შაბათი, 27.04.2024, 02:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ეკა მჟავანაძე: "ბედმა დიდი სიყვარულით ერთადერთხელ დამაჯილდოვა"
14:30
ეკა მჟავანაძე: "ბედმა დიდი სიყვარულით ერთადერთხელ დამაჯილდოვა"
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, სამ დაში ნაბოლარა იყო, ამიტომ განსაკუთრებით გამოარჩევდნენ და გზაც უფროსებისგან განსხვავებული აირჩია. მათი ოჯახის ქალები ექიმები იყვნენ, ის კი მამის მსგავსად მსახიობი გახდა. დღეს ახალგაზრდა მსახიობები მოფერებით დედას ეძახიან. წლებია, სხვადასხვა ფილმისთვის, პროექტისთვის მსახიობებს არჩევს, კასტინგებს ატარებს. რეჟისორები მას ენდობიან, იციან, რომ მისი შერჩეული არტისტი როლს თავს გაართმევს, რადგან ალღო არასოდეს ღალატობს. მან ბევრ მსახიობს გაუკვალა გზა. თავად კი, ისევე როგორც მისი თაობის ბევრ მსახიობს, როლები დააკლდა... 

მამის ნაკვალევზე 

– მამაჩემი, კუკური, მსახიობი გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე იყო. პარალელურად სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში სახალხო თეატრში მუშაობდა, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავდა. უამრავი გასტროლი ჰქონდათ, სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ. მამაზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან. ის ხალხისთვის ცხოვრობდა. სრულიად უცხო ადამიანებსაც კი ეხმარებოდა. დღესაც მის ნაკვალევზე დავდივარ. 

დედაჩემი, ეთერ დადიანი, ცნობილი კარდიოლოგი გახლდათ. მე ნაბოლარა, მესამე შვილი ვიყავი. მე რომ 10 წლის ვიყავი, ჩემს დებს უკვე შვილები ჰყავდათ, ამიტომ დედისერთასავით ვიზრდებოდი, მანებივრებდნენ, მათამამებდნენ. 

დებმა დედის გზა აირჩიეს და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარეს. ჩემი მომავალი კი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე განისაზღვრა. 8 წლის ვიყავი, როცა სახალხო თეატრში პირველი როლი ვითამაშე. სპექტაკლი რამდენიმე ნოველის მიხედვით დაიდგა და მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების რომელიღაც იუბილეს ეძღვნებოდა. ერთ–ერთი ნოველა კონსტანტინე ლორთქიფანიძის "ცაბუნია" იყო. ჩემი პერსონაჟი, პატარა გოგონა, ომში წასულ მამას ეძებდა, მატარებლებს ხვდებოდა და ყველას ეკითხებოდა, ქერჩიდან მოდიხარ, ბიძია, მამაჩემი ხომ არ გინახავსო... მოკლედ, საკმაოდ ტრაგიკული როლი იყო. სწორედ ამ როლის შესრულება მომანდეს. პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა და წარმატებითაც ჩაიარა. ამ როლით დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრებაც. 

პიონერთა სასახლეში დრამწრეზე დავდიოდი. იქ უბედნიერესი დღეები მაქვს გატარებული. ჩემთან ერთად სწავლობდნენ ლალი კეკელიძე, გია როინიშვილი, მერაბ ნინიძე, მამუკა წიკლაური, გია გაჩეჩილაძე, გურამ ჯაში, თამრიკო ბუხრიკაშვილი... გასტროლებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით, ფანტასტიკურ დროს ვატარებდით. ჩვენი სამყარო, ოცნებები და სურვილები გვქონდა. გაზაფხულზე მთაწმინდაზე ავდიოდით. მე და მერაბ ნინიძეს ყველაზე მეტად გვიყვარდა იქ ასვლა. საფლავებთან, განსაკუთრებით კი კოტე მარჯანიშვილის საფლავთან ვსხდებოდით და შთაგონებული სახეებით თეატრზე, ხელოვნებაზე ვფიქრობდით. მე და მერაბი ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს და იმ პერიოდს ვიხსენებთ, ბევრს ვიცინით. ახლა ვამბობთ, რა გვინდოდა, რატომ დავდიოდით–თქო. ძალიან სასაცილოები ვიყავით. იმ დღეების მოგონება საუკეთესო ხასიათზე მაყენებს. 

ვერაზე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხის აივანზე დავპაკუნობდი. ჩემი მეზობელი სომხები ამომძახებდნენ ხოლმე, ეკა, გოგოჯან, გაიხადე ეგ ფეხსაცმელებიო. უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს ვდგამდით, ბილეთებს ვყიდდით, მოსაწვევებს ვხატავდით... 

სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი ქმარი ხუმრობს ხოლმე, ცხოვრების ათვლას თეატრალური ინსტიტუტიდან იწყებსო. გამოცდებზე მხოლოდ ჩემი უფროსი და დამყვებოდა. მამას გამოვუცხადე, იქ მოსული რომ დაგინახო, უკან წამოვალ–მეთქი. ძალიან ნერვიულობდა და არ მინდოდა, იქ ყოფილიყო. 

მეგობრების ჟანა დ,არკი 

– გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი. არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ჯგუფი გვქონდა, ჩემთან ერთად სწავლობდნენ ეკა კახიანი, მალხაზ ქვრივიშვილი, დათო ბახტაძე, თემიკო ჭიჭინაძე, გია გაჩეჩილაძე, ზაზა წაქაძე... ყველა ერთიმეორეზე უკეთესი იყო, ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თეატრში ვართ, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით და როცა ვხვდებით, ასაკი გვავიწყდება, ზუსტად ისე ვეფერებით ერთმანეთს, როგორც ინსტიტუტში. მას შემდეგ, რაც ჟანა დ,არკი ვითამაშე, მეგობრები ხუმრობით ჩემი გმირის სახელს მეძახდნენ. ახლაც ხანდახან ჟანას დამიძახებენ ხოლმე. მათთან ერთად რომ ვარ, თითქოს ისევ 18 წლის ვხდები. ისინი ენერგიას, სიცოცხლეს მმატებენ. სალაპარაკო თემები არ გველევა. შეგვიძლია, საათობით ვილაპარაკოთ. ბევრს ვიცინოდით, ვმხიარულობდით, მაგრამ მიტირია კიდეც. აი, და–ძმა რომ ჩხუბობენ და ბიჭი ყოველთვის ერევა გოგოს, ზუსტად ასე ვჩხუბობდით. რამდენჯერ ატირებული მივსულვარ დედაჩემთან და შემიჩივლია... 

ერთხელ თემიკო ჭიჭინაძეს ხელი მოვტეხე. მაშინ სასწავლო თეატრი იყო "სპარტაკი", სადაც სპექტაკლ "ჟანა დ,არკს" ვდგამდით. მე თავშენახული ვიყავი, ფული ყოველთვის მქონდა. ზოჯერ ბიჭები საფულეს ჩუმად მიხსნიდნენ და ფულს იღებდნენ. ამის უფლება ჰქონდათ ხოლმე. მოკლედ, "სპარტაკში" რეპეტიციაზე ვიყავით. უცებ გავიხედე და დავინახე, რომ თემიკომ ჩემი საფულე გახსნა და მანეთიანი ამოიღო. მე წივილ–კივილით გავეკიდე და თემიკო გაიქცა. უცებ მოპრიალებულ პარკეტზე ფეხი აუსრიალდა და დაეცა. ვაიმე, ხელიო, თქვა. მეგონა, რაღაცას იტყუებოდა, მანეთიანი ხელიდან გამოვგლიჯე და ისევ საფულეში ჩავიდე. თემიკო მთელი დღე ამბობდა, ვაიმე, ხელიო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ. მეორე დღეს ინსტიტუტში უდარდელად მივდიოდი. რუსთაველზე მერაბ ნინიძე შემხვდა და მითხრა, ვაიმე, ჭიჭინაძეს არ დაენახო, თორემ მოგკლავს, გუშინ თაბაშირში ჩაუსვეს ხელიო. თემიკო გაცეცხლებული დამეძებდა, მანეთიანის გამო ხელი მომტეხაო. მოკვლით მემუქრებოდა. დიდხანს ვემალებოდი, რომ დავინახავდი, გავურბოდი. 

მეგობრები სისხლს მიშრობდნენ. ჭოლა (რეჟისორი ლევან წულაძე. ავტ.) ჩვენზე ერთი კურსით წინ სწავლობდა, მაგრამ სულ ჩვენთან ერთად იყო. ერთ დღეს ინსტიტუტის წინ ვიდექი. რაღაც ყრილობა ტარდებოდა და აბრა იყო გაკეთებული. ზამთრის საღამო იყო, შავი პალტო მეცვა. ბახტაძე და ჭოლა მოვიდნენ, რაღაცას ველაპარაკებოდი. უცებ ხელში ამიყვანეს და იმ აბრაზე შემომსვეს. იქიდან ვეღარ ჩამოვდიოდი, თან მე სიმაღლის მეშინია. ვწიოდი, ჩამომსვით–მეთქი. რას აღარ შევპირდი, ამას გაჩუქებ, ოღონდ აქედან ჩამომსვით–მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამომსვეს. 

ერთ დღეს წაქაძემ და ჭოლამ "ოქროს ტახტრევანი" გააკეთეს, ზედ შემომასკუპეს და ჩქარი ნაბიჯით ოპერიდან კიროვის პარკამდე მატარეს. თან ხმამაღლა ამბობდნენ, ეს გოგო ხელით საგოგმანებიაო... 

ჩემი მეგობრები ფანტასტიკურად მღეროდნენ. რეპეტიციები გვიან მთავრდებოდა, მერე ჩემთან, სახლში ავდიოდით და დილამდე ვქეიფობდით. მეზობლის ქალი მეტყოდა ხოლმე, ღამით რომ ვწვებოდი, ვნატრობდი, არ ჩამეძინოს და ამ სიმღერებს ბოლომდე მოვუსმინოო. 

ერთ ზაფხულს ბიჭებს გამოვუცხადე, მე თქვენი გაძლება აღარ შემიძლია, ყველაფერი ყელში ამომივიდა, უნდა წავიდე–მეთქი. დედაჩემი სამეგრელოში ისვენებდა და იქ დავაპირე წასვლა. ბარგი ჩავალაგე და ბილეთის ასაღებად წავედი. ბიჭები ჩემს სახლში დავტოვე. ბილეთი ავიღე და სახლში რომ დავბრუნდი, იცით, რა სურათი დამხვდა?! მთელი ჩემი ტანსაცმელი, რაც კი ჩემოდანში ჩავალაგე, ამოლაგებული იყო და ზოგი ჭაღზე ეკიდა, ზოგი – კარადაზე. მთელ სახლში იყო გაფენილი. მითხრეს, აბა, ახლა როგორ წახვალო. 

შარშან დაბადების დღეზე ჩემთან ჭოლა რომ მოვიდა, ჩემს ოთახში შევარდა და ხუმრობით კედლებს დაუწყო ფერება. ჩემი სახლის კედლები უამრავ მოგონებას ინახავს, იქ ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე გვაქვს გატარებული. ის პერიოდი ძალიან მენატრება. ახლა ყველას სხვანაირად ვაფასებ და ვეფერები. 

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მარჯანიშვილის თეატრის დასში მიმიღეს. მედეა კუჭუხიძის სპექტაკლში "შიში" ისეთ დიდ მსახიობებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც არიან ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გივი ჩუგუაშვილი... ამ სპექტაკლით ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დამაჯილდოვეს. ვერ ვიტყვი, რომ თეატრში ძალიან ბევრი როლი ვითამაშე. ვფიქრობ, რომ ბევრი როლი დამაკლდა. სიხარბე არ მიყვარს, მაგრამ როცა შეიძლება, რომ რაღაც გააკეთო და ამის საშუალება არ გეძლევა, გული გწყდება. წლების მატება მსახიობისთვის ბევრს ნიშნავს. ოპტიმისტი ვარ. არასოდეს მითქვამს, დედა, რა უნდა ვქნა, რა მეშველება–მეთქი. ცხოვრებაში აღმა–დაღმა მივლია, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, ყოველთვის შემართებით ვარ. 

ცხოვრების სიყვარული 

– 1990 წელს გავთხოვდი. ბედმა ერთადერთხელ დამაჯილდოვა დიდი სიყვარულით. მეუღლე თამაზ გოგუა ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია. ჩემზე 10 წლით უფროსია. ორი შვილი გვყავს – ალექსანდრე და ვაჟა. ჩემი ქმარ–შვილის მონა ვარ, ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ვოცნებობდი, ბევრი შვილი მყოლოდა. ვნანობ, რომ მეტი შვილი არ გავაჩინე, მაგრამ საშინელი პერიოდი გადავიტანეთ – ეკონომიკური გაჭირვება, ომები... 

თამაზი პროფესიით ინჟინერია. მისთვის ეს მეორე ქორწინებაა. ჩემს დასთან გავიცანი. ერთმანეთს რომ შევხვდით, ცოლთან დიდიხნის გაშორებული იყო. ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით. იმ წლებში იწყებოდა არეულობა, მიტინგები... აღშფოთებულები ერთმანეთს ვუზიარებდით აზრს, მიტინგებზე დავდიოდით. ჩვენი ასეთი ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. მერე ჩვენი ოჯახი შედგა და დღესაც ერთად ვართ. 

ქმარი ყველაფერში მიწყობდა ხელს, ჩემს მძიმე სამუშაო გრაფიკსაც ეგუებოდა. სხვათა შორის, მე უფრო ვარ ეჭვიანი, ვიდრე ის. დავურეკავდი, სპექტაკლის შემდეგ ბიჭებთან ერთად მივდივარ–მეთქი. არ მახსოვს, ოდესმე ეთქვას, არ წახვიდე, სად იყავი ან რატომ დაიგვიანეო. თამაზს ძალიან კარგი იუმორი აქვს. 

ისე აეწყო, რომ ვასიკო ძოწენიძე და მე ზედიზედ რამდენიმე სპექტაკლში ცოლ–ქმარს ვთამაშობდით. ერთხელ თურმე ვასიკომ ჩემთან დარეკა, თამაზმა კი უთხრა, ეკა სახლში არ არისო. კი, მაგრამ სად დადისო, ჰკითხა ვასიკომ. თამაზმა უპასუხა, შენ უნდა გეკითხებოდე და შენ აქეთ მეკითხებიო. 

სახლში შევალ თუ არა, ჩემს სამყაროში ვხვდები. მტკიცე ოჯახზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არაფერია და მე ეს ბედნიერება მაქვს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1896 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები