვე ხვდებოდა ახალგაზრდა სენატორ ჯონ კენედის. ყოველთვის ძლიერი, არაორდინარული ადამიანები იზიდავდა, რომელთაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ნიჭი ჰქონდათ. ჰოდა, ახალგაზრდა, ენერგიული პოლიტიკოსით, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრით არ შეიძლებოდა, არ დაინტერესებულიყო. რესტორნებსა და კინოში დადიოდნენ, ერთმანეთს მანქანაში კოცნიდნენ და ერთხელაც არლინგტონის წესრიგის დამცველმა ფარნით გაანათა შეყვარებულები, რომლებიც ღია მანქანაში ერთმანეთს ეალერსებოდნენ. პოლიციელმა, როგორც ჩანს, იცნო სენატორი და იქაურობას საჩქაროდ გაეცალა. ჯონს გაუმართლა. ეს ამბავი პრესას რომ შეეტყო, კარგა ხანს არ მიწყდებოდა ხმაური.

ჯეკიმ მტკიცედ გადაწყვიტა, ჯონი მისი გამხდარიყო. დასახულის მიზნის მიღწევა კი ყოველთვის გამოსდიოდა. რკინის ხასიათი ჰქონდა. გემოვნებათა შეუთავსებლობა სულაც არ აღელვებდა. მერე რა, რომ თვითონ გიჟდებოდა ცხენებზე, ძაღლებზე და კატებზე, ჯონს კი მათზე ალერგია ჰქონდა. არც ის იყო უბედურება, რომ თავად მუზეუმების, ოპერის, ბალეტის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ჯონს კი ამ ყველაფერს ვესტერნები და მსუბუქი საკითხავი ერჩია?! ვითომ ეს არსებითია?!

მალე ჯეკი ჯონის ერთგული თანამგზავრი ხდება. სათევზაოდ, ბეისბოლის სათამაშოდ დაყვება, მაღაზიებში სამოსს არჩევინებს (მანამდე კენედი სრულიად გულგრილი იყო მოდის მიმართ). მისი უმცროსი ძმისთვის რეფერატებსაც კი წერს. თანდათან კენედების ოჯახური აგარაკის, პალმ-ბიჩის ხშირი სტუმარი ხდება და ცდილობს, ჯონის ნათესავების მოწონება დაიმსახუროს. ეს არცთუ მარტივი ამოცანა იყო, მაგრამ ჯეკიმ ჯერ ჯონის დები"მოათვინიერა", რომელთაც თავიდან „ახალგაზრდა გორილების ჯოგს" უწოდებდა, თავისებური ხასიათის როზ კენედიც მოთაფლა, ბოლოს კი ოჯახის უფროსი ჯოზეფიც კი მოხიბლა. მაგნატს უყვარდა და უხაროდა, როცა ახალგაზრდა ლამაზმანთან ჰოლივუდის ვარსკვლავებთან სასიყვარულო ისტორიებით თავს იწონებდა. შავი შეიხის ქალიშვილს სულაც აკვირვებდა ჯოზეფის თავგადასავლები. ჯონზეც ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო აჟინიანებდა, მის მოთვინიერებას ჩქარობდა. თუმცა ქორწილის შემდეგ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჯონს არ შეეძლო სხვაგვარად - მსახიობები, სტიუარდესები, მდივნები, მოდელები, ექთნები... კონტინგენტს გამუდმებით აახლებდა. პირველ ხანებში ჯეკი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ მოგვიანებით ასეთ რამეებზე უფრო ფილოსოფიური ხედვა გაითავისა.

ერთხელ (ჯეკი უკვე თეთრი სახლის დიასახლისი იყო) მოახლემ ჯონის საწოლში ნაპოვნი აბრეშუმის შავი საცვალი ჯეკის გადასცა, რადგან მისი ეგონა. პირველი ლედი ქმარს დაელოდა, მერე საცვალი გაუწოდა და უთხრა: «მიეცი პატრონს. ჩემი ზომა არ არის».

ჯეკის რევანში სხვა რამეში გამოიხატებოდა: დახვეწილი გემოვნების პატრონი, ბევრ ძალას, დროს და ფულს თეთრი სახლის პირადი აპარტამენტების მოწყობას ახარჯავდა. თუმცა ფული არასდროს ჰყოფნიდა.  განსაკუთრებით გარდერობზე. როცა მაღაზიებიდან ანგარიშები მოდიოდა, ჯონი პირდაპირ კვნესოდა.  და მაინც - ის ამაყობდა ცოლით. მისი სილამაზით, გემოვნებით, დახვეწილი მორთულობით დ მანერებით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო. მას შემდეგ, რაც ყველა კანონის დარღვევით, ჯეკიმ თეთრი სახლის დარბაზში მაგიდებს ფერადი მუშამბები გადააფარა, ყველა ამერიკელმა დიასახლისმა იგივე გააკეთა. ამას მოყვა მრგვალი სკამები ოქროსფერი ბამბუკისგან. დღეს სასაცილოა ამაზე საუბარი, მაგრამ ჟაკლინ კენედიმ დაანამცეცა ყოველგვარი სტერეოტიპი: მოდური ჟურნალის რედაქტორებიც კი გაოგნების მერე აფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ. შეუთავსებლის ასე შეთავსებას ვერცერთი დიზაინერი ვერ ახერხებდა. ჯეკიმ ქალური სილამაზისადმი მიდგომაც კი შეცვალა. ერთი მხრივ - სავსემკერდიანი ლამაზმანი მერილინ მონრო, ქერა, როგორც ყველა თავმომწონე ამერიკელი ქალი, და მეორე მხრივ - პრეზიდენტის ცოლი. მან თავისი ვარცხნილობა, თმის ფერი, ფიგურის ძვალწვრილი სიფაქიზე და  ბიუსტის თითქმის არარსებობა მოდური გახადა. სამაგიეროდ სწორედ მის ტანზე გამოიყურებოდა ლურჯ-თეთრზოლებიანი ჯემპერი ისე, თითქოს ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის მოდელი ყოფილიყოს.

ჯონ კენედის ეპოქაში მისი ყველაზე ცნობილი მორთულობა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლული აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის სისხლით მოსვრილი Chanel-ის ვარდისფერი კოსტიუმი იყო. მერე კარგა ხანს არ იხდიდა: "დაინახოს ყველამ, რა გააკეთეს!"

გალანტური დე გოლი ყვავილებს ჩუქნიდა. მოხიბლული ხრუშჩოვი კოსმოსში ნამყოფი ძაღლების ლეკვებს შეპირდა და შეასრულა დანაპირები. ჩე გევარას ერთხელ უთქვამს, რომ ჯეკი - ერთადერთი ადამიანია აშშ-ში, ვის ნახვასაც ისურვებდა. «მოლაპარაკების მაგიდაზე კი არა...», — დაუმატებია მრავალმნიშვნელოვნად.

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ
კენედის სიკდვილმა ჯეკის ცხოვრება შეცვალა, მაგრამ მის მიიმართ ინტერესეი არ მიმქრალა. ყველაზე დაჟინებული ამ მხრივ ხომალდების ბერძენი მფლობელი, მულტიმილიონერი არისტოტელე ონასისი აღმოჩნდა.  ჯეკი მაშინაც ისვენებდა ხოლმე მის მდიდრულ იახტაზე ”კრისტინა”. ამპარტავანი მაგნატისთვის ამერიკის პირველ ლედიზე დაქორწინების იდეა ნამდვილ აკვიატებად იქცა.

უცნობია, მიიღებდა თუ არა მის წინადადებას ჯეკი, ჯონის უმცროსი ძმა რობერტი რომ ცოცხალი ყოფილიყო. ზოგი ბიოგრაფი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის დაღუპვიდან ძალიან მალე ”ძმა-2” ჯეკის საყვარელი გახდა. სხვები ნაკლებად არააპელაციურები არიან.  ასეა თუ ისე, რობერტის გარდაცვალების შემდეგ კენედებთან ყველა კავშირი გაწყდა. მოხუცი ჯოზეფიც  დიდი ხალისით აღარ  ანაღდებდა რძლის ანგარიშებს. ასეთ პირობებში ონასისთან ქორწინება ყველაზე კარგი გამოსავალი ჩანდა. 

პრესაში ისეთი ხმაური ატყდა!! ”ჯეკი, როგორ შეგეძლოთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკლეს!” - ყგაჰყვიროდნენ გაზეთები. ჯეკის მეგობრების წრეშიც არ მალავდნენ იმედგაცრუებას. დაცინვის საბაბი მარტო ასაკობრივი განსხვავება კი არა, ახალდაქორწინებულთა სიმაღლეც იყო. ქალი კაცზე 8 სმ-ით მაღალი იყო და ეს ყველას პირზე ეკერა.

თუმცა, ბ-ნ არისტოტელეს არასდროს აშფოთებდა ქალების სიმაღლე. ბედნიერი იყო, სანამ ცოლის მფლანგველობამ არ შეაწუხა. ერთობლივი ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადში ჯეკიმ 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ამაში გასაოცარი არაფერია, 10 წუთით შეირბენდა ხოლმე მაღაზიაში და იქ 100000-სს ტოვებდა. თუ საკრედიტო ბარათზე თანხა არ იყო საკმარისი, ანგარიშებს ქმარს უგზავნიდა.

ვნება ქრებოდა და მილიონერს სულ უფრო ხშირად ებადებოდა გაყრის იდეა. ცალცალკე ცხოვრობდნენ, სხვადასხვა კონტინენტზე. იმ დროისთვის, როცა არის ავადმყოფობა გამძაფრდა, ცოლ-ქმარი უკვე სრულიად უცხო იყო ერთმანეთისთვის. ჯეკი პარიზში, სადაც საავადმყოფოში ონასისი იწვა, მაშინ ჩავიდა, როცა მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს რომში დაურეკა და სამგლოვიარო კაბების კოლექციის გამოგზავნა შეუკვეთა. ჯეკი თავს არასდროს ღალატობდა.

ქალბატონი რედაქტორი
ონასისის გარდაცვალების შემდეგ ჯეკიმ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. ვინ იფიქრებდა,რომ ეს მდიდარი და ახლა უკვე არცთუ ახალგაზრდა ქალი თავისი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტდა? ჯეკი დიდი გამომცემლობის „დაბლდეის" რედაქტორი გახდა და შოუ-ბიზნესის სუპერვარსკვლავებთან (მაიკლ ჯექსონთან, ელიზაბეტ ტეილორთან, გრეტა გარბოსთან) მემუარების დაწერაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას. 1994 წლის 19 მაისს გარდაიცვალა - ლიმფური კვანძების კიბო, რომლის განვითარების პროვოცირებას ზოგი ჯეკის თმის საღებავს აბრალებდა.  არლინგტონის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას შვილები - კეროლაინი და ჯონი ესწრებოდნენ. იქვე იყო ადამიანი სახელად მორის ტემპლმენი, ჯეკის უკანასკნელი სიყვარული. არ დაქორწინებულან, მაგრამ ბოლო 12 წლის მანძილზე ჯეკის უფრო ერთგული და ახლო მეგობარი არ ჰყოლია...


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1145 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები