პარასკევი, 26.04.2024, 08:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დათო მაღრაძე: "ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არაა"
14:28
დათო მაღრაძე: "ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არაა"
პოეტი და საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის სამმა ინსტიტუციამ მიიღო. თუმცა, ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ამას წინ ბევრი რამ უძღვოდა: თარგმანები საჟურნალო გამოცემებში, პერიოდულ ლიტერატურულ პრესაში, გაზეთებში; მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა თურქეთში – სტამბოლში; გერმანიაში – ბერლინის გამომცემლობა "ფრილინგის" მიერ; არის გამოცემული რუსეთში – მოსკოვში; იტალიაში გამომცემლობა "ლა ლონტრას" მიერ, აგრეთვე ამერიკაში – ნიუ–იორკში. ამ წიგნებს თან ახლდა ბევრი პრეზენტაცია სხვადასხვა ქვეყნებში. გამომცემლები, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველთვის ცდილობენ, სხვადასხვა ქალაქებში რეკლამირება გაუწიონ და პრეზენტაციები გამართონ. პოეზია, რომანებსა და პროზასთან შედარებით, ნაკლებად იყიდება, ამიტომ წიგნის საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდა საღამოებზე, კაფეებში, მოედნებზე, მედიჩების სასახლეში, ბოჩელის სასახლეში, სხვადასხვა შერეულ ინტერიერებში. 

– ბატონო დათო, ნობელის პრემიაზე კიდევ ერთი ქართველი შემოქმედის, ბესიკ ხარანაულის პოეზიაა წარდგენილი, ალბათ თქვენთვის ბევრს უკითხავს, აღიქვამთ თუ არა მას კონკურენტად? 

– საქართველოს სინამდვილეში ეს უხერხულობა იქნება. მთელი სამყაროა წარდგენილი და ჩვენთვის არაა კონკურენცია. ისე, რაც მეტი ქრთველი იქნება წარდგენილი, ძალიან გამიხარდება. 

– ბატონო დათო, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა შეფასებები მოჰყვა თქვენს წიგნს საზღვარგარეთელი ლიტერატორების მიერ? 

– ამას მე ვერ ვიტყვი, ეს ჩემგან უხერხულია. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ კარგი გამოხმაურებები იყო. ზოგჯერ ძალიან კარგიც. ყველაზე სასიამოვნო ჯილდო იყო ერთი ადამიანი – სერჯიო კორნაკი, რომელსაც ჩემი წიგნის ერთ–ერთი უცხოური გამოცემა ჩაუვარდა ხელთ. იმ წიგნში შესული იყო ლექსი "ყაზბეგის ქუჩა #14". ეს კაცი არ იყო საქართველოში ნამყოფი და აქ ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდა. თავის მეუღლე – სილვანასთან ერთად ჩამოვიდა, მომძებნა და მითხრა, წამიყვანეთ იმ სახლთან და სურათი ერთად გადავიღოთო. ეს ცოლ–ქმარი საქართველოში ამ ლექსს ჩამოჰყვა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამაზე მეტი გამოხმაურება რა უნდა მოჰყვეს. ეს ადამიანი თვითონ არც პოეტია, არც პროზაიკოსი და არც ლიტერატორი. უბრალოდ, მკითხველია. 

– საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი ჯილდოთი დაბრუნდით, თქვენს შემოქმედებას სამშობლოში ისე თუ აფასებენ, როგორც უცხოეთში? 

– ჩემი აზრით და გულწრფელი ფიქრით, მთავარი დაფასება მკითხველის კეთილგანწყობაა. პრიზი, რა თქმა უნდა, მიმიღია. უცნობი მოხუცებული რომ ქუჩაში ლოცვას დაგადევნებს, ყმაწვილი გოგო–ბიჭები რომ მოგადგებიან და ავტოგრაფს გთხოვენ, ეს ადამიანში სასიხარულო ემოციას იწვევს. საქართველოში სახელმწიფო პრემია მივიღე ლიტერატურაში. კომისია, რომელმაც გადაწყვეტა, რომ იმ წელს სახელმწიფო პრემია ჩემთვის გადმოეცათ, ძალიან საპატივცემლო ადამიანებისგან შედგებოდა. კომისიაში იყვნენ: ტარიელ ჭანტურია, ბიძინა კვერნაძე, ვახტანგ დავითავია, ზურაბ ნიჟარაძე – ესენი გახლავთ ჩვენი სახელოვნებო სამყაროს ძალიან წარჩინებული ადამიანები. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო; აგრეთვე 2005 წელს ნომინაციაში "პოეზია", მივიღე ლიტერატურული პრემია "საგურამო"; თბილისის წიგნის ფესტივალზე ჩემს წიგნს "ნიკალა" მიენიჭა პოეზიაში წიგნის ფესტივალის წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის პრემია; წლის საუკეთესო ლექსებისათვის კავკასიონის პრემიაც მივიღე. 

– თქვენთვის რა არის ამ წუთისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? 

– ყველაზე დიდი ჯილდო მე უკვე მივიღე ცოტა ხნის წინ – შვილიშვილი შემეძინა – ანა რამიშვილი. 

– "ვცდილობ, ნაკლები მეძინოს, რათა სამყაროს შევეხო", – ამბობთ და როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? 

– ერთ დღეში ეტევა მთელი სამყარო. როგორც წვეთში აირეკლება, ისე წამში დევს მთელი სამყარო, თუ აღმქმელი არის. დღეები ერთმანეთს თან ჰგავს და თან არც ერთი ჰგავს. ყოველთვის ვცდილობ, რომ საინტერესო ცხოვრება იყოს ჩემში, მერე რა როგორ გამოდის, ეს უკვე საზოგადოებისა და მკითხველის შესაფასებელია. 

– "ვცხოვრობ, განვიცდი და ვწერ", – თქვენი შემოქმედების მიმართ ხართ კრიტიკული? 

– შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი შემოქმედებით დაავადებული არ ვარ და საერთოდ არ ვარ სახელოვნებო სამყაროში ნარცისიზმის მომხრე, იმიტომ, რომ ეს ადამიანის სულიერ დეგრადაციას იწვევს და დეგრადირებული ადამიანის ნაწერი მაინცდამაინც საინტერესო აღარ არის. 

– ცხოვრებით თუ ხართ კმაყოფილი? 

– კმაყოფილი არაფრით ვარ. კმაყოფილი ადამიანი რაღა იქნება? კმაყოფილი რომ იყო, ის ცხოვრება რაა? ცხოვრების მუხტს უკმაყოფილება გაძლევს. უკეთესის შექმნის, უკეთესი ცხოვრების იმედი, მხოლოდ წერას არა, წუთისოფელს ვგულისხმობ. ლადო ასათიანმა თქვა: "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა". უფრო ლამაზი რომ გინდა შენი სამშობლო, ეს გაძლევს მოქმედების მუხტს შენი აზროვნების, განცდისა და წერისას. 

– დიდებაზე თუ გიფიქრიათ? 

– არა, დიდებაზე ფიქრი არის სულიერად სნეული ხალხის სულიერი მდგომარეობა. 

– ბატონო დათო, თქვენი მთავარი იარაღი სიტყვაა? 

– კი, ნებისმიერ შემთხვევაში სიტყვაა მთავარი იარაღი. უსამართლობის დროს მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუ არს ქართული გვარისა. 

– მოდით ასე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, მუზა თუ შეწყვეტს დენას? 

– თუ შეწყვეტს და გამწირავს, გავაგრძელებ ცხოვრებას, აბა რა ვქნა? არ არის ცალკე არსებული მუზა და ცალკე ადამიანი. მე ასეთი განცდა არასდროს მქონია. შენ ხარ ადამინი, რომელიც ცხოვრობ, განიცდი, ფიქრობ, აზროვნებ, დღესასწაულობ, რომელსაც რაღაც გტკივა, გაწუხებს, რაღაც სევდა, ათასი სევდა და სიხარული გაქვს, ეს ყველაფერი მერე განცდასა და ფიქრში იწრთობა და აქედან იბადება სტრიქონი. ცხოვრება თუ შეწყდა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. როგორც შემიძლია, ისე ვცხოვრობ, დანარჩენი ღვთის ნებაა. 

– თქვენ ბრძანეთ, ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არააო, ვინ იგულისხმეთ, ეს პოლიტიკოსებს ეხებათ? 

– არა. გეტყვით, ეს რა შემთხვევამ მოიტანა, ერთი ძალიან კარგი ქალბატონი ჩემგან ინტერვიუს იღებდა. კაფეში ვისხედით, მითხრა, მე ხშირად გხედავთ თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ საქმეში ხართ ჩართული, მენანებით ამ საქმისთვის. მომწონს თქვენი ლექსი და მირჩევნია, იქ დარჩეთო. მაშინ მე ვუთხარი, დიდი მადლობა, ჩემზე რომ ასე ფიქრობთ, მაგრამ, ახლა რომ ვინმე ამ კაფეში შემოვარდეს და თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მე რა ვთქვა, ახლა თქვენთვის არ მცალია, ლექსი უნდა ვწერო. რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ ჩემზე, როგორც ადამიანზე და არა როგორც პოეტზე–მეთქი? ორივეს გაგვეცინა და მაშინ ვთქვი, რომ ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არაა. ეს არ ეხებოდა კონკრეტულად არავის, არც პოლიტიკოსებს. 

– ბატონო დათო, ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება, თქვენ რას თვლით თქვენს მთავარ ვალდებულებად? 

– მთავარ ვალდებულებად ვთვლი, როგორც ძველი ქართული ნათქვამი "ზნენი მამაკაცური", ამ ზნენი სამამაკაცონის მსახურებას. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1062 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები