შაბათი, 04.05.2024, 08:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მსოფლიოს პირველი სუპერვარსკვლავის ისტორია - სარა ბერნარი.
11:55
მსოფლიოს პირველი სუპერვარსკვლავის ისტორია - სარა ბერნარი.

"მადამ! მომაჯადოებული იყავით. ბებერი მეომარიც კი ამაღელვეთ... ვიტირე... ახლა იმ ცრემლს გჩუქნით, რომელიც ჩემი გულიდან ამოწურეთ და თქვენ წინაშე მუხლს ვიყრი”.

ვიქტორ ჰოუგო

 

     ... ცრემლი მეტაფორულად კი არა - ბრილიანტის, სამაჯურის ბოლო დეტალი იყო. ძვირფასეულობა კი სარას ძალიან უყვარდა და ხანგრძლივი მგზავრობების დროსაც არასდროს შორდებოდა მათ.  დაცვისთვის პირტოლეტი მიჰქონდა და თან საკუთარ თავს დასცინოდა: ადამიანი ისეთი უცნაური არსებაა, რომ ეს პაწაწა, უაზრო ნივთი საიმედო დამცველად მიაჩნიაო.

 

ინკოგნიტო მამა

დატოვა ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ორმაგი ცხოვრება” (1907 წ.), მაგრამ ბევრი რამ ბოლომდე არ თქვა, დამალა, და განსაკუთრებით პირადი ცხოვრების აფიშირებას მოერიდა.

რაღაა ზუსტად ცნობილი? ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ სარა ბერნარი 22 ოქტომბერს 1844 წელს პარიზში დაიბადა. მისი დედა, ჰოლანდიელი ებრაელი მუსიკოსი, ლამაზი ქალის წყნარი და უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობდა. მამის ვინაობა კი სადავოა: ინჟინერი ედუარდ ბერნარია თუ ფრანგი მეზღვაური მორელი, არავინ იცის. თავად სარაც არ ამხელდა, ბოლოსდაბოლოს, ვისგან გააჩინა ვაჟიშვილი - მორისი.

აღზრდა მონასტერში მიუღია, მაგრამ მორჩილების საიდუმლო მისთვის მაინც უცხო დარჩა: ფიცხი და ჯიუტი ნამდვილი ეშმაკუნა იყო. როცა მონასტრის გალავნის გარეთ აღმოჩნდა, სარას მოეჩვენა, თითქოს ზღვაში გადააგდეს, მან კი ცურვა არ იცის...

"იატაკის ჯოხი” სცენაზე ჩნდება

გოგონას ბედი დედის მომდევნო საყვარელმა გადაწყვიტა. გრაფმა დე მორნიმ სარას კონსერვატორიაში გაგზავნა გადაწყვიტა.  ასე გამოჩნდა "იატაკის ჯოხი” (სარა ბერნარის მეტსახელი) ხალხში.

"ის ზედმეტად გამხდარია, რომ მსახიობი გახდეს”, - უთქვამს თეატრის დირექტორს. მაგრამ ამ შეცხადების მიუხედავად, სარა მიიღეს და 18 წლის ასაკში, 1 სექტემბერს როსინის ტრაგედიაში "იფიგენია ავლისში” ითამაშა.

"როცა ფარდა ნელ-ნელა გადაიწია, მეგონა, გული წამივიდოდაო” - იხსენებდა სარა. კრიტიკოსები კი: რამდენადაც ლამაზი იყო, იმდენად არამეტყველი იყოო. ყველა მხოლოდ ფუმფულა ოქროსფერი თმით მოიხიბლა.

დებიუტანტი ამან ვერ გატეხა, რისთვის ჰქონდა, აბა, დევიზად: რაც უნდა მიღირდეს, მაინც მივაღწევო!. ფოლადის ხასიათი ჰქონდა და შესაშური ვაჟკაცობა. მოლიერის სახლი დატოვა და სხვადასხვა თეატრში თამაშობდა, რომ ერთხელაც ძველ თეატრში მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნებულიყო. ერთ-ერთი საუკეთესო როლი იყო - მარგარიტა გოტიე ("დამა კამელიებით” ალექსანდრე დიუმა).

 საინტერესოა, რომ ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელმაც იმდენი მამაკაცის როლი შეასრულა, რამდენიც სარა ბერნარმა: ვერტერი, ზანეტო, ჰამლეტი, მართვე... ჰამლეტის როლში თავად სტანისლავსკი გაუოცებია. 20 წლის მართვე, ბონაპარტეს უბედური ვაჟი, 56 წლის ასაკში შეასრულა. დემონ როსტანის გმირული დრამის პრემიერაზე, 1900 წელს  - 30-ჯერ გამოიძახეს ბისზე.

  ჯერ სარა და მხოლოდ შემდეგ...

  სტანისლავსკი ტექნიკური სრულყოფილების მაგალითად თვლიდა: ლამაზი ხმა, დახვეწილი დიქცია, პლასტიკა, მხატვრული გემოვნება. "ის შესანიშნავად ფლობდა განცდების პოლარულობას: სიხარულიდან უბედურებამდე, შემზარავი გაოგნებიდან ბედნიერებამდე, ალერსიდან მრისხანებამდე. და მერე კიდევ: განთქმული ტიტინი, განთქმული ჩურჩული, განთქმული ღრენა, განთქმული "ოქროს ხმა”, - la voix d’or! ოსტატობის ბოლო დონე კი - აფეთქება” (ს. ვოლკიონსკი)

ჯერ სარა და მხოლოდ შემდეგ: კონფლიქტები, კატასტროფები და ა. შ. ტრიუმფი და მარცხი, ხოტბა და ძაგება - ყველაფერი ერთად. მსოფლიო სიახლეებში მისი სახელი ზოგჯერ მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებს ანაცვლებდა. 

ამერიკაში მის ვიზიტზე ასეთი რამე დაუწერიათ: დაწყევლილი გველის, ფრანგული ბაბილონის ნაშიერის შემოსევა, რომელიც ამერიკის სუფთა ზნეობის წიაღში საწამლავის ჩასხმას აპირებსო...

სამაგიროდ სხვები წერდნენ: ამა სოფლის ძლიერებმა ეს ზღაპრუილი პრინცესა ისეთი პატივით შეამკეს, როგორიც თავად მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენს არ ღირსებიათო.

აი, ტურგენევს კი არ მოსწონებია, მისი გული მაშინ პოლინა ვიარდომ დაიპყრო და ამ ქალის მეტოქეს არაფრით სწყალობდა... თუმცა ეგ არაფერი, დიდებული ადამიანი დიდებულია იმის მიუხედავად, ვინმეს მოსწონს თუ არა...  რაა უცნაური, როცა ქალი პირველი სუპერვარსკვლავია?!

მაგრამ სცენა ერთია, ცხოვრება - მეორე.

ამბობდნენ, სცენის მიღმა მანჭია და ხელოვნურიაო. წითური ბუჩქი თავზე: წინ და უკან, არაბუნებრივად სქელი ტუჩები, ფარუმარილიანი სახე, ნიღაბივით; წელის გასაოცარი მოქნილობა; "აცვია, როგორც სხვას არავის - ყველაფერი ისე ჰქონდა, როგორც სხვას, მართლაც - არავის; მისებურად, ისე - როგორც სარას, მის ირგვლივაც სარა იფრქვევა. მარტო როლებს კი არა, საკუთარ თავსაც ქმნიდა, საკუთარ ხატს, საკუთარ სილუეტს, ტიპაჟს”.

საპონი, სუნამო, ხელთათმანები, ფერუმარილი - "სარა ბერნარი”

 ორი ქმარი ჰყავდა; ძველი ფრანგული წარმოშობის უფლისწული და საოცრად მიმზიდველი ბერძენი მსახიობი. მაგრამ მთავარი ვნება მაინც თეატრი იყო, თეატრით ცხოვრობდა და სუნთქავდა. პრინციპულად არ სურდა, სხვების სათამაშოდ ქცეულიყო - ხატავდა, სკულპტურებს აკეთებდა, სასაცილო რომანებს წერდა და ხალისიან პიესებს თხზავდა. ჯიფარის აეროსტატით ცაში აფრენაც გაბედა. 2300 მეტრზე ნოყიერი სადილი მიირთვა და შამპანურიც დააყოლა.

 სარას ხშირად ჟანა დ’არკს ადარებდნენ. ჯადოქრად თვლიდნენ. სხვათა სორის, ემილ ზოლას სწორედ სარამ უკარნახა კაპიტან დრეიდფუსის გამოქომაგება.

 მის ბინაში ქაოსი იყო: მიყრილ-მოყრილი პლედები, ხალიჩები და სხვა ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო ნივთი. სტუმარს ფეხებში ხან ძაღლი ებლანდებოდა, ხან მაიმუნი, გველებიც კი. საძინებელში ჩოჩნხები იდო, ზოგ როლს კუბოში წამოწოლილი სწავლობდა... ეპატაჟი იყო? - უეჭველია, სკანდალებზე ხომ გიჟდებოდა.

 "ძალიან მიყვარს, როცა მომინახულებენ ხოლმე, მაგრამ მძულს სტუმრად სიარული. ვგიჟდები წერილების მიღებაზე, მათ კითხვაზე, მაგრამ პასუხის გაცემა არ მიყვარს. თავყრილობის ადგილები მაღიზიანებს, უკაცრიელი გზა კი მხიბლავს. სხვისთვის რჩევის თქმა მომწონს, მაგრამ მე რომ მირჩევენ - არა”.

"სარას წესად აქვს: ხვალინდელ დღეზე არასდროს იფიქროს. ხვალ - იყოს, რაც იქნება. ყველა წამს იყენებს... თითქოს ყლაპავს ცხოვრებას... რა უსიამოვნო ღორმუცელობაა!..”

ეს სიტყვები ოდნავი შურით იყო დაწერილი, რადგან ვარსკვლავი მართლა სისავსით ცხოვრობდა, ცხოვრებაზე სულმოუთქმელად დაწაფებული ყველა წამს ნთქავდა. ეს მაშინაც ასე იყო, როცა 1914 წელს ფეხის ამპუტაცია გახდა აუცილებელი. მწუხარებას სათოფეზეც არ იკარებდა...

ნეკროლოგი                                        

"გარდაიცვალა სარა ბერნარი - დიდებით შემკული ლეგენდარული მსახიობი... ათასობით თეატრალურ ზმანებაში, რომელიც დამსიზმრებია, სარა ბერნარის სიზმარი ყველაზე ორიგინალური და მომაჯადოებელი იყო” (ა. კუგელი, კრიტიკოსი)

1923 წლის 26 მარტს, 79 წლის "თეატრის დედოფლის” დაკრძალვაზე ლამის მთელი პარიზი მივიდა. ათობით ათასი ადამიანი მიაცილებდა ერთ დროს "იატაკის ჯოხს” მალზერბის ბულვარიდან პერ-ლაშეზის სასაფლაობდე და გზად საყვარელ ყვავილებს - კამელიებს უფენდა...

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1342 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები